კანონი
20 «მტერთან შესაბრძოლებლად რომ გახვალთ და დაინახავთ ცხენებს, საომარ ეტლებსა და თქვენზე მრავალრიცხოვან ჯარს, ნუ შეგეშინდებათ, რადგან თქვენთანაა იეჰოვა, თქვენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტიდან გამოგიყვანათ.+ 2 ბრძოლის დაწყების წინ მივიდეს მღვდელი ხალხთან და მიმართოს:+ 3 „ისრაელო! დღეს შეებრძოლებით მტერს. გული ნუ შეგიკრთებათ, ნუ შეგეშინდებათ, ნუ შეძრწუნდებით და კანკალი ნუ აგიტანთ, 4 რადგან იეჰოვა, თქვენი ღმერთი, თქვენთან ერთად მოდის თქვენს მტერთან საბრძოლველად, რათა გადაგარჩინოთ“.+
5 მთავრებმა ხალხს უთხრან: „ვინც სახლი აიშენა და არ უზეიმია, შინ დაბრუნდეს, რომ ბრძოლაში არ მოკვდეს და მის მაგივრად სხვამ არ იზეიმოს. 6 ვინც ვენახი ჩაყარა და მოსავალი ჯერ არ აუღია, წავიდეს და შინ დაბრუნდეს, რომ ბრძოლაში არ მოკვდეს და მის ვენახს სხვა არ დაეპატრონოს. 7 ვინც ქალი დანიშნა, მაგრამ ჯერ არ მოუყვანია, წავიდეს და შინ დაბრუნდეს,+ რომ ბრძოლაში არ მოკვდეს და ქალი სხვამ არ შეირთოს“. 8 აი, კიდევ რა უნდა უთხრან მთავრებმა ხალხს: „ვისაც ეშინია და ვინც მხდალია,+ შინ დაბრუნდეს, თავის მოძმეებსაც რომ არ შეუკრთოს გული“.+ 9 როცა მთავრები ხალხთან ლაპარაკს დაასრულებენ, მეთაურები დაუყენონ ჯარს.
10 როცა ქალაქს საბრძოლველად მიადგებით, ზავის პირობები გამოუცხადეთ.+ 11 თუ დაგთანხმდებიან და თავიანთ ქალაქში შეგიშვებენ, იქ მცხოვრები ხალხი მონებად დაიყენეთ; ისინი თქვენი მსახურები გახდებიან.+ 12 თუ არ დაგთანხმდებიან და საბრძოლველად გამოვლენ, ქალაქს ალყა შემოარტყით. 13 ხელში ჩაგიგდებთ მათ იეჰოვა, თქვენი ღმერთი; ყველა მამაკაცი მახვილით ამოხოცეთ; 14 ქალები, ბავშვები და პირუტყვი თან წამოიყვანეთ, და ყველაფერი, რაც ქალაქში იქნება, წამოიღეთ.+ თქვენ დაგრჩებათ ის ნადავლი, რომელიც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, ჩაგიგდოთ ხელში.+
15 ასე უყავით ყველა შორს მდებარე ქალაქს, რომლებიც თქვენს მეზობელ ხალხებს არ ეკუთვნით; 16 ოღონდ იმ ქალაქებში, რომლებსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი, დაგამკვიდრებინებთ, არცერთი სულდგმული ცოცხალი არ დატოვოთ.+ 17 გაანადგურეთ ხეთელები, ამორეველები, ქანაანელები, ფერიზელები, ხიველები და იებუსელები,+ როგორც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, გიბრძანათ, 18 რომ არ გასწავლონ ყველა ის სისაძაგლე, რასაც თავიანთი ღმერთების წინაშე სჩადიან, და არ შესცოდოთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს.+
19 თუ ქალაქი დასაპყრობად დიდხანს გეყოლებათ ალყაში მოქცეული, არ მოჭრათ იქ ხეები, არ მოუღეროთ ცული, რადგან ეს ხეები ნაყოფს მოგცემთ; არ მოჭრათ.+ მინდორში მდგარი ხე ადამიანი ხომ არ არის, რომ შეებრძოლოთ?! 20 მხოლოდ ის ხეები მოჭერით, რომლებიც საჭმელად ვარგის ნაყოფს არ ისხამს; მოჭერით ეს ხეები და იმ ქალაქის ალყაში მოსაქცევად გამოიყენეთ, რომელიც გებრძვით, ვიდრე არ დაეცემა».