მეფეები — წიგნი მეორე
2 მოახლოვდა დრო, როცა იეჰოვას ელია+ ქარიშხლით ზეცაში უნდა აეყვანა,+ და გავიდნენ ელია და ელისე+ გილგალიდან.+ 2 ელიამ ელისეს სთხოვა: „აქ დარჩი, რადგან ბეთელში მგზავნის იეჰოვა“. ელისემ მიუგო: „ცოცხალ ღმერთ იეჰოვას და შენს თავს ვფიცავ, არ მიგატოვებ!“ წავიდნენ ისინი ბეთელში.+ 3 ბეთელში ელისეს წინასწარმეტყველთა ძეები* შეეგებნენ და უთხრეს: „იცი, რომ იეჰოვა დღეს წაიყვანს შენს ბატონს?“+ მან მიუგო: „ვიცი. ნუღარაფერს იტყვით!“
4 ისევ სთხოვა ელიამ: „ელისე, აქ დარჩი, რადგან იერიხონში+ მგზავნის იეჰოვა“. მან შეჰფიცა: „ცოცხალ ღმერთ იეჰოვას და შენს თავს ვფიცავ, არ მიგატოვებ!“ წავიდნენ ისინი იერიხონში. 5 იერიხონში ელისესთან იქ მყოფი წინასწარმეტყველთა ძეები მივიდნენ და უთხრეს: „იცი, რომ იეჰოვა დღეს წაიყვანს შენს ბატონს?“ მან მიუგო: „ვიცი. ნუღარაფერს იტყვით!“
6 კვლავ სთხოვა ელიამ: „აქ დარჩი, რადგან იეჰოვა იორდანესთან მგზავნის“. მან შეჰფიცა: „ცოცხალ ღმერთ იეჰოვას და შენს თავს ვფიცავ, არ მიგატოვებ!“, და ერთად განაგრძეს გზა. 7 უკან გაჰყვა მათ წინასწარმეტყველთა ძეთაგან 50 კაცი, მოშორებით დადგნენ და თვალს ადევნებდნენ, ისინი კი იორდანესთან იდგნენ. 8 ელიამ თავისი მოსასხამი+ დაახვია და წყალს დაჰკრა; წყალი გაიყო და ორივემ ხმელეთზე გაიარა.+
9 როგორც კი გაღმა გავიდნენ, ელიამ ელისეს უთხრა: „მთხოვე, რა გაგიკეთო, სანამ შენთან ვარ!“ ელისემ სთხოვა: „შენი სულის+ ორი წილი გადმოვიდეს ჩემზე“.+ 10 მან მიუგო: „ძნელ რამეს ითხოვ. თუ მაშინ, როცა ღმერთი წამიყვანს, თვალს მომკრავ, აგისრულდება, და, თუ ვერა, არ აგისრულდება!“
11 მიდიოდნენ და თან ლაპარაკობდნენ, როცა უეცრად ცეცხლოვანმა საომარმა ეტლმა და ცეცხლოვანმა ცხენებმა+ დააშორეს ისინი ერთმანეთს და ქარიშხალმა ზეცაში აიტაცა ელია.+ 12 ხედავდა ამას ელისე და ეძახდა: „მამა, მამა! ისრაელის საომარი ეტლი და მხედრები!“+ როცა თვალს მოეფარა იგი, ჩაავლო ელისემ ხელი თავის სამოსს და ორად გახია.+ 13 შემდეგ აიღო მოსასხამი,+ ელიას რომ დაუვარდა, გამობრუნდა და იორდანის პირას დადგა. 14 დაჰკრა წყალს ელიას მოსასხამი და თქვა: „სად არის იეჰოვა, ელიას ღმერთი?“ წყალს რომ დაჰკრა, წყალი გაიყო, და ელისე გაღმა გავიდა.+
15 შორიდან დაინახეს იერიხონელმა წინასწარმეტყველთა ძეებმა იგი და თქვეს, ელისეზე ელიას სული გადმოსულაო.+ შეეგებნენ და დაემხვნენ მის წინაშე. 16 უთხრეს მას: „50 მარჯვე კაცი ჰყავთ შენს მსახურებს; წავლენ და მოძებნიან შენს ბატონს. იქნებ იეჰოვას სულმა, რომელმაც აიტაცა, რომელიმე მთაზე ან ხევში ჩამოაგდო იგი“.+ მან იუარა, არ გაგზავნოთო. 17 იმდენი ეხვეწეს, რომ შეწუხდა და უთხრა, გაგზავნეთო. მათაც გაგზავნეს 50 კაცი, რომლებიც სამი დღე ეძებდნენ ელიას, მაგრამ ვერ იპოვეს. 18 შემდეგ დაბრუნდნენ ელისესთან, რომელიც იერიხონში+ იყო. მან უთხრა: „ხომ გითხარით, არ წახვიდეთ-მეთქი!“
19 გავიდა დრო და ქალაქის მაცხოვრებლებმა ელისეს უთხრეს: „თავად ხედავს ჩვენი ბატონი, რომ კარგ ადგილასაა ქალაქი,+ მაგრამ წყალი ცუდია და მიწაც უნაყოფო*“. 20 მან მიუგო: „მომიტანეთ ახალი პატარა ჯამი და შიგ მარილი ჩაყარეთ“. მათაც მიუტანეს. 21 ავიდა წყლის სათავესთან, შიგ მარილი ჩაყარა+ და თქვა: «ასე ამბობს იეჰოვა: „გავწმენდ ამ წყალს; აღარ იქნება ის სიკვდილისა და უნაყოფობის* მიზეზი“». 22 დღემდე გაწმენდილია ის წყალი ელისეს სიტყვისამებრ.
23 ელისე იქიდან ბეთელში წავიდა. გზას რომ ადგა, ქალაქიდან პატარა ბიჭები გამოვიდნენ და დაცინვა დაუწყეს:+ „წადი, შე მელოტო, წადი, შე მელოტო!“ 24 ბოლოს მიუბრუნდა ელისე მათ და იეჰოვას სახელით დაწყევლა ისინი. გამოვიდა ტყიდან ორი ძუ დათვი+ და მათგან 42 ბავშვი დაგლიჯა.+ 25 შემდეგ ელისემ ქარმელის+ მთას მიაშურა, საიდანაც სამარიაში დაბრუნდა.