გამოსვლა
28 «მოიხმე ისრაელთაგან შენი ძმა აარონი+ და მისი ვაჟები:+ ნადაბი, აბიჰუ,+ ელეაზარი და ითამარი,+ რათა მღვდლებად მემსახურონ.+ 2 დაუმზადე აარონს, შენს ძმას, დიდებული და ლამაზი წმინდა სამოსელი.+ 3 დაელაპარაკე ყველას, ვისაც მარჯვე ხელი აქვს*, ვინც სიბრძნით ავავსე.+ დაუმზადონ სამოსელი აარონს მის განსაწმენდად, რომ მღვდლად მემსახუროს.
4 აი, რა უნდა დაუმზადონ: სამკერდე,+ ეფოდი,+ უსახელო სამოსი,+ გრძელი უჯრედებიანი სამოსელი, თავსაბურავი+ და სარტყელი.+ დაუმზადონ შენს ძმას, აარონს, და მის ვაჟებს წმინდა სამოსელი, რათა მღვდლებად მემსახურონ. 5 მარჯვე ხელოსნებმა აიღონ ოქრო, ლურჯი ძაფი, იისფერი მატყლის ძაფი, ალისფერი ნართი და ძვირფასი სელის ძაფი.
6 დაამზადონ ეფოდი ოქროს, ლურჯი ძაფის, იისფერი მატყლის ძაფის, ალისფერი ნართისა და ძვირფასი გრეხილი სელის ძაფისგან და მოქარგონ.+ 7 ეფოდს ორი სამხრე უნდა ჰქონდეს მისი წინა და უკანა ნაწილის ერთმანეთთან შესაერთებლად. 8 ეფოდზე შემოსაკრავი სარტყელი+ ოქროს, ლურჯი ძაფის, იისფერი მატყლის ძაფის, ალისფერი ნართისა და ძვირფასი გრეხილი სელის ძაფისგან დაამზადონ.
9 აიღე ორი ონიქსის ქვა+ და ზედ ისრაელის ვაჟების სახელები+ ამოტვიფრე 10 მათი ასაკისდა მიხედვით: ექვსი სახელი — ერთ ქვაზე, ექვსიც — მეორეზე. 11 ქვაზე ამომჭრელმა ისრაელის ვაჟების სახელები ორივე ქვაზე ისე ამოტვიფროს, როგორც ბეჭედს ტვიფრავს.+ შემდეგ ოქროს ბუდეებში ჩასვი ისინი. 12 მიამაგრე ეს ორი ქვა ეფოდის სამხრეებს ისრაელის ვაჟების სამახსოვრო ქვებად.+ ატაროს აარონმა სამხრეებზე მათი სახელები იეჰოვას წინაშე სამახსოვროდ. 13 გააკეთე ოქროს ბუდეები 14 და ხალასი ოქროს ორი წნული, ბაწრის მსგავსი;+ წნულები ბუდეებს მიაბი.+
15 მქარგველს დაამზადებინე განსჯის სამკერდე.+ ეფოდის მსგავსად, ისიც ოქროს, ლურჯი ძაფის, იისფერი მატყლის ძაფის, ალისფერი ნართისა და ძვირფასი გრეხილი სელის ძაფისგან უნდა დამზადდეს.+ 16 სამკერდე, როცა გადაიკეცება, ოთხკუთხედის ფორმისა უნდა გამოვიდეს, სიგრძითაც და სიგანითაც მტკაველი. 17 ჩასვი მასში ქვები ოთხ რიგად. პირველ რიგში უნდა იყოს ლალი, ტოპაზი და ზურმუხტი; 18 მეორე რიგში — ფირუზი, საფირონი და იასპი; 19 მესამე რიგში — ლეშემი*, აქატი და ამეთვისტო; 20 მეოთხე რიგში კი — ქრიზოლითი, ონიქსი და ჟადეიტი. ეს ქვები ოქროს ბუდეებში ჩასვი. 21 ქვებზე ისრაელის 12-ვე ვაჟის სახელი უნდა ეწეროს; თითოეული სახელი ისე უნდა ამოიტვიფროს, როგორც ბეჭედი იტვიფრება. თითო სახელით წარმოდგენილი იქნება თითო ტომი 12 ტომიდან.
22 შემოავლე სამკერდეს ხალასი ოქროს წნული, ბაწრის მსგავსი.+ 23 გააკეთე ორი ოქროს რგოლი და მიამაგრე სამკერდეს ზედა ორ ბოლოზე. 24 სამკერდის ზედა ბოლოებზე მიმაგრებულ ორ რგოლს ორი ოქროს წნული მიაბი. 25 ორივე წნულის ბოლოები მიაბი ეფოდის სამხრეებზე დამაგრებულ ორივე ბუდეს, წინა მხარეს. 26 გააკეთე ორი ოქროს რგოლი და სამკერდეს უკან, ქვედა ორ ბოლოზე, ეფოდის მხარეს მიამაგრე.+ 27 გააკეთე კიდევ ორი ოქროს რგოლი და ეფოდს წინა მხრიდან მიამაგრე, სამხრეების ჩამოსწვრივ, ნაქსოვი სარტყლის ზემოთ, რომელიც ეკვრის ეფოდს.+ 28 სამკერდის რგოლები ეფოდის რგოლებს ლურჯი თასმით მიაბან და სამკერდე ეფოდზე იქნება მიმაგრებული, ნაქსოვი სარტყლის ზემოთ.
29 აარონს, როცა წმინდაში შევა, ეკეთოს განსჯის სამკერდე, რომელზეც ისრაელის ვაჟების სახელები იქნება ამოტვიფრული, იეჰოვას წინაშე მარად სამახსოვროდ. 30 ჩადე ურიმი და თუმიმი*+ განსჯის სამკერდეში და ჰქონდეს აარონს ისინი გულთან ახლოს, როცა იეჰოვას წინაშე წარდგება; გულთან ახლოს ჰქონდეს ისინი აარონს ყოველთვის, როცა იეჰოვას წინაშე წარდგება, რათა სამართალი გაუჩინოს ისრაელებს.
31 დაამზადე ეფოდის ქვეშ ჩასაცმელი უსახელო სამოსი მთლიანად ლურჯი ძაფისგან.+ 32 შუაში ამოჭრილი უნდა იყოს თავზე ჩამოსაცმელად. ამოჭრილს ნაქსოვი არშია უნდა ჰქონდეს შემოვლებული, მქსოველის ნახელავი. ჯავშანივით უნდა იყოს ამოჭრილი, რათა არ დაიხეს. 33 დაამზადე ბროწეულები ლურჯი ძაფის, იისფერი მატყლის ძაფისა და ალისფერი ნართისგან და სამოსს ბოლოში შემოავლე. მას ოქროს ზანზალაკებიც უნდა ჰქონდეს, ბროწეულებს შორის. 34 უსახელო სამოსს ბოლოში ოქროს ზანზალაკები და ბროწეულები ერთმანეთის მონაცვლეობით გაუკეთე. 35 ეცვას ის აარონს მსახურების დროს, რომ ისმოდეს ზანზალაკების ხმა, როცა ის იეჰოვას წინაშე წმინდა ადგილას შევა და, როცა იქიდან გამოვა, რათა არ მოკვდეს.+
36 გააკეთე ხალასი ოქროს მბზინვარე ფირფიტა და როგორც ბეჭედი იტვიფრება ქვაზე, ისე ამოტვიფრე მასზე: „წმინდაა იეჰოვა“.+ 37 მიამაგრე ის თავსაბურავს+ ლურჯი თასმით. ფირფიტა თავსაბურავის წინა მხარეს უნდა იყოს. 38 შუბლზე უნდა ჰქონდეს აარონს ის; თუ ვინმე ცოდვას ჩაიდენს იმ შესაწირავების მიმართ, რომლებსაც ისრაელები წმინდა ძღვნად მიიტანენ, აარონი აგებს პასუხს.+ მუდამ ჰქონდეს ის შუბლზე, რათა ისრაელებმა იეჰოვას კეთილგანწყობა არ დაკარგონ.
39 მოქსოვე ძვირფასი სელის გრძელი უჯრედებიანი სამოსელი და დაამზადე ძვირფასი სელის თავსაბურავი; მოქსოვე სარტყელი.+
40 აარონის ვაჟებსაც დაუმზადე დიდებული და ლამაზი+ გრძელი სამოსელი, სარტყლები და თავსაბურავები.+ 41 შემოსე შენი ძმა აარონი და მისი ვაჟები, სცხე ისინი,+ მღვდლებად დანიშნე+ და განწმინდე, რომ მემსახურონ. 42 დაუმზადე მათ სელის ქსოვილისგან ქვედა საცვლები სასირცხო ადგილების დასაფარავად;+ საცვლების ტოტები თეძოებიდან უნდა იწყებოდეს და ბარძაყებს ფარავდეს. 43 ეცვათ საცვლები აარონსა და მის ვაჟებს, როცა შეხვედრის კარავში შევლენ ან, როცა წმინდა ადგილას მსახურების შესასრულებლად სამსხვერპლოსთან მივლენ, რათა ცოდვა არ დაედოთ და არ დაიხოცონ. ეს არის სამარადისო წესი მისთვის და მისი შთამომავლებისთვის».