გამოსვლა
33 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „აქედან წადით იმ ხალხთან ერთად, რომელიც ეგვიპტიდან გამოიყვანე, და მიდით იმ მიწაზე, რომელიც ფიცით აღვუთქვი აბრაამს, ისაკსა და იაკობს, როცა ვუთხარი, შენს შთამომავალს მივცემ-მეთქი.+ 2 წინ ანგელოზს წაგიმძღვარებ+ და განვდევნი ქანაანელებს, ამორეველებს, ხეთელებს, ფერიზელებს, ხიველებსა და იებუსელებს.+ 3 მიდით იმ მიწაზე, სადაც რძე და თაფლი მოედინება.+ მე არ ვივლი თქვენ შორის, რომ გზაში არ გაგანადგუროთ,+ რადგან ჯიუტი ხალხი ხართ“.+
4 როცა ხალხმა ეს მკაცრი სიტყვები მოისმინა, გლოვა დაიწყეს და არც სამკაულები გაუკეთებია ვინმეს. 5 იეჰოვამ მოსეს უთხრა: «გადაეცი ისრაელებს: „ჯიუტი ხალხი ხართ.+ თვალის დახამხამებაში გავივლიდი თქვენ შორის და გაგანადგურებდით.+ სანამ არ გადავწყვეტ, როგორ მოგექცეთ, არ გაიკეთოთ სამკაულები“». 6 ისრაელებმა ხორების მთასთან მოიხსნეს სამკაულები და მას შემდეგ აღარ გაუკეთებიათ.
7 აიღო მოსემ თავისი კარავი და ბანაკის გარეთ, მოშორებით, გაშალა. მას შეხვედრის კარავი უწოდა. ყველა, ვისაც იეჰოვას აზრის გაგება სურდა,+ შეხვედრის კარავთან მიდიოდა, რომელიც ბანაკის გარეთ იყო. 8 როცა მოსე კარვისკენ გაემართებოდა, მთელი ხალხი დგებოდა, თავ-თავისი კარვის შესასვლელთან ჩერდებოდა და უყურებდა მოსეს, ვიდრე კარავში შევიდოდა. 9 როგორც კი მოსე კარავში შევიდოდა, კარვის შესასვლელთან ღრუბლის სვეტი+ ეშვებოდა და ჩერდებოდა მანამ, სანამ ღმერთი მოსეს ელაპარაკებოდა.+ 10 როდესაც ხალხი კარვის შესასვლელთან გაჩერებულ ღრუბლის სვეტს ხედავდა, თითოეული თავ-თავისი კარვის შესასვლელთან პირქვე ემხობოდა. 11 იეჰოვა მოსეს პირისპირ ელაპარაკებოდა,+ ისე როგორც კაცი კაცს. როდესაც მოსე ბანაკში ბრუნდებოდა, მისი მსახური+ იესო ნავეს ძე+ კარავს არ შორდებოდა.
12 მოსემ იეჰოვას უთხრა: „მეუბნები, წაუძეხი ამ ხალხსო, მაგრამ არ გაგიმხელია, ვის გამომაყოლებ. ისიც მითხარი, კარგად გიცნობ და ჩემს თვალში წყალობა პოვეო. 13 თუ წყალობა ვპოვე შენს თვალში, გთხოვ, გამაგებინე შენი გზები,+ რომ გიცნობდე და არ დავკარგო შენი წყალობა. ნურც იმას დაივიწყებ, რომ ეს ერი შენი ხალხია“.+ 14 მან უთხრა: „მე თვითონ გამოგყვები+ და მშვიდობას მოგცემ“.+ 15 მოსემ მიუგო: „თუ შენ თვითონ არ გამოგვყვები, აქედან ნუ წაგვიყვან. 16 როგორ გავიგო, რომ წყალობა ვპოვეთ შენს თვალში მე და შენმა ხალხმა, თუ არ გამოგვყვები+ და არ გამოგვყოფ მე და შენს ხალხს დედამიწის ზურგზე მცხოვრები ყველა ხალხისგან?!“+
17 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „ამ სათხოვარსაც შეგისრულებ, რადგან კარგად გიცნობ და წყალობა პოვე ჩემს თვალში“. 18 მოსემ სთხოვა: „მაჩვენე შენი სიდიადე“. 19 მან უთხრა: „შენ წინ ჩავივლი და იხილავ ჩემს სიდიადეს*; შენ წინაშე გავაცხადებ ჩემს სახელს, იეჰოვას.+ ვისაც მოვიწონებ, მოვიწონებ და ვისაც შევიწყალებ, შევიწყალებ“.+ 20 შემდეგ უთხრა: „ვერ იხილავ ჩემს სახეს, ვინაიდან შეუძლებელია, ადამიანმა იხილოს ის და ცოცხალი დარჩეს“.
21 შემდეგ იეჰოვამ უთხრა: „აი აქ, ჩემთან ახლოს, კლდეზე დადექი. 22 კლდის ნაპრალში დაგაყენებ და ვიდრე ჩემი სიდიადით ჩავივლი, ხელი მექნება შენთვის აფარებული. 23 ხელს რომ მოგაშორებ, ჩემს ზურგს იხილავ, ჩემს სახეს კი ვერ იხილავ“.+