შეიცანი იეჰოვა ცოცხალი ღმერთი
ინდოელი დოქტორი რადჰაკრიშნანი ერთმანეთს ადარებს ინდუსურ და სხვა რელიგიური სისტემების წარმოდგენას ღმერთზე და ამბობს: „ებრაელების ღმერთი სხვანაირია. ის ცოცხალი და მოქმედია ისტორიაში და დაინტერესებულია ამ განვითარებადი მსოფლიოს ცვლილებებითა და შემთხვევითობებით. ის წარმოადგენს არსებას, რომელიც ჩვენ გვიკავშირდება“.
ბიბლიური ღვთის ებრაული სახელია יהוה, რომელიც, ჩვეულებრივ, ითარგმნება როგორც „იეჰოვა“. ის აღემატება ყველა სხვა ღმერთს. რა ვიცით მასზე? როგორ ეპყრობოდა ადამიანებს ბიბლიურ დროში?
იეჰოვა და მოსე „პირისპირ“
იმის მიუხედავადაც კი, რომ მოსეს, პირდაპირი გაგებით, არ შეეძლო იეჰოვას დანახვა, მათ შორის „პირისპირ“ კავშირს ჰქონდა ადგილი (მეორე რჯული 34:10; გამოსვლა 33:20). ახალგაზრდობაში მოსეს გული უწევდა ისრაელებისკენ, რომლებიც იმ დროს ეგვიპტის მონობაში იყვნენ. მან ზურგი აქცია ფარაონის ოჯახის წევრობას და „ღვთის ხალხთან ტანჯვა ამჯობინა“ (ებრაელთა 11:25). შედეგად, იეჰოვამ მოსეს მრავალი განსაკუთრებული პრივილეგია მისცა.
როგორც ფარაონის ოჯახის წევრი, „ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით განისწავლა მოსე“ (საქმეები 7:22). მაგრამ ისრაელ ერს რომ წაძღოლოდა, მას აგრეთვე ესაჭიროებოდა ისეთი თვისებების გამომუშავება, როგორიცაა: თავმდაბლობა, მოთმინება და თვინიერება. ამას ის აკეთებდა 40 წელი მიდიანში მწყემსად ყოფნის დროს (გამოსვლა 2:15–22; რიცხვნი 12:3). იეჰოვამ, რომელიც თუმცა უხილავი რჩებოდა, გაუმჟღავნა მოსეს საკუთარი თავი და განზრახვები და ანგელოზების საშუალებით ათი მცნება მიანდო (გამოსვლა 3:1–10; 19:3–20:20; საქმეები 7:53; ებრაელთა 11:27). ბიბლია გვამცნობს, რომ „პირისპირ ელაპარაკებოდა უფალი მოსეს, როგორც კაცი ელაპარაკება კაცს“ (გამოსვლა 33:11). მართლაც, იეჰოვამ თვითონ თქვა: „პირისპირ ველაპარაკები მას“. რა ძვირფასი, პირადი ურთიერთობა ჰქონდა მოსეს თავის უხილავ, მაგრამ ცოცხალ ღმერთთან! (რიცხვნი 12:8).
ისრაელის ადრინდელი ისტორიის გარდა მოსემ ჩაწერა კანონთა კრებული მის ყველა წვრილმანთან ერთად. მას მიენდო აგრეთვე სხვა ფასდაუდებელი პრივილეგია — დაეწერა წიგნი „დაბადება“. ამ წიგნის ბოლო ნაწილი ეხებოდა ისტორიას, რომელიც ზუსტად იცოდა მისმა ოჯახმა და, მაშასადამე, შედარებით ადვილი დასაწერი იყო. მაგრამ საიდან გაიგო მოსემ ადამიანის უძველესი ისტორიის წვრილმანები? შესაძლებელია, მოსე წინაპრების მიერ შემონახულ ხელნაწერებს ფლობდა და ისინი გამოიყენა თავდაპირველ წყაროდ. მეორე მხრივ, მან წვრილმანები შეიძლება გაიგო ზეპირი გადმოცემით ან პირდაპირ, იეჰოვას მიერ ღვთიური გამოცხადებით. ყველა თაობის ღვთისმოშიში ადამიანები დიდი ხანია აღიარებენ პირად ურთიერთობას, რომელიც მოსეს ჰქონდა თავის ღმერთთან ამ მხრივ.
იეჰოვა — ელიას ცოცხალი ღმერთი
წინასწარმეტყველი ელიაც იეჰოვას ცოცხალ ღმერთად იცნობდა. ელია ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მიმართ გულმოდგინე იყო და იეჰოვას ემსახურებოდა იმის მიუხედავად, რომ ბაალის — ქანაანის პანთეონის მთავარი ღვთაების — თაყვანისმცემლების მხრიდან დიდი სიძულვილისა და წინააღმდეგობის სამიზნე გახდა (მესამე მეფეთა 18:17–40).
ისრაელის მეფე აქაბი და მისი ცოლი იზებელი ელიას მოკვლას ცდილობდნენ. სიცოცხლის დაკარგვის შიშით ელია გაიქცა ბერშებაში, მკვდარი ზღვის დასავლეთით. ის იქ უდაბნოში დახეტიალობდა და სიკვდილზე ლოცულობდა (მესამე მეფეთა 19:1–4). მიატოვა იეჰოვამ ელია? აღარ იყო მეტად დაინტერესებული თავისი ერთგული მსახურით? შეიძლება ელია ასე ფიქრობდა, მაგრამ როგორ ცდებოდა! მოგვიანებით იეჰოვა წყნარად დაელაპარაკა მას და ჰკითხა: „აქ რა გინდა, ელია?“ ზებუნებრივი ძალის საოცარი ჩვენების შემდეგ „მოესმა ხმა, რომელიც ეუბნება: აქ რა გინდა, ელია?“ ელიას მიმართ იეჰოვამ პირადი ინტერესი გამოავლინა, რომ გაემხნევებინა თავისი სანდო მსახური. ღმერთს მისთვის უფრო მეტი სამუშაო ჰქონდა და ელია დიდი მონდომებით გამოეხმაურა ამ მოწოდებას! მან ერთგულად შეასრულა დავალებები და განწმინდა თავისი ცოცხალი ღვთის, იეჰოვას, სახელი (მესამე მეფეთა 19:9–18).
ისრაელი ერის უარყოფის შემდეგ იეჰოვა პირადად აღარ ელაპარაკებოდა თავის მსახურებს დედამიწაზე. ეს არ ნიშნავდა, რომ მათ მიმართ პირადი ინტერესი გაუნელდა. თავისი სულიწმიდის საშუალებით ის კვლავ ხელმძღვანელობდა და ანმტკიცებდა მათ თავის მსახურებაში. აიღე, მაგალითად, მოციქული პავლე, რომელიც ადრე სავლედ იყო ცნობილი.
პავლესთვის ხელმძღვანელობის გაწევა სულიწმიდით
სავლე იყო ტარსუსიდან, კილიკიის ცნობილი ქალაქიდან. მისი მშობლები ებრაელები იყვნენ, მაგრამ ის რომის მოქალაქედ დაიბადა. მიუხედავად ამისა, ფარისეველთა მკაცრი პრინციპების თანახმად აღიზარდა. მოგვიანებით იერუსალიმში მას საშუალება ჰქონდა, განათლება მიეღო „გამალიელის ფეხებთან“, რჯულის ცნობილ მასწავლებელთან (საქმეები 22:3, 26–28).
იუდეველთა ტრადიციის მიმართ მცდარი გულმოდგინების გამო სავლე იესო ქრისტეს მიმდევრების წინააღმდეგ მიმართულ ბოროტ კამპანიას შეუერთდა. მან სტეფანეს, პირველი ქრისტიანი წამებულის, მოკვლაც კი მოიწონა (საქმეები 7:58–60; 8:1, 3). მოგვიანებით მან აღიარა, რომ, თუმცა უწინ მგმობელი, მდევნელი და შეურაცხმყოფელი იყო, ‘შეწყალებულ იქნა, ვინაიდან უმეცრებით აკეთებდა ურწმუნოებაში’ (1 ტიმოთე 1:13).
სავლეს ამოძრავებდა ნამდვილი წადილი — ემსახურა ღვთისთვის. დამასკოს გზაზე მისი მოქცევის შემდეგ იეჰოვამ განსაკუთრებით გამოიყენა ის. მკვდრეთით აღმდგარმა ქრისტემ მიუთითა ანანიას, ადრინდელ ქრისტიან მოწაფეს, დახმარებოდა მას. ამის შემდეგ პავლეს (რომაული სახელი, რომლითაც სავლე ცნობილი გახდა როგორც ქრისტიანი) ხელმძღვანელობდა იეჰოვას სულიწმიდა, რომ შეესრულებინა ხანგრძლივი და ნაყოფიერი მსახურება ევროპისა და მთელ მცირე აზიაში (საქმეები 13:2–5; 16:9, 10).
შეიძლება დღეს სულიწმიდით მსგავსი ხელმძღვანელობის ამოცნობა? დიახ.
ათეიზმი ვერ ეღობება იეჰოვას პირად ინტერესს
ჯოზეფ ფ. რუტერფორდი საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მეორე პრეზიდენტი იყო. 1906 წელს ის მოინათლა როგორც ბიბლიის მკვლევარი — მაშინ იეჰოვას მოწმეები ამ სახელით იყვნენ ცნობილი, — მომდევნო წელს კი საზოგადოების იურისტად დაინიშნა და 1917 წლის იანვარში მისი პრეზიდენტი გახდა. მაგრამ ეს ახალგაზრდა იურისტი ერთ დროს ათეისტი იყო. როგორ გახდა ის იეჰოვას ასეთი ენთუზიაზმით სავსე ქრისტიანი მსახური?
რუტერფორდი 1913 წლის ივლისში თავმჯდომარედ მსახურობდა ბიბლიის მკვლევართა საერთაშორისო საზოგადოების კონგრესზე, რომელიც ჩატარდა სპრინგფილდში (მასაჩუსეტსი, აშშ). ადგილობრივი გაზეთის (The Homestead) კორესპონდენტმა ინტერვიუ აიღო რუტერფორდისგან და ინფორმაცია გამოქვეყნდა ამ კონგრესის სამახსოვრო ანგარიშში.
რუტერფორდმა ახსნა, რომ იმ დროისთვის, როცა დაქორწინებას გეგმავდა, მისი რელიგიური შეხედულებები ბაპტისტური რწმენიდან გამომდინარეობდა, მისი საცოლის კი — პრესვიტერიანულიდან. როცა პასტორმა რუტერფორდს უთხრა, რომ „[რუტერფორდის საცოლე] ჯოჯოხეთის ცეცხლში მოხვდებოდა, რადგანაც არ იყო მონათლული, და რომ [რუტერფორდი] ზეცაში მოხვდებოდა, რადგანაც მონათლული იყო, ეს მის ლოგიკას ვერ შეუთავსდა და ათეისტი გახდა“.
რუტერფორდს რამდენიმე წელი კვლევა-ძიება დასჭირდა, რომ ერწმუნა ცოცხალი ღმერთი. როგორც მან თქვა, ვარაუდით ფიქრობდა, რომ „რაც გონებას ვერ აკმაყოფილებს, ვერანაირად ვერ დააკმაყოფილებს გულს“. ქრისტიანები „დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ საღვთო წერილი, რომელიც მათ სწამთ, ჭეშმარიტია“, — თქვა რუტერფორდმა და დაუმატა: „მათ უნდა იცოდნენ საფუძველი, რომელზეც დგანან“ (იხილე 2 ტიმოთე 3:16, 17).
დიახ, ათეისტისა თუ აგნოსტიკოსისთვის დღესაც შესაძლებელია საღვთო წერილის გამოკვლევა, რწმენის ჩამოყალიბება და იეჰოვა ღმერთთან მჭიდრო პირადი ურთიერთობის განვითარება. საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციის „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“ დახმარებით ბიბლიის ყურადღებიანი შესწავლის შემდეგ ერთმა ახალგაზრდამ აღიარა: „როცა შესწავლა დავიწყე, არ მწამდა ღმერთი, ახლა კი ვხედავ, რომ ბიბლიის შემეცნებამ მთელი ჩემი აზროვნება შეცვალა. მე იეჰოვას შეცნობასა და მასზე მინდობას ვიწყებ“.
‘უგუნური’ და ღმერთი
«ძა-ის [ებრაული წერილები] არც ერთ მწერალს მოსვლია აზრად, მტკიცებები მოეყვანა ან ეკამათა ღვთის არსებობაზე, — ამბობს დ-რი ჯეიმზ ჰასტინგზი წიგნში „ბიბლიის ლექსიკონი“ (A Dictionary of the Bible). — ძველი მსოფლიოს სულისკვეთებას საერთოდ არ შეესაბამება ღვთის არსებობის უარყოფა ან კამათი ამის დასასაბუთებლად. რწმენა ბუნებრივი იყო ადამიანის გონებისთვის და საზიარო — ყველასთვის». რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს, რომ იმ დროს ყველა ღვთისმოშიში იყო. სრულიადაც არა. ფსალმუნის 13:1-ლიცა და 52:1-ლიც („ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წლის გამოცემა [52:2, სსგ]) მოიხსენიებს ‘უგუნურს’, რომელმაც თავის გულში თქვა: „არ არის ღმერთი“.
რანაირია ეს უგუნური — კაცი, რომელიც ღვთის არსებობას უარყოფს? ის არ არის გონებრივად უვიცი. ებრაული სიტყვა „ნა·ვალʹ“ უფრო მიანიშნებს ზნეობრივ ნაკლოვანებაზე. პროფესორი ს. რ. დრაივერი ერთ-ერთი ნაშრომის (The Parallel Psalter) შენიშვნებში ამბობს, რომ ეს ნაკლოვანება არის „არა გონების სისუსტე, არამედ ზნეობრივი და რელიგიური უგრძნობლობა, გონიერების ან აღქმის სრული უქონლობა“.
ფსალმუნმომღერალი განაგრძობს ამ ზნეობრივი დაცემის აღწერას, რომელიც მსგავსი განწყობილების შედეგს წარმოადგენს: „გაირყვნენ, სისაძაგლე ჩაიდინეს; არავინ არის კეთილის მქნელი“ (ფსალმუნი 13:1). დ-რი ჰასტინგზი აჯამებს: „წუთისოფლის მხრიდან ამ უღვთოებისა და დაუსჯელობის გამო ადამიანები გაირყვნენ და სისაძაგლეებს სჩადიან“. ისინი დაუფარავად სარგებლობენ უღვთო პრინციპებით და მხედველობაში არ ღებულობენ ცოცხალ ღმერთს, ვის მიმართაც არანაირი სურვილი არა აქვთ, რომ პასუხისმგებლები იყვნენ. მაგრამ ასეთი აზროვნება დღეს ისეთივე უგუნურებაა, როგორც მაშინ იყო, როცა 3 000-ზე მეტი წლის წინ ფსალმუნმომღერალი წერდა ამ სიტყვებს.
გაფრთხილებები ჩვენი ცოცხალი ღვთისგან
ახლა დავუბრუნდეთ შესავალ სტატიაში წამოჭრილ კითხვებს. რატომ ვერ უთავსებს ასე მრავალი ადამიანი ცოცხალ ღმერთს ტანჯვას, რომელიც დღევანდელ წუთისოფელშია გავრცელებული?
ბიბლია იმ ადამიანების წერილობით ინფორმაციას შეიცავს, რომლებიც „სულიწმიდის მიერ აღძრულნი, ღვთისაგან წარმოთქვამდნენ მას“ (2 პეტრე 1:21). მხოლოდ ის გვამცნობს ცოცხალ ღმერთს, იეჰოვას. ის აგრეთვე გვაფრთხილებს ბოროტ არსებაზე, ადამიანებისთვის უხილავზე, რომელიც ძლიერია ადამიანური აზროვნების მართვაში — სატანა ეშმაკზე. ლოგიკურია, თუ საერთოდ არ გვწამს ცოცხალი ღმერთი, როგორ ვირწმუნებთ, რომ არსებობს აგრეთვე ცოცხალი ეშმაკი, ანუ სატანა?
მოციქული იოანე ინსპირაციით წერდა: ‘ის, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია, მთელი წუთისოფლის მაცდუნებელია’ (გამოცხადება 12:9). მოგვიანებით იოანემ თქვა: «ვიცით, რომ ღვთისაგან ვართ და მთელი წუთისოფელი ბოროტებაში [„ბოროტის ძალაუფლებაში“, აქ] ძევს» (1 იოანე 5:19). ეს მტკიცება ირეკლავს იესოს სიტყვებს, რომელი სიტყვებიც იოანემ თვითონ ჩაწერა თავის სახარებაში: „წუთისოფლის მთავარი მოდის და მას ჩემში არაფერი ეკუთვნის“ (იოანე 14:30).
როგორ შორს დგას ეს ბიბლიური სწავლება იმისგან, რაც ხალხს სწამს ახლა! „დღეს ეშმაკზე საუბარი აშკარად ძველმოდურია. ჩვენმა სკეპტიკურმა და მეცნიერულმა ხანამ პენსიაზე გაიყვანა სატანა“, — ნათქვამია გაზეთ „კათოლიკურ მაცნეში“ (Catholic Herald). მაგრამ იესომ იმ ადამიანებს, რომლებსაც მისი მოკვლა ჰქონდათ განზრახული, დაბეჯითებით უთხრა: „თქვენი მამა არის ეშმაკი და მამათქვენის გულისთქმის შესრულება გწადიათ“ (იოანე 8:44).
სატანის სიძლიერის ბიბლიური ახსნა გონივრულია. ის ნათელყოფს, თუ, მიუხედავად ხალხის უმრავლესობის ძლიერი სურვილისა — იცხოვრონ მშვიდობასა და თანხმობაში, — რატომ უშრობს მსოფლიოს სისხლს სიძულვილი, ომები და უაზრო ძალადობა, როგორც გამოვლინდა დანბლეინში (რომელიც მე-3 და მე-4 გვერდებზეა მოხსენიებული). გარდა ამისა, სატანა არაა მარტოხელა მტერი, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ. ბიბლია დამატებით გაფრთხილებებს იძლევა ეშმაკებზე, ანუ დემონებზე, — ბოროტ სულიერ ქმნილებებზე, რომლებიც დიდი ხნის წინათ სატანას შეუერთდნენ კაცობრიობის შეცდომაში შესაყვანად და ბოროტად გამოსაყენებლად (იუდა 6). იესო ქრისტე მრავალჯერ წააწყდა ამ სულების ძალას და შეძლო მათი დაძლევა (მათე 12:22–24; ლუკა 9:37–43).
ჭეშმარიტ ღმერთს, იეჰოვას, განზრახული აქვს, განწმინდოს დედამიწა სიბოროტისგან და საბოლოოდ აღმოფხვრას როგორც სატანის, ასევე მისი დემონების საქმიანობა. იეჰოვას შესახებ მიღებული შემეცნების საფუძველზე შეგვიძლია მტკიცედ გვწამდეს ეს დანაპირები და ვენდოთ მას. ის ამბობს: «ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და ჩემს შემდეგაც არ იქნება. მე ვარ, მე ვარ უფალი [„იეჰოვა“, აქ] და არავინაა ჩემს გარდა მაცხოვარი!» იეჰოვა ნამდვილად ცოცხალი ღმერთია ყველასთვის, ვინც იცნობს, თაყვანს სცემს და ემსახურება. მას, მხოლოდ მას უნდა შევყურებდეთ გადარჩენისთვის (ესაია 43:10, 11).
[სურათი 7 გვერდზე]
მე-18 საუკუნის გრავიურა მოსეს გამოსახულებით, რომელიც ინსპირაციით წერს დაბადების 1:1-ს.
[საავტორო უფლება]
From The Holy Bible by J. Baskett, Oxford
[სურათი 8 გვერდზე]
იესო ქრისტემ მრავალჯერ სძლია დემონებს.