სამუელი — წიგნი პირველი
3 ყმაწვილი სამუელი იეჰოვას ემსახურებოდა+ და ელის ეხმარებოდა. მაშინ იშვიათად ცხადდებოდა იეჰოვას სიტყვა; ხილვები+ არ იყო ხშირი.
2 ერთ დღეს ელი თავის საწოლში იწვა. მას თვალისჩინი ჰქონდა წართმეული და ვერ ხედავდა.+ 3 ჯერ არ ჩამქრალიყო ღვთის ლამპარი.+ სამუელი იეჰოვას ტაძარში*+ იწვა, სადაც ღვთის კიდობანი იყო. 4 მოუხმო იეჰოვამ სამუელს. მანაც მიუგო: „აქა ვარ!“ 5 გაიქცა ელისთან და უთხრა: „მოვედი, რომ მეძახდი!“ მან მიუგო: „არ დამიძახია. წადი, დაწექი!“ ისიც წავიდა და დაწვა. 6 კვლავ მოუხმო იეჰოვამ: „სამუელ!“ ადგა სამუელი, ელისთან მივიდა და უთხრა: „აი, მოვედი, რომ მეძახდი!“ ელიმ უპასუხა: „არ დამიძახია, შვილო. წადი, დაწექი!“ 7 (სამუელი ჯერ არ იცნობდა იეჰოვას, რადგან ჯერ არ გამოსცხადებოდა იეჰოვას სიტყვა).+ 8 მესამედაც დაუძახა იეჰოვამ: „სამუელ!“ წამოდგა სამუელი, ელისთან მივიდა და უთხრა: „მოვედი, რომ დამიძახე!“
მაშინ მიხვდა ელი, რომ იეჰოვა ეძახდა ყმაწვილს. 9 ამიტომ მან სამუელს უთხრა: „წადი, დაწექი და თუ ის კვლავ მოგიხმობს, ასე უპასუხე, მითხარი, იეჰოვა, გისმენს-თქო შენი მსახური“. წავიდა სამუელი და დაწვა.
10 იეჰოვამ წინანდებურად მოუხმო მას: „სამუელ, სამუელ!“ სამუელმა მიუგო: „მითხარი, გისმენს შენი მსახური!“ 11 უთხრა იეჰოვამ სამუელს: „ისეთ რამეს მოვახდენ ისრაელში, რომ ვინც გაიგებს, შეძრწუნდება.+ 12 იმ დღეს ყველაფერს ავუხდენ ელის, რაც მის სახლეულობაზე ვთქვი, თავიდან ბოლომდე.+ 13 უთხარი, რომ სამარადისოდ დაისჯება მისი სახლეულობა ამ დანაშაულისთვის, ვინაიდან იცის,+ რომ შეურაცხყოფენ ღმერთს მისი ვაჟები,+ ის კი არ კიცხავს მათ.+ 14 ამიტომ დავუფიცე ელის სახლეულობას, რომ ვერ გამოისყიდდა თავის დანაშაულს ვერც მსხვერპლით და ვერც სხვა შესაწირავით!“+
15 დილამდე იწვა სამუელი. შემდეგ გააღო იეჰოვას კარავში შესასვლელი კარი. ეშინოდა სამუელს, რომ ელისთვის ეთქვა ხილვის შესახებ. 16 მოუხმო ელიმ სამუელს: „სამუელ, შვილო!“ მან მიუგო: „აქა ვარ!“ 17 მან უთხრა: „რა გითხრა? გთხოვ, ნუ დამიმალავ. ღმერთმა დაგსაჯოს, თუ მისი ნათქვამი ერთი სიტყვაც კი დამიმალო!“ 18 სამუელს არაფერი დაუმალავს, ყველაფერს მოუყვა. მან მიუგო: „ასეთია იეჰოვას ნება! გააკეთოს ის, რასაც ინებებს!“
19 იზრდებოდა სამუელი; იეჰოვა იყო მასთან+ და არცერთი მისი სიტყვა არ დარჩენილა შეუსრულებელი. 20 შეიტყო მთელმა ისრაელმა დანიდან ბეერ-შებამდე, რომ სამუელი იეჰოვას წინასწარმეტყველად იყო დანიშნული. 21 კვლავ ცხადდებოდა იეჰოვა შილოში, რადგან შილოში გააცნო თავი იეჰოვამ სამუელს; თავისი სიტყვით გააცნო იეჰოვამ მას თავი.+