სამუელი — წიგნი პირველი
10 აიღო სამუელმა დოქით ზეთი, თავზე დაასხა საულს,+ ეამბორა და უთხრა: «იეჰოვამ გცხო თავისი ხალხის+ წინამძღოლად.+ 2 დღეს, ჩემგან რომ წახვალ, ორ კაცს შეხვდები რახელის სამარხთან+ ბენიამინის მიწაზე, ცელცახთან; ისინი გეტყვიან: „იპოვეს ვირები, რომელთა საძებნელადაც იყავი წასული, მაგრამ თქვენზე დარდით სულ გადაავიწყდა მამაშენს ვირები.+ ამბობს, სად მოვძებნოო ჩემი შვილი“. 3 გასცდები იმ ადგილს და მიადგები დიდ ხეს თაბორში, სადაც ღვთის თაყვანსაცემად ბეთელისკენ+ მიმავალ სამ კაცს შეხვდები. ერთს სამი თიკანი ეყოლება თან, მეორეს სამი პური ექნება და მესამეს — ღვინო დიდი დოქით. 4 მოგიკითხავენ და ორ პურს მოგცემენ, შენც გამოართვი. 5 მიხვალთ ღვთის გორასთან, სადაც ფილისტიმელთა ჯარი დგას. ქალაქში რომ შეხვალ, შეხვდები სათაყვანო მაღლობიდან მომავალ წინასწარმეტყველთა ჯგუფს. ისინი იწინასწარმეტყველებენ, მათ წინ კი დაირაზე, სალამურზე, ქნარსა თუ სხვა სიმებიან საკრავებზე დამკვრელები ივლიან. 6 ამოქმედდება შენზე იეჰოვას სული,+ შენც მათთან ერთად დაიწყებ წინასწარმეტყველებას და სხვა კაცად იქცევი.+ 7 როცა ეს ნიშნები აგიხდება, ის გააკეთე, რაც ძალგიძს, რადგან ღმერთია შენთან. 8 ჩემზე ადრე ჩადი გილგალში,+ მერე კი მეც ჩამოვალ დასაწვავი მსხვერპლისა და სამშვიდობო მსხვერპლის შესაწირავად. შვიდი დღე დამელოდე, სანამ არ მოვალ და არ გეტყვი, როგორ მოიქცე».
9 როგორც კი გამობრუნდა სამუელისგან, ღმერთმა ახალი სული ჩაუდგა; ყველა ნიშანი აუხდა იმ დღეს, რაც სამუელმა უთხრა. 10 მივიდნენ გორასთან და წინასწარმეტყველთა ჯგუფს შეხვდნენ. მაშინვე ამოქმედდა მასზე ღვთის სული+ და მათთან ერთად დაიწყო წინასწარმეტყველება.+ 11 ვინც მას იცნობდა და დაინახა, რომ წინასწარმეტყველებთან ერთად წინასწარმეტყველებდა, ერთმანეთს ეკითხებოდნენ: „რა დაემართა კიშის ვაჟს? საული და წინასწარმეტყველი?!“ 12 ერთმა იქაურმა კაცმა თქვა: „ამ წინასწარმეტყველთა მამები ვინღა იყვნენ?“ მას შემდეგ არსებობს გამოთქმა: „საული და წინასწარმეტყველიო?!“+
13 როცა წინასწარმეტყველებას მორჩა, სათაყვანო მაღლობზე ავიდა. 14 მოგვიანებით საულის მამის ძმამ მას და მის მსახურს ჰკითხა, სად იყავითო. მან მიუგო, ვირების საძებნელად წავედით,+ მაგრამ ვერ ვიპოვეთ, ამიტომ სამუელთან მივედითო. 15 მაშინ ბიძამ სთხოვა, მომიყევით, რა გითხრათო სამუელმა. 16 საულმა მიუგო: „გვითხრა, უკვე იპოვესო ვირები“. თუმცა ის არ უთქვამს, რომ სამუელი მეფობაზე ელაპარაკა.
17 მოუხმო სამუელმა ისრაელებს იეჰოვასთან მიცფაში+ 18 და უთხრა: «აი, რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „მე გამოვიყვანე ისრაელი ეგვიპტიდან და მე გიხსენით ეგვიპტისა და თქვენი შემავიწროებელი სამეფოების ხელიდან.+ 19 თქვენ კი დღეს უარყოფთ თქვენს ღმერთს,+ რომელმაც გიხსნათ ბოროტებისა და გასაჭირისგან, და ამბობთ, მეფე დაგვიყენეო! დადექით ახლა იეჰოვას წინაშე ტომთა და შტოთა მიხედვით!“»
20 გამოიყვანა სამუელმა ისრაელის ყველა ტომი+ და ბენიამინის ტომს ხვდა წილი.+ 21 მერე ბენიამინის ტომი გამოიყვანა შტოების მიხედვით და მატრიელთა შტოს ხვდა წილი, ბოლოს კი — კიშის ვაჟ საულს.+ ეძებეს იგი, მაგრამ ვერსად იპოვეს. 22 ჰკითხეს იეჰოვას:+ „მოსულია ის კაცი?“ იეჰოვამ მიუგო: „აი ბარგსაა ამოფარებული!“ 23 გაიქცნენ და გამოიყვანეს. ხალხში რომ ჩადგა, ერთი თავით მაღალი იყო ყველაზე.+ 24 უთხრა სამუელმა მთელ ხალხს: „ხედავთ, ვინ ამოირჩია იეჰოვამ?+ მთელ ხალხში არავინაა მისი მსგავსი!“ ხალხმა შესძახა: „დღეგრძელი იყოს მეფე!“
25 უთხრა სამუელმა ხალხს, რას მოსთხოვდა მათ მეფე,+ წიგნში ჩაწერა და იეჰოვას წინაშე დადო. ამის შემდეგ სამუელმა ყველა თავ-თავის სახლში გაუშვა. 26 საულიც შინ გაბრუნდა გიბაში. თან გაჰყვნენ მამაცი მეომრები, რომელთაც იეჰოვამ აღუძრა ამის სურვილი. 27 თუმცა ზოგი უვარგისი კაცი ამბობდა, ამან როგორ უნდა გვიხსნასო.+ არაფრად ჩააგდეს იგი და არც ძღვენი მიართვეს,+ მას კი არაფერი უთქვამს.