გამოსვლა
13 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 2 „მომიძღვენით ისრაელებიდან ყოველი პირმშო მამრი, აგრეთვე ყოველი პირველმოგებული მამრი, მე მეკუთვნიან ისინი“.+
3 მოსემ ხალხს უთხრა: «გახსოვდეთ ეს დღე, რადგან ამ დღეს გამოგიყვანათ იეჰოვამ თავისი ძლიერი ხელით ეგვიპტიდან, სადაც მონები იყავით.+ ამიტომ საფუვრიანი არაფერი ჭამოთ. 4 ამ დღეს გამოხვედით, აბიბის თვეში.+ 5 როცა შეგიყვანთ იეჰოვა ქანაანელების, ხეთელების, ამორეველების, ხიველებისა და იებუსელების+ მიწაზე, რომლის მიცემაც თქვენს მამა-პაპას დაუფიცა,+ მიწაზე, სადაც რძე და თაფლი მოედინება,+ დაიცავით ეს წესი ამ თვეში. 6 შვიდი დღე ჭამეთ ხმიადი;+ მეშვიდე დღე საზეიმო დღეა იეჰოვას განსადიდებლად. 7 შვიდი დღე ჭამეთ ხმიადი;+ საფუვრიანი არაფერი გაიჩეროთ+ და არც საფუარი გქონდეთ იქ, სადაც იქნებით. 8 უთხარით იმ დღეს თქვენს შვილებს, ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ გვახსოვდეს, რა სასწაულებრივად გვიხსნა იეჰოვამ ეგვიპტიდან-თქო.+ 9 ეს თქვენთვის ხელზე და შუბლზე დადებული ნიშანივით იყოს,+ რათა იეჰოვას კანონი გქონდეთ ბაგეზე; იეჰოვამ ხომ თავისი ძლიერი ხელით გამოგიყვანათ ეგვიპტიდან. 10 ეს წესი დაიცავით წლიდან წლამდე დადგენილ დროს.+
11 როცა იეჰოვა ქანაანელთა მიწაზე შეგიყვანთ, როგორც შენ და შენს მამა-პაპას დაგიფიცათ,+ 12 მიუძღვენით იეჰოვას ყოველი პირმშო მამრი და ყოველი პირველმოგებული მამრი. ყველა მამრი იეჰოვას ეკუთვნის.+ 13 ყოველი პირველმოგებული ვირი ცხვრით გამოისყიდეთ; თუ არ გამოისყიდით, კისერი გადაუმტვრიეთ. გამოისყიდეთ თქვენი ვაჟებიდან ყოველი პირმშო.+
14 თუ თქვენი შვილები გკითხავენ, ამას რატომ აკეთებთო, უთხარით: „იეჰოვამ თავისი ძლიერი ხელით გამოგვიყვანა ეგვიპტიდან, სადაც მონები ვიყავით.+ 15 ფარაონი გაჯიუტდა და არ გვიშვებდა;+ ამის გამო იეჰოვამ დახოცა ყოველი პირმშო და ყოველი პირველმოგებული ეგვიპტეში.+ ამიტომ ვწირავთ იეჰოვას ყველა პირველმოგებულ მამრს და გამოვისყიდით ყოველ პირმშოს ჩვენი ვაჟებიდან“. 16 ეს დღესასწაული თქვენთვის ხელზე და შუბლზე დადებული ნიშანივით იყოს,+ რადგან იეჰოვამ თავისი ძლიერი ხელით გამოგიყვანათ ეგვიპტიდან».
17 როცა ფარაონმა ხალხი გაუშვა, ღმერთმა ისინი ფილისტიმელთა მიწის გავლით არ წაიყვანა, თუმცა ის მიწა ახლოს იყო; თქვა, ბრძოლა მოუწევთ, ინანებენ ეგვიპტიდან რომ წამოვიდნენ და დაბრუნდებიანო. 18 ღმერთმა ხალხი გრძელი გზით, წითელ ზღვასთან მდებარე უდაბნოს გზით, წაიყვანა.+ ისრაელები ეგვიპტიდან რაზმებად გამოვიდნენ. 19 მოსემ თან წაიღო იოსების ძვლები, რადგან იოსებმა ისრაელები დააფიცა, როცა ღმერთი მოგხედავთ, წაიღეთ აქედან ჩემი ძვლებიო.+ 20 გამოვიდნენ სუქოთიდან და ეთამში დაბანაკდნენ, უდაბნოს პირას.
21 მათ იეჰოვა გზაზე დღისით ღრუბლის სვეტით მიუძღოდა,+ ღამით კი — ცეცხლის სვეტით, რათა დღისითაც ევლოთ და ღამითაც.+ 22 დღისით ღრუბლის სვეტი არ სცილდებოდა ხალხს და ღამით — ცეცხლის სვეტი.+