მატიანე — წიგნი პირველი
12 აი ისინი, ვინც მივიდნენ დავითთან ციკლაგში,+ როცა ის ჯერ კიდევ ემალებოდა საულს,+ კიშის ძეს; ისინიც იმ ძლიერ მებრძოლთა შორის იყვნენ, რომლებიც დავითის მხარდამხარ იბრძოდნენ,+ 2 მშვილდისრიანი მეომრები, მარჯვენასაც და მარცხენასაც ერთნაირად რომ ხმარობდნენ+ ქვებისა+ თუ ისრების სასროლად, ბენიამინელები,+ საულის მოძმენი: 3 გიბელი+ შემაას ვაჟები — ახიეზერი და იოაში, მეთაურები; აზმავეთის+ ვაჟები — იეზიელი და ფელეტი, ბერაქა და ანათოთელი იეჰუ, 4 გაბაონელი+ იშმაია, ერთ-ერთი ძლიერი ვაჟკაცი ოცდაათში+ და ოცდაათის მეთაური, აგრეთვე იერემია, იახაზიელი, იოხანანი და გედერათელი იოზაბადი, 5 ელუზაი, იერიმოთი, ბეალია, შემარია და ხარიფელი შეფატია, 6 კორახელები+ — ელკანა, იშია, აზარელი, იოეზერი და იაშობამი; 7 გედორელი იეროხამის ვაჟები — იოელა და ზებადია.
8 ზოგიერთი გადელი დავითს მიემხრო და უდაბნოში მივიდა, იქ, სადაც დავითი იმალებოდა;+ ისინი მამაცი, გაწვრთნილი მეომრები იყვნენ, შუბებითა და დიდი ფარებით აღჭურვილნი, ლომის მსგავსნი; ისე მარდად დარბოდნენ, როგორც ქურციკები მთაში. 9 მათ შორის მთავარი იყო ეცერი, მეორე — ობადია, მესამე — ელიაბი, 10 მეოთხე — მიშმანა, მეხუთე — იერემია, 11 მეექვსე — ათაი, მეშვიდე — ელიელი, 12 მერვე — იოხანანი, მეცხრე — ელზაბადი, 13 მეათე — იერემია და მეთერთმეტე — მაქბანაი. 14 ისინი ჯარის მეთაურები იყვნენ, გადელები.+ მათგან ყველაზე სუსტი ას კაცს უტოლდებოდა, ყველაზე ძლიერი კი — ათასს.+ 15 მათ პირველ თვეს გადაკვეთეს იორდანე, მაშინ, როცა ის ნაპირებიდან გადმოდიოდა, და აღმოსავლეთითა და დასავლეთით განდევნეს ბარის მკვიდრნი.
16 ზოგი ბენიამინელი და იუდასტომელიც მივიდა დავითთან სამალავში.+ 17 გამოეგება მათ დავითი და უთხრა: „თუ სამშვიდობოდ, ჩემ დასახმარებლად ხართ მოსული, მაშინ გავერთიანდეთ. მაგრამ, თუ იმისთვის მოხვედით, რომ უდანაშაულო კაცი მტრის ხელში ჩამაგდოთ, დაინახოს ეს ჩვენი მამა-პაპის ღმერთმა და განსაჯოს!“+ 18 მაშინ ღვთის სულით აღივსო ამასაი,+ ოცდაათის მეთაური:
„შენი ვართ, დავით, შენთან ვართ, იესეს ძეო!+
მშვიდობა, მშვიდობა შენდა და მშვიდობა შენს შემწეს,
რადგან შენი ღმერთია შენი შემწე!“+
დავითმაც მიიღო ისინი და რაზმების მეთაურებად დანიშნა.
19 მენაშედანაც მიემხრნენ ზოგიერთები დავითს, როდესაც დავითი ფილისტიმელებთან ერთად საულის წინააღმდეგ საბრძოლველად მიდიოდა; მაგრამ იგი ბოლომდე აღარ გაჰყოლია ფილისტიმელებს, რადგან ფილისტიმელთა მთავრებმა+ მოითათბირეს და უკან გააბრუნეს ის; თქვეს, თავის ბატონს, საულს, მიემხრობა და სიცოცხლეს გამოგვასალმებსო.+ 20 როცა ის ციკლაგში მივიდა,+ მენაშელთაგან მის მხარეს გადავიდნენ: ადნახი, იოზაბადი, იედიაელი, მიქაელი, იოზაბადი, ელიჰუ და ცილეთაი — მენაშელთა ათასისთავები.+ 21 ისინი დავითთან ერთად ებრძოდნენ მოთარეშეებს, რადგან ყველანი რჩეული ვაჟკაცები იყვნენ.+ მოგვიანებით ისინი ჯარის მეთაურები გახდნენ. 22 ყოველდღიურად ემატებოდა დავითს მომხრეები,+ ვიდრე ღვთის ლაშქარივით ურიცხვი არ გახდა მისი ლაშქარიც.+
23 აი საომრად აღჭურვილ მეომართა რაოდენობა, რომლებიც ხებრონში+ მივიდნენ დავითთან, რათა, იეჰოვას ბრძანებისამებრ, საულის შემდეგ დავითი გაემეფებინათ:+ 24 იუდას ტომიდან — საომრად აღჭურვილი, შუბებითა და დიდი ფარებით შეიარაღებული, 6 800 კაცი; 25 სიმონელთაგან — 7 100 ძლიერი და მამაცი მეომარი;
26 ლევიანთაგან — 4 600 კაცი; 27 აარონის შთამომავალთა+ წინამძღოლი იყო იეჰოიადა+ და მასთან ერთად — 3 700 კაცი; 28 აგრეთვე ცადოკი,+ ახალგაზრდა ვაჟკაცი, თავისი საგვარეულოს 22 თავკაცთან ერთად;
29 ბენიამინელთაგან, საულის მოძმეთაგან+ — 3 000 კაცი, რომელთა უმეტესობაც მანამდე საულის სახლეულობას უჭერდა მხარს; 30 ეფრემელთაგან — 20 800 ვაჟკაცი, თავ-თავიანთ საგვარეულოებში სახელმოხვეჭილნი;
31 მენაშეს ტომის ნახევრიდან — 18 000 კაცი, რომლებსაც დავითის გასამეფებლად მოუხმეს; 32 ისაქარელთაგან — 200 თავკაცი, რომლებმაც კარგად იცოდნენ, როდის რა იქნებოდა ისრაელისთვის უკეთესი; მათი მოძმენი მათი მითითებისამებრ იქცეოდნენ; 33 ზებულონელთაგან — საომრად დარაზმული, ყველანაირი საბრძოლო იარაღით აღჭურვილი, 50 000 კაცი; ისინი დავითს უერთდებოდნენ და მთელი გულით უჭერდნენ მხარს; 34 ნაფთალელთაგან — 1 000 თავკაცი და მათთან ერთად შუბებითა და დიდი ფარებით შეიარაღებული 37 000 კაცი; 35 დანელთაგან — საომრად დარაზმული 28 600 კაცი; 36 აშერელთაგან — საბრძოლველად გამზადებული 40 000 მეომარი;
37 იორდანის გაღმიდან,+ რეუბენელთაგან, გადელთაგან და მენაშეს ტომის ნახევრიდან — ყველანაირი საბრძოლო იარაღით აღჭურვილი 120 000 კაცი. 38 ყველანი მეომრები იყვნენ, ბრძოლისთვის მომზადებულები. ისინი იმიტომ მივიდნენ ხებრონში, რომ მთელი გულით სურდათ ისრაელზე დავითის გამეფება. დანარჩენი ისრაელებიც ერთსულოვნად უჭერდნენ მხარს მის გამეფებას.+ 39 სამი დღე დარჩნენ ისინი დავითთან, ჭამდნენ და სვამდნენ, რადგან მათ მოძმეებს ყველაფერი მოემზადებინათ მათთვის. 40 მათ მეზობლად მცხოვრებთ, აგრეთვე ისაქარელებს, ზებულონელებსა და ნაფთალელებს ვირებით, აქლემებით, ჯორებითა და ხარებით მიჰქონდათ საკვები: დიდი რაოდენობით ფქვილეული, ლეღვისა და ქიშმიშის კვერები*, ღვინო და ზეთი; ამასთანავე მიჰყავდათ ცხვარ-ძროხა. დიდად ხარობდა ისრაელი.