იარაღი, საჭურველი
ბიბლიაში იარაღი და საჭურველი ხშირად არის ნახსენები, მაგრამ მათი დამზადებისა და გამოყენების შესახებ დაწვრილებით არაფერია ნათქვამი.
ისეთ საბრძოლო იარაღებს, როგორებიცაა: მახვილი, შუბი და ფარი, არაერთხელ ვხვდებით ებრაულ წერილებში, თუმცა ძირითადი აქცენტი მაინც იმაზე კეთდება, რომ ადამიანი იმედს იარაღზე კი არა, იეჰოვაზე უნდა ამყარებდეს (დბ. 15:1; ფს. 76:1—3; 115:9—11; 119:114; 144:2). ამაზე მოწმობს გოლიათისთვის ნათქვამი დავითის სიტყვები: „შენ მახვილით, შუბითა და ხელშუბით გამოდიხარ, მე კი ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, ისრაელის რაზმების ღვთის სახელით გამოვდივარ, ვისაც შენ დასცინე. დღეს ჩამიგდებს ხელში შენს თავს იეჰოვა ... გაიგებს მთელი კრებული, რომ იეჰოვა არც მახვილით იხსნის და არც შუბით, რადგან იეჰოვასია ბრძოლა“ (1სმ. 17:45—47). ბიბლია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი და სასიკეთოა კაცისთვის იეჰოვას სულზე და არა სამხედრო ძალაზე დაიმედება (ზქ. 4:6). იეჰოვამ თავისი სიმბოლური ცოლი, სიონი, სიყვარულში შემდეგი სიტყვებით დაარწმუნა: „არც ერთ იარაღს, რომელიც შენ წინააღმდეგ შეიქმნება, არ ექნება წარმატება ... ეს არის იეჰოვას მსახურთა მემკვიდრეობა“ (ეს. 54:17).
ებრაული სიტყვა ქელი გამოიყენება როგორც იარაღის, ისე ნივთის თუ ჭურჭლის აღსანიშნავად (მსჯ. 9:54; ლვ. 13:49; ეზკ. 4:9; რც. 35:16; ეკ. 9:18; ლვ. 6:28). როცა მრავლობით რიცხვში დგას, იგი აღნიშნავს საჭურველს, აგრეთვე ბარგს, ტვირთსა და ქონებას (1სმ. 31:9; 10:22; 17:22; დბ. 31:37; 45:20). საჭურვლის აღმნიშვნელი კიდევ ერთი ებრაული სიტყვა (ნეშეკ) მომდინარეობს ფუძიდან ნაშაკ და შეიარაღებას ნიშნავს (1მფ. 10:25; 1მტ. 12:2; 2მტ. 17:17). ბერძნული სიტყვა ჰოპლონ (იარაღი) ენათესავება სიტყვა პანოპლიას, რაც სრულ საჭურველს აღნიშნავს (ინ. 18:3; ლკ. 11:22; ეფ. 6:11).
თავდასხმის იარაღები. მახვილი და ხანჯალი. ებრაული სიტყვა ხერევ ჩვეულებრივ მახვილად ითარგმნება. იგი აგრეთვე შეიძლება ითარგმნოს როგორც ხანჯალი, სატეხი და დანა (დბ. 3:24; 1მფ. 18:28; გმ. 20:25; იეს. 5:2). ებრაულ წერილებში თავდასხმისა და თავდაცვის იარაღებს შორის ყველაზე ხშირად მახვილია მოხსენიებული. მახვილს ჰქონდა ტარი და თითბრის, სპილენძის ან ფოლადის პირი. მას იყენებდნენ საჭრელად (1სმ. 17:51; 1მფ. 3:24, 25), საძგერებლად და გასაყრელად (1სმ. 31:4). ზოგი მახვილი მოკლე იყო, ზოგი — გრძელი, ზოგს ერთი მჭრელი პირი ჰქონდა, ზოგს — ორი. არქეოლოგები მახვილს ხანჯლისგან იმით განასხვავებენ, რომ პირველი მეორეზე 40 სმ-ით გრძელია.
ჩვეულებრივ მახვილს ტყავის ქარქაშში დებდნენ და სარტყელზე მარცხენა მხარეს იბამდნენ (1სმ. 25:13). მეორე სამუელის 20:8-დან შეიძლება დავასკვნათ, რომ იოაბმა მახვილი შეგნებულად ჩააგო ისე, რომ ქარქაშიდან ადვილად ამოვარდნილიყო და შემდეგ უკან ჩაგების ნაცვლად ხელში დაეჭირა. ამასამ ვერაფერი იეჭვა, რადგან, როგორც ჩანს, ეგონა, რომ იოაბს მახვილი შემთხვევით ამოუვარდა. ეს ამასასთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ჩვეულებრივი მახვილის აღსანიშნავად გამოიყენება სიტყვა მაქერა (მთ. 26:47), დიდი მახვილის აღსანიშნავად კი — რომფეა (გმც. 6:8). იესოს გაცემის ღამეს მოწაფეებს ორი მახვილი ჰქონდათ (ლკ. 22:38) და ეს არც არის გასაკვირი, რადგან როგორ ცნობილია, გალილეელებს იარაღი თან დაჰქონდათ (იხ. „იუდეველთა ომი“, იოსებ ფლავიუსი, III, 42 [iii, 2], ინგლ.). ლუკას 22:36-ში ჩაწერილი იესოს სიტყვები „ვისაც მახვილი არა აქვს, ტანსაცმელი გაყიდოს და იყიდოს“ იმას არ ნიშნავდა, რომ მისი მოწაფეები საბრძოლო მზადყოფნაში უნდა ყოფილიყვნენ. იესოს იმიტომ სურდა, მოწაფეებს მისი გაცემის ღამეს თან ჰქონოდათ მახვილები, რომ, როგორც კი შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის აუცილებლობა შეიქმნებოდა, მათთვის დაენახვებინა, რომ ის წინააღმდეგობას კი არ გასწევდა მახვილით, არამედ ღვთის ნებისამებრ დანებდებოდა. ამიტომ, როცა პეტრემ მახვილი იშიშვლა და მალქეს ყური ჩამოათალა, იესომ უთხრა: „ჩააბრუნე მახვილი თავის ადგილას, რადგან ყველა, ვინც მახვილს აიღებს, მახვილით დაიღუპება“ (მთ. 26:52; ინ. 18:10, 11). ცხადია, ორი მახვილით ისინი იესოს შესაპყრობად მისულ შეიარაღებულ ბრბოსთან ვერაფერს გახდებოდნენ და წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში უეჭველად მახვილითვე დაიღუპებოდნენ (მთ. 26:47). რაც ყველაზე მთავარია, იესოს დახსნის ძალისმიერ მცდელობას აზრი არ ექნებოდა, რადგან ეს იეჰოვა ღმერთის განზრახვის საწინააღმდეგო იქნებოდა (მთ. 26:53, 54). იმავე დღეს, მოგვიანებით იესომ გასაგებად უთხრა პილატეს: „[ჩემი სამეფო] ამ ქვეყნიერების ნაწილი რომ ყოფილიყო, ჩემი მსახურები იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს არ გადავცემოდი. მაგრამ ჩემი სამეფო აქედან არ არის“ (ინ. 18:36).
შუბი, ხელშუბი და ლახვარი. ტარზე ჩამოცმული ბასრწვერიანი იარაღები, რომლებიც საძგერებლად და სასროლად გამოიყენებოდა (1სმ. 18:11; მსჯ. 5:8; იეს. 8:18; იობ. 41:26). ამ იარაღების ნაირსახეობას უძველესი ხალხები იყენებდნენ. ებრაულ ენაში მათ აღსანიშნავად სხვადასხვა სიტყვა იხმარება, თუმცა ზუსტად ცნობილი არ არის, რა სხვაობა იყო მათ შორის.
ებრაულ წერილებში მოხსენიებული შუბი (ებრ. ხანით) ხელშუბზე და ლახვარზე გრძელი იყო. მას ჰქონდა ხის გრძელი ტარი და ქვის ან ლითონის ბასრი წვერი. გამოყენების სიხშირით ის მხოლოდ მახვილს ჩამოუვარდებოდა. გოლიათს ხელთ ეპყრა შუბი, რომლის რკინის პირი „ექვსას შეკელს იწონიდა“ (6,8 კგ) და რომლის ხის ტარი „საქსოვი ლილვის სისხო“ იყო (1სმ. 17:7). ზოგ შუბს ტარის ბოლოში ლითონის წვერი ჰქონდა, რომლითაც შუბს მიწაში არჭობდნენ. შუბის წვერის გარდა მეომარი ამ ბოლოსაც მარჯვედ იყენებდა ბრძოლებში (2სმ. 2:19—23). ამ იარაღს, როგორც წესი, დაბანაკებული მეფის გვერდით არჭობდნენ მიწაში (1სმ. 26:7).
ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში შუბი (ბერძ. ლოგქე) ნახსენებია იოანეს 19:34-ში, რომელშიც ვკითხულობთ, რომ გარდაცვლილ იესოს „ერთმა ჯარისკაცმა შუბი გაუყარა ფერდში“. ვინაიდან ჯარისკაცი რომაელი იყო, მას რომაული პილუმი ექნებოდა. ასეთი შუბი 1,8-მეტრიანი იყო. მის ერთ ნახევარს ხის ტარი ჰქონდა, მეორე ნახევარს კი — დაკბილული რკინის წვერი.
არსებობდა კიდევ ერთი სახეობის შუბი (ებრ. რომახ), რომელსაც გრძელი ტარი და ბასრი წვერი ჰქონდა საძგერებლად (რც. 25:7, 8). ეს იყო ებრაელების სტანდარტული საბრძოლო იარაღი.
ხელშუბს (ებრ. ქიდონ) ლითონის წვერი ჰქონდა და ძირითადად სასროლად გამოიყენებოდა. ჩვეულებრივ შუბთან შედარებით ის მომცრო, მსუბუქი და შესაბამისად, ადვილად მოსაღერებელი იყო (იეს. 8:18—26). ხელშუბს, როგორც წესი, მხარზე გადაკიდებულს ატარებდნენ.
ლახვარი (ებრ. მასსა), სავარაუდოდ, ისრისმაგვარი მოკლე სატყორცნი იარაღი იყო (იობ. 41:26). სატყორცნი იარაღის აღმნიშვნელი ებრაული სიტყვა შელახ მომდინარეობს ზმნის ფუძიდან შალახ, რაც ნიშნავს გაშვებას, გაწოდებასა და აღმართვას (2მტ. 23:10; დბ. 8:8, 9; გმ. 9:15). ებრაული სიტყვა ზიკკიმ ნიშნავს ცეცხლმოკიდებულ იარაღს და არის ზიკოთის მონათესავე სიტყვა, რომელიც ნაპერწკლებსა და ცეცხლმოკიდებულ ისრებს ნიშნავს (იგ. 26:18; ეს. 50:11).
მშვილდ-ისარი. უძველესი დროიდან მშვილდი (ებრ. კეშეთ; ბერძ. ტოქსონ) სანადირო და საომარი იარაღი იყო (დბ. 21:20; 27:3; 48:22; გმც. 6:2). მას ფართოდ იყენებდნენ ისრაელები (2მტ. 26:14, 15), ეგვიპტის მოკავშირენი (იერ. 46:8, 9), აგრეთვე ასურეთისა (ეს. 37:33) და მიდია-სპარსეთის ჯარები (იერ. 50:14; 51:11; იხ. აგრეთვე მშვილდოსანი).
„სპილენძის მშვილდი“ შესაძლოა ხისგან მზადდებოდა და სპილენძით იყო მოვარაყებული (2სმ. 22:35). მშვილდის მოზიდვა (ებრაულად სიტყვასიტყვით მშვილდზე ფეხის დაბიჯება) ლარის გაბმაზე მიანიშნებს (ფს. 7:12; 37:14; იერ. 50:14, 29). ლარის გაბმისას ჩვეულებრივ მშვილდს შუაში ფეხს აბჯენდნენ ან ლარმობმული მშვილდის ერთ ბოლოს მიწაზე ფეხით აფიქსირებდნენ, მეორე ბოლოს კი დრეკდნენ ლარის მოსაბმელად.
ისრები (ებრ. ხიცციმ) ლერწმის ღეროებისგან ან მსუბუქი ხის მასალისგან მზადდებოდა და ბოლოში ბუმბულები ჰქონდა დამაგრებული. ისრის პირებს თავიდან კაჟისგან და ძვლისგან ამზადებდნენ, მოგვიანებით კი — ლითონისგან. ზოგ ისარს ფხიანი წვერი ჰქონდა; მას ზოგჯერ შხამში (იობ. 6:4), ზოგჯერ კი აალებად სითხეში აწობდნენ (ფს. 7:13). აალებადი სითხით გაჟღენთილ ძენძს ისრის ლითონის წვერის ნასვრეტებში უყრიდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ.
კაპარჭში ჩვეულებრივ ოცდაათი ისარი იდებოდა, თუმცა ასურულ რელიეფებზე საბრძოლო ეტლების კაპარჭებში ორმოცდაათი ისარია გამოსახული (შდრ. ეს. 22:6).
ბერძნული სიტყვა ბელოს (ისრისებური სატყორცნი იარაღი) მომდინარეობს ფუძიდან ბალლო, რაც ნიშნავს ტყორცნას. პავლე მოციქულმა ეს ბერძნული სიტყვა გამოიყენა, როცა რწმენის დიდი ფარით „ცეცხლმოკიდებული ისრების“ ჩაქრობაზე ლაპარაკობდა (ეფ. 6:16). რომაელები ამ სატყორცნ იარაღს ლერწმის ღეროსგან ამზადებდნენ. მას ქვედა ნაწილში, წვერთან, მიმაგრებული ჰქონდა აალებადი ნივთიერებით სავსე რკინის პატარა სათავსი. ამ ისრისებურ იარაღს ოდნავ მოშვებული ლარით ისროდნენ, ვინაიდან მაგრად დაჭიმული ლარით რომ გაესროლათ, ცეცხლი ჩაქრებოდა. მისი წყლით ჩაქრობის მცდელობის შემთხვევაში ცეცხლი უფრო ძლიერდებოდა, ამიტომ ერთადერთი საშუალება მიწის მიყრა იყო.
შურდული. შურდული (ებრ. კელაʽ) ოდითგანვე მწყემსებისა (1სმ. 17:40) და მეომრების (2მტ. 26:14) იარაღი იყო. იგი ტყავის ღვედის, ცხოველის მყესების, ლერწმის ან ბეწვის თასმისგან მზადდებოდა და შუაში ჩაღრმავება ჰქონდა, რომელშიც სატყორცნს დებდნენ (1სმ. 25:29). შურდულის ერთ ბოლოს მაჯაზე იმაგრებდნენ, მეორე ბოლოს კი ხელში იჭერდნენ. ქვიან შურდულს ჰაერში რამდენჯერმე დაატრიალებდნენ და შემდეგ ერთ ბოლოს ხელს უშვებდნენ. გასროლილი ქვა დიდი სიმძლავრითა და სიჩქარით იტყორცნებოდა. უპირატესობა მრგვალ და პრიალა ქვებს ენიჭებოდა, თუმცა ქვების გარდა სასროლად სხვა მასალასაც იყენებდნენ (1სმ. 17:40). მეშურდულეები იუდასა (2მტ. 26:14) და ისრაელის ჯარის (2მფ. 3:25) ძირითად შემადგენლობაში შედიოდნენ.
საბრძოლო ხელკეტი და ცული. „საბრძოლო ხელკეტი“ იყო დიდი კეტი ან კომბალი. ზოგი მათგანი ლითონით იყო მოჭედილი (იგ. 25:18). ეზეკიელის 39:9-ში მოხსენიებული ხელშუბი, სავარაუდოდ, ლითონისწვერიანი საბრძოლო ხის ჯოხი იყო. საომარ ცულს ქვის ან ლითონის ბასრი პირი და შედარებით მოკლე ხის ან ლითონის ტარი ჰქონდა. სწორედ ეს საომარი ცული იგულისხმა დავითმა ფსალმუნის 35:3-ში, როცა იეჰოვას შესთხოვა, მოემარჯვებინა შუბი და ორპირა ცული მის მდევნელთა დასახვედრად.
თავდაცვის იარაღები. მტრის საომარი იარაღისგან თავდასაცავად მეომარი სხვადასხვაგვარ ფარსა თუ საჭურველს იყენებდა.
ფარი. ამ განიერ თავდაცვის იარაღს ძველი მსოფლიოს ყველა ხალხი იყენებდა. ფარს სახელური შიდა მხარეს ჰქონდა. მეომარს იგი მარცხენა ხელში ეპყრა ან მის სახელურში ჰქონდა მკლავი გაყრილი, თუმცა სალაშქროდ მიმავალს თასმით მხარზე ჰქონდა გადაკიდებული. ესაიას 22:6-დან ვიგებთ, რომ ფარს შესაძლოა ჰქონოდა ბუდე, რომელსაც ბრძოლის დაწყებამდე აცლიდნენ. მშვიდობიანობის პირობებში ფარებს იარაღის საცავებში ინახავდნენ (ქბ. 4:4).
ძველად ფარები ხისა იყო და ზედ ტყავი ჰქონდა გადაკრული. ასეთ ფარებს ცეცხლი ადვილად ეკიდებოდა (ეზკ. 39:9). ტყავგადაკრულ ხის ფარებთან შედარებით ლითონის ფარები ნაკლებად გავრცელებული იყო, ისინი ძირითადად მეფეებსა და სამეფო კარის მცველებს ეკავათ ან ცერემონიალებზე გამოჰქონდათ (2სმ. 8:7; 1მფ. 14:27, 28). დრეკადი, გლუვი და სრიალა რომ ყოფილიყო და არ დაჟანგულიყო, ლითონის ფარებს ზეთავდნენ (2სმ. 1:21). ტყავის ზოგ ფარს დამატებითი სიმტკიცისთვის შუაში ლითონის სქელი კოპი ჰქონდა მიმაგრებული (იობ. 15:26).
დიდ ფარს (ებრ. ცინნაჰʹ) კარგად შეიარაღებული ქვეითი ჯარი (2მტ. 14:8) და ზოგჯერ საჭურველთმტვირთველი ატარებდნენ (1სმ. 17:7, 41). ის ოვალური იყო ან კარივით მართკუთხა. ეფესოელების 6:16-ში ნახსენებ „დიდ ფარში“, რომელიც ბერძნული სიტყვა თირეოსით (თირა ნიშნავს კარს) არის გადმოცემული, როგორც ჩანს, ასეთი ფორმის ფარია ნაგულისხმევი. ცინნაჰ მოცულობით იმხელა იყო, რომ მეომრის სხეულს ფარავდა (ფს. 5:12). ასეთი ფარებით ბრძოლის წინა ხაზზე მდგომი შუბმომარჯვებული მეომრები დამცავ კედელს ქმნიდნენ. ზოგჯერ, როცა დიდი ფარი შუბთან ერთად მოიხსენიება, იგულისხმება საბრძოლო აღჭურვილობა (1მტ. 12:8, 34; 2მტ. 11:12).
მომცრო ფარი (ებრ. მაგენ), როგორც წესი, მშვილდოსნებს დაჰქონდათ და მშვილდის მსგავსად ისიც მსუბუქ იარაღებს მიეკუთვნებოდა. მას იუდას მეფე ასას ჯარში მომსახურე ბენიამინელი მშვილდოსნები იყენებდნენ (2მტ. 14:8). ის მრგვალი იყო და მას დიდ ფარზე უფრო ხშირად ხმარობდნენ, სავარაუდოდ, ხელჩართულ ბრძოლებში. ებრაული ცინნაჰ და მაგენ ზომით საგრძნობლად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, რაზეც მოწმობს სოლომონის დამზადებული ოქროს ფარები. პატარა ფარებთან შედარებით დიდი ფარების მოვარაყებას ოთხჯერ მეტი ოქრო სჭირდებოდა (1მფ. 10:16, 17; 2მტ. 9:15, 16). მაგენიცა და ცინნაჰიც სტანდარტული საომარი აღჭურვილობის შემადგენელი ნაწილი იყო (2მტ. 14:8; 17:17; 32:5).
მრგვალ ფარად ნათარგმნი ებრაული სიტყვა შელეტ ებრაულ წერილებში შვიდჯერ გვხვდება. ვინაიდან „ქებათა-ქებაში“ იგი მაგენთან ერთად მოიხსენიება, არ არის გამორიცხული, რომ ეს ორი სახის ფარი ერთმანეთს ძალიან ჰგავდა (ქბ. 4:4).
მუზარადი. საბრძოლო თავსაბურავი, რომელიც მეომარს ბრძოლის დროს იცავდა. იგი თავდაცვითი აღჭურვილობის განუყოფელ ნაწილს შეადგენდა. მუზარადად ნათარგმნია ებრაული სიტყვა ქოვაʽ და ბერძნული სიტყვა პერიკეფალეა, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს „თავის ირგვლივ“ (1სმ. 17:5, 38; ეფ. 6:17).
თავდაპირველად ისრაელები მუზარადებს, სავარაუდოდ, ტყავისგან ამზადებდნენ, მოგვიანებით — სპილენძისგან ან რკინისგან. მუზარადის შიგნით შალის, ქეჩის ან ტყავის ქუდებს იხურავდნენ. სპილენძის მუზარადები ისრაელში ჯერ კიდევ მეფე საულის დროს არსებობდა (1სმ. 17:38). თავიდან მათ მხოლოდ მეფეები და წინამძღოლები ატარებდნენ, მაგრამ მოგვიანებით ფართოდ დაიწყო მათი გამოყენება. მაგალითად, მეფე უზიამ თავისი ყველა მეომარი მუზარადებით აღჭურა (2მტ. 26:14).
ფილისტიმელები ლითონის მუზარადებს იყენებდნენ. გოლიათს სპილენძის მუზარადი ეხურა (1სმ. 17:5). ეზეკიელმა მუზარადები სპარსელების, ეთიოპებისა და სხვა ხალხების კონტექსტში მოიხსენია (ეზკ. 27:10; 38:5).
ჯავშანი. ეს იყო სამოსელი ბრძოლის დროს თავის დასაცავად. ჯავშანი (ებრ. შირჲონ ან შირჲან) მზადდებოდა ქსოვილისგან ან ტყავისგან, რომელსაც მიმაგრებული ჰქონდა ასობით ლითონის პატარა ფირფიტა (ძალიან ჰგავდა თევზის ქერცლს). ჯავშანი მეომარს გულ-მკერდს, ზურგსა და მხრებს უფარავდა, ზოგი მუხლს ან კოჭს სწვდებოდა (1სმ. 17:5).
ებრაელების ჯავშანი უმეტესწილად ტყავისა იყო, ლითონის ფირფიტებით გაწყობილი. ჯავშანი მეომარს მეტ-ნაკლებად იცავდა. საბრძოლო იარაღს ადვილად შეეძლო ფირფიტებისა თუ სხვა შეერთების ადგილებში შეღწევა. მეფე ახაბი სასიკვდილოდ დაიჭრა, როცა მშვილდოსანმა „ისრაელის მეფეს ჯავშნის ნაწიბურთან“ მოახვედრა ისარი (1მფ. 22:34—37).
სარტყელი. ძველად მეომრები წელზე ან თეძოზე ტყავის ქამარს შემოირტყამდნენ ხოლმე. მისი სიგანე 5—15 სმ იყო და ხშირ შემთხვევაში რკინის ან ოქრო-ვერცხლის ფირფიტებით იყო გაწყობილი. მეომარს მახვილი სარტყელზე ჰქონდა შებმული. ზოგჯერ სარტყელს მხარზე გადადებული თასმა იჭერდა (1სმ. 18:4; 2სმ. 20:8). სარტყლის შემოხსნა მოსვენებას ნიშნავდა (1მფ. 20:11), მისი შემორტყმა კი საქმისთვის ან ბრძოლისთვის მზადყოფნას (გმ. 12:11; 1მფ. 18:46; 1პტ. 1:13, კს).
საბარკულები. ლითონისფირფიტებიანი საჭურველი, რომელიც წვივს ფარავდა. ბიბლიაში ის მხოლოდ ერთხელ, 1 სამუელის 17:6-შია ნახსენები, სადაც ნათქვამია, რომ ფილისტიმელ მეომარს, გათელ გოლიათს „ფეხებზე სპილენძის საბარკულები [ებრ. მიცხათ] ეკეთა“. საბარკულებს შესაძლოა ისრაელებიც იყენებდნენ.
სულიერი საჭურველი. ჭეშმარიტი ქრისტიანები პირდაპირი გაგებით არ იბრძვიან, ისინი სიმბოლური გაგებით არიან ბრძოლაში ჩაბმული. ამიტომ ადარებს ბიბლია მათ მეომრებს (ფლ. 2:25; 2ტმ. 2:3; ფლმ. 2). ქრისტიანები იბრძვიან „მთავრობათა წინააღმდეგ [იგულისხმება არამიწიერი ძალები], ხელისუფლებათა წინააღმდეგ, ამ ქვეყნიერების სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ზეციერი ბოროტი სულების წინააღმდეგ“ (ეფ. 6:12). ზეადამიანურ სულებთან ბრძოლაში ქრისტიანებს ფიზიკური იარაღი და საჭურველი არ გამოადგებათ, მათ სჭირდებათ „სრული საჭურველი, რომელიც ღვთისგან არის“ (ეფ. 6:13).
პავლე ქრისტიანებს ურჩევს, იდგნენ „ჭეშმარიტების სარტყელშემორტყმულნი“ (ეფ. 6:14). როგორც სარტყელი იცავს წელს, ისე ღვთისგან მომდინარე ჭეშმარიტების ძლიერი სიყვარული იცავს ქრისტიანს და აძლევს ძალას, რომ განსაცდელების დროსაც სიმტკიცე არ დაკარგოს.
ქრისტიანი აგრეთვე „სიმართლის ჯავშნით“ უნდა შეიმოსოს (ეფ. 6:14). საომარი ჯავშანი სასიცოცხლო ორგანოებს, განსაკუთრებით კი გულს იცავს. სიმბოლური გული ცოდვისკენაა მიდრეკილი, ამიტომ მის დასაცავად სიმართლის ჯავშანია საჭირო (დბ. 8:21; იერ. 17:9).
სულიერ საჭურველში ისიც შედის, რომ „მშვიდობის შესახებ სასიხარულო ცნობის საქადაგებლად“ „მზადყოფნით [ვიყოთ] ფეხშემოსილნი“ (ეფ. 6:15). ქრისტიანს ერთგულების შენარჩუნება გაუადვილდება, თუ ყოველთვის, სირთულეების დროსაც კი, მზად იქნება სხვებისთვის სასიხარულო ცნობის გასაცხადებლად.
სულიერი საჭურვლის მნიშვნელოვანი ატრიბუტი „რწმენის დიდი ფარია“. დიდი ფარის მსგავსად, რომელიც თითქმის მთელ სხეულს ფარავს, იეჰოვა ღმერთისა და მისი აღთქმებისადმი რწმენა „ბოროტის ცეცხლმოკიდებული ისრებისგან“ გვიცავს (ეფ. 6:16; შდრ. ფს. 91:4). რწმენა აგრეთვე ბოროტი სულების შემოტევის, უზნეობის ჩადენის ცდუნების, მომხვეჭელობის, შიშის, ეჭვისა და ზედმეტი წუხილისგან გვიცავს (დბ. 39:7—12; ებ. 11:15; 13:6; იაკ. 1:6; 1თს. 4:13).
როგორც მუზარადი იცავს ჯარისკაცის თავს, ისე „ხსნის მუზარადი“ იცავს ქრისტიანის გონებას მავნე გავლენისგან (ეფ. 6:17). თუ ჩვენი მუზარადი „ხსნის იმედი“ იქნება, მაშინ მოსეს მსგავსად მზერა ჯილდოსკენ გვექნება მიპყრობილი (1თს. 5:8; ებ. 11:26).
„სულის მახვილი, ანუ ღვთის სიტყვა“ შეუდარებელ სამსახურს გვიწევს ცრუ სწავლებებისა და ადამიანთა წეს-ჩვეულებებისგან თავის დასაცავად, სხვებისთვის ჭეშმარიტების სასწავლებლად და ე. წ. სიმაგრეების დასამხობად (ეფ. 6:17; 2კრ. 10:4, 5).
[სურათი]
რომაელი ლეგიონერი ფარით ხელში