ზაქარია
7 დარიოსის მეფობის მე-4 წელს, მე-9 თვის, ქისლევის, მე-4 დღეს, იეჰოვას სიტყვა ეუწყა ზაქარიას.+ 2 გაგზავნეს ბეთელის მკვიდრებმა შარეცერი, რეგემ-მელექი და მისი ხალხი, რომ გული მოელბოთ იეჰოვასთვის 3 და ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, ტაძრის მღვდლებისა და წინასწარმეტყველებისთვის ეკითხათ: „კიდევ უნდა ვიგლოვოთ და ვიმარხულოთ მე-5 თვეს,+ რასაც მრავალი წელი ისედაც ვაკეთებთ?“
4 კვლავ მეუწყა ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, სიტყვა: 5 «გადაეცი ამ მიწის მკვიდრთ და მღვდლებს: „როცა 70 წლის მანძილზე+ მე-5 და მე-7 თვეს+ მარხულობდით და მოთქვამდით, განა ჩემთვის მარხულობდით?! 6 როცა ჭამდით და სვამდით, განა ისევ თქვენთვის არ ჭამდით და სვამდით?! 7 განა ყურად არ უნდა გეღოთ იეჰოვას სიტყვა, რასაც წინასწარმეტყველთა მეშვეობით გიცხადებდათ,+ როცა იერუსალიმი და მისი მიმდებარე ქალაქები ჯერ კიდევ დასახლებული იყო და იქ მშვიდობა სუფევდა, როცა ნეგებიცა და შეფელაც დასახლებული იყო?!“»
8 კვლავ ეუწყა ზაქარიას იეჰოვას სიტყვა: 9 «აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „სამართლიანად გაასამართლეთ+ და სიყვარული*+ და გულმოწყალება გამოიჩინეთ ერთმანეთისადმი; 10 ნურაფერს გამოსძალავთ ქვრივ-ობლებს,+ ხიზნებსა+ და ღარიბებს;+ სიავეს ნუ განიზრახავთ გულში ერთმანეთის მიმართ“.+ 11 ისინი ყურს არ მიგდებდნენ;+ გაჯიუტდნენ, ზურგი შემაქციეს+ და ყური დაიხშეს, რომ არ მოესმინათ ჩემთვის.+ 12 გული ალმასივით*+ გაუხდათ, დაარღვიეს კანონი და ის სიტყვები, რომლებიც ლაშქართა ღმერთმა, იეჰოვამ, თავისი სულით წინასწარმეტყველთა მეშვეობით გადასცა;+ ამიტომ ძლიერ განრისხდა ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.+
13 მე რომ ვუხმობდი, ისინი არ მისმენდნენ,+ ამიტომ არც მე ვუსმენდი, როცა მიხმობდნენ,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. — 14 როგორც ქარიშხალი ფანტავს, ისე მიმოვფანტე ისინი უცნობ ერებში;+ გაპარტახდა მათი მიწა, კაციშვილს აღარ გაუვლია იქ და აღარც არავინ დაბრუნებულა უკან.+ სანუკვარი მიწა საზარელ მიწად აქციეს».