სამუელი — წიგნი პირველი
17 შეკრიბეს ფილისტიმელებმა+ საომრად თავიანთი ლაშქარი. შეიკრიბნენ ისინი იუდას სოქოსთან+ და ეფეს-დამიმში+ დაბანაკდნენ, სოქოსა და აზეკას+ შორის. 2 საული და ისრაელები კი ელაჰის ველზე+ შეიკრიბნენ და ფილისტიმელების დასახვედრად დაირაზმნენ. 3 ფილისტიმელები ერთ მთაზე განლაგდნენ, ისრაელები კი — მეორეზე; მათ შორის ველი იყო.
4 გამოვიდა ფილისტიმელთა ბანაკიდან ერთი გათელი+ მებრძოლი, სახელად გოლიათი,+ სიმაღლით 6 წყრთა და 1 მტკაველი*. 5 თავზე სპილენძის მუზარადი ეხურა და სპილენძისავე ჯავშანი ეცვა; მისი ჯავშანი+ 5 000 შეკელს* იწონიდა. 6 ფეხებზე სპილენძის საბარკულები* ეკეთა და ზურგზე სპილენძის ხელშუბი+ ეკიდა; 7 მის შუბს ლილვის* სისხო ხის ტარი+ ჰქონდა და მისი რკინის წვერი 600 შეკელს* იწონიდა; მას წინ ფარისმტვირთველი მოუძღოდა. 8 გაჩერდა გოლიათი და შესძახა საომრად დარაზმულ ისრაელებს:+ „რას დარაზმულხართ საბრძოლველად?! მე ფილისტიმელთა სახელით გამოვდივარ, თქვენ კი საულის მსახურები ხართ. ამოირჩიეთ თქვენგან კაცი, ჩამოვიდეს და პირისპირ შემებას. 9 თუ შემებრძოლება და მომკლავს, თქვენი მსახურები გავხდებით, მაგრამ, თუ მე დავამარცხებ და სიცოცხლეს გამოვასალმებ, თქვენ გახდებით ჩვენი მონები და გვემსახურებით!“ 10 შემდეგ თქვა ფილისტიმელმა: „დღეს დავცინებ ისრაელის ლაშქარს!+ გამომიყვანეთ კაცი, რომ შევებათ ერთმანეთს!“
11 ფილისტიმელის სიტყვებმა დააფრთხო და თავზარი დასცა საულსა და მთელ ისრაელს.
12 დავითი იყო იუდას ბეთლემში,+ ეფრათაში,+ მცხოვრები იესეს+ რვა ვაჟიდან+ ერთ-ერთი. საულის დროს იესე უკვე მოხუცებული იყო. 13 იესეს სამი უფროსი ვაჟი საულთან ერთად იყო წასული საბრძოლველად;+ პირმშოს ელიაბი+ ერქვა, მეორეს — აბინადაბი+ და მესამეს — შამა.+ 14 დავითი ნაბოლარა+ იყო; საულს მისი სამი უფროსი ძმა გაჰყვა.
15 მიდიოდა ხოლმე დავითი საულთან და უკან ბრუნდებოდა, რათა მამამისის ცხვარი დაემწყემსა+ ბეთლემში. 16 სწორედ მაშინ იყო, რომ ფილისტიმელი 40 დღის მანძილზე ყოველ დილა-საღამოს გამოდიოდა.
17 სთხოვა იესემ თავის ვაჟს, დავითს: „აიღე ეს 1 ეფა* მოხალული მარცვლეული და 10 პური და სასწრაფოდ წაუღე შენს ძმებს ბანაკში. 18 ეს 10 თავი ყველი კი ათასისთავს წაუღე. გაიგე, როგორ არიან შენი ძმები და მოიტანე მათი ამბავი“. 19 ისინი საულთან და სხვა ისრაელებთან ერთად ელაჰის ველზე+ იყვნენ დაბანაკებულნი ფილისტიმელებთან+ საბრძოლველად.
20 დილაადრიან ადგა დავითი და ცხვარი სხვას მიაბარა. აიღო, რაც წასაღები ჰქონდა, და წავიდა იესეს მითითებისამებრ. ბანაკს რომ მიადგა, ჯარი საომარი ყიჟინით ირაზმებოდა საბრძოლველად. 21 ისრაელები და ფილისტიმელები ერთმანეთის პირისპირ განლაგდნენ. 22 დავითმა ბარგის მცველს დაუტოვა თავისი ბარგი და მაშინვე ბრძოლის ველისკენ გაიქცა. იქ მისულმა ძმები მოიკითხა.+
23 ჯერ კიდევ მათ ელაპარაკებოდა, როცა ფილისტიმელთა რაზმიდან გამოვიდა გათელი მებრძოლი, გოლიათი,+ და უწინდებურად დასცინა მათ.+ მოისმინა მისი ნათქვამი დავითმა. 24 გოლიათის დანახვაზე შეშინებულმა ისრაელებმა უკან დაიხიეს.+ 25 ამბობდნენ ისრაელები: „დაინახეთ ის კაცი? ისრაელის დასაცინად გამოდის ხოლმე.+ ვინც მას დაამარცხებს, მეფე სიმდიდრით აავსებს, თავის ასულს მიათხოვებს+ და გაათავისუფლებს* მამამისის სახლეულობას ისრაელში“.
26 დავითმა გვერდით მდგომთ ჰკითხა: „რას მისცემენ იმას, ვინც იმ ფილისტიმელს დაამარცხებს და სირცხვილს მოაშორებს ისრაელს? ვინ არის ეგ წინადაუცვეთელი ფილისტიმელი, ცოცხალი ღვთის ლაშქარს რომ დასცინის!“+ 27 ხალხმა უკვე ნათქვამი სიტყვები გაუმეორა, ამასა და ამას მისცემენ მის დამმარცხებელსო. 28 გაიგონა მისმა უფროსმა ძმამ, ელიაბმა,+ რაც დავითმა ხალხს უთხრა, და გაბრაზებულმა ჰკითხა: „რატომ ჩამოხვედი? ვის დაუტოვე ის მცირე ფარა უდაბნოში?+ ვიცი შენი კადნიერებისა და ბოროტი გულის ამბავი. ბრძოლის საყურებლად იქნები მოსული!“ 29 დავითმა მიუგო: „ასეთი რა ჩავიდინე?! მხოლოდ კითხვა დავსვი“. 30 ახლა სხვას მიუბრუნდა და იგივე იკითხა, რაც მანამდე;+ ხალხისგანაც იგივე პასუხი მიიღო.+
31 გაიგონეს დავითის სიტყვები და საულს მიუტანეს; მანაც მოაყვანინა იგი. 32 უთხრა დავითმა საულს: „ნურავის შეუდრკება გული მისი შიშით! წავა შენი მსახური და შეებრძოლება იმ ფილისტიმელს!“+ 33 უთხრა საულმა დავითს: „ვერ გახვალ მაგ ფილისტიმელთან საბრძოლველად, შენ ჯერ კიდევ ყმაწვილი+ ხარ, ის კი ბავშვობიდან მეომარია“. 34 უთხრა დავითმა საულს: „შენი მსახური თავისი მამის ფარის მწყემსია. ლომი+ ან დათვი რომ დაეცემოდა ფარას და ცხვარს გაიტაცებდა, 35 მე დავედევნებოდი, დავანარცხებდი და პირიდან ვტაცებდი ცხვარს; თუ შემომიბრუნდებოდა, ყბაში ვავლებდი ხელს, კვლავ ვანარცხებდი და ვკლავდი. 36 ლომიც მოუკლავს შენს მსახურს და დათვიც; მაგ წინადაუცვეთელ ფილისტიმელსაც იმავეს ვუზამ, რადგან ცოცხალი ღვთის ჯარს დასცინა“.+ 37 დავითმა განაგრძო: „იეჰოვა, რომელმაც ლომისა და დათვისგან მიხსნა, ამ ფილისტიმელის+ ხელიდანაც დამიხსნის!“ მიუგო საულმა დავითს: „წადი, იეჰოვა იყოს შენთან!“
38 შემოსა საულმა დავითი თავისი საომარი სამოსლით, თავზე სპილენძის მუზარადი დაახურა და ჯავშანი ჩააცვა. 39 შემოირტყა დავითმა მახვილიც, მაგრამ ვერ გაიარა, რადგან მიუჩვეველი იყო ასე სიარულს. უთხრა დავითმა საულს: „ასე ვერ ვივლი, მიუჩვეველი ვარ“. მოიხსნა საჭურველი დავითმა. 40 აიღო ხელში თავისი ჯოხი, ხევში ხუთი მრგვალი ქვა აკრიფა, აბგაში ჩაიყარა და შურდულით+ ხელში ფილისტიმელისკენ გაემართა.
41 ფილისტიმელი დავითისკენ წამოვიდა, წინ ფარისმტვირთველი მოუძღოდა. 42 გოლიათმა რომ გაიხედა და დავითი დაინახა, სასაცილოდ აიგდო, რადგან იგი ყმაწვილი იყო, ერთი წითური პირისახის ლამაზი ბიჭი.+ 43 ფილისტიმელმა უთხრა: „ძაღლი+ ვარ, ჯოხით რომ გამოდიხარ?!“ და დასწყევლა ფილისტიმელმა დავითი თავისი ღმერთების სახელით. 44 უთხრა ფილისტიმელმა დავითს: „მოდი ერთი, რომ ცის ფრინველებსა და მინდვრის მხეცებს მივუგდო შენი ხორცი!“
45 მიუგო დავითმა ფილისტიმელს: „შენ მახვილით, შუბითა და ხელშუბით+ გამოდიხარ, მე კი ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, ისრაელის ჯარის+ ღვთის სახელით გამოვდივარ, რომელსაც შენ დასცინე!+ 46 დღეს ჩამიგდებს ხელში+ შენს თავს იეჰოვა, დაგამარცხებ და თავს მოგკვეთ. ფილისტიმელთა გვამებს ცის ფრინველებსა და მიწის მხეცებს მივუყრი და მთელი ქვეყანა გაიგებს, რომ ჰყავს ისრაელს ღმერთი!+ 47 გაიგებს ყველა აქ მყოფი, რომ იეჰოვა გვიხსნის,+ ოღონდ არა მახვილითა და შუბით, რადგან იეჰოვასია ეს ბრძოლა+ და ის ჩაგვიგდებს ხელში თქვენს თავს!“+
48 ფილისტიმელი დავითისკენ გამოემართა; დავითიც მაშინვე გაიქცა მტრის ჯარისკენ ფილისტიმელთან შესახვედრად. 49 ჩაიყო დავითმა ხელი აბგაში, ამოიღო ქვა, შურდულით სტყორცნა და შიგ შუბლში მოარტყა ფილისტიმელს; მას ქვა შუბლში ჩაეჭედა და პირქვე დაეცა მიწაზე.+ 50 დავითმა შურდულითა და ქვით სძლია ფილისტიმელს, დაამარცხა და მოკლა; არ სჭერია დავითს ხელში მახვილი.+ 51 მიირბინა დავითმა ფილისტიმელთან, მისი ქარქაშიდან მახვილი ამოაძრო+ და თავი მოჰკვეთა; ასე გამოასალმა სიცოცხლეს. დაინახეს ფილისტიმელებმა, რომ მოკვდა მათი ძლევამოსილი მეომარი და გაიქცნენ.+
52 წამოცვივდნენ ისრაელები და იუდეველები, დასცეს ყიჟინა და ველიდან+ ეკრონის+ კარიბჭეებამდე სდიეს მათ. მრავალი ფილისტიმელი დაეცა შაარაიმის+ გზაზე; მათი გვამები გათამდე და ეკრონამდე ეყარა. 53 თავი რომ დაანებეს ისრაელებმა ფილისტიმელთა დევნას, მობრუნდნენ და გაძარცვეს მათი ბანაკი.
54 აიღო დავითმა ფილისტიმელის თავი და იერუსალიმში ჩაიტანა, მისი იარაღი კი თავის კარავში დააწყო.+
55 საულმა ფილისტიმელის წინააღმდეგ გასული დავითი რომ დაინახა, თავის მხედართმთავარ აბნერს+ ჰკითხა: „ვისი ბიჭია ეს,+ აბნერ?“ აბნერმა მიუგო: „შენმა სიცოცხლემ, არ ვიცი, მეფეო!“ 56 მეფემ უთხრა: „გაიგე, ვისი ბიჭია!“ 57 როგორც კი მობრუნდა დავითი ფილისტიმელის დამარცხების შემდეგ, აბნერმა ის საულთან მიიყვანა ფილისტიმელის+ თავით ხელში. 58 საულმა ჰკითხა მას: „ვისი ბიჭი ხარ?“ დავითმა მიუგო: „შენი მსახურის, ბეთლემელი+ იესესი!“+