მოციქულთა საქმეები
26 აგრიპამ+ პავლეს მიმართა: „ნება გეძლევა, რომ ილაპარაკო და თავი დაიცვა“. პავლემ ხელი გაიწოდა და თავის დაცვა დაიწყო:
2 «მეფე აგრიპა, იუდეველები ბრალს მდებენ+ და მიხარია, რომ დღეს თქვენ წინაშე მიწევს თავის დაცვა, 3 რადგან ვიცი, რომ თქვენ კარგად ერკვევით იუდეველთა წეს-ჩვეულებებსა თუ სადავო საკითხებში. გთხოვთ, მოთმინებით მომისმინოთ.
4 ყველა იუდეველმა კარგად იცის, ახალგაზრდობიდან მოყოლებული როგორ ვცხოვრობდი ჩემს ხალხს შორისაც და იერუსალიმშიც.+ 5 იუდეველებმა, რომლებიც იმ დროიდან მიცნობენ, იციან, და, თუ მოისურვებენ, დამემოწმებიან კიდეც, რომ ფარისეველი+ ვიყავი და ვიცავდი იმ წესებს, რომელთა დაცვასაც ჩვენი სარწმუნოების ეს უმკაცრესი მიმდინარეობა მოითხოვს.+ 6 ახლა კი სასამართლოს წინაშე იმის გამო ვდგავარ, რომ ღვთის მიერ ჩვენი მამა-პაპისთვის მიცემული დანაპირების შესრულების იმედი მაქვს.+ 7 ჩვენს 12 ტომსაც ამ დანაპირების შესრულების იმედი აქვს; ამიტომაც ისინი დღედაღამ გულმოდგინედ ემსახურებიან ღმერთს. ამ იმედის გამო მდებენ ბრალს იუდეველები,+ მეფეო!
8 რატომ მიგაჩნიათ დაუჯერებლად, რომ ღმერთი მკვდრებს აღადგენს? 9 პირადად მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ყოველი ღონე უნდა მეხმარა, რათა წინ აღვდგომოდი იესო ნაზარეთელს. 10 ასეც ვმოქმედებდი იერუსალიმში და მრავალი წმინდაც ჩავაგდე საპყრობილეში,+ რისი უფლებამოსილებაც უფროსი მღვდლებისგან მქონდა,+ და მათ სიკვდილით დასჯასაც ვემხრობოდი. 11 სინაგოგებში არაერთხელ დამისჯია ისინი და ასე ვცდილობდი, მეიძულებინა, რომ დაეგმოთ თავიანთი რწმენა, და, გაშმაგებული, სხვა ქალაქებშიც ვდევნიდი მათ.
12 სწორედ ამ მიზნით მივდიოდი დამასკოში უფროსი მღვდლებისგან მიღებული უფლებამოსილებითა და დავალებით; 13 გზაზე შუადღისას, მეფეო, მე და ჩემს თანამგზავრებს ციდან მზის სინათლეზე უფრო კაშკაშა სინათლე მოგვეფინა;+ 14 ყველანი მიწაზე დავემხვეთ. უცებ ხმა მომესმა, რომელმაც ებრაულად მითხრა: „სავლე, სავლე, რატომ მდევნი? ნუ გაუძალიანდები სახრეს, თორემ ეს კარგს არაფერს მოგიტანს“. 15 ვკითხე: „ვინა ხარ, ბატონო?“ მან მიპასუხა: „მე იესო ვარ, შენ რომ დევნი. 16 ფეხზე წამოდექი. მე იმიტომ გამოგეცხადე, რომ მსახურად აგირჩიო; შენ დაამოწმებ იმას, რაც იხილე და რასაც ჩემ შესახებ გიჩვენებ.+ 17 მე დაგიხსნი ამ ხალხისგანაც და უცხოტომელებისგანაც, რომლებთანაც გგზავნი,+ 18 რომ თვალი აუხილო+ მათ, სიბნელიდან+ სინათლეზე გამოიყვანო,+ სატანის ძალაუფლებისგან დაიხსნა+ და ღვთისკენ მოაქციო, რათა ჩემდამი რწმენით ცოდვები მიეტეოთ+ და განწმენდილებთან ერთად მიიღონ მემკვიდრეობა“.
19 ამიტომ, მეფე აგრიპა, მე არ ვეურჩე ზეციურ ჩვენებას, 20 წავედი დამასკოში,+ იქიდან — იერუსალიმში,+ მოვიარე მთელი იუდეა და უცხოტომელებთანაც ვიყავი; ყველას ვუქადაგებდი, რომ მოენანიებინათ, მონანიება საქმით დაემტკიცებინათ და ღვთისკენ მოქცეულიყვნენ.+ 21 ამის გამო შემიპყრეს იუდეველებმა ტაძარში და მოკვლა დამიპირეს,+ 22 თუმცა ღვთის შეწევნით, დღემდე ვუქადაგებ დიდებულებსაც და უბრალო ხალხსაც და იმაზე მეტს არაფერს ვეუბნები, რაც წინასწარმეტყველებმა და მოსემ თქვეს, რომ უნდა მომხდარიყო:+ 23 ქრისტეს უნდა ეტანჯა+ და მას, მკვდრეთით აღდგენილთაგან პირველს,+ სინათლის შესახებ უნდა ექადაგა ამ ხალხისთვისაც და უცხოტომელებისთვისაც».+
24 ამას რომ ამბობდა პავლე თავის დასაცავად, ფესტუსმა ხმამაღლა მიმართა: „გაგიჟებულხარ, პავლე! მეტისმეტ წიგნიერებას გაუგიჟებიხარ!“ 25 პავლემ ფესტუსს მიუგო: „მე არ გავგიჟებულვარ, თქვენო აღმატებულებავ, საღად ვაზროვნებ და ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ. 26 სინამდვილეში, მეფემ, რომელსაც თამამად ველაპარაკები, კარგად იცის ეს ყველაფერი და დარწმუნებული ვარ, მას არაფერი გამოეპარებოდა, ვინაიდან ეს სადღაც გადაკარგულში არ მომხდარა.+ 27 მეფე აგრიპა, გწამთ, რაც წინასწარმეტყველებს უწერიათ? მე ვიცი, რომ გწამთ“. 28 აგრიპამ პავლეს უთხრა: „ცოტაც და ქრისტიანად მაქცევ“. 29 ამაზე პავლემ მიუგო: „ღმერთსა ვთხოვ, რომ ადრე თუ გვიან მარტო თქვენ კი არა, ყველა, ვინც ახლა მისმენს, ჩემნაირი გახდეს; რა თქმა უნდა, ამ ბორკილებს არ ვგულისხმობ“.
30 წამოდგნენ მეფე, გამგებელი, ბერნიკე და მათ გვერდით მსხდომნი. 31 გასვლისას ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „ეს კაცი ისეთს არაფერს აკეთებს, რომ სიკვდილს ან ბორკილებს იმსახურებდეს“.+ 32 აგრიპამ ფესტუსს უთხრა: „კეისართან რომ არ გაესაჩივრებინა, შეიძლებოდა მისი გათავისუფლება“.+