კანონი
9 «მომისმინე, ისრაელო! დღეს კვეთ იორდანეს,+ რათა შეხვიდე იმ მიწაზე და განდევნო იქიდან შენზე დიდი და ძლიერი ხალხები+ ცამდე აწვდილი გამაგრებული ქალაქებიდან,+ 2 ხალხი, დიდი და მაღალი, ანაკიმის შთამომავლები,+ ვისზეც გსმენია და ვისზეც უთქვამთ, ვინ აღუდგება წინ ანაკიმის შთამომავლებსო, 3 მაგრამ იცოდე, რომ იეჰოვა, შენი ღმერთი, წაგიძღვება;+ შთამნთქმელი ცეცხლია იგი+ და მოსპობს მათ. დაგიმორჩილებს იმ ხალხს, რომ ადვილად განდევნო და გაანადგურო, როგორც იეჰოვამ აღგითქვა.+
4 როცა იეჰოვა, შენი ღმერთი, მათ განდევნის, ნუ იტყვი გულში, ჩემი სიმართლის გამო მომიყვანა იეჰოვამ ამ მიწის დასამკვიდრებლადო;+ იეჰოვა იმ ერებს მათი ბოროტების გამო დევნის.+ 5 მათი მიწის დასაპატრონებლად შენი სიმართლის ან შენი პატიოსნების გამო კი არ შედიხარ, არამედ იმიტომ რომ იეჰოვა, შენი ღმერთი, იმ ერებს მათი ბოროტების გამო დევნის,+ რათა შეასრულოს სიტყვა, რომელიც იეჰოვამ შენს მამა-პაპას, აბრაამს,+ ისაკსა+ და იაკობს,+ მისცა. 6 არ იფიქრო, რომ იეჰოვა, შენი ღმერთი, შენი სიმართლის გამო გაძლევს იმ მადლიან მიწას დასაპატრონებლად, რადგან ჯიუტი ხალხი ხართ.+
7 გახსოვდეთ, როგორ განარისხეთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, უდაბნოში,+ არასოდეს დაივიწყოთ. იმ დღიდან მოყოლებული, რაც ეგვიპტიდან გამოხვედით, დღემდე ეურჩებით იეჰოვას.+ 8 ხორებშიც კი განარისხეთ იეჰოვა. ისე განარისხეთ იეჰოვა, რომ კინაღამ მოგსპოთ.+ 9 როცა მთაზე ქვის ფილების ჩამოსატანად ავედი,+ იეჰოვას მიერ თქვენთან დადებული შეთანხმების ფილების ჩამოსატანად,+ მთაზე 40 დღე და ღამე დავრჩი;+ არც საჭმელი მიჭამია და არც წყალი დამილევია. 10 მომცა იეჰოვამ ორი ქვის ფილა, რაზედაც მისი თითით იყო დაწერილი ის სიტყვები, რომლებიც იეჰოვამ მთაზე ცეცხლიდან გითხრათ იმ დღეს, როცა შეკრებილები იყავით.+ 11 როცა 40 დღე და ღამე დასრულდა, იეჰოვამ ორი ქვის ფილა მომცა, შეთანხმების ფილები, 12 და მითხრა იეჰოვამ: „სწრაფად ჩადი დაბლა, რადგან შენმა ხალხმა, რომელიც ეგვიპტიდან გამოიყვანე, თავი წაიბილწა.+ მალევე გადაუხვიეს იმ გზიდან, რომლითაც ჩემი ბრძანებისამებრ უნდა ევლოთ, და ქანდაკება ჩამოასხეს“.+ 13 შემდეგ იეჰოვამ მითხრა: „ვხედავ, რომ ეს ხალხი ჯიუტია;+ 14 ახლავე მუსრს გავავლებ და ამოვშლი მათ სახსენებელს ცისქვეშეთიდან, შენგან კი მათზე ძლიერ და მრავალრიცხოვან ერს წარმოვშობ“.+
15 გამოვტრიალდი და ჩამოვედი მთიდან; იწვოდა მთა.+ ორივე ხელში შეთანხმების ფილები მეჭირა.+ 16 დავინახე, რომ შეგიცოდავთ თქვენი ღვთისთვის, იეჰოვასთვის! ხბოს ქანდაკება გაგეკეთებინათ. მალე გადაუხვიეთ იმ გზიდან, რომლითაც იეჰოვას ბრძანებისამებრ უნდა გევლოთ.+ 17 ორივე ხელით დავანარცხე ფილები და თქვენ თვალწინ დავამსხვრიე.+ 18 იეჰოვას წინაშე 40 დღე და ღამე პირქვე ვიყავი დამხობილი, როგორც პირველად; არც საჭმელი მიჭამია და არც წყალი დამილევია,+ რადგან შესცოდეთ იეჰოვას, ბოროტება ჩაიდინეთ მის თვალში და გული ატკინეთ; 19 განარისხეთ იეჰოვა და შემეშინდა,+ რომ არ მოესპეთ; თუმცა მაშინაც მომისმინა იეჰოვამ.+
20 იეჰოვა აარონზეც ძლიერ განრისხდა და მოკვლა დაუპირა;+ მაშინ მას აარონის გულისთვისაც შევევედრე; 21 ავიღე თქვენი გაკეთებული ხბო, რითაც შესცოდეთ,+ ცეცხლში დავწვი, შემდეგ დავფშვენი და იმ წყაროში ჩავყარე, მთიდან რომ მოედინება.+
22 თაბერაში,+ მასაში+ და კიბროთ-ჰათაავაშიც+ განარისხეთ იეჰოვა. 23 როცა იეჰოვას ნებისამებრ კადეშ-ბარნეიდან+ წამოხვედით, მან გითხრათ, წადით და დაეპატრონეთ იმ მიწას, რომელსაც გაძლევთო, თქვენ ისევ ეურჩეთ იეჰოვას,+ თქვენი ღვთის ბრძანებას, არ ერწმუნეთ+ მას და არ დაემორჩილეთ. 24 რაც გიცნობთ, სულ ეურჩებით იეჰოვას.
25 იეჰოვას წინაშე 40 დღე და ღამე პირქვე ვიყავი დამხობილი;+ ეს იმიტომ, რომ იეჰოვა მოსპობას გიპირებდათ. 26 შევევედრე იეჰოვას: „უზენაესო უფალო, იეჰოვა, ნუ მოსპობ შენს ხალხს, შენს საკუთრებას;+ ისინი ხომ შენი ძლევამოსილებით გამოისყიდე და შენი ძლიერი ხელით გამოიყვანე ეგვიპტიდან!+ 27 გაიხსენე შენი მსახურები: აბრაამი, ისაკი და იაკობი.+ ნუ მიაქცევ ყურადღებას ამ ხალხის სიჯიუტეს, მათ ბოროტებასა და ცოდვას,+ 28 თორემ იტყვიან იმ მიწის მკვიდრნი, საიდანაც გამოგვიყვანე, ვერ დაამკვიდრებინა იეჰოვამ ის მიწა, რომელიც აღუთქვა, რადგან სძულდა ისინი, და იმიტომ წაიყვანა, რომ უდაბნოში დაეხოცაო.+ 29 ისინი ხომ შენი ხალხი არიან, შენი საკუთრება,+ რომელიც დიდი ძალითა და გაწვდილი მკლავით გამოიყვანე“».+