ფილიპელების მიმართ
3 ბოლოს, ჩემო ძმებო, კვლავაც იხარეთ უფალში.+ ისევ იმის მოწერა, რაც მოგწერეთ, ძნელი არ არის ჩემთვის, რადგან ეს თქვენს დაცვას ემსახურება.
2 უფრთხილდით ზნედაცემულ ადამიანებს*, უფრთხილდით მათ, ვისაც ზიანი მოაქვთ, და უფრთხილდით სხეულის დამსახიჩრებლებს.+ 3 წინადაცვეთილნი ისინი კი არა, ჩვენ ვართ,+ ვინც ღვთის სულით ვმსახურობთ, ვამაყობთ ქრისტე იესოთი+ და ხორცზე არ ვამყარებთ იმედს. 4 თუმცა, თუ ვინმეს აქვს ხორცზე დაიმედების საფუძველი, პირველ რიგში, მე მაქვს.
თუ ვინმე ფიქრობს, რომ ხორცზე დაიმედების საფუძველი აქვს, მე მით უმეტეს: 5 მერვე დღეს ვარ წინადაცვეთილი,+ ისრაელი ერის შვილი, ბენიამინის ტომიდან, ებრაელი მშობლების ნაშობი ებრაელი,+ კანონის დამცველი, ფარისეველი.+ 6 თუ მოშურნეობაზე მიდგა საქმე, კრებების მდევნელი,+ და, თუ სიმართლეზე, რომელიც კანონითაა განსაზღვრული, ბრალდაუდებელი. 7 მაგრამ, რაც ჩემთვის მონაგები იყო, წაგებად მივიჩნიე ქრისტეს გულისთვის.+ 8 მეტიც, ყველაფერს წაგებად მივიჩნევ ჩემი უფლის, ქრისტე იესოს შესახებ უძვირფასესი ცოდნის მისაღებად. მისთვის დავკარგე ყველაფერი და ამ ყველაფერს ნაგვად ვთვლი, რათა ერთობაში ვიყო ქრისტესთან*, 9 მასთან ერთობაში ვიყო არა ჩემი სიმართლით, რომელიც კანონს ეფუძნება, არამედ იმ სიმართლით, რომელიც ქრისტესადმი+ რწმენას+ ახლავს და რომელსაც რწმენის საფუძველზე ღმერთი იძლევა.+ 10 ჩემი მიზანი ისაა, რომ ვიცნობდე მას და ვიცოდე, რა ძალა აქვს მის აღდგომას,+ მის მსგავსად ვიტანჯო,+ მის მსგავსად მოვკვდე,+ 11 იქნებ როგორმე მათ შორის აღმოვჩნდე, ვინც პირველები აღდგებიან მკვდრეთით.+
12 ეს ჯილდო ჯერ არ მიმიღია და არც სრულყოფილებისთვის მიმიღწევია; ამიტომ ვისწრაფვი,+ რომ მოვიპოვო ის, რისთვისაც ამირჩია ქრისტე იესომ.+ 13 ძმებო, არ ვფიქრობ, რომ უკვე მოვიპოვე ჯილდო, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით: ვივიწყებ იმას, რაც უკან დარჩა,+ და ვისწრაფვი იმისკენ, რაც წინ არის,+ 14 ვისწრაფვი მიზნისკენ, ღვთის მიერ ზეციური მოწოდების+ ჯილდოსკენ+ ქრისტე იესოს მეშვეობით. 15 მაშ, მოდი ყველამ, ვინც მოწიფულები ვართ,+ ასე ვიაზროვნოთ, და, თუ სხვაგვარად აზროვნებთ, ღმერთი გაგიმჟღავნებთ, როგორ უნდა იაზროვნოთ. 16 როგორც არ უნდა იყოს, კვლავაც განვაგრძოთ აღებული გეზით სვლა იმის მიუხედავად, ვინ რამდენად მოწიფულია.
17 ძმებო, მომბაძეთ,+ და დააკვირდით მათ, ვინც იმ მაგალითს მიჰყვება, რომელიც ჩვენ მოგეცით. 18 ბევრი მათგანი — ვისზეც თქვენთვის ხშირად მომიყოლია, ახლა კი ტირილით ვიხსენებ — ისე იქცევა, როგორც ქრისტეს წამების ძელის* მტერი. 19 მათი ბოლო დაღუპვაა, მათი ღმერთი მათი მუცელია და მათი დიდება მათი სირცხვილია; ისინი მიწიერზე ფიქრობენ.+ 20 ჩვენ ზეცის+ მოქალაქეები+ ვართ, საიდანაც მოუთმენლად ველით მხსნელს, უფალ იესო ქრისტეს,+ 21 რომელიც ჩვენს დამდაბლებულ სხეულს თავისი დიდებული სხეულის შესაბამისად გარდაქმნის თავისი დიადი ძალით,+ რომლითაც შეუძლია ყველაფერი დაიმორჩილოს.+