სამეფოს კურთხევები შეგიძლიათ თქვენც მიიღოთ
მოციქული პავლე საკმაოდ კარგად მეტყველებდა იმდროინდელ რამდენიმე ძირითად ენაზე. მას ისეთივე განათლება ჰქონდა მიღებული, როგორსაც დღევანდელი უნივერსიტეტები იძლევიან. ის რომაელი მოქალაქის ყველა უპირატესობითა და უფლებით სარგებლობდა (საქმეები 21:37—40; 22:3, 28). ყოველივე ამის წყალობით მას შეეძლო, რომ მდიდარი და სახელგანთქმული გამხდარიყო. მაგრამ მოციქული ამბობდა: „რაც ჩემთვის მოგება იყო, ის წაგებად ჩავთვალე ქრისტეს გულისათვის. . . და ყველაფერს ნაგვად მივიჩნევ, რათა ქრისტე შევიძინო“ (ფილიპელთა 3:7, 8). რატომ თქვა პავლემ ეს სიტყვები?
ადრე ტარსუსელ სავლედ და ‘[უფლის] გზაზე მდგომთა’ მდევნელად ცნობილი პავლე, ხილვაში მკვდრეთით აღდგენილი და განდიდებული იესოს ნახვის შემდეგ მორწმუნე გახდა (საქმეები 9:1—19). პავლესთვის დამასკოს გზაზე მომხდარი შემთხვევა ყოველგვარი ეჭვის გარეშე ადასტურებდა იმას, რომ იესო აღთქმული მესია, ანუ ქრისტე, იყო, რომელიც ღვთის მიერ აღთქმული მომავალი სამეფოს მმართველი უნდა გამხდარიყო. ამ შემთხვევამ, როგორც მისი ზემოხსენებული განაცხადიდანაც დავინახეთ, ძირფესვიანად შეცვალა მოციქულის ცხოვრება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გულწრფელობამ და სუფთა გულმა პავლე მონანიებამდე მიიყვანა (გალატელთა 1:13—16).
ბიბლიაში სახელზმნა „მონანიება“ ხშირად ისეთი ბერძნული სიტყვიდან ითარგმნება, რომელიც სიტყვასიტყვით „შემდგომ ცოდნას“ ნიშნავს და „წინასწარ ცოდნის“ საპირისპიროა. ამგვარად, მონანიება პიროვნების გონების, აზროვნების ან მიზნების შეცვლას, ძველი გზების — როგორც არადამაკმაყოფილების — უარყოფას ნიშნავს (საქმეები 3:19; გამოცხადება 2:5). პავლესთვის დამასკოს გზაზე მომხდარი მნიშვნელოვანი შემთხვევა, უბრალოდ, ემოციური აფექტი ან ეგრეთ წოდებული რელიგიური თავგადასავალი არ ყოფილა. მისთვის ეს გამოფხიზლება და იმ ფაქტის დანახვება იყო, რომ ყოფილი ცხოვრების გზა, რომელიც ქრისტეს შესახებ უმეცრებით გამოირჩეოდა, ფუჭი იყო. მოციქულმა ისიც გააანალიზა, რომ ქრისტეს შესახებ ახლად მიღებული შემეცნებიდან სარგებლობის მისაღებად თავისი ცხოვრება რადიკალურად უნდა შეეცვალა (რომაელთა 2:4; ეფესელთა 4:24).
ცვლილება, რომელსაც კურთხევები მოჰყვა
ადრე პავლეს შემეცნება ღვთის შესახებ, უმთავრესად, ფარისეველთა სექტიდან ჰქონდა მიღებული; ის ამ სექტის წევრი გახლდათ. მათ რწმენაში გარეული იყო მრავალი ადამიანური ფილოსოფია და ტრადიცია. წინასწარშექმნილმა რელიგიურმა თვალსაზრისმა პავლეს ენთუზიაზმსა და ძალისხმევას არასწორი მიმართულება მისცა. თუმცა ის ფიქრობდა, რომ ღმერთს ემსახურებოდა, სინამდვილეში მის წინააღმდეგ იბრძოდა (ფილიპელთა 3:5, 6).
ქრისტესა და ღვთის განზრახვაში მისი როლის შესახებ ზუსტი შემეცნების მიღების შემდეგ პავლეს შეეძლო დაენახა, რომ არჩევნის წინაშე იდგა — დარჩებოდა თუ არა ფარისეველთა სექტაში და იამაყებდა თავისი მდგომარეობითა და პატივით თუ შეცვლიდა თავის ცხოვრებას და გააკეთებდა ყველაფერს, რაც ღვთის მოსაწონად ყოფნისთვის იყო აუცილებელი. საბედნიეროდ, პავლემ სწორი არჩევანი გააკეთა, რამეთუ მოგვიანებით თქვა: «მე არ მრცხვენია სახარებისა [„კეთილი ცნობისა“, აქ], რადგან ღვთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის სახსნელად ჯერ იუდეველისა და მერე წარმართისაც» (რომაელთა 1:16). პავლე ქრისტესა და სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ენთუზიაზმით აღსავსე მქადაგებელი გახდა.
მრავალი წლის შემდეგ პავლემ თანაქრისტიანებს მისწერა: „არ მგონია რომ უკვე მივაღწიე. ერთია, რომ ვივიწყებ, რაც ჩემს უკან არის, და იმას ველტვი, რაც ჩემს წინ არის. ვილტვი მიზნისაკენ, ღვთის უზენაესი მოწოდების პატივისაკენ ქრისტე იესოში“ (ფილიპელთა 3:13, 14). პავლესთვის კეთილი ცნობა სარგებლობის მომტანი აღმოჩნდა, რადგან მან მზადყოფნით, დაუყოვნებლივ მიატოვა ყველაფერი, რაც ღვთისგან ჩამოაშორებდა და მთელი გულით ესწრაფოდა ღვთის განზრახვის შესაბამისი მიზნების შესრულებას.
თქვენ რას გააკეთებდით?
შესაძლოა არცთუ ისე დიდი ხანია, რაც ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობა მოისმინეთ. განა არ მიგიზიდათ სრულყოფილ სამოთხეში მარადიულად ცხოვრების იმედმა? ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან ყველას გვაქვს თანდაყოლილი სურვილი იმისა, რომ ვიცხოვროთ და გავიხაროთ მშვიდობითა და უსაფრთხოებით. ბიბლია ამბობს, რომ ღმერთმა ‘მარადიულობა’ ჩადო ჩვენს გულებში (ეკლესიასტე 3:11, აქ). ამიტომ, ბუნებრივია, მოველოდეთ დროს, როდესაც ადამიანები მშვიდობიანად და ბედნიერად მარადიულად იცხოვრებენ. სწორედ ამას გვთავაზობს სამეფოს შესახებ კეთილი ცნობა.
მაგრამ ეს იმედი რეალობად რომ გექცეთ, საჭიროა, გამოიკვლიოთ და გაიგოთ, თუ რა არის კეთილი ცნობა. მოციქული პავლე შეგვაგონებდა: ‘შეიცანით, რა არის ღვთის ნება — კეთილი, სასურველი და სრულყოფილი’ (რომაელთა 12:2). ამრიგად, პავლეს მსგავსად, შემეცნებისა და ცოდნის შეძენის შემდეგ საჭიროა, თქვენც გააკეთოთ არჩევანი.
მეორე მხრივ, შეიძლება თქვენ უკვე გაქვთ გარკვეული მრწამსი თქვენს მომავალთან დაკავშირებით. გაიხსენეთ, სანამ მოციქული პავლე გახდებოდა, სავლესაც ჰქონდა თავისი შეხედულებები ღვთის ნების შესრულებაზე. მაგრამ, ნაცვლად იმისა, რომ ღვთისგან სასწაულებრივ გამოცხადებას მოველოდეთ, რატომაც არ უნდა შეგვეხედა საკითხისთვის ობიექტურად? შეეკითხეთ საკუთარ თავს: ნამდვილად ვიცი თუ არა, რა არის ღვთის ნება ადამიანებსა და დედამიწასთან დაკავშირებით? რა მტკიცებების მოყვანა შემიძლია ჩემი მრწამსის დასასაბუთებლად? გაუძლებს ჩემი მტკიცებები ღვთის სიტყვის, ბიბლიის, შუქზე გამოკვლევას? თქვენ არაფერს დაკარგავთ საკუთარი რელიგიური მრწამსის ამგვარად გამოკვლევით. ფაქტობრივად, თქვენ უნდა გსურდეთ კიდეც ამის გაკეთება, რადგან ბიბლია მოგვიწოდებს: „ყველაფერი გამოსცადეთ, კეთილს ჩაეჭიდეთ“ (1 თესალონიკელთა 5:21). ბოლოს და ბოლოს, განა ჩვენთვის ღვთის მოწონება უმნიშვნელოვანესი არ არის? (იოანე 17:3; 1 ტიმოთე 2:3, 4).
რელიგიური წინამძღოლები შეიძლება მარადიულ მომავალს გვპირდებოდნენ, მაგრამ, თუ მათი დაპირება ბიბლიაზე არ არის დაფუძნებული, ის ვერ დაგვეხმარება ღვთის სამეფოს კურთხევების მიღებაში. მთაზე ქადაგებაში, რომელიც ბევრისთვის კარგად არის ცნობილი, იესო დაბეჯითებით გვაფრთხილებდა: „ვინც მეუბნება: ‘უფალო, უფალო!’ ყველა როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც შეასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნება-სურვილს“ (მათე 7:21).
შენიშნეთ, იესო ხაზს უსვამს თავისი მამის ნება-სურვილის შესრულებას, როგორც იმის კრიტერიუმს, თუ ვინ მიიღებს ღვთის სამეფოს კურთხევებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთი არ იწონებს ყველაფერს, რასაც შეიძლება ღვთისმოსაობის სახე ჰქონდეს. იესო განაგრძობს: „ბევრი მეტყვის იმ დღეს: ‘უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებს და განა შენი სახელით არ ვახდენდითო მრავალ სასწაულს?’ მაშინ მე განვუცხადებ მათ: ‘მე არასოდეს არ გიცნობდით თქვენ, გამშორდით, მოქმედნო ურჯულოებისა’“ (მათე 7:22, 23). ცხადია, მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ დავრწმუნდეთ, ზუსტად გვესმის თუ არა, რა არის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობა და შემდეგ მის შესაბამისად ვიმოქმედოთ (მათე 7:24, 25).
თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ დახმარებით
100 წელზე მეტია, რაც იეჰოვას მოწმეები ღვთის სამეფოს შესახებ კეთილ ცნობას ქადაგებენ. ბეჭდვითი სიტყვისა და ქადაგების საშუალებით მთელ მსოფლიოში ისინი ადამიანებს ეხმარებიან იმის შესახებ ზუსტი შემეცნების შეძენაში, თუ რა არის სამეფო, რა კურთხევებს მოიტანს და რა უნდა გააკეთოს ადამიანმა ასეთი კურთხევების მისაღებად.
მოგიწოდებთ, თქვენც გამოეხმაუროთ ცნობას, რომელსაც იეჰოვას მოწმეები ქადაგებენ. კეთილი ცნობის მიღებითა და მის შესაბამისად მოქმედებით თქვენც დიდად კურთხეულთა შორის იქნებით; ეს კურთხევები არა მარტო დღევანდელობას უკავშირდება, არამედ მომავალსაც, როდესაც ღვთის სამეფო მთელი დედამიწის მმართველი იქნება (1 ტიმოთე 4:8).
ახლავე იმოქმედეთ, რამეთუ ღვთის სამეფოს კურთხევები ძალიან ახლოსაა!
[სურათები 7 გვერდზე]
ბეჭდვითი სიტყვისა და ქადაგების საშუალებით იეჰოვას მოწმეები ღვთის სამეფოს შესახებ კეთილ ცნობას ავრცელებენ.