ეზეკიელი
44 მან უკან ტაძრის გარე კარიბჭისკენ მიმავალი გზით დამაბრუნა, კარიბჭისა, რომელიც აღმოსავლეთს გაჰყურებდა.+ ის დაკეტილი იყო.+ 2 იეჰოვამ მითხრა: „ეს კარიბჭე დაკეტილი იქნება და არ გაიღება; მისი გავლით კაციშვილი ვერ შემოვა შიგნით, რადგან მისი გავლით ისრაელის ღმერთი იეჰოვა შემოვიდა;+ ის დაკეტილი უნდა იყოს, 3 თუმცა იქ თავკაცი დაჯდება, რათა ჭამოს შეწირული პური იეჰოვას წინაშე,+ რადგან ის თავკაცია. იგი კარიბჭის წინკარის გავლით შემოვა და ამავე გზით გავა“.+
4 მან ჩრდილოეთი კარიბჭის გავლით ტაძრის წინ მიმიყვანა და დავინახე, რომ იეჰოვას ტაძარი იეჰოვას დიდებას მოეცვა;+ პირქვე დავემხვე.+ 5 იეჰოვამ მითხრა: «კაცის ძეო, ყურადღებით იყავი, დააკვირდი და გულისყურით მოისმინე ყველაფერი, რასაც იეჰოვას ტაძრის წესებსა და კანონებზე გეტყვი; ყურადღებით დააკვირდი ტაძრის შესასვლელსა და მის ყველა გასასვლელს.+ 6 ურჩ ისრაელებს გადაეცი, აი, რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „ისრაელებო, გეყოთ საძულველი საქმეების ჩადენა; 7 გულითა და ხორცით წინადაუცვეთელი უცხოტომელები მოგყავთ ჩემს ტაძარში და ისინი ბღალავენ მას. პურს, ქონსა და სისხლს კი მწირავთ, მაგრამ თქვენი საძულველი საქმეების გამო არღვევთ ჩემს შეთანხმებას. 8 თავად არ ზრუნავთ ტაძარში იმ ყველაფერზე, რაც წმინდაა;+ თქვენ სხვებს ავალებთ თქვენი მოვალეობების შესრულებას ჩემს ტაძარში“.
9 აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ისრაელის მიწაზე მცხოვრები არცერთი გულითა და ხორცით წინადაუცვეთელი უცხოტომელი არ უნდა შემოვიდეს ჩემს ტაძარში.
10 ის ლევიანები კი, რომლებმაც მაშინ მაქციეს ზურგი,+ როცა ისრაელები დამშორდნენ და საზიზღარ კერპებს* დაუწყეს თაყვანისცემა, თავიანთი დანაშაულის შედეგებს მოიმკიან. 11 ისინი გახდებიან ჩემი ტაძრის მსახურები და კარიბჭეების ზედამხედველები.+ დაკლავენ მთლიანად დასაწვავ მსხვერპლს და შესაწირავს ხალხისთვის; ისინი იდგებიან ხალხის წინაშე და მოემსახურებიან მათ. 12 რაკი ემსახურებოდნენ ხალხს მათი საზიზღარი კერპების წინაშე, დაბრკოლების ლოდად ექცნენ მათ და ცოდვაში გახვიეს,+ დავიფიცე, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — და გვერდს ვერ აუვლიან თავიანთი დანაშაულის შედეგებს. 13 ვერ მომიახლოვდებიან და ვერ მემსახურებიან მღვდლებად; ვერც ჩემს წმინდა და უწმინდეს ნივთებს გაეკარებიან. შერცხვებიან თავიანთი საძულველი საქმეების გამო. 14 თუმცა მათ ტაძარზე ზრუნვას დავავალებ; ისინი შეასრულებენ ტაძარში სხვადასხვა მოვალეობას და იქ გასაკეთებელ საქმეებზე იზრუნებენ.+
15 ხოლო ლევიანი მღვდლები, ცადოკის შთამომავლები,+ რომლებიც მაშინაც ასრულებდნენ თავიანთ ვალდებულებას და ზრუნავდნენ ჩემს ტაძარზე, როცა ისრაელები დამშორდნენ,+ მომიახლოვდებიან, მემსახურებიან, და იდგებიან ჩემ წინაშე, რომ შემომწირონ ქონი+ და სისხლი,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. — 16 ისინი შემოვლენ ჩემს ტაძარში და მიუახლოვდებიან ჩემს მაგიდას, რომ მემსახურონ;+ ისინი შეასრულებენ თავიანთ მოვალეობებს ჩემ წინაშე.+
17 როცა ისინი შიდა ეზოს კარიბჭეებში შემოვლენ, სელის სამოსი უნდა ეცვათ;+ შალი არ უნდა ეცვათ არც შიდა ეზოს კარიბჭეებში და არც შიგნით მსახურებისას. 18 სელის თავსაბურავი უნდა ეხუროთ და სელის გრძელი საცვლები უნდა ეცვათ.+ ისეთი სამოსი არ უნდა ჩაიცვან, რომ გაოფლიანდნენ. 19 გარეთა ეზოში გასვლამდე, იმ ეზოში, სადაც ხალხი იქნება, უნდა გაიხადონ სამოსი, რომლითაც შიგნით მსახურობდნენ,+ და სასადილო ოთახებში+ დააწყონ. შემდეგ სხვა ტანსაცმელი ჩაიცვან, რათა თავიანთი სამოსით არ განწმინდონ ხალხი. 20 თავი არ უნდა გადაიპარსონ,+ თუმცა არც გრძელი თმა უნდა ატარონ; თმა შეკრეჭილი უნდა ჰქონდეთ. 21 მღვდლებმა შიდა ეზოში შესვლამდე ღვინო არ უნდა დალიონ.+ 22 ცოლად არ უნდა შეირთონ არც ქვრივი და არც ქმარს გაყრილი ქალი;+ ცოლად მხოლოდ ებრაელი ქალწული ან მღვდლის ქვრივი შეირთონ.+
23 მათ უნდა ასწავლონ ჩემს ხალხს წმინდისა და ჩვეულებრივის ერთმანეთისგან გარჩევა და გააგებინონ, რა განსხვავებაა წმინდასა და უწმინდურს შორის.+ 24 ისინი სასამართლო საქმის განხილვისას მსაჯულებად იმსახურებენ;+ მათ ჩემი სამართლით უნდა განსაჯონ.+ მათ უნდა დაიცვან ჩემი დღესასწაულებისთვის+ დადგენილი წესები და კანონები; წმინდა უნდა იყოს ჩემი შაბათები მათთვის; 25 არ უნდა მიუახლოვდნენ მკვდარს, რომ არ გაუწმინდურდნენ; თუმცა დედ-მამისთვის, ვაჟისთვის, ასულისთვის, ძმისთვის ან გასათხოვარი დისთვის შეუძლიათ გაიუწმინდურონ თავი.+ 26 განწმენდის შემდეგ მღვდელმა მსახურების დაწყებამდე შვიდი დღე უნდა მოიცადოს. 27 იმ დღეს, როცა ის შიდა ეზოში წმინდა ადგილზე მსახურებისთვის შევა, უნდა წარადგინოს თავისი ცოდვის შესაწირავი,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. —
28 ესაა მათი სამკვიდრო — მე ვარ მათი სამკვიდრო.+ არ მისცეთ მათ არანაირი ქონება ისრაელში — მე ვარ მათი ქონება. 29 ისინი შეჭამენ მარცვლეულ შესაწირავს,+ ცოდვის შესაწირავსა და დანაშაულის შესაწირავს;+ ისრაელში ყველაფერი, რაც მიძღვნილი იქნება, მათი იქნება.+ 30 მღვდლებისა იქნება თქვენ მიერ გაღებული პირველმოწეული ნაყოფიდან და ნებისმიერი შესაწირავიდან საუკეთესო;+ მღვდელს მიეცით პირველდაფქული ღერღილიც.+ მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნებით კურთხეულნი.+ 31 მღვდლებმა არ უნდა ჭამონ არც მკვდარი და არც დაგლეჯილი ფრინველისა და ცხოველის ხორცი“».+