იოანეს სახარება
20 კვირის პირველ დღეს, დილით ადრე,+ როცა ჯერ კიდევ ბნელოდა, მაგდალელი მარიამი სამარხთან მივიდა და დაინახა, რომ სამარხისთვის ლოდი მოეცილებინათ.+ 2 იგი გაიქცა, მივიდა სიმონ-პეტრესთან და იმ მოწაფესთან, რომელიც იესოს გამორჩეულად უყვარდა,+ და უთხრა მათ: „უფლის ცხედარი წაუღიათ სამარხიდან და არ ვიცით, სად დაასვენეს!“+
3 მაშინ პეტრე და ის მოწაფე სამარხისკენ გაეშურნენ. 4 ორივე ერთად გაიქცა, მაგრამ მეორე მოწაფემ პეტრეს გაუსწრო და სამარხთან პირველმა მიირბინა. 5 დაიხარა და დაინახა დაყრილი სახვევები,+ მაგრამ შიგნით არ შესულა. 6 სიმონ-პეტრეც ფეხდაფეხ მიჰყვა, შევიდა სამარხში და დაინახა დაყრილი სახვევები. 7 თუმცა ნაჭერი, რომელიც იესოს თავზე ჰქონდა შემოხვეული, სახვევებთან კი არ იდო, არამედ ცალკე იდო დახვეული. 8 იმ დროს შიგნით შევიდა ის მოწაფეც, რომელიც პირველი მივიდა სამარხთან, და ნანახმა დაარწმუნა ნათქვამში. 9 თუმცა ისინი ჯერ კიდევ ვერ სწვდებოდნენ წმინდა წერილში ჩაწერილს, რომ ის მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო;+ 10 მოწაფეები თავ-თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ.
11 მარიამი სამარხთან იდგა და ტიროდა; დაიხარა, რომ სამარხში შეეხედა, 12 და იმ ადგილას, სადაც იესოს ცხედარი ესვენა, თეთრით მოსილი ორი ანგელოზი+ დაინახა: ერთი თავთით იჯდა, მეორე — ფერხთით. 13 ჰკითხეს მას: „რატომ ტირი?“ მან მიუგო: „ჩემი უფლის ცხედარი წაიღეს და არ ვიცი, სად დაასვენეს!“ 14 ეს რომ თქვა, მოტრიალდა და დაინახა იქვე მდგომი იესო, მაგრამ ვერ იცნო.+ 15 იესომ მას ჰკითხა: „რატომ ტირი? ვის ეძებ?“ მას მებაღე ეგონა და უთხრა: „ბატონო, თუ შენ წაიღე, მითხარი, სად დაასვენე და წამოვიღებ!“ 16 იესომ მიუგო: „მარიამ!“ ის კი მოტრიალდა და ებრაულად უთხრა: „რაბუნი!“ (რაც ნიშნავს „მოძღვარო“). 17 იესომ უთხრა: „გამიშვი ხელი, ჯერ არ ავსულვარ მამასთან! წადი ჩემს ძმებთან+ და უთხარი, რომ მე ავდივარ მამაჩემთან+ და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან+ და თქვენს ღმერთთან!“ 18 მივიდა მაგდალელი მარიამი მოწაფეებთან და ახარა, უფალი ვიხილეო, და მისი ნათქვამიც გადასცა.+
19 იმავე დღეს, კვირის პირველ დღეს, როცა უკვე გვიანი იყო და მოწაფეებს იუდეველთა შიშით კარი ჰქონდათ ჩაკეტილი, იესო მივიდა, მათ შორის დადგა და თქვა: „მშვიდობა თქვენდა!“+ 20 ეს რომ თქვა, მათ ხელები და ფერდი აჩვენა.+ მოწაფეები გაახარა უფლის დანახვამ.+ 21 იესომ კვლავ უთხრა მათ: „მშვიდობა თქვენდა!+ როგორც მე გამომგზავნა მამამ,+ მეც ისე გგზავნით თქვენ!“+ 22 ეს რომ თქვა, სული შეუბერა მათ და უთხრა: „მიიღეთ წმინდა სული!+ 23 ვისაც აპატიებთ ცოდვებს, ეპატიება, ვისაც არ აპატიებთ, არ ეპატიება“.
24 თორმეტი მოციქულიდან ერთ-ერთი, „ტყუპისცალად“ წოდებული თომა,+ იმ დროს იქ არ იყო. 25 როცა მოწაფეებმა უთხრეს, უფალი ვნახეთო, მან მიუგო, თუ მის ხელებზე ნალურსმევს არ ვნახავ და არ შევეხები, და ნაჭრილობევ ფერდს ხელს არ დავადებ,+ არ ვირწმუნებო.
26 რვა დღის შემდეგ მისი მოწაფეები კვლავ სახლში იყვნენ და თომაც მათთან იყო. კარი ჩაკეტილი ჰქონდათ, თუმცა იესო შევიდა, მათ შორის დადგა და თქვა: „მშვიდობა თქვენდა!“+ 27 შემდეგ თომას უთხრა: „დამადე თითი და ნახე ჩემი ხელები! მოდი, შეეხე ჩემს ფერდს. ნუ დაეჭვდები*, ირწმუნე!“ 28 მაშინ თომამ თქვა: „ჩემო უფალო და ჩემო ღმერთო!“ 29 იესომ უთხრა: „იმიტომ ირწმუნე, რომ მიხილე?! ბედნიერია, ვისაც არ უხილავს, მაგრამ სწამს!“
30 იესომ მოწაფეების წინაშე ბევრი სხვა სასწაულიც მოახდინა, რომლებიც ამ გრაგნილზე არ დაწერილა;+ 31 მაგრამ რაც დაიწერა, იმისთვის დაიწერა, რომ ირწმუნოთ, იესო არის ქრისტე, ღვთის ძე, და რწმენით გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელის მეშვეობით.+