მატიანე — წიგნი მეორე
9 მეფე სოლომონის ამბავმა საბას* დედოფლის+ ყურამდე მიაღწია; ჩავიდა იგი იერუსალიმში, რათა რთული კითხვებით გამოეცადა სოლომონი. მას თან დიდი ამალა ახლდა; აქლემები ბალზამის ზეთით, დიდძალი ოქროთი+ და ძვირფასი ქვებით ჰყავდათ დატვირთული. დედოფალი ესტუმრა სოლომონს და ყველაფერი გამოჰკითხა, რისი გაგებაც სურდა.+ 2 სოლომონმა ყველა კითხვას უპასუხა; არცერთ კითხვაზე არ გასჭირვებია პასუხის გაცემა.
3 მოისმინა საბას დედოფალმა სოლომონის სიბრძნე,+ იხილა მისი აშენებული სახლი,+ 4 მისი სუფრა,+ მის მსახურთა სუფრასთან სხდომის წესი, სუფრის მომსახურეთა საქმიანობა და მათი ჩაცმულობა, მერიქიფეთა საქმიანობა და ჩაცმულობა, და დასაწვავი მსხვერპლი, რომელსაც ის ყოველდღიურად სწირავდა იეჰოვას ტაძარში,+ და დიდად განცვიფრდა იგი. 5 მან მეფეს უთხრა: „მართალი ყოფილა ყველაფერი, რაც შენს დიდებასა და სიბრძნეზე მსმენოდა ჩემს ქვეყანაში! 6 არ მჯეროდა გაგონილი, სანამ თავად არ მოვედი და საკუთარი თვალით არ ვნახე ყველაფერი.+ თურმე ნახევარიც არ უთქვამთ ჩემთვის შენს დიდ სიბრძნეზე!+ იმაზე ბრძენი ყოფილხარ, ვიდრე მსმენოდა.+ 7 ბედნიერია შენი ხალხი და ბედნიერნი არიან შენი მსახურები, რომლებიც შენ გვერდით არიან და შენს სიბრძნეს ისმენენ! 8 დიდება იეჰოვას, შენს ღმერთს, რომელმაც მოგიწონა და მეფედ დაგსვა თავის ტახტზე იეჰოვას, შენი ღვთის წინაშე; უყვარს შენს ღმერთს ისრაელი+ და სამართლისა და სიმართლის აღსასრულებლად დაგაყენა მეფედ, რათა მარადიულად იარსებოს მისმა ერმა!“
9 მიართვა მან მეფეს 120 ტალანტი* ოქრო,+ ბალზამის ზეთი დიდი რაოდენობით და ძვირფასი ქვები; არავის მიურთმევია მეფისთვის იმდენი ბალზამის ზეთი, რამდენიც საბას დედოფალმა მიართვა.+
10 ხირამისა და სოლომონის მსახურებს, რომელთაც ოფირიდან ოქრო ჩამოჰქონდათ,+ სანდალოზის ხის მორები და ძვირფასი ქვებიც მოჰქონდათ.+ 11 სანდალოზის ხის მორებისგან მეფემ კიბე გააკეთა იეჰოვას ტაძრისთვის+ და თავისი სასახლისთვის,+ მომღერლებისთვის კი ქნარები და სხვა სიმებიანი საკრავები დაამზადა.+ ასეთი სანდალოზის მორები არასოდეს ენახათ იუდას მიწაზე.
12 თუკი რამ ისურვა და ითხოვა საბას დედოფალმა, მეფე სოლომონმა ყველაფერი მისცა, იმაზე მეტიც კი, რაც თავად დედოფალმა მიართვა მეფეს. ამის შემდეგ საბას დედოფალი მსახურებთან ერთად თავის ქვეყანაში დაბრუნდა.+
13 ყოველწლიურად 666 ტალანტი ოქრო შემოსდიოდა სოლომონს,+ 14 გარდა იმ ოქრო-ვერცხლისა, რომელიც ვაჭრებს, არაბთა მეფეებსა და ქვეყნის გამგებლებს შემოჰქონდათ სოლომონისთვის.+
15 ოქროს შენადნობისგან მეფე სოლომონმა 200 დიდი ფარი დაამზადა+ (თითოეულ ფარს 600 შეკელი* შენადნობი ოქრო დასჭირდა)+ 16 და ოქროსავე შენადნობისგან გააკეთა 300 პატარა ფარი (თითოეულ ფარს 3 მინა* ოქრო დასჭირდა). მეფემ ისინი ლიბანის ტყის სახლში დააწყო.+
17 მეფემ სპილოს ძვლის დიდი ტახტი გააკეთა და ხალასი ოქროთი მოავარაყა.+ 18 ტახტამდე ექვსსაფეხურიანი კიბე ადიოდა. ტახტს ოქროს ფეხსადგამი და ორივე მხარეს საიდაყვეები ჰქონდა; აქეთ-იქით თითო-თითო ლომის ქანდაკება იდგა.+ 19 ექვს საფეხურზე სულ 12 ლომი იდგა,+ თითო ლომი ყოველი საფეხურის ორივე კიდეზე. მსგავსი რამ არცერთ სხვა სამეფოში არ ყოფილა. 20 მეფე სოლომონის სასმისები ოქროსი იყო, ლიბანის ტყის სახლის ჭურჭელი კი — ხალასი ოქროსი. ვერცხლისა არაფერი იყო, რადგან სოლომონის მეფობის დროს ვერცხლს ფასი არ ჰქონდა.+ 21 ხირამის მსახურები+ სოლომონ მეფის ხომალდებით დადიოდნენ თარშიშში.+ სამ წელიწადში ერთხელ ჩამოდიოდნენ ოქრო-ვერცხლით, სპილოს ძვლით,+ მაიმუნებითა და ფარშევანგებით სავსე თარშიშული ხომალდები.
22 დედამიწის ყველა სხვა მეფეზე მდიდარი და ბრძენი იყო სოლომონი.+ 23 ყველა მეფეს სურდა სოლომონის ნახვა, რათა მოესმინათ სიბრძნე, ღმერთს რომ ებოძებინა მისთვის.+ 24 ყველა თავისი ძღვნით მიდიოდა მასთან; მიჰქონდათ ოქრო-ვერცხლის ნივთები, სამოსელი,+ იარაღი და ბალზამის ზეთი, მიჰყავდათ ცხენები და ჯორები. ასე ხდებოდა ყოველწლიურად. 25 სოლომონს ცხენებისა და ეტლებისთვის 4 000 სადგომი ჰქონდა და 12 000 ცხენი ჰყავდა.+ მეფეს ისინი ეტლების სადგომ ქალაქებში და თავისთან, იერუსალიმთან, ახლოს ჰყავდა დაყენებული.+ 26 ყველა მეფე მდინარიდან* ფილისტიმელთა მიწამდე და ეგვიპტის საზღვრამდე მას ემორჩილებოდა.+ 27 მეფის წყალობით ვერცხლი ქვებივით მრავლად იყო იერუსალიმში, კედარი კი — სიკომოროსავით, შეფელაში+ რომ იზრდება. 28 მეფისთვის ცხენები ეგვიპტიდან+ და სხვა ქვეყნებიდან ჩამოჰყავდათ.
29 სოლომონის+ სხვა საქმეები, პირველიდან უკანასკნელამდე, ჩაწერილია წინასწარმეტყველ ნათანის+ მატიანეში, შილოელი ახიას+ წინასწარმეტყველებაში და წინასწარმხილველ იდოს+ ხილვების კრებულში, რომელიც იერობოამზე,+ ნებატის ძეზე, დაიწერა. 30 სოლომონი ისრაელს 40 წელი განაგებდა იერუსალიმიდან. 31 განისვენა სოლომონმა თავისი მამა-პაპის გვერდით; დამარხეს იგი დავითის, მამამისის, ქალაქში.+ მის შემდეგ მისი ვაჟი რობოამი გამეფდა.+