10 სოლომონის იგავები.+
ბრძენი შვილი მამის სიხარულია,+
სულელი კი დედის დარდია.
2 კაცს ბოროტებით მოპოვებული განძი არ შეერგება,
სიმართლე კი სიკვდილისგან იხსნის.+
3 იეჰოვა მართალ კაცს მშიერს არ დატოვებს+
და ბოროტს საწადელს არ აუსრულებს.
4 ზარმაცი გაღარიბდება,+
მუყაითი კი გამდიდრდება.+
5 გონიერი შვილი ზაფხულში მოსავალს იღებს,
შემარცხვენელ შვილს კი მოსავლის აღების დროს ღრმად სძინავს.+
6 მართალი კურთხეულია,+
ბოროტები კი ბაგეებით თავიანთ ზრახვებს მალავენ.
7 მართალი კარგი სახელის გამო კურთხეული იქნება,+
ბოროტთა სახელი კი წახდება.+
8 ბრძენი დარიგებას ყურად იღებს,+
უგუნურად მოლაპარაკე კი გაითელება.+
9 უმწიკვლოდ მავალი უსაფრთხოდ იქნება,+
ბოროტთა გზები კი გამოაშკარავდება.+
10 ვინც სხვას მზაკვრულად უკრავს თვალს, ტკივილს მიაყენებს მას;+
უგუნურად მოლაპარაკე გაითელება.+
11 მართლის ბაგეები სიცოცხლის წყაროა,+
ბოროტთა ბაგეები კი მათ ზრახვებს მალავს.+
12 სიძულვილი შუღლს აღვივებს,
სიყვარული კი ყველა ცოდვას ფარავს.+
13 გონიერი კაცის ბაგეზე სიბრძნე იპოვება,+
უგუნურის ზურგს კი ჯოხი არ ასცდება.+
14 ბრძენი ცოდნას იუნჯებს,+
უგუნურს კი თავისი ბაგეები დაღუპავს.+
15 მდიდრისთვის ქონება გამაგრებული ქალაქივითაა,
ღარიბისთვის კი სიღარიბე დამაქცევარია.+
16 მართლის საქმეებს სიცოცხლე მოაქვს,
ბოროტთა საქმეებს კი — ცოდვა.+
17 ვინც დარიგებას იღებს, სხვებს სიცოცხლის გზას უჩვენებს,
ხოლო ვინც შეგონებას უგულებელყოფს, სხვებს გზას უმრუდებს.
18 ვინც სიძულვილს მალავს, სიცრუით ინიღბება,+
ბოროტი ხმების გამავრცელებელი სულელია.
19 ბევრი ლაპარაკისას ცოდვა გარდაუვალია,+
ხოლო ვინც ბაგეებს იმორჩილებს, გონივრულად იქცევა.+
20 მართლის ენა ხალასი ვერცხლივითაა,+
ბოროტის გულს კი ჩალის ფასი აქვს.
21 მართლის ბაგეები მრავალს აპურებს,+
ბრიყვს კი უგუნურება ღუპავს.+
22 იეჰოვას კურთხევა ამდიდრებს კაცს+
და თან არ სდევს ტკივილი.
23 სულელი სამარცხვინო საქციელით ერთობა,
გამჭრიახი კი სიბრძნისკენ ისწრაფვის.+
24 ბოროტს ის შეემთხვევა, რისიც ეშინია,
მართალს კი საწადელი აუსრულდება.+
25 ქარიშხალი რომ გადაივლის, ბოროტი აღარ იარსებებს,+
მართლის საძირკველი კი არასოდეს მოირყევა.+
26 როგორც ძმარია კბილებისთვის და კვამლი — თვალებისთვის,
ისეა ზარმაცი კაცი მისი გამგზავნისთვის.
27 იეჰოვას მოშიშს სიცოცხლე გაუხანგრძლივდება,+
ბოროტს კი შეუმოკლდება სიცოცხლის დღეები.+
28 მართალს მოლოდინი ახარებს,+
ბოროტს კი იმედი გაუცრუვდება.+
29 იეჰოვას გზა უდანაშაულოსთვის ციხესიმაგრეა,+
ავისმქნელისთვის კი — დაღუპვა.+
30 მართალი არასოდეს დაეცემა,+
ბოროტი კი დედამიწაზე ვერ დამკვიდრდება.+
31 მართლის ბაგე ბრძნულად ლაპარაკობს,
უკუღმართის ენა კი მოიკვეთება.
32 მართლის ბაგე მოსაწონად საუბრობს,
ბოროტთა ბაგე კი — უკუღმართად.