მეფეები — წიგნი მეორე
22 იოშია+ 8 წლის გამეფდა და 31 წელი იმეფა იერუსალიმში;+ დედამისი იყო ბოცკათელი+ იედიდა, ადაიას ასული. 2 სწორად იქცეოდა ის იეჰოვას თვალში, თავისი წინაპრის, დავითის, გზით დადიოდა+ და არ გადაუხვევია არც მარჯვნივ და არც მარცხნივ.
3 თავისი მეფობის მე-18 წელს მეფე იოშიამ იეჰოვას ტაძარში გაგზავნა მწერალი შაფანი, მეშულამის ძის, აცალიას ვაჟი,+ და უთხრა: 4 „მიდი მღვდელმთავარ ხილკიასთან+ და შეაგროვებინე იეჰოვას ტაძარში მიტანილი ფული,+ რაც კარის მცველებმა აკრიფეს ხალხისგან;+ 5 მისცენ ის იეჰოვას ტაძრის სამუშაოთა ზედამხედველებს, რომლებიც ამ ფულს ტაძრის შესაკეთებლად გადასცემენ იეჰოვას ტაძარში სამუშაოთა შემსრულებლებს:+ 6 ხელოსნებს, მშენებლებსა და კალატოზებს, რათა ტაძრის სამუშაოებისთვის იყიდონ ხე-ტყე და თლილი ქვები.+ 7 ოღონდ ანგარიშს ნუ მოსთხოვენ მათ, ვისაც ფულს მისცემენ, რადგან სანდონი არიან ისინი“.+
8 უთხრა მღვდელმთავარმა ხილკიამ მწერალ შაფანს:+ „კანონის ეს წიგნი+ ვიპოვე იეჰოვას ტაძარში“. წიგნი შაფანს გადასცა და მანაც დაიწყო კითხვა.+ 9 შევიდა მწერალი შაფანი მეფესთან და მოახსენა: „შენმა მსახურებმა გადმოყარეს ტაძარში შეგროვილი ფული და გადასცეს ის იეჰოვას ტაძრის სამუშაოთა ზედამხედველებს“.+ 10 მწერალმა შაფანმა დასძინა: „ეს წიგნი+ მღვდელმთავარმა ხილკიამ მომცა“, და წაუკითხა მეფეს.
11 როგორც კი მეფემ კანონის წიგნში ჩაწერილი სიტყვები მოისმინა, ტანისამოსი შემოიხია.+ 12 უბრძანა მეფემ მღვდელმთავარ ხილკიას, შაფანის ვაჟ ახიკამს,+ მიქაიას ვაჟ აქბორს, მწერალ შაფანსა და მეფის მსახურ ასაიას: 13 „წადით და დაეკითხეთ იეჰოვას ჩემთვის, ხალხისთვის და მთელი იუდასთვის ამ წიგნში ჩაწერილის შესახებ, რადგან დიდად განრისხებულია იეჰოვა,+ ვინაიდან არ დაიცვა და არ შეასრულა ჩვენმა მამა-პაპამ ის, რაც ამ წიგნში ჩვენთვის ჩაიწერა!“
14 მღვდელმთავარი ხილკია, ახიკამი, აქბორი, შაფანი და ასაია წავიდნენ წინასწარმეტყველ ხულდასთან,+ რომელიც იერუსალიმის ახალ ნაწილში ცხოვრობდა და სამოსლის მცველ შალუმის, ხარხასის ვაჟის, თიკვას ვაჟის, ცოლი იყო. ელაპარაკნენ ისინი მას,+ 15 მან კი მათ უთხრა: «აი, რას ამბობს ისრაელის ღმერთი იეჰოვა: „უთხარით იმ კაცს, რომელმაც ჩემთან გამოგგზავნათ, 16 აი, რას ამბობს-თქო იეჰოვა: უბედურებას დავატეხ ამ ადგილს და მის მკვიდრთ, ავუხდენ იმ წიგნში ჩაწერილ ყველა სიტყვას, იუდას მეფემ რომ წაიკითხა.+ 17 რაკი მიმატოვეს და სხვა ღმერთებისთვის წვავენ+ და აბოლებენ მსხვერპლს, რათა თავიანთი საქციელით შეურაცხმყონ,+ რისხვას დავატეხ ამ ადგილს და არ დაცხრება ჩემი რისხვა!+ 18 ასე უთხარით იუდას მეფეს, რომელმაც იეჰოვასთან შესაკითხად გამოგგზავნათ, აი, რას ამბობს-თქო იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: ის სიტყვები რომ მოისმინე 19 და კარგი გული აღმოგაჩნდა, თავი რომ დაიმდაბლე+ იეჰოვას წინაშე, როცა მოისმინე ჩემი ნათქვამი ამ ადგილსა და მის მკვიდრებზე, წყევლა ეწევათ მათ და ხალხები შეძრწუნდებიან-მეთქი მათი შემხედვარე, ტანსაცმელი რომ შემოიხიე+ და ტიროდი ჩემ წინაშე, მეც მოგისმინე, — ამბობს იეჰოვა. — 20 შეუერთდები შენს მამა-პაპას* და მშვიდობით განისვენებ შენს საფლავში; არ იხილავ შენი თვალით მთელ იმ უბედურებას, რომელსაც ამ ადგილს მოვაწევ!“» გადასცეს მეფეს მისი ნათქვამი.