იოშია
[თუ ეს სახელი ნაწარმოებია არაბული სიტყვის ფუძიდან, მაშინ ნიშნავს: იეჰოვამ განკურნოს, იეჰოვა კურნავს].
1. იუდას მეფე ამონის ვაჟი, რომელიც მას ადაიას ასულმა იედიდამ გაუჩინა (2მფ. 22:1). იოშიას სულ მცირე ორი ცოლი ჰყავდა — ხამუტალი და ზებიდა (2მფ. 23:31, 34, 36). ბიბლიაში მოხსენიებული მისი ოთხი ვაჟიდან მხოლოდ პირმშოს, იოხანანს არ უმეფია იუდაზე (1მტ. 3:14, 15).
თავისი მამის სიკვდილისა და მის მოსაკლავად შეთქმულთა სიკვდილით დასჯის შემდეგ იუდაში რვა წლის იოშია გამეფდა (2მფ. 21:23, 24, 26; 2მტ. 33:25). დაახლოებით ექვსი წლის შემდეგ მას ზებიდასგან ეყოლა მეორე ვაჟი, იეჰოიაკიმი (2მფ. 22:1; 23:36). თავისი მეფობის მერვე წელს იოშიამ დაიწყო იეჰოვას ძიება და მისი ნების შესრულება (2მტ. 34:3). დაახლოებით იმავე პერიოდში მას ხამუტალისგან შეეძინა იეჰოახაზი (შალუმი) (2მფ. 22:1; 23:31; იერ. 22:11).
მეფობის მე-12 წელს იოშიამ კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა, რაც, როგორც ჩანს, მისი მეფობის მე-18 წლამდე გაგრძელდა. ამ დროს დაანგრიეს და შებღალეს ცრუთაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი სამსხვერპლოები — მათზე ადამიანთა ძვლები დაწვეს. აგრეთვე გაანადგურეს წმინდა ბოძები და გამოთლილი თუ ჩამოსხმული ქანდაკებები. იოშიამ კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ ბრძოლა იმ ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილამდეც განავრცო, რომელიც ერთ დროს ათტომიან სამეფოს ეკუთვნოდა, მაგრამ ახლა უკვე გაპარტახებული იყო ასურელთა მიერ ქვეყნის დაპყრობისა და ხალხის გადასახლების გამო (2მტ. 34:3—8). როგორც ჩანს, სოფონიასა და იერემიას მიერ კერპთაყვანისმცემლობის დაგმობამ კარგი შედეგი გამოიღო (იერ. 1:1, 2; 3:6—10; სფ. 1:1—6).
იუდას მიწის გაწმენდის შემდეგ, როცა მეფე იოშიას მითითებით იეჰოვას ტაძრის შეკეთება მიმდინარეობდა, მღვდელმთავარმა ხილკიამ იპოვა „მოსეს ხელით გადმოცემული იეჰოვას კანონის წიგნი“, როგორც ჩანს ორიგინალი. ხილკიამ ეს საოცარი მონაპოვარი მწერალ შაფანს მიაბარა, რომელმაც მეფეს ჯერ ტაძრის აღდგენითი სამუშაოების შესახებ უამბო, შემდეგ კი კანონის წიგნი წაუკითხა. როგორც კი ამ ერთგულმა მეფემ ღვთის სიტყვა მოისმინა, ტანსაცმელი შემოიხია და ხუთ კაცს დაავალა, დაჰკითხვოდნენ იეჰოვას მეფისა და ხალხისთვის. ისინი იმ დროს იერუსალიმში მცხოვრებ წინასწარმეტყველ ქალ ხულდასთან მივიდნენ და მისგან ასეთი შინაარსის ცნობა მიიღეს: იეჰოვას კანონის დაუმორჩილებლობის გამო უბედურება გარდაუვალია. შენ კი, მეფე იოშია, თავი დაიმდაბლე, ამიტომ მშვიდობით განისვენებ შენს საფლავში და არ იხილავ იმ უბედურებას (2მფ. 22:3—20; 2მტ. 34:8—28; იხ. ხულდა).
მაშინ იოშიამ შეკრიბა იუდასა და იერუსალიმის მთელი ხალხი, მათ შორის უხუცესები, მღვდლები და წინასწარმეტყველები, და ღვთის კანონი წაუკითხა. ამის შემდეგ მათ ერთგულების შეთანხმება დადეს იეჰოვას წინაშე. ამას მოჰყვა მეორე და, როგორც ჩანს, კიდევ უფრო გაცხარებული ბრძოლა კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ. იუდასა და იერუსალიმში დაითხოვეს ქურუმები, ლევიან მღვდლებს კი, რომლებიც მაღლობებზე უკეთურ თაყვანისმცემლობას ეწეოდნენ, იეჰოვას სამსხვერპლოსთან მსახურების უფლება წაართვეს და საუკუნეებით ადრე სოლომონის მმართველობის დროს აგებული მაღლობები წაბილწეს. წინასწარმეტყველების თანახმად, რომელიც დაახლოებით 300 წლით ადრე სახელით უცნობმა ღვთის კაცმა წარმოთქვა, იოშიამ ისრაელის მეფე იერობოამის მიერ ბეთელში აგებული სამსხვერპლო დაანგრია. ბეთელის გარდა, სამარიის სხვა ქალაქებში არსებული მაღლობებიც მოსპეს, კერპთაყვანისმცემელი მღვდლები კი თავიანთ სამსხვერპლოებზე დაკლეს (1მფ. 13:1, 2; 2მფ. 23:1—20; 2მტ. 34:29—33).
თავისი მეფობის მე-18 წელს, 14 ნისანს, იოშიამ ორგანიზება გაუწია პასექის დღესასწაულის აღნიშვნას. წინასწარმეტყველი სამუელის დროიდან მოყოლებული ასეთი პასექი არ აღნიშნულა. გარდა იმისა, რომ მეფემ 3 000 ხარი გაიღო შესაწირავად, მან წვრილფეხა საქონლიდან 30 000 სული შესწირა საპასექო მსხვერპლად (2მფ. 23:21—23; 2მტ. 35:1—19).
დაახლოებით ოთხი წლის შემდეგ იოშიას თავისი ცოლისგან, ხამუტალისგან მათანია (ციდკია) შეეძინა (2მფ. 22:1; 23:31, 34, 36; 24:8, 17, 18).
იოშიას 31-წლიანი მეფობის მიწურულს (ძვ. წ. 659—629) ფარაონი ნექო ასურელთა დასახმარებლად თავის ჯართან ერთად ჩრდილოეთისკენ გაემართა. ბიბლია არ გვიმხელს, რატომ უგულებელყო მეფე იოშიამ „ნექოს სიტყვები, ღვთის ბაგიდან გამოსული“, და მეგიდოსთან ეგვიპტელთა ჯარის უკან გაბრუნება სცადა. თუმცა ის კი ვიცით, რომ ამ დროს ის სასიკვდილოდ დაიჭრა და საომარი ეტლით წაასვენეს იერუსალიმში. შესაძლოა ის გზაშივე ან იერუსალიმში ჩასვლისთანავე მოკვდა. იოშიას სიკვდილმა მისი ქვეშევრდომები ძალიან დაამწუხრა. „მთელი იუდა და იერუსალიმი გლოვობდა იოშიას. მოთქმას მოჰყვა იერემია იოშიაზე. მომღერალი კაცები და ქალები თავიანთ სამგლოვიარო სიმღერებში დღემდე ახსენებენ იოშიას“ (2მტ. 35:20—25; 2მფ. 23:29, 30; იხ. ასურეთი [იმპერიის დაცემა]).
იოშიას სამი ვაჟი და ერთი შვილიშვილი იუდას მეფეები გახდნენ, თუმცა არც ერთმა მათგანმა არ მიჰბაძა მის კარგ მაგალითს და მთელი გულით, სულითა და ძალით არ დაუბრუნდა იეჰოვას (2მფ. 23:24, 25, 31, 32, 36, 37; 24:8, 9, 18, 19). ეს იმაზეც მოწმობს, რომ, თუმცა იოშიამ შეძლო კერპთაყვანისმცემლობის გარეგნული ნიშნების აღმოფხვრა, ხალხის უმეტესობა მთელი გულით არ დაბრუნებულა იეჰოვასთან. ამის გამო უბედურება გარდაუვალი იყო (შდრ. 2მფ. 23:26, 27; იერ. 35:1, 13—17; 44:15—18).
2. „ცეფანიას ვაჟი“, რომელიც გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ იერუსალიმში ცხოვრობდა; როგორც ჩანს, იგივე ხენი (ზქ. 6:10, 14).