დაბადება
20 დაიძრა აბრაამი იქიდან,+ გადავიდა ნეგების მიწაზე და კადეშსა+ და შურს+ შორის დასახლდა. გერარში+ ხიზნობის დროს 2 აბრაამმა კვლავ თქვა თავის ცოლზე, ჩემი დააო.+ გერარის მეფე აბიმელექმა გაგზავნა კაცები და მოაყვანინა სარა.+ 3 გამოეცხადა ღმერთი აბიმელექს ღამით სიზმარში და უთხრა: „იცოდე, მოკვდები მაგ ქალის გამო, რომელიც წამოიყვანე,+ რადგან სხვისი ცოლია იგი“.+ 4 აბიმელექი ჯერ არ გაჰკარებოდა მას, ამიტომ ღმერთს უთხრა: „იეჰოვა, ნუთუ გაანადგურებ უდანაშაულო ერს?! 5 მან ხომ მითხრა, ჩემი დააო, და ქალმაც — ჩემი ძმააო იგი?! ეს პატიოსანი გულით გავაკეთე, ცუდი განზრახვა არ მქონია“. 6 ამაზე ღმერთმა მას სიზმარში მიუგო: „ვიცი, რომ ეს პატიოსანი გულით გააკეთე. ამიტომ შეგაკავე ჩემ წინააღმდეგ შეცოდებისგან და არ დავუშვი, რომ მას გაჰკარებოდი. 7 ახლა კი დაუბრუნე ცოლი იმ კაცს, რადგან წინასწარმეტყველია;+ ის ილოცებს შენთვის+ და იცოცხლებ. მაგრამ, თუ არ დაუბრუნებ, იცოდე, რომ შენც და ყველა შენიანიც დაიხოცებით“.
8 ადგა დილით ადრე აბიმელექი, მოუხმო თავის მსახურებს და ყველაფერი უამბო. მათ ძალიან შეეშინდათ. 9 შემდეგ მოუხმო აბიმელექმა აბრაამს და უთხრა: „ეს რა გვიყავი, რა შეგცოდე, რომ ასეთ დიდ ცოდვაში გვხვევდი მე და ჩემს სამეფოს?! ეს არ უნდა გაგეკეთებინა ჩემთვის“. 10 კვლავ უთხრა აბიმელექმა აბრაამს: „რატომ გააკეთე ეს?“+ 11 აბრაამმა მიუგო: „ვიფიქრე, აქ ხალხს ღვთის შიში არა აქვს და ჩემი ცოლის გამო მომკლავენ-მეთქი; ამიტომ მოვიქეცი ასე.+ 12 თანაც, მართლა ჩემი დაა იგი; მამით ერთნი ვართ, დედით — სხვადასხვა, და ცოლად შევირთე.+ 13 როცა ღმერთმა მამაჩემის სახლიდან წამომიყვანა,+ მას ვუთხარი, სიკეთეს* გამიკეთებ, თუ, სადაც მივალთ, იტყვი, ჩემი ძმააო“.+
14 მისცა აბიმელექმა აბრაამს ცხვარ-ძროხა, მსახურები და დაუბრუნა მას სარა, მისი ცოლი. 15 უთხრა მას აბიმელექმა: „აი ჩემი მიწა. სადაც გინდა, იქ დასახლდი“. 16 შემდეგ სარას უთხრა: „1 000 ვერცხლს ვაძლევ შენს ძმას.+ ეს იქნება ნიშანი შენთან მყოფთათვის და ყველასთვის, რომ არ ხარ შეურაცხყოფილი“. 17 ლოცვით მიმართა აბრაამმა ღმერთს; განკურნა ღმერთმა აბიმელექი, მისი ცოლი, მისი მხევლები და ეყოლათ მათ შვილები. 18 აბრაამის ცოლის, სარას გამო იეჰოვას აბიმელექის სახლში ყველა ქალისთვის წაერთმია შვილიერების უნარი.+