18 ვინც ხალხს გაურბის, მარტო საკუთარ თავზე ფიქრობს;
იგი სიბრძნეს არად აგდებს.
2 სულელი ცოდნას არ ეწაფება;
მას საკუთარი აზრების ფრქვევა ურჩევნია.+
3 როცა ბოროტი მოდის, სიძულვილიც მოდის,
სამარცხვინო საქციელს შეურაცხყოფა მოჰყვება.+
4 კაცის პირიდან გამოსული სიტყვები ღრმა წყალივითაა;+
სიბრძნის წყარო მოჩუხჩუხე ნაკადულივითაა.
5 არც ბოროტისადმი მიკერძოებაა კარგი+
და არც მართლისთვის სამართლის დაკავება.+
6 სულელი თავისი ენით დავაში ებმება;+
მისი პირი კაცს დასარტყმელად იწვევს.+
7 სულელს თავისი პირი ღუპავს+
და ბაგეები მახეს უგებს.
8 ცილისმწამებლის სიტყვა გემრიელ ლუკმასავითაა,+
ხარბად რომ ყლაპავენ და მუცელში ღრმად ჩასდით.+
9 ვისაც შრომა ეზარება,
დამაქცევლის ძმაა.+
10 იეჰოვას სახელი მტკიცე კოშკია;+
მართალი მას აფარებს თავს და დაცულია.+
11 მდიდრისთვის ქონება გამაგრებული ქალაქივითაა;
ის მას გალავნად წარმოუდგენია.+
12 დაცემას წინ უძღვის გადიდგულება,+
დიდებას კი — თავმდაბლობა.+
13 მოსმენამდე პასუხის გაცემა
უგუნურებაა და თავის დამცირება.+
14 კაცს სნეულების ატანა შეუძლია,+
მაგრამ, თუ სული აქვს დამწუხრებული, რაღა ეშველება?!+
15 გონიერი ცოდნას იძენს;+
ბრძენის ყური ცოდნას ეწაფება.
16 ძღვენი კაცს გზას უხსნის+
და დიდკაცთა წინაშე აყენებს.
17 სასამართლოში პირველი გამომსვლელი მართალი ჩანს,+
სანამ მეორე არ მოვა და თავისას არ იტყვის.+
18 წილისყრა შუღლს აცხრობს+
და მოწინააღმდეგეთა შორის საქმეს აგვარებს.
19 გულნატკენი ძმა გამაგრებულ ქალაქზე მიუდგომელია;+
ზოგი უთანხმოება ციხესიმაგრის ურდულებს ჰგავს.+
20 კაცი თავისი ბაგის ნაყოფით აივსებს მუცელს;+
იგი თავისი ბაგეთა ნაყოფით დანაყრდება.
21 სიკვდილ-სიცოცხლე ენის ხელშია;+
როგორი ენაც გექნება, შედეგსაც ისეთს მოიმკი.+
22 ვისაც კარგი ცოლი ჰყავს, კურთხეულია;+
იეჰოვას წყალობა არ მოაკლდება მას.+
23 ღარიბი ხვეწნა-მუდარით ლაპარაკობს,
მდიდარი კი უხეშ პასუხს იძლევა.
24 ზოგი მოძმის გასაგლეჯადაც მზადაა,+
ზოგი მეგობარი კი ძმაზე ერთგულია.+