გამოსვლა
1 ესენი არიან ისრაელის ვაჟები, რომლებიც იაკობთან ერთად ჩავიდნენ ეგვიპტეში, თითოეული თავის სახლეულობასთან ერთად:+ 2 რეუბენი, სიმონი, ლევი, იუდა,+ 3 ისაქარი, ზებულონი, ბენიამინი, 4 დანი, ნაფთალი, გადი და აშერი.+ 5 იაკობის შთამომავალთა რიცხვი 70-ს ითვლიდა; იოსები უკვე ეგვიპტეში იყო.+ 6 ბოლოს დაიხოცნენ იოსები,+ მისი ძმები და მთელი ის თაობა. 7 გამრავლდნენ ისრაელები; იზრდებოდნენ რიცხობრივად და ძლიერდებოდნენ. აავსეს ის ქვეყანა.+
8 გავიდა ხანი. ეგვიპტის ტახტზე სხვა მეფე ავიდა, რომელიც არ იცნობდა იოსებს. 9 მან თავის ხალხს უთხრა: „ხედავთ?! ისრაელი ჩვენზე მრავალრიცხოვანი და ძლიერია.+ 10 ჭკუით თუ არ ვაჯობეთ, კიდევ უფრო გამრავლდებიან და, თუ ომი დაიწყება, ჩვენს მტრებს შეუერთდებიან, შეგვებრძოლებიან და წავლენ ჩვენი ქვეყნიდან“.
11 დაუნიშნეს მათ ზედამხედველები, რომ მძიმედ ემუშავებინათ და დაეჩაგრათ.+ აშენებინებდნენ მათ ფარაონისთვის სამარაგო ქალაქებს — ფითომსა და რამსესს.+ 12 თუმცა, რაც უფრო ჩაგრავდნენ ისრაელებს, მით უფრო მრავლდებოდნენ ისინი და მეტ მიწას იკავებდნენ. ეგვიპტელებს ძალიან ეშინოდათ ისრაელების.+ 13 დაიმონეს მათ ისრაელები და იძულებით ამუშავებდნენ.+ 14 სიცოცხლე გაუმწარეს მძიმე შრომით: თიხის ზელით, აგურების კეთებითა და მინდორში მონური მუშაობით; მძიმე პირობებში ამუშავებდნენ და ყველანაირ სამუშაოს ასრულებინებდნენ.+
15 ეგვიპტის მეფემ ებრაელ ბებიაქალებს, შიფრასა და ფუას, უბრძანა: 16 „როცა ებრაელ ქალებს ამშობიარებთ,+ თუ ბიჭი დაიბადება, მოკალით, ხოლო თუ გოგო დაიბადება, ცოცხალი დატოვეთ“. 17 თუმცა იმ ბებიაქალებს ღვთის შიში ჰქონდათ და არ აკეთებდნენ იმას, რაც ეგვიპტის მეფეს ჰქონდა მათთვის ნაბრძანები. ისინი ბიჭებს ცოცხლებს ტოვებდნენ.+ 18 მოუხმო ეგვიპტის მეფემ იმ ბებიაქალებს და ჰკითხა: „რატომ არ ხოცავთ ბიჭებს?“ 19 ბებიაქალებმა ფარაონს მიუგეს: „ებრაელი ქალები ეგვიპტელ ქალებს არ ჰგვანან, ბებიაქალის მისვლამდე თავისით მშობიარობენ“.
20 აკურთხა ღმერთმა ის ბებიაქალები. ისრაელები რიცხობრივად იზრდებოდნენ და ძლიერდებოდნენ. 21 ვინაიდან ბებიაქალები ღვთისმოშიშები იყვნენ, ღმერთმა მათ ოჯახები უბოძა. 22 ბოლოს ფარაონმა თავის ხალხს უბრძანა: „ყველა ახალდაბადებული ებრაელი ბიჭი მდინარე ნილოსში გადააგდეთ, ხოლო ყველა ებრაელი გოგო ცოცხალი დატოვეთ“.+