მსაჯულები
4 ეჰუდის სიკვდილის შემდეგ ისრაელებმა კვლავ დაიწყეს ბოროტების ჩადენა იეჰოვას თვალში.+ 2 ხელში ჩაუგდო იეჰოვამ ისინი იაბინს, ქანაანის მეფეს,+ რომელიც ხაცორში მეფობდა და რომლის მხედართმთავარი უცხოტომელთა ხაროშეთში+ მცხოვრები სისერა იყო. 3 შეღაღადეს ისრაელებმა იეჰოვას,+ რადგან 900 ცელიანი საომარი ეტლი ჰყავდა მას+ და სასტიკად ჩაგრავდა ისრაელებს+ 20 წელი.
4 მაშინ ისრაელში წინასწარმეტყველი დებორა,+ ლაფიდოთის ცოლი, მსაჯულობდა. 5 ის თავისი პალმის ქვეშ იჯდა რამასა+ და ბეთელს+ შორის ეფრემის მთიან მხარეში; მასთან ადიოდნენ ისრაელები ღვთის სამართლის საკითხავად. 6 გაუგზავნა მან კაცები კედეშ-ნაფთალში+ ბარაკს,+ აბინოამის ვაჟს, რომ მოეხმო მისთვის, და უთხრა: „განა არ გიბრძანა იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა, გაემართე თაბორის მთისკენ და თან წაიყვანე 10 000 კაცი ნაფთალისა და ზებულონის ტომებიდან, 7 მე კი იაბინის მხედართმთავარ სისერას მის საომარ ეტლებთან და ჯართან ერთად კიშონის ხევთან+ მოგიყვან და ხელში ჩაგიგდებო?!“+
8 უთხრა მას ბარაკმა: „თუ წამომყვები, წავალ, თუ არადა, არ წავალ!“ 9 მან მიუგო: „წამოგყვები, ოღონდ შენ ვერ განგადიდებს ეს ბრძოლა, რადგან ქალის ხელში ჩააგდებს იეჰოვა სისერას!“+ ადგა დებორა და გაჰყვა ბარაკს კედეშში.+ 10 მოუხმო ბარაკმა ზებულონსა და ნაფთალს+ კედეშში და 10 000 კაცი ფეხდაფეხ მიჰყვა მას; დებორაც მასთან ერთად წავიდა.
11 კენიელ ხებერს, რომელიც კენიელებს,+ მოსეს სიმამრის,+ ხობაბის შთამომავლებს გამოეყო, თავისი კარავი დიდ ხესთან ჰქონდა გაშლილი ცაანანიმში, კედეშთან.
12 შეატყობინეს სისერას, აბინოამის ვაჟი ბარაკი თაბორის მთაზეაო ასული.+ 13 შეკრიბა სისერამ თავისი საომარი ეტლები, 900 ცელიანი ეტლი, მთელი თავისი ჯარი, რათა ხაროშეთიდან კიშონის ხევთან მისულიყვნენ.+ 14 უთხრა დებორამ ბარაკს: „ადექი, დღეს ჩაგიგდებს იეჰოვა ხელში სისერას. განა იეჰოვა არ მიგიძღვის წინ?!“ ჩამოვიდა ბარაკი თაბორის მთიდან, უკან 10 000 კაცი მოჰყვებოდა. 15 თავგზა აუბნია+ იეჰოვამ სისერას, მთელ მის საომარ ეტლებსა და მთელ მის ჯარს ბარაკის მახვილით; გადმოხტა სისერა ეტლიდან და გაიქცა. 16 ხაროშეთამდე სდია ბარაკმა საომარ ეტლებსა და ჯარს. მახვილით გაანადგურა სისერას მთელი ჯარი; არავინ გადარჩენილა.+
17 სისერა კენიელი ხებერის+ ცოლის, იაელის,+ კარვისკენ გაიქცა, რადგან მშვიდობა იყო ხაცორის მეფე იაბინსა+ და კენიელ ხებერს შორის. 18 გამოეგება იაელი სისერას და უთხრა: „შემოდი, ბატონო, შემოდი, ნუ გეშინია!“ შევიდა სისერა მის კარავში და ქალმა საბანი გადააფარა. 19 უთხრა მას სისერამ, მწყურია, ცოტა წყალი დამალევინეო. გახსნა მან რძის ტიკი, დაალევინა+ და ისევ გადააფარა. 20 სისერამ უთხრა მას: „კარვის შემოსასვლელთან დადექი, თუ ვინმე მოვა და იკითხავს, მანდ ვინმე ხომ არ არისო, უთხარი არა-თქო“.
21 აიღო იაელმა, ხებერის ცოლმა, კარვის პალო და ჩაქუჩი, მიეპარა ღრმად ჩაძინებულ დაღლილ სისერას, საფეთქელში ჩაარჭო პალო და მიწაში ჩააჭედა. მოკვდა სისერა.+
22 გამოეგება იაელი სისერას გამოდევნებულ ბარაკს და უთხრა: „მოდი და გაჩვენებ იმ კაცს, შენ რომ ეძებ!“ შევიდა და დაინახა სისერა, რომელიც მკვდარი ეგდო საფეთქელში პალოჩარჭობილი.
23 იმ დღეს დაუმორჩილა ღმერთმა ისრაელებს ქანაანის მეფე იაბინი.+ 24 კვლავ და კვლავ უტევდნენ ისრაელები იაბინს+ მანამ, სანამ ბოლო არ მოუღეს.+