რწმენით სძლია ბარაკმა ძლიერ ჯარს
წარმოიდგინეთ, რომ მტრის ძლიერ ჯარს უნდა შეებრძოლოთ. ისინი უახლესი სამხედრო იარაღით არიან აღჭურვილები და საომარი მოქმედების დასაწყებად ემზადებიან. მათ წინაშე თქვენ და თქვენი მომხრეები თითქმის დაუცველნი ხართ.
ისრაელში, მსაჯულთა დროს, ბარაკი, დებორა და მათი 10 000 თანამემამულე სწორედ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მათ წინააღმდეგ გამოდიოდა ქანაანელებისგან შემდგარი ძლიერი ლაშქარი, რომლის მხედართმთავარი იყო სისარა. მათ საომარ აღჭურვილობაში შედიოდა დარკინული ეტლები. ეს ხდებოდა თაბორის მთაზე და კიშონის ხევში. იქ განვითარებული მოვლენების შედეგად ბარაკი სამაგალითო რწმენის მქონე მამაკაცად გახდა ცნობილი. მოდი განვიხილოთ, რა მოვლენები უძღოდა წინ ამ დაპირისპირებას.
ისრაელი დახმარებისთვის იეჰოვას შეჰღაღადებს
„მსაჯულთა“ წიგნში მოთხრობილია, როგორ აქცია ისრაელმა არაერთხელ ზურგი წმინდა თაყვანისმცემლობას და რა დამღუპველი შედეგები მოჰყვა ასეთ მოქმედებას. თითოეული შემთხვევისას, როდესაც ხალხი მთელი გულით სთხოვდა ღმერთს მოწყალებას, ღვთის მიერ დანიშნული მხსნელი ათავისუფლებდა ისრაელს, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ერი ისევ ავლენდა ურჩობას. მაგალითად, „ეჰუდის [მსაჯული, რომელმაც მოაბელთა ჩაგვრისგან იხსნა ისრაელი] სიკვდილის შემდეგ კვლავ იწყეს ისრაელის ძეთ ბოროტის კეთება უფლის თვალში“. მათ „აირჩიეს ახალი ღმერთები“. რა იყო ამის შედეგი? „ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა ქანაანის მეფეს, იაბინს, რომელიც ხაცორში მეფობდა; და მისი მხედართმთავარი იყო სისარა . . . და შეჰღაღადეს ისრაელის ძეთ უფალს, რადგან სისარას ცხრაასი რკინის ეტლი ჰქონდა, და ის სასტიკად ჩაგრავდა ისრაელის ძეთ ოცი წელიწადი“ (მსაჯულთა 4:1—3; 5:8).
საღვთო წერილში აღწერილია ისრაელის მაშინდელი მდგომარეობა: „[იმ დროს] ჩაკეტილი იყო გზები, და ბილიკებით მავალნი ირიბი გზებით დადიოდნენ. მოიშალა დაბა-სოფლები ისრაელში“ (მსაჯულთა 5:6, 7). ხალხი შეძრწუნებული იყო იმის დანახვით, თუ როგორ ძარცვავდნენ საომარ ეტლებზე მსხდომი მეომრები მოსახლეობას. „ხალხი შიშში ცხოვრობდა — ამბობს ერთი სწავლული. — ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ მთელი საზოგადოება უმწეო მდგომარეობაში იყო“. ამიტომ, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა ისრაელებმა დახმარებისთვის იეჰოვას შეჰღაღადეს, როგორც ეს არაერთხელ გაუკეთებიათ უწინ.
იეჰოვა ირჩევს ერის წინამძღოლს
ქანაანელთა უღელქვეშ ისრაელი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ღმერთი წინასწარმეტყველი ქალის, დებორას, მეშვეობით აუწყებდა ერს თავისი განაჩენისა და მითითებების შესახებ. ამგვარად, იეჰოვამ დებორას, ასე ვთქვათ, დედის როლი დააკისრა ისრაელში (მსაჯულთა 4:4; 5:7).
დებორამ კაცები გაგზავნა ბარაკთან და ასეთი რამ დააბარა: „აი, რა გიბრძანა უფალმა, ისრაელის ღმერთმა, წადი და ადი თაბორის მთაზე, და თან წაიყვანე ათი ათასი კაცი ნაფთალის ძეთაგან და ზებულუნის ძეთაგან. და მე კიშონის ხევთან მოგიყვან სისარას, იაბინის მხედართმთავარს, მის ეტლებსა და მის ჯარს, და ხელში ჩაგაგდებინებ“ (მსაჯულთა 4:6, 7). სიტყვებით „აი, რა გიბრძანა უფალმა“ დებორამ ცხადყო, რომ მას არ ჰქონდა პრეტენზია, ბარაკი თავისი გავლენის ქვეშ მოექცია. ის, უბრალოდ, შუამავლის როლს ასრულებდა, რათა მისი მეშვეობით გადაცემულიყო ღვთის მითითება. როგორ გამოეხმაურა ამას ბარაკი?
„თუ წამომყვები, — უთხრა მას ბარაკმა. — წავალ, და თუ არ წამომყვები, არ წავალ“ (მსაჯულთა 4:8). რატომ ითრევდა ფეხს ბარაკი ღვთის მიერ დაკისრებული პასუხისმგებლობის შესასრულებლად? ავლენდა ის ამით სიმხდალეს? ეჭვი ეპარებოდა მას ღვთის აღთქმებში? რასაკვირველია, არა. ბარაკს არც დაკისრებული დავალების შესრულება უარუყვია და არც იეჰოვასადმი დაუმორჩილებლობა გამოუვლენია. ნაცვლად ამისა, მისი პასუხიდან გამოჩნდა, რომ მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერ გაართმევდა თავს ღვთის დავალებას. იეჰოვას წარმომადგენლის გვერდით ყოფნა კი დაარწმუნებდა, რომ თავად ღმერთი ხელმძღვანელობდა, რაც მას და მის მომხრეებს დაჯერებულობას შეჰმატებდა. ასე რომ, მის მიერ წაყენებული პირობა სისუსტის მაჩვენებელი კი არ იყო, არამედ ძლიერი რწმენის.
ბარაკის რეაქცია შეგვიძლია შევადაროთ მოსეს, გედეონისა და იერემიას რეაქციას. არც ეს მამაკაცები ფიქრობდნენ, რომ საკუთარი ძალებით შეასრულებდნენ ღვთის მიერ დაკისრებულ დავალებებს. მაგრამ ამის გამო ისინი ნაკლებად ერთგული ადამიანები არ იყვნენ (გამოსვლა 3:11—4:17; 33:12—17; მსაჯულთა 6:11—22, 36—40; იერემია 1:4—10). რისი თქმა შეიძლება დებორას პოზიციაზე? ის არ ისწრაფვოდა მეთაურობისკენ. პირიქით, ბოლომდე იეჰოვას თავმდაბალ მსახურად დარჩა. „წამოგყვები,“ — უთხრა მან ბარაკს (მსაჯულთა 4:9). ის მზად იყო, დაეტოვებინა სახლი, უფრო უსაფრთხო ადგილი, რათა ბარაკს გაჰყოლოდა კარს მომდგარ ბრძოლაში. დებორაც რწმენისა და გაბედულების შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს.
მათაც გამოავლინეს რწმენა და გაჰყვნენ ბარაკს
ისრაელი მეომრები მაღალ და ადვილად შესამჩნევ თაბორის მთაზე იკრიბებიან. ეს საუკეთესო ადგილი იყო. იქ, ჩვეულებრივ, ამ მთის მოსაზღვრედ მცხოვრები ნაფთალისა და ზებულონის ტომები იკრიბებოდნენ. ასე რომ, ღვთის ბრძანების თანახმად, ბარაკს ამ მთაზე ათი ათასი მოხალისე და დებორა გაჰყვა.
ბარაკთან მყოფ ყველა მოხალისეს რწმენა ესაჭიროებოდა. იეჰოვა დაჰპირდა ბარაკს, რომ გაამარჯვებინებდა ქანაანელებზე. მაგრამ რა იარაღი ჰქონდა ისრაელს? მსაჯულთა 5:8–ში ნათქვამია: „თუ გამოჩენილა ფარი და შუბი ორმოცი ათასისა ისრაელში?“ აქედან ჩანს, რომ ისრაელები თითქმის შეუიარაღებელნი იყვნენ. შუბები და ფარებიც რომ ჰქონოდათ, ეს ვერც კი გაუტოლდებოდა ქაანანელთა დარკინულ ეტლებს. სისარამ როგორც კი შეიტყო, რომ ბარაკი თაბორის მთაზე იყო, დაუყოვნებლივ მოუხმო მთელ თავის ხალხსა და ეტლიონს კიშონის ხევთან (მსაჯულთა 4:12, 13). მაგრამ სისარას არ ესმოდა, რომ მას ყოვლადძლიერ ღმერთთან მოუწევდა ბრძოლა.
ბარაკი ამარცხებს სისარას ჯარს
მოწინააღმდეგე მხარეების დაპირისპირების დროც დადგა. დებორამ ბარაკს უთხრა: „ადექი, რადგან ეს ის დღეა, როცა ხელში ჩაგიგდო სისარა უფალმა. თვით უფალი წაგიძღვება წინ“. ბარაკი და მისი ხალხი თაბორის მთიდან ხევში უნდა დაშვებულიყვნენ, რაც, სტრატეგიული თვალსაზრისით, სისარას ეტლიონისთვის ხელსაყრელი იყო. როგორ იგრძნობდით თავს, ბარაკის ჯარში რომ ყოფილიყავით? უსიტყვოდ გამოავლენდით მორჩილებას იმის გათვალისწინებით, რომ ხელმძღვანელობა იეჰოვასგან მოდიოდა? ბარაკი და მასთან მყოფი ათი ათასი მამაკაცი სწორედ ასე მოიქცა. „და დააფრთხო უფალმა სისარა და მთელი მისი ეტლიონი, და მთელი ლაშქარი ბარაკის მახვილის პირით“ (მსაჯულთა 4:14, 15).
ბარაკმა იეჰოვას დახმარებით დაამარცხა სისარას ჯარი. ბრძოლის შესახებ ბიბლიაში ყველაფერი დაწვრილებით არ არის მოთხრობილი, მაგრამ გამარჯვების სიმღერაში, რომელიც ბარაკმა და დებორამ შეასრულეს, ნათქვამია, რომ ‘ზეცა და ღრუბლები წყლად იღვრებოდა’. სავსებით შესაძლებელია, რომ სწორედ თავსხმის გამო გართულებოდათ სისარას ეტლებს ტალახში გადაადგილება, რამაც ბარაკს მათზე გამარჯვების შესაძლებლობა მისცა. ქანაანელებს ძირითადად საომარი ეტლებით მიჰქონდათ მტრებზე იერიში, მაგრამ ამ შემთხვევაში ისინი უსარგებლო და დამაბრკოლებელი აღმოჩნდა. სისარას დახოცილი მომხრეების შესახებ სიმღერაში ნათქვამია: „კიშონის ხევმა წალეკა ისინი“ (მსაჯულთა 5:4, 21).
დასაჯერებელია ასეთი რამ? კიშონის ხევი ვადი, ანუ მდინარის თითქმის ამომშრალი კალაპოტია. ქარიშხლისა და გადაუღებელი წვიმების დროს ასეთი მდინარე შეიძლება მოულოდნელად ადიდდეს და სწრაფ და წამლეკავ ნიაღვრად გადაიქცეს. როგორც ამბობენ, პირველი მსოფლიო ომის დროს კოკისპირულმა წვიმამ, რომელიც სულ რაღაც 15 წუთი გრძელდებოდა, ამ მხარის თიხნარ ნიადაგში კავალერიას გადაადგილება გაურთულა. 1799 წლის 16 აპრილს თაბორის მთაზე ნაპოლეონის ჯარსა და თურქებს შორის მომხდარი ბრძოლის შესახებ არსებულ ცნობაში ნათქვამია: „ბევრი თურქი მეომარი დაიხრჩო, როდესაც ადიდებული კიშონის ხევის გადაკვეთით მტრისგან თავის დაღწევას ცდილობდნენ“.
იუდეველი ისტორიკოსი, იოსებ ფლავიუსი, აღნიშნავს, რომ, როდესაც სისარასა და ბარაკის ჯარები უნდა დაპირისპირებოდნენ ერთმანეთს, „ძლიერი ქარიშხალი ამოვარდა, კოკისპირული წვიმა და სეტყვა წამოვიდა; ქარი ისეთი მიმართულებით ქროდა, რომ წვიმის შედეგად გაჩენილ ნიაღვარს პირდაპირ სახეში ასხამდა მეომრებს, რის გამოც ვერაფერს ხედავდნენ და თავიანთ მშვილდებსა და ისრებს ვერ იყენებდნენ“.
„ზეციდან იბრძოდნენ ვარსკვლავები, — ნათქვამია მსაჯულთა 5:20–ში. — თავიანთი გზებიდან ებრძოდნენ სისარას“. რა გაგებით ებრძოდნენ ვარსკვლავები სისარას? ზოგის აზრით, ეს სიტყვები ღვთის ჩარევაზე მიუთითებს; სხვები კი ფიქრობენ, რომ ეს მიანიშნებს ანგელოზების მიერ აღმოჩენილ დახმარებაზე, მეტეორიტების წვიმაზე ან სისარას რწმენაზე ასტროლოგიისადმი, რამაც ამჯერად არ გაამართლა. ბიბლიაში არ არის ახსნილი, რა გაგებით იბრძოდნენ ვარსკვლავები. ამიტომ, ამ სიტყვებს შეგვიძლია მოვუძებნოთ მარტივი ახსნა: ისრაელთა ჯარის სასარგებლოდ ღმერთი მოქმედებდა. ასე იყო თუ ისე, ისრაელებმა მაქსიმალურად ისარგებლეს მათთვის ხელსაყრელი მდგომარეობით. ბარაკმა „სდია ეტლიონს . . . და დაეცა სისარას მთელი ლაშქარი მახვილის პირით, კაცისშვილი არ გადარჩენილა“ (მსაჯულთა 4:16). რა დაემართა მხედართმთავარ სისარას?
მჩაგვრელს ‘დიაცის ხელით’ ეღება ბოლო
„გაიქცა სისარა [მიატოვა ბრძოლის ველი] ფეხით იაყელის, ხებერ კენიელის ცოლის, კარვისაკენ, რადგან ხაცორის მეფის, იაბინისა და კენიელი ხებერის სახლს შორის მშვიდობა სუფევდა“, — ნათქვამია ბიბლიაში. იაყელმა ძალაგამოცლილი სისარა თავის კარავში შეიპატიჟა, რძე გამოუტანა დასალევად, ფარდაგი გადააფარა და იმანაც დაიძინა. შემდეგ კი იაყელმა „აიღო კარვის პალო, ხელში ურო დაიჭირა [ანუ ის ნივთები, რომლებსაც კარავში მცხოვრებნი სისტემატურად იყენებენ] და მას ფეხაკრეფით მიეპარა, მას კი დაღლილს ეძინა; და ჩაურჭო პალო საფეთქელში, და მიწას დააჭედა, და მოკვდა“ (მსაჯულთა 4:17—21).
შემდეგ იაყელი ბარაკს გამოეგება და უთხრა: „მოდი, გაჩვენო კაცი, შენ რომ ეძებ“. თხრობა ასე გრძელდება: „და შევიდა მასთან ბარაკი და აჰა, სისარა მკვდარი აგდია, საფეთქელში პალო ჩარჭობილი“. როგორ გაუძლიერებდა ეს ბარაკს რწმენას! მანამდე, წინასწარმეტყველმა დებორამ უთხრა მას: „ამ გზაზე, რომელსაც შენ დაადგები, შენი აღარ იქნება დიდება, რადგან დიაცის ხელში ჩააგდებს უფალი სისარას“ (მსაჯულთა 4:9, 22).
შეიძლება ჩაითვალოს ვერაგობად ის, რაც იაყელმა გააკეთა? იეჰოვა ასე არ ფიქრობდა. „კურთხეულ იყოს კარავში მცხოვრებ დიაცებს შორის“, — ნათქვამია ბარაკისა და დებორას მიერ შესრულებულ გამარჯვების სიმღერაში, რომელიც გვეხმარება, სწორი თვალსაზრისი გვქონდეს სისარას სიკვდილზე. სიმღერაში აღწერილია, რა დიდი მღელვარებით ელოდება სისარას დედა ომიდან შვილის დაბრუნებას. „რად აგვიანებს მისი ეტლი მოსვლას“, — კითხულობს ის. „მისი ბრძენი სეფექალები“ ცდილობენ, გააქარწყლონ მისი შიში და ეუბნებიან, რომ ის თავის მეომრებს უყოფს გამარჯვების შედეგად მოპოვებულ ნადავლს — ლამაზად მოქარგულ ტანსაცმელსა და დამონებულ ქალწულებს. სეფექალები ამბობენ: „ეგებ ნადავლი იპოვეს და იმას იყოფენ? თითო მხევალი ან ორ–ორი მხევალი თითო მეომარს; ნაალაფარი ფერადი სამოსელი სისარას . . . ფერადი ორნაქარგიანი სამოსელი ნადავლის ყელიდან“ (მსაჯულთა 5:24, 28—30).
გაკვეთილი ჩვენთვის
ბარაკის შემთხვევიდან მნიშვნელოვან გაკვეთილს ვსწავლობთ. უდავოა, რომ ვინც ზურგს აქცევს იეჰოვას, სირთულეებსა და გულგატეხილობას ვერსად გაექცევა. ისინი კი, ვინც გულწრფელი მონანიების შემდეგ უბრუნდებიან ღმერთს და რწმენას ავითარებენ მის მიმართ, ნებისმიერი ტანჯვისგან გათავისუფლდებიან. ნუთუ ჩვენც არ გვმართებს მორჩილების სულის განვითარება? მაშინაც კი, როცა ღვთის მოთხოვნები განსხვავდება ადამიანთა შეხედულებისგან, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ მისი მითითებებისადმი მორჩილება ყოველთვის ჩვენს ხანგრძლივ კეთილდღეობას ემსახურება (ესაია 48:17, 18). ბარაკმა მხოლოდ და მხოლოდ იეჰოვასადმი რწმენის გამოვლენითა და მისი მითითებების გათვალისწინებით შეძლო ‘უცხოთა ჯარის განდევნა’ (ებრაელთა 11:32—34).
დებორასა და ბარაკის მიერ შესრულებული სიმღერა გამამხნევებელი სიტყვებით მთავრდება: „ასე დაიღუპოს ყველა შენი მტერი, უფალო! და მისი მოყვარულნი თავისი ძლიერებით ამომავალ მზესავით იყვნენ!“ (მსაჯულთა 5:31). რა ზუსტად შესრულდება ეს სიტყვები, როდესაც იეჰოვა ბოლოს მოუღებს სატანის ბოროტ სისტემას!
[სურათი 29 გვერდზე]
იეჰოვამ დებორას მეშვეობით მოუხმო ბარაკს.
[სურათი 31 გვერდზე]
მდინარე კიშონი გადმოსულია კალაპოტიდან.
[საავტორო უფლება]
Pictorial Archive (Near Eastern History) Est.
[სურათი 31 გვერდზე]
მთა თაბორი.