ლევიანები
10 აარონის ვაჟებმა, ნადაბმა და აბიჰუმ,+ აიღეს თავიანთი საცეცხლურები, შიგ ცეცხლი ჩადეს, საკმეველი მოაყარეს+ და იეჰოვას წინაშე უკანონო ცეცხლი მიიტანეს,+ რაც მათთვის მას ნაბრძანები არ ჰქონდა. 2 მოავლინა იეჰოვამ ცეცხლი და შთანთქა ისინი;+ დაიხოცნენ იეჰოვას წინაშე.+ 3 მოსემ აარონს უთხრა: «აი, რა თქვა იეჰოვამ: „ჩემთან ახლოს მყოფთა შორის წმინდა ვიქნები+ და ყველა ხალხს შორის — განდიდებული“». აარონი დუმდა.
4 მოუხმო მოსემ მიშაელსა და ელიცაფანს, აარონის ბიძის, უზიელის,+ ვაჟებს და უთხრა: „მოდით აქ და თქვენი ძმები წმინდა ადგილიდან ბანაკის გარეთ გაიტანეთ“. 5 ისინიც, მოსეს ნათქვამისამებრ, მივიდნენ და სამოსლიანად გაიტანეს ბანაკის გარეთ.
6 შემდეგ მოსემ აარონსა და მის ვაჟებს, ელეაზარსა და ითამარს, უთხრა: „ნუ ივლით მოუვლელი თმით, ნუ შემოიხევთ სამოსელს,+ რომ არ დაიხოცოთ და არ განურისხდეს ღმერთი მთელ ხალხს. თქვენი მოძმეები, ისრაელები, დაიტირებენ იეჰოვას ცეცხლით დახოცილებს. 7 არ მოსცილდეთ შეხვედრის კარვის შესასვლელს, რომ არ დაიხოცოთ, რადგან იეჰოვამ გცხოთ თავისი ზეთით“.+ ისინიც მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ.
8 იეჰოვამ აარონს უთხრა: 9 „როცა შეხვედრის კარავში მოდიხართ, არ დალიოთ ღვინო ან სხვა მათრობელი სასმელი არც შენ და არც შენმა ვაჟებმა,+ რათა არ დაიხოცოთ. ეს არის სამარადისო წესი თაობიდან თაობაში, 10 რომ განასხვაოთ წმინდა უწმინდურისგან, სუფთა უსუფთაოსგან+ 11 და ასწავლოთ ისრაელებს ყველა ის წესი, რომლებიც იეჰოვამ მათ მოსეს მეშვეობით აუწყა“.+
12 მოსემ აარონსა და მის ცოცხლად დარჩენილ ვაჟებს, ელეაზარსა და ითამარს, უთხრა: „აიღეთ იეჰოვასთვის დასაწვავი შესაწირავიდან დანარჩენი მარცვლეული შესაწირავი, მისგან ხმიადები მოამზადეთ და სამსხვერპლოსთან ჭამეთ,+ რადგან ეს წმინდაა.+ 13 წმინდა ადგილას ჭამეთ,+ რადგან ეს არის შენი და შენი შვილების წილი იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავიდან, რადგან ასე მაქვს ნაბრძანები. 14 შესარხევი შესაწირავის მკერდი და წმინდა წილიდან ბარკალიც+ სუფთა ადგილას ჭამეთ შენ, შენმა ვაჟებმა და შენმა ასულებმა,+ რადგან ეს არის შენი და შენი ვაჟების წილი ისრაელების სამშვიდობო მსხვერპლიდან. 15 ისრაელები ცეცხლში დასაწვავი მსხვერპლის ქონთან ერთად მიიტანენ ბარკალს წმინდა წილიდან და მკერდს — შესარხევი შესაწირავიდან, რათა იეჰოვას წინაშე შეარხიონ როგორც შესარხევი შესაწირავი. ეს იქნება შენი და შენი ვაჟების წილი მარადიულად,+ როგორც იეჰოვას აქვს ნაბრძანები“.
16 მოსემ ცოდვის შესაწირავ თხას+ ძებნა დაუწყო და რას ხედავს! დაუწვავთ თხა. განურისხდა ის აარონის ცოცხლად დარჩენილ ვაჟებს, ელეაზარსა და ითამარს, და უთხრა: 17 „რატომ არ ჭამეთ ცოდვის შესაწირავი წმინდა ადგილას?+ ეს ხომ წმინდაა?! მან ხომ თქვენ მოგცათ ის, რათა პასუხი აგოთ ხალხის დანაშაულზე და გამოსყიდვის წესი შეასრულოთ მათთვის იეჰოვას წინაშე?! 18 მისი სისხლი წმინდა ადგილას არავის შეუტანია.+ წმინდა ადგილას უნდა გეჭამათ ის, როგორც ნაბრძანები მაქვს“. 19 აარონმა მოსეს უთხრა: „იეჰოვას თავიანთი ცოდვის შესაწირავი და დასაწვავი მსხვერპლი შესწირეს+ და მაინც ასეთი რამ დამემართა, და დღეს რომ მეჭამა ცოდვის შესაწირავი, იქნებოდა კი ეს მოსაწონი იეჰოვას თვალში?!“ 20 მოისმინა ეს მოსემ და მოეწონა მისი პასუხი.