მკითხველთა შეკითხვები
რატომ განურისხდა მოსე აარონის ვაჟებს, ელეაზარსა და ითამარს მას შემდეგ, რაც ნადაბი და აბიჰუ შეცოდების გამო დაიხოცნენ, და როგორ მოულბა მოსეს გული? (ლევ. 10:16—20).
აარონის ვაჟების ნადაბისა და აბიჰუს მღვდლებად დანიშვნის შემდეგ ცოტა ხანში იეჰოვამ დასაჯა ისინი იმის გამო, რომ უკანონო ცეცხლი შესწირეს მის წინაშე (ლევ. 10:1, 2). მოსემ აარონის ცოცხლად დარჩენილ ვაჟებს, ელეაზარსა და ითამარს უბრძანა, რომ არ დაეტირათ ძმები. არც ისე დიდი ხნის გასვლის შემდეგ მოსე განურისხდა ელეაზარსა და ითამარს, რადგან არ შეჭამეს ცოდვის შესაწირავი საღი ვაცი (ლევ. 9:3). რატომ ჰქონდა მოსეს ასეთი მწვავე რეაქცია?
იეჰოვას მიერ მოსესთვის მიცემული კანონების თანახმად, მღვდელს, რომელსაც ცოდვის შესაწირავი მიჰქონდა იეჰოვას წინაშე, უნდა ეჭამა ამ შესაწირავის ნაწილი შეხვედრის კარვის ეზოში. ამგვარად იფარებოდა მათი ცოდვები, ვინც მსხვერპლს სწირავდა. მაგრამ, როცა შესაწირავის სისხლი ტაძრის საწმინდრის პირველ განყოფილებაში, წმინდა ადგილზე შეჰქონდათ, არ უნდა შეეჭამათ; ის ცეცხლში უნდა დაეწვათ (ლევ. 6:24—26, 30).
იმ დღეებში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ მოსე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა იმას, რომ იეჰოვას ყველა მითითება დაცული ყოფილიყო. როცა მან დაინახა, რომ ელეაზარმა და ითამარმა ცოდვის შესაწირავი ვაცი ცეცხლში დაწვეს, მაგრამ არ შეჭამეს, გაბრაზებულმა ჰკითხა, რატომ მოიქცნენ ასე. მოსეს უკმაყოფილება იმით იყო გამოწვეული, რომ ვაცის სისხლი მათ არ შეიტანეს წმინდა ადგილზე იეჰოვას წინაშე (ლევ. 10:17, 18).
მოსეს აარონმა გასცა პასუხი, რადგან, როგორც ჩანს, მისი ცოცხლად დარჩენილი ვაჟები მამის სიტყვისამებრ მოიქცნენ. თავისი ორი ურჩი ვაჟის სიკვდილის შემდეგ აარონი, ალბათ, ფიქრობდა, რომ არც ერთ მღვდელს არ დართავდა სინდისი ნებას, იმ დღეს ცოდვის შესაწირავი ეჭამა. იგი იმასაც ფიქრობდა, რომ იეჰოვასაც არ მოეწონებოდა ასეთი საქციელი, მიუხედავად იმისა, რომ მათ უშუალოდ არ მიუძღოდათ ბრალი ნადაბისა და აბიჰუს დანაშაულში (ლევ. 10:19).
აარონი მოელოდა, რომ პირველ დღეს, როცა მისი ოჯახის წევრები მღვდლის მოვალეობებს ასრულებდნენ, უმნიშვნელო წვრილმანებშიც კი უნდა ესიამოვნებინათ იეჰოვასთვის. მაგრამ სწორედ ამ დღეს მისმა ვაჟებმა, ნადაბმა და აბიჰუმ შეურაცხყვეს იეჰოვას სახელი, რის გამოც ღვთის რისხვა დაატყდათ თავს. ალბათ, ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც აარონმა და მისმა ვაჟებმა თავი შეიკავეს ცოდვის შესაწირავის ჭამისგან.
როგორც ჩანს, მოსეს მოეწონა თავისი ძმის პასუხი, რაც შემდეგი მუხლიდან ჩანს: „მოისმინა ეს მოსემ და მოიწონა“ (ლევ. 10:20). აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იეჰოვამაც მოიწონა აარონის საქციელი.