სამუელი — წიგნი მეორე
19 შეატყობინეს იოაბს, დასტირის და გლოვობსო მეფე აბესალომს.+ 2 გამარჯვების დღე გლოვის დღედ ექცა მთელ ხალხს, რადგან გაიგეს, მეფე შვილს გლოვობსო. 3 იმ დღეს ჩუმად შეიპარა ხალხი ქალაქში,+ ისე როგორც ბრძოლიდან გამოქცეული, შერცხვენილი ხალხი მიიპარება ხოლმე. 4 დაიფარა მეფემ სახე და მოთქვამდა: „შვილო, აბესალომ! აბესალომ, შვილო, შვილო!“+
5 შევიდა იოაბი მეფესთან სახლში და უთხრა: „დღეს შენ გამო დარცხვენილია ყველა შენი მსახური, რომლებმაც გადაგარჩინეს შენც, შენი ვაჟებიც,+ ასულებიც,+ ცოლებიცა და ხარჭებიც!+ 6 შენი მოძულენი გყვარებია და შენი მოყვარულნი გძულებია, რადგან დღეს გამოჩნდა, რომ არაფრად გიღირს არც შენი მთავრები და არც შენი მსახურები! ვხედავ, გერჩივნა, აბესალომი ცოცხალი გყოლოდა და ჩვენ ყველანი დავხოცილიყავით! 7 ადექი, წადი და გაამხნევე შენი მსახურები, რადგან, თუ არ წახვალ, იეჰოვას ვფიცავ, ერთი კაციც არ შეგრჩება ამაღამ; ეს კი იმაზე უარესი იქნება, რაც სიყმაწვილიდან დღემდე დაგმართნია!“ 8 ადგა მეფე და კარიბჭესთან დაჯდა; აცნობეს ხალხს, კარიბჭესთან ზისო მეფე, და მივიდა მთელი ხალხი მეფესთან.
დამარცხებული ისრაელები უკვე თავ-თავიანთ სახლებში გაქცეულიყვნენ.+ 9 ბჭობდა ხალხი ისრაელის ყველა ტომში: „მეფემ გვიხსნა მტრებისგან,+ მან დაგვიხსნა ფილისტიმელთა ხელიდან, ახლა კი აბესალომს გაექცა ქვეყნიდან.+ 10 აბესალომი კი, ჩვენს მეფედ რომ ვცხეთ,+ ბრძოლაში დაიღუპა.+ ჰოდა, ახლა რატომ არაფერს იღონებთ მეფის დასაბრუნებლად?!“
11 მეფე დავითმა შეუთვალა მღვდლებს, ცადოკსა+ და აბიათარს:+ «უთხარით იუდას+ უხუცესებს: „მთელი ისრაელის ნათქვამი მიუვიდა მეფეს თავის სამყოფელში და თქვენ რატომღა აყოვნებთ სასახლეში მის დაბრუნებას? 12 ჩემი ძმები ხართ, ჩემი სისხლი და ხორცი და რაღა თქვენ ითრევთ ფეხს?!“ 13 ამასას+ უთხარით: „ჩემი სისხლი და ხორცი არა ხარ?! ღმერთმა დამსაჯოს, თუ ამიერიდან იოაბის ნაცვლად შენ არ გახდე ჩემი მხედართმთავარი!“»+
14 უკლებლივ ყველას გული მოიგო მან იუდაში; შეუთვალეს მათ მეფეს, დაბრუნდიო შენს მსახურებთან ერთად.
15 წამოვიდა მეფე და მიადგა იორდანეს. იუდეველები გილგალში+ ჩავიდნენ, რომ შეგებებოდნენ მეფეს და იორდანეზე გადმოეყვანათ. 16 შიმეი,+ ბენიამინელი გერას ვაჟი ბახურიმიდან, იუდას ხალხთან ერთად გაეშურა მეფე დავითის შესაგებებლად; 17 მას 1 000 ბენიამინელი ახლდა თან. მეფეს იორდანესთან მისვლა დაასწრო ციბამაც,+ საულის სახლეულობის მსახურმა, თავისი 15 ვაჟითა და 20 მსახურით. 18 გავიდა ის* ფონს, რომ გადმოეყვანა მეფის სახლეულობა და მეფის ყველა სურვილი შეესრულებინა. ის-ის იყო, მეფეს იორდანე უნდა გადაეკვეთა, რომ შიმეი, გერას ვაჟი, მის წინაშე პირქვე დაემხო 19 და უთხრა მეფეს: „დამნაშავედ ნუ მიმიჩნევს ჩემი ბატონი და ნუ გაიხსენებს თავისი მსახურის დანაშაულს, რომელიც იმ დღეს ჩაიდინა,+ როცა მეფე-ბატონი იერუსალიმიდან მოდიოდა; ნუ ჩაიდებს მეფე გულში წყენას, 20 რადგან იცის შენმა მსახურმა, რომ შესცოდა; ამიტომაც დღეს პირველი მოვედი იოსების სახლიდან მეფე-ბატონთან შესაგებებლად“.
21 მაშინ აბიშაიმ,+ ცერუიას ვაჟმა,+ თქვა: „განა მოსაკლავი არ არის შიმეი იეჰოვას ცხებულის დაწყევლისთვის?!“+ 22 დავითმა მიუგო: „თქვენ რაღა გინდათ, ცერუიას ძეებო,+ რომ მეწინააღმდეგებით? განა შეიძლება დღეს ვინმეს მოკვლა ისრაელში, დღეს, როცა ისევ ისრაელის მეფე ვარ?!“ 23 უთხრა მეფემ შიმეის, არ მოკვდებიო, და ეს ფიცით აღუთქვა.+
24 საულის შვილიშვილი მეფიბოშეთიც+ ჩამოვიდა მეფესთან შესაგებებლად; მას არც ფეხი დაუბანია, არც წვერ-ულვაში შეუკრეჭია და არც ტანსაცმელი გაურეცხავს მეფის წასვლის დღიდან მის მშვიდობით დაბრუნებამდე. 25 როცა იერუსალიმში* ჩავიდა მეფესთან შესაგებებლად, ჰკითხა მას მეფემ: „მეფიბოშეთ, რატომ არ წამომყევი?“ 26 მან მიუგო: „მეფე-ბატონო, შენც იცი, რომ კოჭლია შენი მსახური,+ ამიტომ ვთქვი, შემიკაზმეთ ვირი, შევჯდები და მეფეს გავყვები-მეთქი. მაგრამ მომატყუა ჩემმა მსახურმა+ 27 და ცილი დამწამა შენს მსახურს მეფე-ბატონის წინაშე,+ მაგრამ მეფე-ბატონი ღვთის ანგელოზივითაა; როგორც გენებოს, ისე მოიქეცი. 28 მამაჩემის მთელი სახლეულობა ღირსი იყო, რომ მეფე-ბატონს სასიკვდილოდ გაეწირა, შენ კი შენი მსახური შენს სუფრასთან დასვი.+ და, რაღა მაქვს მეფესთან დასაჩივლი?!“
29 მიუგო მას მეფემ: „ნუღარ მელაპარაკები, რადგან უკვე გადავწყვიტე, რომ შენ და ციბა გაიყოფთ მიწებს!“+ 30 მაშინ მეფიბოშეთმა მეფეს უთხრა: „რაკიღა მეფე-ბატონი მშვიდობით დაბრუნდა სახლში, ყველაფერი ციბასი იყოს!“
31 ჩამოვიდა როგელიმიდან გალაადელი ბარზილაი,+ რომ მეფეს შეხვედროდა და იორდანემდე მიეცილებინა. 32 ღრმად მოხუცი იყო ბარზილაი, 80 წლისა; საკვებით ამარაგებდა მეფეს მახანაიმში,+ რადგან ძალიან მდიდარი კაცი იყო. 33 უთხრა მეფემ ბარზილაის: „წამომყევი და იერუსალიმში ჩემს სუფრასთან დაგსვამ“.+ 34 მიუგო მეფეს ბარზილაიმ: „განა კიდევ რამდენ ხანს ვიცოცხლებ, რომ მეფეს იერუსალიმში წავყვე?! 35 უკვე 80 წლის ვარ.+ განა კიდევ გაარჩევს ავსა და კარგს შენი მსახური ან შეიგრძნობს საჭმელ-სასმლის გემოს?! განა ისევ დამატკბობს მომღერალი ქალ-ვაჟების მოსმენა?!+ რატომ უნდა დააწვეს ტვირთად შენი მსახური მეფე-ბატონს?! 36 ჩემთვის ისიც კმარა, რომ მე, შენმა მსახურმა, იორდანემდე მოგაცილე, მეფეო. რატომ უნდა მიყოს მეფემ ამხელა წყალობა?! 37 გთხოვ, უკან გაუშვი შენი მსახური, რათა ჩემს ქალაქში მოვკვდე, იქ, სადაც ჩემი დედ-მამის სამარხია.+ აი შენი მსახური ქიმჰამი,+ ის გაჰყვეს მეფე-ბატონს და მას უყოს მეფემ ის სიკეთე, რისი გაკეთებაც სწადია“.
38 უთხრა მას მეფემ: „ქიმჰამი გადმომყვეს, და ისე მოვექცევი, როგორც გეამება; ყველა სათხოვარს შეგისრულებ“. 39 დაიწყო ხალხმა იორდანეზე გადასვლა. როცა მეფეც გადავიდა, აკოცა მან ბარზილაის+ და დალოცა, რის შემდეგაც ბარზილაი შინ დაბრუნდა. 40 მეფე გილგალისკენ+ გაემართა, თან გაჰყვა ქიმჰამიც. მთელი იუდა და ნახევარი ისრაელი თან ახლდა მეფეს.+
41 მივიდნენ მეფესთან დანარჩენი ისრაელები და უთხრეს: „რატომ წამოგიყვანეს მალულად ჩვენმა იუდეველმა მოძმეებმა და გადმოგიყვანეს შენ, შენი სახლეულობა და შენი ხალხი იორდანეზე?“+ 42 მიუგეს იუდეველებმა ისრაელებს: „იმიტომ, რომ ჩვენიანია მეფე;+ რატომ ბრაზობთ ამაზე? რა, მეფის კმაყოფაზე ვიყავით თუ ძღვენი გვიბოძა მეფემ?!“
43 მიუგეს ისრაელებმა იუდეველებს: „ჩვენ ათი წილი გვაქვს სამეფოში და მეფე ჩვენი უფროა, ვიდრე თქვენი! რატომ დაგვამცირეთ? ჩვენ რატომ არ უნდა დაგვებრუნებინა მეფე პირველებს?!“ თუმცა ისრაელებთან დავაში იუდეველებმა გაიმარჯვეს.