მეფეები — წიგნი მეორე
20 იმ დროს მძიმედ დასნეულდა ხიზკია და სიკვდილის პირას იყო.+ მივიდა მასთან წინასწარმეტყველი ესაია, ამოცის ძე, და უთხრა: «აი, რას ამბობს იეჰოვა: „მიეცი მითითებები შენს სახლეულობას, რადგან მოკვდები, ვერ გამოჯანმრთელდები!“»+ 2 მაშინ მან კედლისკენ იბრუნა პირი და ლოცვით მიმართა იეჰოვას: 3 „გევედრები, იეჰოვა, გაიხსენე, როგორ გემსახურებოდი ერთგულებითა და მთელი გულით, და კარგს რომ ვაკეთებდი შენს თვალში“,+ და მწარედ ატირდა ხიზკია.
4 შუა ეზომდეც არ იყო მისული ესაია, როცა იეჰოვამ უთხრა:+ 5 «დაბრუნდი და უთხარი ხიზკიას, ჩემი ხალხის წინამძღოლს, ასე ამბობს-თქო იეჰოვა, შენი წინაპრის, დავითის, ღმერთი: „შევისმინე შენი ლოცვა და დავინახე შენი ცრემლები;+ განგკურნავ+ და მესამე დღეს ახვალ იეჰოვას ტაძარში.+ 6 გაგიხანგრძლივებ სიცოცხლეს 15 წლით და დაგიხსნით ასურეთის მეფის ხელიდან+ შენც და ამ ქალაქსაც; დავიცავ ამ ქალაქს ჩემი და ჩემი მსახურის, დავითის გულისთვის“».+
7 თქვა ესაიამ: „მოიტანეთ ლეღვის კვერი!*“ მათაც მოიტანეს და წყლულზე დაადეს; ისიც თანდათან გამოჯანმრთელდა.+
8 მანამდე ხიზკიამ ესაიას ჰკითხა: „რა იქნება იმის ნიშანი,+ რომ განმკურნავს იეჰოვა და მესამე დღეს მივალ იეჰოვას ტაძარში?“ 9 ესაიამ მიუგო: „ეს იქნება ნიშანი შენთვის იეჰოვასგან, რომ იეჰოვა შეასრულებს თავის ნათქვამს: რა გირჩევნია, ჩრდილი კიბეზე* ათი საფეხურით წავიდეს წინ თუ ათი საფეხურით დაბრუნდეს უკან?“+ 10 მაშინ უთხრა ხიზკიამ: „ჩრდილისთვის ათი საფეხურით წინ წაწევა ადვილია, მაგრამ ათი საფეხურით უკან დაბრუნება — არა“. 11 ესაია წინასწარმეტყველმაც მოუხმო იეჰოვას და მანაც ათი საფეხურით დააბრუნა უკან ჩრდილი ახაზის კიბეზე.+
12 იმ დროს ბაბილონის მეფე ბეროდაქ-ბალადანმა, ბალადანის ძემ, წერილები და ძღვენი გაუგზავნა ხიზკიას, რადგან შეიტყო ხიზკიას ავადმყოფობის ამბავი.+ 13 ხიზკიამ მიიღო მაცნეები და უჩვენა თავისი საგანძური,+ ოქრო-ვერცხლი, ბალზამის ზეთი, სხვა ძვირფასი ზეთიც, თავისი იარაღის საცავი და ყველაფერი, რაც მის საგანძურში იყო. არაფერი დარჩენილა მის სასახლეში და მის სამფლობელოში, რომ არ ეჩვენებინა ხიზკიას მათთვის.
14 ამის შემდეგ მივიდა ესაია წინასწარმეტყველი მეფე ხიზკიასთან და ჰკითხა: „რა გითხრეს ამ კაცებმა და საიდან მოვიდნენ?“ ხიზკიამ მიუგო: „შორეული ქვეყნიდან, ბაბილონიდან, მოვიდნენ“.+ 15 მან კვლავ ჰკითხა: „რა ნახეს შენს სასახლეში?“ ხიზკიამ მიუგო: „ყველაფერი ნახეს, რაც ჩემს სასახლეშია. არაფერი დარჩენილა ჩემს საგანძურში, რომ არ მეჩვენებინა მათთვის“.
16 მაშინ უთხრა ესაიამ ხიზკიას: «ისმინე იეჰოვას სიტყვა:+ 17 „აი, დადგება დრო, როცა ყველაფერს, რაც შენს სასახლეშია და რაც შენს მამა-პაპას დღემდე დაუგროვებია, ბაბილონში წაიღებენ;+ არაფერს დატოვებენ, — ამბობს იეჰოვა. — 18 წაიყვანენ შენს შთამომავალთაგან ზოგიერთს, რომლებიც შეგეძინება,+ და ბაბილონის მეფის კარისკაცები გახდებიან!“»+
19 მაშინ ხიზკიამ ესაიას უთხრა: „კარგია იეჰოვას ცნობა, შენ რომ გადმომეცი!“+ შემდეგ დასძინა: „კარგია, თუ ჩემს სიცოცხლეში მაინც ვიცხოვრებთ მშვიდობიანად და უსაფრთხოდ!“+
20 ხიზკიას დანარჩენ საქმეებზე, მის ძლევამოსილებასა და იმაზე, თუ როგორ გააკეთა წყალსატევი+ და არხი ქალაქში წყლის შესაყვანად,+ იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 21 ბოლოს განისვენა ხიზკიამ თავისი მამა-პაპის გვერდით;+ მის შემდეგ მისი ვაჟი მენაშე+ გამეფდა.+