ეზრა
4 გაიგეს თუ არა იუდასა და ბენიამინის მტრებმა,+ რომ გადასახლებიდან დაბრუნებულები+ ტაძარს უშენებდნენ ისრაელის ღმერთს, იეჰოვას, 2 მივიდნენ ზერუბაბელთან და საგვარეულოთა თავკაცებთან და უთხრეს: „თქვენთან ერთად გვაშენებინეთ, რადგან ჩვენც თქვენს ღმერთს ვცემთ თაყვანს+ და მას ვწირავთ მსხვერპლს ასურეთის მეფე ასარხადონის+ დროიდან, რომელმაც აქ ჩამოგვიყვანა“.+ 3 მიუგეს ზერუბაბელმა, იეშუამ და ისრაელის საგვარეულოთა დანარჩენმა თავკაცებმა: „ვერ აგაშენებინებთ ჩვენი ღვთის ტაძარს ჩვენთან ერთად.+ მხოლოდ ჩვენ ავუშენებთ ტაძარს იეჰოვას, ისრაელის ღმერთს, როგორც სპარსეთის მეფე კიროსმა გვიბრძანა“.+
4 ამის შემდეგ იმ მიწაზე მცხოვრები ხალხი გამუდმებით გულს უტეხდა იუდას მკვიდრთ და შენების ხალისს უკარგავდა;+ 5 ქირაობდნენ მრჩევლებს მათი გეგმის ჩასაშლელად;+ ასე იქცეოდნენ სპარსეთის მეფე კიროსის დროიდან მოყოლებული სპარსეთის მეფე დარიოსის გამეფებამდე.+ 6 ახაშვეროშის მეფობის დასაწყისში მათ საბრალდებო წერილი დაწერეს იუდასა და იერუსალიმის მკვიდრებზე. 7 სპარსეთის მეფე არტაქსერქსეს მეფობის დროს ბიშლამმა, მითრიდატემ, ტაბეელმა და მათმა თანამზრახველებმა მეფე არტაქსერქსეს წერილი მისწერეს; ის არამეულ ენაზე თარგმნეს+ და არამეული ასოებით დაწერეს*.
8 * მმართველმა რეხუმმა და მწერალმა შიმშაიმ მეფე არტაქსერქსეს იერუსალიმის მკვიდრთა შესახებ ასეთი წერილი მისწერეს 9 (ის დაიწერა მმართველ რეხუმის, მწერალ შიმშაისა და მათ თანამოაზრეთა — მოსამართლეთა, გამგებელთა, მწერალთა, ერექელთა,+ ბაბილონელთა, შუშანელთა,+ იმავე ელამელთა,+ და 10 სხვა ხალხთა მიერ, რომლებიც დიდმა და პატივდებულმა ასენაფარმა აყარა და სამარიის ქალაქებში ჩაასახლა,+ აგრეთვე დანარჩენ მდინარისგაღმელთა* მიერ. 11 აი მათი გაგზავნილი წერილის ასლი):
„მეფე არტაქსერქსეს თავისი მსახურებისგან, მდინარისგაღმელებისგან: 12 დაე იცოდეს მეფემ, რომ იუდეველები შენგან რომ წამოვიდნენ და ჩვენთან ჩამოვიდნენ, ახლა იერუსალიმში არიან. ისინი მეამბოხეთა და ბოროტმოქმედთა ქალაქის აღდგენას ცდილობენ, გალავნის აღდგენაზე მუშაობენ+ და საძირკვლებს ამაგრებენ. 13 იცოდეს მეფემ, რომ, თუ ეს ქალაქი კვლავ აშენდება და მისი გალავანი აღდგება, ისინი არც გადასახადს გადაიხდიან, არც ხარკსა+ და არც საგზაო ბეგარას, და ამით სამეფო ხაზინას აზარალებენ. 14 რაკი სასახლიდან ვიღებთ გასამრჯელოს და არ გვსურს, მეფემ იზარალოს, ვგზავნით ამ წერილს და ვაცნობებთ მეფეს, 15 რომ გამოიკვლიონ შენს წინამორბედთა მატიანე.+ მატიანიდან შეიტყობ, რომ ეს მეამბოხეთა ქალაქია, მეფეთა და სამთავროთა დამზარალებელი; ოდითგანვე მოჯანყენი ცხოვრობდნენ იქ და ამიტომაც განადგურდა.+ 16 გაცნობებთ მეფეო, რომ, თუ ეს ქალაქი კვლავ აშენდება და მისი გალავანი აღდგება, დაკარგავ ძალაუფლებას მდინარის გაღმა მიწებზე“.+
17 შეუთვალა მეფემ მმართველ რეხუმს, მწერალ შიმშაისა და მათ თანამზრახველებს, რომლებიც სამარიაში ცხოვრობდნენ, და დანარჩენ მდინარისგაღმელებს:
„მშვიდობა თქვენდა! 18 წერილი, რომელიც გამოგვიგზავნეთ, სიტყვასიტყვით წამიკითხეს*. 19 ჩემი ბრძანებით გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ ეს ქალაქი ოდითგანვე უმხედრდებოდა მეფეებს და შფოთისა და არეულობის მოთავე იყო.+ 20 ძლევამოსილი მეფეები მმართველობდნენ იერუსალიმში და განაგებდნენ მთელ მხარეს მდინარის გაღმა; მათ უხდიდნენ გადასახადს, ხარკსა და საგზაო ბეგარას. 21 ახლა კი უბრძანეთ ამ კაცებს, შეწყვიტონ მუშაობა, რომ არ აღდგეს ეს ქალაქი, ვიდრე მე არ ვბრძანებ. 22 დაუდევრად ნუ მოეკიდებით ამ საქმეს, რომ უფრო მეტად არ იზარალოს მეფემ!“+
23 წაუკითხეს რეხუმს, მწერალ შიმშაისა და მათ თანამზრახველებს მეფე არტაქსერქსეს წერილის ასლი, ისინიც მაშინვე გაემართნენ იერუსალიმისკენ და იძულებით შეაწყვეტინეს იუდეველებს მუშაობა. 24 მაშინ შეწყდა ღვთის ტაძრის მშენებლობა იერუსალიმში და სპარსეთის მეფე დარიოსის მეფობის მე-2 წლამდე არ განახლებულა.+