ნეემია
4 გაიგო სანბალატმა,+ რომ გალავნის აღდგენაზე ვმუშაობდით, ძლიერ შეშფოთდა, განრისხდა და იუდეველებს დაცინვა დაუწყო. 2 უთხრა თავის მოძმეებსა და სამარიის ჯარს: „რას აკეთებენ ეს უსუსური იუდეველები? ჰგონიათ, რამე გამოუვათ?! მსხვერპლის შეწირვა სურთ? რა, ერთ დღეში დაასრულებენ საქმეს?! სად იპოვიან ვარგის ქვებს ამ გადამწვარი ნანგრევების გროვაში?!“+
3 ამონელმა+ ტობიამ,+ რომელიც მის გვერდით იდგა, თქვა: „მელაც რომ აძვრეს მათ აშენებულ გალავანზე, დაინგრევა!“
4 ისმინე, ჩვენო ღმერთო, როგორ გვამცირებენ!+ დაე თავად გახდნენ დასაცინნი!+ სხვა ქვეყნის ნადავლად, ტყვეებად აქციე ისინი! 5 თვალს ნუ დახუჭავ მათ დანაშაულზე და ნუ მიუტევებ ცოდვას იმ შეურაცხყოფის გამო,+ მშენებლებს რომ მიაყენეს!
6 ჩვენ კვლავ ვაგრძელებდით შენებას; შევკარით და სანახევროდ ამოვაშენეთ გალავანი. კვლავაც მთელი გულით მუშაობდა ხალხი.
7 გაიგეს სანბალატმა, ტობიამ,+ არაბებმა,+ ამონელებმა და აშდოდელებმა,+ რომ წინ მიიწევდა იერუსალიმის გალავნის აღდგენის საქმე, რომ ივსებოდა ნაპრალები, და გაცეცხლდნენ. 8 მათ პირი შეკრეს, რომ გამოელაშქრათ იერუსალიმისკენ და არეულობა გამოეწვიათ. 9 ჩვენ ლოცვით მივმართეთ ჩვენს ღმერთს და დაცვა დავაყენეთ, რომ დღისითაც და ღამითაც დავეცავით.
10 იუდას მკვიდრები ჩიოდნენ: მშენებლებს ძალა გამოეცალათ, აქაურობა ნანგრევებითაა სავსე; ვერასდროს აღვადგენთ გალავანსო.
11 ჩვენი მტრები ამბობდნენ: სანამ რამეს მიხვდებიან ან დაგვინახავენ, ჩვენ უკვე იქ ვიქნებით; დავხოცავთ და მუშაობაც შეწყდებაო.
12 ყოველთვის, როცა ჩვენი მტრების სიახლოვეს მცხოვრები იუდეველები ჩამოდიოდნენ, გვიმეორებდნენ, ყოველი მხრიდან შემოგვიტევენო.
13 დავაყენე კაცები გალავნის უკან ყველაზე დაბალ, მოშიშვლებულ ადგილებში; საგვარეულოთა მიხედვით დავაყენე ისინი მახვილებით, შუბებითა და მშვილდებით აღჭურვილნი. 14 როცა დავინახე, რომ ხალხი შეშინებული იყო, მაშინვე წამოვდექი და მივმართე დიდებულებს,+ მმართველებსა და დანარჩენ ხალხს: „ნუ შეგეშინდებათ მათი,+ გახსოვდეთ იეჰოვა, დიდებული და შიშის მომგვრელი ღმერთი;+ იბრძოლეთ თქვენი მოძმეებისთვის, თქვენი ვაჟებისა და თქვენი ასულებისთვის, თქვენი ცოლებისა და თქვენი სახლებისთვის!“
15 გაიგეს ჩვენმა მტრებმა, რომ შევიტყვეთ მათი გეგმის შესახებ და რომ ჭეშმარიტმა ღმერთმა ჩაშალა მათი გეგმა. ამის შემდეგ ჩვენ კვლავ გალავნის აღდგენა განვაგრძეთ. 16 იმ დღიდან მოყოლებული ჩემი ხალხის ნახევარი მუშაობდა,+ ნახევარი კი შუბებით, ფარებითა და მშვილდებით იყო აღჭურვილი და ჯავშნები ეცვათ. მთავრები+ მხარს უჭერდნენ იუდეველებს, 17 რომლებიც გალავნის კედლებს აღადგენდნენ. მზიდავები ცალი ხელით ტვირთს ეზიდებოდნენ, ცალ ხელში კი საბრძოლო იარაღი ეჭირათ. 18 მშენებლები თეძოზე მახვილშემორტყმულნი მუშაობდნენ; გვერდით მესაყვირე+ მედგა.
19 ვუთხარი დიდებულებს, მმართველებსა და დანარჩენ ხალხს: „საქმე დიდია და შრომატევადი, ჩვენ კი გაფანტულნი ვართ გალავანზე და შორიშორს ვართ ერთმანეთისგან. 20 როდესაც საყვირის ხმას გაიგონებთ, ჩვენთან მოგროვდით. ჩვენი ღმერთი იბრძოლებს ჩვენთვის!“+
21 ჩვენ ვმუშაობდით, ხალხის ნახევარს კი შუბი ეჭირა გარიჟრაჟიდან ვარსკვლავების გამოჩენამდე. 22 მაშინ ვუთხარი ხალხს: „თითოეულმა კაცმა თავის მსახურთან ერთად გაათიოს ღამე იერუსალიმში, რომ ღამით დაგვიცვან, დღისით კი იმუშაონ“. 23 არც მე, არც ჩემს მოძმეებს, არც ჩემს მსახურებს+ და არც მცველებს, თან რომ მახლდნენ, ტანსაცმელი არ გაგვიხდია, ყველას საბრძოლო იარაღი გვეჭირა მარჯვენაში.