იაკობის წერილი
2 ჩემო ძმებო, თუ მიკერძოებულნი ხართ, განა გწამთ ჩვენი დიდებული უფალი იესო ქრისტე?+ 2 თუ თქვენთან კრებაში შემოდის ოქროსბეჭდებიანი, მდიდრულ ტანსაცმელში გამოწყობილი კაცი და შემოდის ღარიბიც, ჭუჭყიანი ტანსაცმლით, 3 თქვენ კი მდიდრულ ტანსაცმელში გამოწყობილს პატივისცემით ეპყრობით და ეუბნებით, აი აქ, კარგ ადგილზე, დაბრძანდით, ღარიბს კი ეუბნებით, ფეხზე იდექი ან ჩემს ფეხსადგამთან დაჯექიო,+ 4 ასე ხომ ერთმანეთს ფენებად ყოფთ+ და ისეთი მოსამართლეები გამოდიხართ, უსამართლო გადაწყვეტილებებს რომ იღებენ?!+
5 მომისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმებო! განა ქვეყნიერების თვალში ღარიბები არ ამოირჩია ღმერთმა, რომ ყოფილიყვნენ რწმენით მდიდრები+ და სამეფოს მემკვიდრეები, რომელსაც ის თავის მოყვარულებს დაჰპირდა?!+ 6 თქვენ კი შეურაცხყოფთ ღარიბებს. განა მდიდრები არ გჩაგრავენ+ და მიგათრევენ სასამართლოებში?! 7 განა ისინი არ გმობენ იმ დიდებულ სახელს, რომლითაც იწოდებით?! 8 თუ აღმატებულ კანონს* ისე ასრულებთ, როგორც დაწერილია: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“, კარგია,+ 9 მაგრამ, თუ ისევ მიკერძოებულნი ხართ,+ სცოდავთ; კანონი გამხელთ დანაშაულში.+
10 თუ მთელი კანონის დამცველი ერთ-ერთ მცნებას არღვევს, ყველაფერში დამნაშავე გამოდის.+ 11 მან, ვინც თქვა: „არ იმრუშო“,+ ისიც თქვა, რომ „არ მოკლა“,+ და, თუ არ მრუშობ, მაგრამ კლავ, კანონს არღვევ. 12 მაშ, ისე ილაპარაკეთ და მოიქეცით, როგორც იმ ხალხს შეჰფერის, რომელიც თავისუფალი ხალხის კანონით გასამართლდება.+ 13 ვინც გულმოწყალე არ არის, გულმოწყალების გარეშე გასამართლდება.+ გულმოწყალება იმარჯვებს გასამართლებაზე.
14 ჩემო ძმებო, თუ ვინმე ამბობს, რწმენა მაქვსო, მაგრამ მის რწმენას საქმეები არ ახლავს, რა აზრი აქვს ასეთ რწმენას?+ განა იხსნის მას?!+ 15 თუ ძმა ან და შიშველია და დღიური საზრდო აკლია, 16 რომელიმე თქვენგანი კი ეუბნება, აბა მშვიდობით, თავი არ მოიმშიო და არ შეიციოო, მაგრამ არაფრით ეხმარება, რა აზრი აქვს ამის თქმას?!+ 17 რწმენაც ასეა, თუ საქმეები არ ახლავს თან, მკვდარია.+
18 ვიღაცამ შეიძლება გითხრათ: „შენ რწმენა გაქვს, მე კი — საქმეები. მაჩვენე შენი რწმენა საქმეების გარეშე, მე კი საქმეებით გაჩვენებ ჩემს რწმენას“. 19 ხომ გწამთ, რომ ღმერთი ერთია? კარგია. თუმცა ეს დემონებსაც სწამთ და კანკალებენ.+ 20 უგუნურნო, ნუთუ არ გესმით, რომ რწმენა საქმეების გარეშე ფუჭია?! 21 განა მამაჩვენი აბრაამი საქმეებით არ იქნა მიჩნეული მართლად, როცა თავის ძეს, ისაკს, სამსხვერპლოზე სწირავდა?!+ 22 როგორც ხედავთ, აბრაამის რწმენას თან ახლდა საქმეები და მისი რწმენა მისმა საქმეებმა სრულყო.+ 23 ამით შესრულდა დაწერილი: „აბრაამი ერწმუნა იეჰოვას* და ეს სიმართლედ ჩაეთვალა“,+ და მას იეჰოვას* მეგობარი ეწოდა.+
24 როგორც ხედავთ, ადამიანი საქმეებით იქნება მართლად მიჩნეული და არა მხოლოდ რწმენით. 25 განა მეძავი რახაბიც საქმეებით არ იქნა მართლად მიჩნეული, როცა გულთბილად მიიღო მაცნეები და მერე სხვა გზით გაუშვა?!+ 26 ასე რომ, როგორც სხეულია მკვდარი სულის* გარეშე,+ ისე რწმენაა მკვდარი საქმეების გარეშე.+