ᲬᲘᲒᲜᲘ ᲛᲔᲮᲣᲗᲔ
(ფსალმუნები 107—150)
107 მადლობა შესწირეთ იეჰოვას, რადგან კარგია იგი,+
მარადიული და ურყევია მისი სიყვარული!+
2 ილაპარაკონ ეს იეჰოვას გამოსყიდულებმა,
მოწინააღმდეგეთა ხელიდან დახსნილებმა,+
3 სხვადასხვა ქვეყნიდან რომ შეკრიბა მან,+
აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან,
ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან.+
4 დაეხეტებოდნენ ისინი უდაბნოში, უკაცრიელ ადგილას;
გზას ვერ იგნებდნენ ქალაქისკენ, სადაც დამკვიდრდებოდნენ.
5 მშიერ-მწყურვალნი იყვნენ,
ღონემიხდილნი და დაუძლურებულნი.
6 გასაჭირში იეჰოვას შეღაღადებდნენ+
და ისიც იხსნიდა მათ გაჭირვების ჟამს.+
7 სწორი გზით დაატარებდა,+
რათა მიეყვანა ქალაქში, სადაც დამკვიდრდებოდნენ.+
8 მადლობდეს ხალხი იეჰოვას+ მისი ურყევი სიყვარულისა
და კაცთათვის გაკეთებული საოცარი საქმეებისთვის!+
9 მან წყალი მისცა მწყურვალს
და სიკეთე არ მოაკლო მშიერს.+
10 ბნელსა და უკუნში ცხოვრობდნენ
ტანჯული და შებორკილი ტყვეები,
11 რადგან ეურჩნენ ღვთის სიტყვას
და უზენაესის რჩევა არაფრად ჩააგდეს.+
12 მან გასაჭირით მოდრიკა მათი გული;+
დაეცნენ ისინი და არავინ იყო მათი მშველელი.
13 საშველად მოუხმეს იეჰოვას
და მანაც იხსნა ისინი გაჭირვების ჟამს.
14 ბნელიდან და უკუნიდან გამოიყვანა და დახსნა ბორკილები.+
15 მადლობდეს ხალხი იეჰოვას მისი ურყევი სიყვარულისა+
და კაცთათვის გაკეთებული საოცარი საქმეებისთვის!
16 მან დალეწა სპილენძის კარები
და დაამტვრია რკინის ურდულები.+
17 უგუნურები იყვნენ და უბედურება დაიტეხეს თავს+
თავიანთი შეცდომებისა და დანაშაულის გამო.+
18 შესძაგდათ ყოველგვარი საკვები;
სიკვდილის კარიბჭეებს მიადგნენ.
19 საშველად უხმობდნენ იეჰოვას
და ისიც იხსნიდა მათ გაჭირვების ჟამს.
20 ბრძანებდა და ისინიც მისი სიტყვისამებრ იკურნებოდნენ,+
ამოჰყავდა ორმოში ჩაცვენილნი.
21 მადლობდეს ხალხი იეჰოვას მისი ურყევი სიყვარულისა
და კაცთათვის გაკეთებული საოცარი საქმეებისთვის!
22 სამადლობელი მსხვერპლი შესწირონ მას+
და სიხარულის ყიჟინით აუწყონ მისი საქმეები.
23 ვინც ზღვაში მოგზაურობენ
და ხომალდებით აპობენ წყლებს სავაჭროდ,+
24 ხედავენ იეჰოვას საქმეებს,
ამჩნევენ მის საოცრებებს წყლის სიღრმეებში,+
25 როგორ ვარდება ქარიშხალი მის სიტყვაზე+
და როგორ ზვირთდებიან ზღვის ტალღები.
26 ხან ცად ტყორცნის მათ ტალღები
და ხანაც ზღვის სიღრმეში ინთქმებიან;
გული მისდით გარდაუვალი უბედურების გამო.
27 მთვრალი კაცივით ქანაობენ და ბარბაცებენ,
აღარაფერში არგიათ თავიანთი სიმარჯვე.+
28 საშველად უხმობენ იეჰოვას+
და ისიც იხსნის მათ.
29 ის აცხრობს ქარიშხალს
და წყნარდებიან ზღვის ტალღები.+
30 სიმშვიდე ისადგურებს და ხარობენ ისინი;
უსაფრთხო ნავსაყუდლისკენ მიუძღვის მათ.
31 მადლობდეს ხალხი იეჰოვას მისი ურყევი სიყვარულისა
და კაცთათვის გაკეთებული საოცარი საქმეებისთვის!+
32 ადიდონ იგი შესაკრებელში+
და აქონ უხუცესთა კრებულში.
33 მდინარეებს უდაბნოდ აქცევს
და წყაროებს — ხრიოკად,+
34 ნაყოფიერ მიწას — მარილოვან მიწად+
იქ მცხოვრებთა ბოროტების გამო.
35 უდაბნოს ლერწმიან ტბორად აქცევს
და უწყლო მიწას — წყაროებად.+
36 იქ ასახლებს მშივრებს,+
რათა დააარსონ ქალაქი და იცხოვრონ იქ.+
37 თესავენ ხორბალს და ყრიან ვაზს;+
იღებენ უხვ მოსავალს.+
38 აკურთხებს მათ და მრავლდებიან;
არ აკლდებათ პირუტყვი.+
39 მაგრამ ჩაგვრის, უბედურებისა და მწუხარების გამო
კვლავ დაცოტავდება და დამცირდება ხალხი.
40 თავლაფს ასხამს დიდებულებს
და ახეტიალებს უკაცრიელ ადგილას.+
41 საწყალს კი იცავს ჩაგვრისგან+
და ფარასავით ამრავლებს მის ოჯახს.
42 მართლები ხედავენ ამას და ხარობენ,+
უმართლოები კი კრინტსაც ვერ ძრავენ.+
43 დააკვირდება ყოველივეს ბრძენი+
და ჩაუკვირდება იეჰოვას ურყევ სიყვარულს.+