ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი
Ა Ბ Გ Დ Ე Ზ Თ Ი Კ Ლ Მ Ნ Ო Პ Ჟ Რ Ს Ტ Უ Ფ Ქ Ღ Შ Ც Ძ Წ Ჭ Ხ Ჯ Ჰ
Ა
აბზინდა —
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე ძალზე მწარე, სპეციფიკური არომატით. აბზინდა ბიბლიაში გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენება უზნეობის, მონობის, უსამართლობის და განდგომილების მწარე შედეგების აღსაწერად. გამოცხადების 8:11-ში მოხსენიებული აბზინდა მწარე და შხამიან სითხეზე მიუთითებს (კნ. 29:18; იგ. 5:4; იერ. 9:15; ამ. 5:7).
აბი —
ებრაული რელიგიური კალენდრით მე-5, ხოლო საერო კალენდრით მე-11 თვის სახელწოდება, რომელსაც ებრაელები ბაბილონში გადასახლების შემდეგ იყენებდნენ. ემთხვეოდა პერიოდს შუა ივლისიდან შუა აგვისტომდე. თვის ამ სახელწოდებას ბიბლიაში ვერ ვხვდებით, ის „მეხუთე თვედ“ მოიხსენიება (რც. 33:38; ეზრ. 7:9). იხ. დანართი ბ15.
აბიბი —
ებრაული რელიგიური კალენდრით 1-ლი, ხოლო საერო კალენდრით მე-7 თვის თავდაპირველი სახელწოდება. ნიშნავს „მწვანე (ახალშემოსულ) თავთავებს“. ემთხვეოდა პერიოდს შუა მარტიდან შუა აპრილამდე. ებრაელების ბაბილონიდან დაბრუნების შემდეგ ამ თვეს „ნისანი“ ეწოდა (კნ. 16:1). იხ. დანართი ბ15.
ადარი —
ებრაული რელიგიური კალენდრით მე-12, ხოლო საერო კალენდრით მე-6 თვის სახელწოდება, რომელსაც ებრაელები ბაბილონში გადასახლების შემდეგ იყენებდნენ. ემთხვეოდა პერიოდს შუა თებერვლიდან შუა მარტამდე (ესთ. 3:7). იხ. დანართი ბ15.
აზაზელი —
აზია —
ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში „აზიად“ მოხსენიებულია რომის პროვინცია, რომელშიც შედიოდა დღევანდელი თურქეთის დასავლეთი ნაწილი და აგრეთვე სანაპიროს სიახლოვეს მდებარე ზოგი კუნძული, მაგალითად, სამოსი და პატმოსი. პროვინციის მთავარი ქალაქი იყო ეფესო (სქ. 20:16; გმც. 1:4). იხ. დანართი ბ13.
ალაბასტრონი —
მცირე ზომის სანელსაცხებლე ჭურჭელი, დამზადებული ქვისგან, რომელსაც თავდაპირველად ეგვიპტეში, ქალაქ ალაბასტრონის სიახლოვეს მოიპოვებდნენ. ამგვარ ჭურჭელს, როგორც წესი, ვიწრო ყელი ჰქონდა, რომელსაც თავს უცობდნენ, რათა ძვირფასი ნელსაცხებელი არ დაღვრილიყო. თავად ქვა ალებასტრის სახელითაა ცნობილი (მრ. 14:3).
ალამოთი —
მუსიკალური ტერმინი, რაც „ქალწულებს“, „ახალგაზრდა ასულებს“ ნიშნავს. სავარაუდოდ, მიუთითებდა შემსრულებელ ახალგაზრდა ქალთა მაღალ სასიმღერო ხმაზე და ერთგვარი მინიშნება იყო იმაზე, რომ აღნიშნული მუსიკალური ნაწარმოები მაღალ რეგისტრში უნდა შესრულებულიყო (1მტ. 15:20; ფს. 46, ეპგ.).
ალფა და ომეგა —
ამინ —
„დაე იყოს ასე“, „ჭეშმარიტად“. წარმოდგება ებრაული სიტყვის ფუძიდან „ამან“, რაც ნიშნავს „ჭეშმარიტს“, „სანდოს“. წარმოითქმებოდა ფიცის, ლოცვის ან ნათქვამის დასადასტურებლად. „გამოცხადებაში“ გამოიყენება იესოს ტიტულადაც (კნ. 27:26; 1მტ. 16:36; გმც. 3:14).
ანგელოზი —
ებრ. „მალაქ“ და ბერძნ. „აგგელოს“. ორივე სიტყვა „მაცნეს“ ნიშნავს, მაგრამ ითარგმნება „ანგელოზად“, როცა ზეციერ მაცნეებთან მიმართებით გამოიყენება (დბ. 16:7; 32:3; იაკ. 2:25; გმც. 22:8). ანგელოზები ღვთის ძლევამოსილი ქმნილებები არიან, რომლებიც ღმერთმა კაცობრიობის გაჩენამდე დიდი ხნით ადრე შექმნა. ისინი ბიბლიაში მოხსენიებულნი არიან აგრეთვე, როგორც „უთვალავი წმინდა“, „ღვთის ძეები“ და „დილის ვარსკვლავები“ (კნ. 33:2; იობ. 1:6; 38:7). თითოეული მათგანი ინდივიდუალურად შეიქმნა და მათ არ გააჩნიათ გამრავლების უნარი. მათი რიცხვი ას მილიონს აღემატება (დნ. 7:10). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი სახელი და ისინი პიროვნული თვისებებითაც განსხვავდებიან, მაგრამ მათ არ სურთ, რომ თაყვანს სცემდნენ და ხშირად საკუთარი სახელის გამხელასაც ერიდებიან (დბ. 32:29; ლკ. 1:26; გმც. 22:8, 9). ისინი განსხვავდებიან რანგით და ასრულებენ განსხვავებულ დავალებებს — ზოგი იეჰოვას ტახტის წინაშე მსახურობს, ზოგი ღვთის ცნობის მაცნეა, ზოგი იეჰოვას მიწიერ მსახურებს ეხმარება, ზოგიც ღვთის განაჩენის აღსრულებაში იღებს მონაწილეობას და ზოგიც სასიხარულო ცნობის ქადაგების საქმეს უჭერს მხარს (2მფ. 19:35; ფს. 34:7; ლკ. 1:30, 31; გმც. 5:11; 14:6). მომავალში ისინი იესოსთან ერთად იბრძოლებენ არმაგედონში (გმც. 19:14, 15).
ანტიქრისტე —
ეს ბერძნული სიტყვა ორ მნიშვნელობას ატარებს და შეიძლება ნიშნავდეს როგორც „ქრისტეს საწინააღმდეგოს“, ისე „ცრუქრისტეს“ ანუ მას, ვინც ქრისტეს ადგილს იკავებს. ნებისმიერ ადამიანს, ორგანიზაციასა თუ ჯგუფს, რომელიც ქრისტეს წარმომადგენლობას ან მესიობას იჩემებს, ან ეწინააღმდეგება ქრისტესა და მის მოწაფეებს, თამამად შეიძლება „ანტიქრისტე“ ეწოდოს (1ინ. 2:22).
არამეული ენა —
სემიტური ენა, რომელიც მჭიდროდ ენათესავებოდა ებრაულს და იყენებდა იმავე ანბანს. თავდაპირველად ამ ენაზე არამელები საუბრობდნენ, თუმცა მოგვიანებით, ასურეთისა და ბაბილონის იმპერიების ხანაში, საერთაშორისო სავაჭრო და საკომუნიკაციო ენად იქცა. ის სპარსეთის იმპერიის ოფიციალურ ენადაც ითვლებოდა (ეზრ. 4:7). ბიბლიის წიგნების, „ეზრას“, „იერემიასა“ და „დანიელის“ ზოგიერთი მონაკვეთი არამეულ ენაზე დაიწერა (ეზრ. 4:8—6:18; 7:12—26; იერ. 10:11; დნ. 2:4ბ—7:28).
არამი, არამელები —
სემის ვაჟის, არამის, შთამომავლები, რომელთა განსახლების არეალი მოიცავდა ტერიტორიას ლიბანის მთებიდან შუამდინარეთამდე და ჩრდილოეთით ტავრის მთებიდან დამასკომდე და უფრო შორეულ სამხრეთამდე. ამ ტერიტორიას, რომელსაც ებრაელები „არამად“ მოიხსენიებდნენ, მოგვიანებით „სირია“ ეწოდა, ხოლო მისი მკვიდრები „სირიელების“ სახელით გახდნენ ცნობილი (დბ. 25:20; კნ. 26:5; ოს. 12:12).
არეოპაგი —
ათენის აკროპოლისის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ბორცვი. ამ სახელით იყო ცნობილი სასამართლო, რომელიც იქ იკრიბებოდა. პავლე სწორედ არეოპაგში მიიყვანეს სტოიკოსმა და ეპიკურელმა ფილოსოფოსებმა, რათა თავისი მრწამსი აეხსნა მათთვის (სქ. 17:19).
არმაგედონი —
ებრ. „ჰარ-მეგიდონ“, რაც „მეგიდოს მთას“ ნიშნავს. ბიბლიის კონტექსტში ეს სიტყვა უკავშირდება „ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“, როცა „მთელი მსოფლიოს მეფეები“ შეიკრიბებიან იეჰოვასთან საომრად (გმც. 16:14, 16; 19:11—21). იხ. „დიდი გასაჭირი“.
ასელგია —
იხ. „თავაშვებულობა“.
ასლი —
მდარე ხარისხის ხორბალი (Triticum spelta), რომლის მარცვალიც მჭიდროდ ეკვრის ბუდეს, რის გამოც მათი განცალკევება რთულია (გმ. 9:32).
ასტროლოგი —
აქაია —
ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში მოხსენიებული საბერძნეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე რომის პროვინცია, რომლის მთავარი ქალაქი იყო კორინთი. ის მოიცავდა პელოპონესის მთელ ნახევარკუნძულს და კონტინენტური საბერძნეთის ცენტრალურ ნაწილს (სქ. 18:12). იხ. დანართი ბ13.
აღთქმა —
აღთქმული შესაწირავი —
ნებაყოფლობითი შესაწირავი, რომელიც დაკავშირებული იყო დადებული აღთქმის შესრულებასთან (ლვ. 23:38; 1სმ. 1:21).
აღსავალი სიმღერა —
ფრაზა, რომელიც გვხვდება 120—134 ფსალმუნების ეპიგრაფებში. მართალია, არსებობს მრავალი მოსაზრება ამ ფრაზასთან დაკავშირებით, მაგრამ ბევრი მიიჩნევს, რომ ამ 15 ფსალმუნს გულმხიარული ისრაელები მაშინ ასრულებდნენ, როცა სამ ყოველწლიურ დღესასწაულზე დასასწრებად იუდას მთებში მდებარე იერუსალიმში ადიოდნენ.
აშთორეთი —
ქანაანელთა ომისა და ნაყოფიერების ქალღმერთი, ბაალის ცოლი (1სმ. 7:3).
ახალმთვარობა —
ებრაული კალენდრით ყოველი თვის პირველი დღე. ეს იყო ერთად შეკრებისა და მხიარულების დღე, როცა ყოველდღიურ შესაწირავებთან ერთად სხვა შესაწირავებიც იწირებოდა. დროთა განმავლობაში ახალმთვარობა მნიშვნელოვან ეროვნულ ზეიმად იქცა, რომლის დროსაც ხალხი სამუშაოსგან ისვენებდა (რც. 10:10; 2მტ. 8:13; კლ. 2:16).
Ბ
ბაალი —
ებრ. „პატრონი“, „ბატონი“. ქანაანელთა ნაყოფიერების ღმერთი, რომელსაც თვლიდნენ ცის პატრონად და წვიმის მომცემად. „ბაალს“ სხვა, შედარებით დაბალი რანგის, ადგილობრივ ღვთაებებსაც უწოდებდნენ (1მფ. 18:21; რმ. 11:4).
ბათი —
სითხის საზომი ერთეული, რომელიც დაახლოებით 22 ლ-ს უდრიდა, რასაც ადასტურებს არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი ჭურჭლის ნატეხებზე შესრულებული წარწერა. ბიბლიაში გამოყენებული სხვა ფხვიერი ნივთიერებებისა თუ სითხის საზომი ერთეულების უმეტესობის ზომა-წონა ბათთან მიმართებით დგინდება (1მფ. 7:38; ეზკ. 45:14). იხ. დანართი ბ14.
ბელზებელი —
ბერძენი —
ბეჭედი —
სპეციალურად დამზადებული პატარა ხელსაწყო, რომელსაც იყენებდნენ რაიმეზე, ძირითადად, თიხასა და ცვილზე ტვიფრის გასაკეთებლად, რითაც ადასტურებდნენ ან ამოწმებდნენ რამეს. უძველესი ბეჭდები მზადდებოდა ქვისგან, სპილოს ძვლისგან ან ხისგან. მასზე პირუკუღმა კეთდებოდა წარწერა ან სიმბოლო. ზოგიერთ ბეჭედს თითზე იკეთებდნენ ან თასმით ჰქონდათ ყელზე ჩამოკიდებული. საბეჭდავი ბეჭედი მმართველის ძალაუფლების ნიშანი იყო. გადატანითი მნიშვნელობით ბეჭდის დასმა მიუთითებს რისამე უტყუარობაზე, კუთვნილებაზე ან საიდუმლოდ შენახვაზე (დბ. 41:42; გმ. 28:11; ნემ. 9:38; გმც. 5:1; 9:4).
ბზე —
ბოლო დღეები —
ბიბლიურ წინასწარმეტყველებებში გამოყენებული ეს ფრაზა და აგრეთვე მსგავსი ფრაზა, „უკანასკნელი დღეები“, მიუთითებს დროზე, როცა ამა თუ იმ ისტორიულმა მოვლენამ თავის კულმინაციას უნდა მიაღწიოს (ეზკ. 38:16; დნ. 10:14; სქ. 2:17). წინასწარმეტყველებიდან გამომდინარე, ის შეიძლება მოიცავდეს რამდენიმე ან მრავალ წელს. ძირითადად, ბიბლია ამ ფრაზას იყენებს ამ ქვეყნიერების აღსასრულის წინა პერიოდისა და იესოს უხილავი მოსვლის შემდგომი პერიოდის აღსაწერად (2ტმ. 3:1; იაკ. 5:3; 2პტ. 3:3).
ბოროტი —
ბიბლიაში, ძირითადად, „ბოროტად“ იწოდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არ ემორჩილებიან იეჰოვას სამართლიან მოთხოვნებს. ზოგჯერ ამგვარად სატანა ეშმაკიც მოიხსენიება, ვინაიდან ის ღვთისა და მისი სამართლიანი ნორმების მოწინააღმდეგეა (ფს. 37:10; მთ. 6:13; 1ინ. 5:19).
ბროწეული —
ბროწეულის ფორმის მოსართავებით იყო შემკული მღვდელმთავრის ლურჯი უსახელო სამოსის კიდეები. ბროწეულის ორნამენტებით იყო შემკული ტაძრის შესასვლელში მდგარი სვეტების — იაქინისა და ბოაზის — ბუღაურები (გმ. 28:34; რც. 13:23; 1მფ. 7:18).
ბული —
ებრაული რელიგიური კალენდრით მე-8, ხოლო საერო კალენდრით მე-2 თვის სახელწოდება. ამ ებრაული სიტყვის ფუძე „მოწეულ მოსავალს“ ნიშნავს. ემთხვეოდა პერიოდს შუა ოქტომბრიდან შუა ნოემბრამდე (1მფ. 6:38). იხ. დანართი ბ15.
ბუღაური —
ორნამენტებით შემკული სვეტის თავი. სოლომონის ტაძრის შესასვლელთან მდგარ სვეტებს, იაქინსა და ბოაზს, მასიური ბუღაურები ამშვენებდა (1მფ. 7:16). იხ. დანართი ბ8.
Გ
გადასახლება —
იძულებითი გადაადგილება სამშობლოდან სხვა ტერიტორიაზე, რასაც, ძირითადად, დამპყრობელი ახორციელებდა. „გადასახლებად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა ნიშნავს „წასვლას“. ისრაელს ორჯერ მოუწია გადასახლებაში წასვლა: თავდაპირველად ჩრდილოეთის ათტომიანი სამეფო გადაასახლეს ასურელებმა, მოგვიანებით კი სამხრეთის ორტომიანი სამეფო — ბაბილონელებმა. ორივე შემთხვევაში გადასახლებულთა ნაწილი დაუბრუნდა თავის სამშობლოს სპარსეთის მეფის, კიროსის, ბრძანებულებით (2მფ. 17:6; 24:16; ეზრ. 6:21).
გალაადი —
ამ სახელით ცნობილი იყო ნაყოფიერი მხარე მდინარე იორდანის აღმოსავლეთით, რომელიც იაბოკის ველის სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე იყო გადაჭიმული. ზოგჯერ „გალაადად“ მოიხსენიებდნენ იორდანის აღმოსავლეთით მდებარე ისრაელის მიწებს, სადაც რეუბენის, გადისა და მენაშეს ტომის ნახევარი მკვიდრობდა (რც. 32:1; იეს. 12:2; 2მფ. 10:33). იხ. დანართი ბ4.
გამოსასყიდი —
საფასური, რომლითაც ხდება ვინმეს ტყვეობიდან, სასჯელისგან, ტანჯვისა თუ ცოდვისგან გათავისუფლება და მოვალეობისგან თავის დაღწევა. ასეთი გამოსასყიდი ყოველთვის ფულადი არ იყო (ეს. 43:3). გამოსასყიდის გაღება სხვადასხვა შემთხვევაში იყო საჭირო. მაგალითად, ისრაელში ყოველი პირმშო ვაჟი და პირუტყვის პირველმოგებული მამრი იეჰოვას საკუთრებად ითვლებოდა, ამიტომ მათი გამოსყიდვა ანუ მათთვის საფასურის გადახდა იყო საჭირო, რომ მეტად აღარ ჩათვლილიყვნენ იეჰოვასთვის მიძღვნილ საკუთრებად (რც. 3:45, 46; 18:15, 16). გარდა ამისა, თუკი უმეთვალყურეოდ დატოვებული მორქენალი ხარი ვინმეს მოკლავდა, მის პატრონს თავი რომ დაეღწია სასიკვდილო სასჯელისთვის, გამოსასყიდი უნდა გადაეხადა (გმ. 21:29, 30). თუმცა ვერანაირი გამოსასყიდი ვერ იხსნიდა სასჯელისგან მას, ვინც განზრახ ჩაიდენდა მკვლელობას (რც. 35:31). უმნიშვნელოვანესი გამოსასყიდი, რომელზეც ბიბლია საუბრობს, ქრისტემ გაიღო, როცა თავი გაწირა მორჩილი კაცობრიობის ცოდვისა და სიკვდილისგან სახსნელად (ფს. 49:7, 8; მთ. 20:28; ეფ. 1:7).
გამოსყიდვა —
ებრაულ წერილებში „გამოსყიდვა“ მოიცავს იმ შესაწირავების გაღებას, რომელთა მეშვეობითაც ხალხს ღმერთთან დაახლოებისა და თაყვანისცემის შესაძლებლობა ეძლეოდა. მოსეს კანონის თანახმად, ყოველწლიური გამოსყიდვის დღეს აღვლენილ შესაწირავებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა, რადგან ამის წყალობით როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე მთელ ერს, ცოდვების მიუხედავად, ღმერთთან შერიგების საშუალება ეძლეოდა. ეს შესაწირავები ერთგვარი მინიშნება იყო იესოს მსხვერპლზე, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გამოისყიდდა კაცობრიობის ცოდვებს და ადამიანებს იეჰოვასთან შერიგების საშუალებას მისცემდა (ლვ. 5:10; 23:28; კლ. 1:20; ებ. 9:12).
გამოსყიდვის დღე —
ებრაელების უმნიშვნელოვანესი რელიგიური დღესასწაული, რომელიც იომ-ქიფურის სახელითაცაა ცნობილი (ებრაულად „ჲომ ჰაქქიფფურიმ“, რაც ნიშნავს „გადაფარვის დღეს“). აღინიშნება 10 ეთანს. მღვდელმთავარი მხოლოდ ამ დღეს შედიოდა კარვის, მოგვიანებით კი ტაძრის წმინდათაწმინდაში და თან შეჰქონდა შესაწირავის სისხლი როგორც თავისი, ისე სხვა ლევიანებისა თუ ხალხის ცოდვების მისატევებლად. ეს იყო წმინდა შეკრებისა და მარხვის დღე, რომელიც „შაბათად“ ანუ უქმე დღედ ითვლებოდა; ამ დღეს მუშაობა იკრძალებოდა (ლვ. 23:27, 28).
განდგომილება —
„განდგომილებად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა „აპოსტასია“ მომდინარეობს ზმნიდან, რომელიც სიტყვასიტყვით „განზე გადგომას“ ნიშნავს, არსებითი სახელის ფორმით კი — „მიტოვებას“, „დატოვებასა“ და „აჯანყებას“. ქრისტიანულ-ბერძნული წერილები „განდგომილებას“ ძირითადად მათ კონტექსტში იყენებს, ვინც ზურგს აქცევს ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლობას (იგ. 11:9; სქ. 21:21; 2თს. 2:3).
გაშოლტვა —
დასჯის ერთ-ერთი მეთოდი პირველ საუკუნეში. შოლტს, რომელსაც დასჯისას იყენებდნენ, ბოლოში ნასკვები ან წვეტიანი კაუჭები ჰქონდა (ინ. 19:1).
გეენა —
ძველი იერუსალიმის სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ჰინომის ველის ბერძნული სახელწოდება (იერ. 7:31). ბიბლია ამ სახელწოდებას წინასწარმეტყველურ კონტექსტში იყენებს იმ ადგილის აღსანიშნავად, სადაც გვამები ეყრებოდა (იერ. 7:32; 19:6). არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ცხოველებს ან ადამიანებს გეენაში ყრიდნენ დასაწვავად ან საწამებლად. აქედან გამომდინარე, გეენა ვერ იქნება უხილავი ადგილის სიმბოლო, სადაც ვითომდა ადამიანთა სულები მარადიულ ცეცხლში იტანჯებიან. იესო და მისი მოწაფეები სიტყვა „გეენას“ იყენებდნენ „მეორე სიკვდილის“ ანუ მარადიული განადგურების სიმბოლოდ (გმც. 20:14; მთ. 5:22; 10:28).
გერა —
წონის საზომი ერთეული, რომელიც უდრიდა 0,57 გრამს და შეკელის მეოცედს შეადგენდა (ლვ. 27:25). იხ. დანართი ბ14.
გზა —
წმინდა წერილებში „გზა“ ხშირად გამოიყენება ვისიმე ცხოვრებისეული გეზის აღსაწერად, რომელიც ღვთისთვის მისაღებია ან მიუღებელი. იესო ქრისტეს მიმდევრებზე ვკითხულობთ, რომ ისინი ადგნენ „უფლის გზას“, რომელიც ქრისტესადმი რწმენასა და მის მიბაძვას მოითხოვდა (სქ. 19:9).
გითითი —
მუსიკალური ტერმინი, რომლის წარმომავლობა უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, წარმოდგება ებრაული სიტყვისგან „გათ“. არსებობს მოსაზრება, რომ ამ ტიპის სიმღერები სრულდებოდა რთვლის დროს, ვინაიდან „გათ“ ნიშნავს „საწნახელს“ (ფს. 81, ეპგ.).
გირაო —
მოვალის მიერ მევალისთვის ვალის გადახდის უზრუნველსაყოფად ჩაბარებული ნივთი; წინდი. მოსეს კანონი შეიცავდა მითითებებს გირაოს თაობაზე, რაც ღარიბებისა და გაჭირვებულების უფლებების დაცვას ემსახურებოდა (გმ. 22:26; ეზკ. 18:7).
გლოვა —
მწუხარების გამოხატვა ვისიმე გარდაცვალების ან სხვა რაიმე უბედურების გამო. ბიბლიურ დროში, ჩვეულებრივ, გლოვა რაღაც დროის განმავლობაში გრძელდებოდა. გარდა იმისა, რომ მგლოვიარენი ხმამაღლა ტიროდნენ, ისინი სამგლოვიარო სამოსს ატარებდნენ, თავზე ნაცარს იყრიდნენ, ტანსაცმელს იხევდნენ და მკერდში მჯიღს იცემდნენ. ზოგჯერ დაკრძალვაზე ამ საქმეში გაწაფულ მოტირალებსაც იწვევდნენ (დბ. 23:2; ესთ. 4:3; გმც. 21:4).
გრაგნილი —
პერგამენტის ან პაპირუსის გრძელი ფურცელი ცალ მხარეს შესრულებული წარწერით, რომელსაც, ჩვეულებრივ, ჯოხზე დაგრაგნილს ინახავდნენ. წმინდა წერილების წერა და გადაწერა ხდებოდა გრაგნილებზე, რომელიც ბიბლიური ეპოქისთვის დამახასიათებელ ხელნაწერ წიგნს წარმოადგენდა (იერ. 36:4, 18, 23; ლკ. 4:17—20; 2ტმ. 4:13).
გუნდის ხელმძღვანელი —
„ფსალმუნებში“ გამოყენებული ებრაული სიტყვა, რომელიც „გუნდის ხელმძღვანელად“ ითარგმნა, სავარაუდოდ, გულისხმობს მას, ვინც მუსიკალური კომპოზიციის არანჟირებას ახდენდა, ამეცადინებდა და წაფავდა ლევიან მგალობლებს, ან ვინც ოფიციალური შესრულების დროს გუნდს ხელმძღვანელობდა; ბიბლიის ზოგიერთი თარგმანის თანახმად „ლოტბარი“ (ფს. 4, ეპგ; ფს. 5, ეპგ.).
გუნდრუკი —
ზოგიერთი მცენარიდან (საკმლის ხე) გამონაჟონი ფისი. წვის შედეგად გამოსცემს კეთილსურნელებას. შედიოდა წმინდა საკმევლის შემადგენლობაში, რომელსაც კარავსა და ტაძარში იყენებდნენ. იწირებოდა მარცვლეულ შესაწირავთან ერთად და აყრიდნენ წმინდაში ორ წყებად დაწყობილ წარსადგენ პურს (გმ. 30:34—36; ლვ. 2:1; 24:7; მთ. 2:11).
გუშაგი —
ვისამე ან რისამე დასაცავად დაყენებული პირი; ის ჩვეულებრივ ღამით გუშაგობდა და განგაშს ტეხდა მოსალოდნელი საფრთხის დროს. გუშაგი, როგორც წესი, ქალაქის გალავანზე ან კოშკში იდგა, რათა დაენახა, ვინ უახლოვდებოდა ქალაქს. წინასწარმეტყველებიც, ასე ვთქვათ, გუშაგად ედგნენ ისრაელ ერს და მოსალოდნელი განადგურების შესახებ აფრთხილებდნენ ხალხს (2მფ. 9:20; ეზკ. 3:17).
Დ
დაგონი —
ფილისტიმელთა ღვთაება. მართალია, სიტყვის წარმომავლობა უცნობია, მაგრამ ზოგი სწავლულის აზრით ის წარმოდგება ებრაული სიტყვისგან „დაგ“, რაც „თევზს“ ნიშნავს (მსჯ. 16:23; 1სმ. 5:4).
დავითის ქალაქი —
სახელი, რომელიც ეწოდა იებუსს მას შემდეგ, რაც დავითმა დაიპყრო ის და სამეფო სასახლე ააშენა იქ. ეს ქალაქი „სიონადაც“ მოიხსენიება. მდებარეობს იერუსალიმის უძველეს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში (2სმ. 5:7; 1მტ. 11:4, 5).
დავითის ძე —
ფრაზა, რომელიც ხშირად იესოსთან მიმართებით გამოიყენება იმის ხაზგასასმელად, რომ ის დავითის მემკვიდრეა, რომელიც დავითთან დადებული შეთანხმების საფუძველზე მიიღებდა სამეფოს (მთ. 12:23; 21:9).
დამოწმება —
ბერძნული სიტყვა „მარტირიონ“ და მისი მონათესავე ბერძნული სიტყვები მიუთითებს ნანახისა თუ გაგონილის გაცხადებაზე, დადასტურებაზე. ღვთის სამეფოსა და იესოს, როგორც მესიანური მეფის, როლის შესახებ დამოწმება წიგნ „საქმეების“ ძირითადი თემაა (სქ. 2:32; 3:15). პირველი საუკუნის ქრისტიანები ამოწმებდნენ ანუ ადასტურებდნენ იმ მოვლენებს, რომელთა თვითმხილველებიც თავად გახდნენ, იქნებოდა ეს სხვადასხვა ეპიზოდი იესოს ცხოვრებიდან თუ მისი სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის ფაქტები (სქ. 1:21, 22; 10:40, 41). ისინი კი, ვინც იესოს სიკვდილის შემდეგ გახდნენ მისი მიმდევრები, აუწყებდნენ ანუ ამოწმებდნენ, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა იესოს სიცოცხლეს, სიკვდილსა და აღდგომას (სქ. 22:15).
დანაშაულის შესაწირავი —
დარიკი —
სპარსული ოქროს მონეტა, რომელიც იწონიდა 8,4 გრამს (1მტ. 29:7). იხ. დანართი ბ14.
დასაღვრელი შესაწირავი —
დასაწვავი მსხვერპლი —
ცხოველური შესაწირავი, რომელიც სრულად იწვებოდა ღვთის სამსხვერპლოზე; ამგვარი შესაწირავიდან, იქნებოდა ეს მოზვერი, ვერძი, ვაცი, გვრიტი თუ მტრედის ხუნდი, არცერთი ნაწილი არ რჩებოდა შემწირველს (გმ. 29:18; ლვ. 6:9).
დეკაპოლისი —
ბერძნული ქალაქების გაერთიანება, რომელშიც თავდაპირველად ათი ქალაქი შედიოდა (ბერძნულად „დეკა“ ნიშნავს „ათს“, ხოლო „პოლის“ — „ქალაქს“). ამ სახელით მოიხსენიებდნენ მხარესაც გალილეის ზღვისა და მდინარე იორდანის აღმოსავლეთით, სადაც ამ ქალაქების უმეტესობა მდებარეობდა. ეს ქალაქები ვაჭრობისა და ელინისტური კულტურის კერებს წარმოადგენდა. იესოს მოუწია ამ მხარეში გავლა, თუმცა ბიბლია არაფერს ამბობს იმის თაობაზე, მოინახულა თუ არა მან რომელიმე ქალაქი (მთ. 4:25; მრ. 5:20). იხ. დანართები ა7 და ბ10.
დემონი —
უხილავი, ზებუნებრივი ძალის მქონე ბოროტი სულიერი ქმნილება. დაბადების 6:2-ში დემონებს „ღვთის ძეები“ ეწოდებათ, ხოლო იუდას 6-ში „ანგელოზები“, ვინაიდან ისინი შექმნის დღიდანვე ბოროტები არ ყოფილან. ეს ანგელოზები მაშინ გახდნენ ღვთის მტრები, როდესაც ნოეს წარღვნამდელ პერიოდში ეურჩნენ ღმერთს და სატანას მიემხრნენ იეჰოვას წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხებაში (კნ. 32:17; ლკ. 8:30; სქ. 16:16; იაკ. 2:19).
დიდი გასაჭირი —
„გასაჭირად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა, ძირითადად, დარდის, მწუხარების ან სხვადასხვა გარემოებით გამოწვეული ტანჯვის აღმნიშვნელია. იესომ იწინასწარმეტყველა ჯერ არნახული დიდი გასაჭირის შესახებ, რომელიც თავდაპირველად იერუსალიმს დაატყდებოდა თავს, მოგვიანებით კი — მთელ კაცობრიობას, როცა იგი სიდიადით მოვიდოდა (მთ. 24:21, 29—31). პავლე მოციქულმა ამ გასაჭირს სამართლიანი უწოდა, რადგან ამგვარად სამაგიერო მიეზღვებოდათ მათ, „ვინც არ იცნობს ღმერთს და ვინც არ იღებს სასიხარულო ცნობას“ იესო ქრისტეს შესახებ. გამოცხადების მე-19 თავში იესო წარმოდგენილია, როგორც მხედარი, რომელიც თავის ზეციერ ლაშქართან ერთად ილაშქრებს „მხეცის, დედამიწის მეფეებისა და მათი ლაშქრების“ წინააღმდეგ (2თს. 1:6—8; გმც. 19:11—21). ამ გასაჭირს „უამრავი ხალხი“ გადაიტანს (გმც. 7:9, 14). იხ. „არმაგედონი“.
დინარი —
რომაული ვერცხლის მონეტა, რომელიც იწონიდა დაახლ. 3,85 გრამს და რომლის ერთ მხარეზეც კეისარი იყო გამოსახული. ეს იყო მუშის დღიური გასამრჯელო და სულადობრივი გადასახადი, რომელსაც რომაელები ითხოვდნენ ებრაელებისგან (მთ. 22:17; ლკ. 20:24). იხ. დანართი ბ14.
დოლაბი —
მრგვალი ფორმის მბრუნავი ქვა, რომელიც მსგავს ქვას ედო ზემოდან და გამოიყენებოდა მარცვლეულის დასაფქვავად. ზედა ქვა ქვედა ქვის ცენტრში დამაგრებულ ღერძზე ბრუნავდა. ბიბლიურ დროში ხელსაფქვავი ყველა ოჯახში იყო და მას, ძირითადად, ქალები იყენებდნენ. ვინაიდან ოჯახი ხელსაფქვავის გარეშე უპუროდ რჩებოდა, მოსეს კანონით იკრძალებოდა ხელსაფქვავის ან ზედა დოლაბის გირაოდ გამორთმევა. მოზრდილ საფქვავებს, რომელიც ხელსაფქვავის პრინციპით მუშაობდა, ცხოველი ატრიალებდა (კნ. 24:6; მრ. 9:42).
დრაქმა —
ქრისტიანულ-ბერძნული წერილები ამგვარად მოიხსენიებს ბერძნულ ვერცხლის მონეტას, რომელიც იმ ეპოქაში იწონიდა 3,4 გრამს. ებრაულ წერილებში ვხვდებით ოქროს დრაქმასაც, რომელიც უთანაბრდებოდა სპარსულ დარიკს (ნემ. 7:70; მთ. 17:24). იხ. დანართი ბ14.
Ე
ებრაელი —
ამ ეთნონიმით თავდაპირველად აბრამი (აბრაამი) მოიხსენიება მის გასამიჯნად ამორეველი მეზობლებისგან. მას შემდეგ ეს სახელი ეწოდა ყველა მის შთამომავალს, მისი შვილიშვილის, იაკობის ხაზით (დბ. 14:13; გმ. 5:3).
ებრაული ენა —
ებრაელთა ენა. იესოს დროს ებრაულ ენაში ბევრი არამეული გამოთქმა იყო დამკვიდრებული; ამ ენაზე საუბრობდნენ ქრისტეც და მისი მოწაფეებიც (სქ. 26:14).
ედომი —
ისაკის ვაჟის, ესავის, მეორე სახელი. ესავის, იმავე ედომის, შთამომავლები დაეუფლნენ მკვდარ ზღვასა და აკაბის ყურეს შორის მდებარე სეირის მთიან მხარეს. ეს ტერიტორია „ედომის“ სახელით გახდა ცნობილი (დბ. 25:30; 36:8). იხ. დანართები ბ3 და ბ4.
ევფრატი —
სამხრეთ-დასავლეთ აზიაში მდებარე ყველაზე გრძელი და მნიშვნელოვანი მდინარე; შუამდინარეთის ორი მდინარიდან ერთ-ერთი. ევფრატი პირველად დაბადების 2:14-ში მოიხსენიება ედემის ბაღში არსებულ ოთხ მდინარეთა შორის. ხშირად ის უბრალოდ „მდინარედაა“ მოხსენიებული (დბ. 31:21). ის წარმოადგენდა ისრაელის ტერიტორიის ჩრდილოეთ საზღვარს (დბ. 15:18; გმც. 16:12). იხ. დანართი ბ2.
ეზო —
შემოღობილი ნაკვეთი კარვის ირგვლივ, მოგვიანებით კი გალავანში მოქცეული ერთ-ერთი ღია სივრცე ტაძრის შენობის ირგვლივ. დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლო ჯერ კარვის ეზოში იდგა, შემდეგ კი — ტაძრის შიდა ეზოში (იხ. დანართები ბ5, ბ8 და ბ11). ბიბლიაში მოხსენიებულია სახლისა და სასახლის ეზოებიც (გმ. 8:13; 27:9; 1მფ. 7:12; ესთ. 4:11; მთ. 26:3).
ეთანი —
ებრაული რელიგიური კალენდრით მე-7, ხოლო საერო კალენდრით 1-ლი თვის სახელწოდება. ემთხვეოდა პერიოდს შუა სექტემბრიდან შუა ოქტომბრამდე. ებრაელების ბაბილონიდან დაბრუნების შემდეგ ამ თვეს „თიშრი“ ეწოდა (1მფ. 8:2). იხ. დანართი ბ15.
ეთიოპია —
ეგვიპტის სამხრეთით მდებარე უძველესი სამეფო. მოიცავდა თანამედროვე ეგვიპტის უკიდურეს სამხრეთ ნაწილსა და დღევანდელ სუდანს. ებრაულ წერილებში ეს ადგილი „ქუშად“ მოიხსენიება (ესთ. 1:1).
ელული —
ებრაული რელიგიური კალენდრით მე-6, ხოლო საერო კალენდრით მე-12 თვის სახელწოდება, რომელსაც ებრაელები ბაბილონში გადასახლების შემდეგ იყენებდნენ. ემთხვეოდა პერიოდს შუა აგვისტოდან შუა სექტემბრამდე (ნემ. 6:15). იხ. დანართი ბ15.
ეპიგრაფი —
ეპიკურელები —
ბერძენი ფილოსოფოსის, ეპიკურეს (ძვ. წ. 341—270 წწ.), მიმდევრები. ეპიკურელთა ფილოსოფიური მოძღვრების თანახმად, არსებობის მიზანი ცხოვრებით ტკბობა და პირადი სიამოვნება იყო (სქ. 17:18).
ერთგული სიყვარული —
იხ. „ურყევი სიყვარული“.
ეფა —
ფხვიერი ნივთიერებების საწყაო; აგრეთვე ჭურჭელი, რომელშიც ამ ოდენობის ხორბალი ეტეოდა. წონით შეესაბამებოდა სითხის საწყაო ერთეულ ბათს, რომელშიც 22 ლ ჩადიოდა (გმ. 16:36; ეზკ. 45:10). იხ. დანართი ბ14.
ეფოდი —
წინსაფრის მსგავსი სამღვდელო სამოსელი. მღვდელმთავარი ატარებდა გამორჩეულ ეფოდს, რომელზეც მიმაგრებული იყო 12 ძვირფასი ქვით გაწყობილი სამკერდე (გმ. 28:4, 6). იხ. დანართი ბ5.
ეფრემი —
იოსების მეორე ვაჟის სახელი, რომელიც შემდგომში ისრაელის ერთ-ერთი ტომის სახელიც გახდა. ისრაელის გაყოფის შემდეგ ამ სახელით მთელი ათტომიანი სამეფო გახდა ცნობილი, ვინაიდან ეფრემი ამ ტომებს შორის სიდიდით გამორჩეული იყო (დბ. 41:52; იერ. 7:15).
ეშმაკი —
Ზ
ზედამხედველი —
მამაკაცი, რომლის ძირითადი მოვალეობა კრების წევრებზე ანუ სამწყსოზე ზრუნვაა. ბერძნული სიტყვის „ეპისკოპოს“ ძირითადი მნიშვნელობა მფარველობის მიზნით მეთვალყურეობის გაწევაა. სიტყვები „ზედამხედველი“ და „უხუცესი“ (ბერძნ. „პრესბიტეროს“) ქრისტიანულ კრებაში ერთი და იმავე სტატუსის მქონე პირზე მიუთითებს; წოდება „უხუცესი“ ყურადღებას ამახვილებს ამგვარი მსახურებისთვის დანიშნული მამაკაცის მოწიფულობაზე, ხოლო წოდება „ზედამხედველი“ — მის მოვალეობებზე (სქ. 20:28; 1ტმ. 3:2—7; 1პტ. 5:2).
ზევსი —
ბერძნული პანთეონის უზენაესი ღვთაება. ლისტრაში ყოფნისას ბარნაბა შეცდომით ზევსად მიიჩნიეს. ამ ქალაქის მახლობლად აღმოჩენილ უძველეს წარწერებში მოხსენიებული „ზევსის ქურუმები“ და „მზე-ღმერთი ზევსი“ ამ ტერიტორიაზე ზევსის კულტის არსებობაზე მოწმობს. ხომალდს, რომლითაც პავლე კუნძულ მალტიდან გაემგზავრა, ქიმზე ზევსის ვაჟების, ტყუპი ძმების, კასტორისა და პოლუქსის (პოლიდევკე), გამოსახულება ჰქონდა (სქ. 14:12; 28:11).
ზივი —
ებრაული რელიგიური კალენდრით მე-2, ხოლო საერო კალენდრით მე-8 თვის სახელწოდება. ემთხვეოდა პერიოდს შუა აპრილიდან შუა მაისამდე. ებრაულ თალმუდში და სხვა წერილობით წყაროებში, რომელიც ებრაელების ბაბილონში გადასახლების შემდეგ შეიქმნა, ის „იარის თვედაა“ მოხსენიებული (1მფ. 6:37). იხ. დანართი ბ15.
ზმირინი —
არომატული ფისი, რომელსაც გამოყოფს ზოგი ეკლიანი ბუჩქი ან მომცრო ხე (genus Commiphora). ზმირინი წმინდა საცხები ზეთის ერთ-ერთ ინგრედიენტს წარმოადგენდა. მას იყენებდნენ სამოსისა თუ ქვეშაგებისთვის სასიამოვნო სურნელის მისანიჭებლად; გარდა ამისა, მას უმატებდნენ სხეულის დასაზელ ზეთს. ზმირინს იყენებდნენ მაშინაც, როცა ცხედარს დასაკრძალად ამზადებდნენ (გმ. 30:23; იგ. 7:17; ინ. 19:39).
Თ
თავაშვებულობა —
„თავაშვებულობად“ ნათარგმნია ბერძნული სიტყვა „ასელგია“, რომელიც გამოიყენება ისეთი ქმედებების აღსაწერად, როცა სერიოზულად ირღვევა ღვთის კანონი და მჟღავნდება თავხედური და აშკარად აგდებული დამოკიდებულება. თავაშვებულობისთვის დამახასიათებელია უპატივცემულო და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება როგორც კანონისა თუ მიღებული ნორმების, ისე უფლებამოსილების მქონე პირთა მიმართ. „თავაშვებულობაში“ არ იგულისხმება შედარებით მსუბუქი ხასიათის არასწორი ქმედება (გლ. 5:19; 2პტ. 2:7).
თავისუფალი, გათავისუფლებული —
რომის იმპერიაში თავისუფლად ითვლებოდა ის, ვინც დაბადებიდან რომის მოქალაქე იყო და მოქალაქის სრული უფლებებით სარგებლობდა. გათავისუფლებულად ითვლებოდა ყოფილი მონა. მონას, რომელიც ოფიციალური წესით თავისუფლდებოდა, ენიჭებოდა რომის მოქალაქეობა, თუმცა ის ვერ ჩაერეოდა პოლიტიკურ საქმეებში. რაც შეეხება არაოფიციალურად გათავისუფლებულ მონას, მართალია, ის მონად აღარ ითვლებოდა, მაგრამ მოქალაქის ყველა უფლებით ვერ სარგებლობდა (1კრ. 7:22).
თავსაბურავი —
თავზე შემოსახვევი გრძელი ქსოვილი. მღვდელმთავარს ძვირფასი სელის თავსაბურავი ეფარა, რომელსაც წინიდან ლურჯი თასმით ოქროს ფირფიტა ჰქონდა მიმაგრებული. მეფეები თავსაბურავს გვირგვინის ქვეშ ატარებდნენ. იობმაც თავისი სამართალი თავსაბურავს შეადარა (გმ. 28:36, 37; იობ. 29:14; ეზკ. 21:26).
თავშესაფარი ქალაქები —
ლევიანთა ქალაქები, რომელსაც თავს აფარებდა სისხლის ამღებისგან გაქცეული, თუკი უნებლიეთ შემოაკვდებოდა ვინმე. აღთქმული მიწის სხვადასხვა კუთხეში მდებარე ეს 6 ქალაქი იეჰოვას მითითებით გამოყვეს მოსემ და მოგვიანებით იესო ნავეს ძემ. როცა გაქცეული მიაღწევდა თავშესაფარ ქალაქს, მას თავისი საქმე უნდა წარედგინა კარიბჭესთან მსხდომი უხუცესების წინაშე, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ, შეეფარებინათ ის. ამ შესაძლებლობით მკვლელობის განზრახ ჩამდენს რომ არ ესარგებლა, თავშესაფარ ქალაქში გაქცევის შემდეგ უდანაშაულობის დასამტკიცებლად მკვლელი უნდა წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე იმ ქალაქში, სადაც მკვლელობა მოხდა. თუ ის უდანაშაულო აღმოჩნდებოდა, მას დააბრუნებდნენ თავშესაფარ ქალაქში, სადაც ის სიცოცხლის ბოლომდე ან მღვდელმთავრის სიკვდილამდე უნდა დარჩენილიყო (რც. 35:6, 11—15, 22—29; იეს. 20:2—8).
თამუზი —
1) წარმართული ღვთაება, რომელსაც კერპთაყვანისმცემელი ებრაელი ქალები დასტიროდნენ იერუსალიმში. ვარაუდობენ, რომ თამუზი ერქვა მეფეს, რომელიც სიკვდილის შემდეგ გააღმერთეს. შუმერულ ტექსტებში მას „დუმუზი“ ეწოდება და წარმოადგენს ნაყოფიერების ქალღმერთ ინანას (ბაბილონელთა იშთარი) მეუღლესა და საყვარელს (ეზკ. 8:14). 2) ებრაული რელიგიური კალენდრით მე-4 მთვარისმიერი თვის, ხოლო საერო კალენდრით მე-10 თვის სახელწოდება, რომელსაც ებრაელები ბაბილონში გადასახლების შემდეგ იყენებდნენ. ემთხვეოდა პერიოდს შუა ივნისიდან შუა ივლისამდე. იხ. დანართი ბ15.
თარშიშული ხომალდები —
თავდაპირველად აღნიშნავდა ხომალდებს, რომლებიც ნაოსნობდნენ ძველი თარშიშისკენ (დღევანდელი ესპანეთი); მოგვიანებით ამგვარად მოიხსენიებდნენ შორეული ნაოსნობისთვის განკუთვნილ დიდი ზომის ხომალდებს. მეფე სოლომონი და მეფე იეჰოშაფატი ასეთ ხომალდებს სავაჭროდ იყენებდნენ (1მფ. 9:26; 10:22; 22:48).
თერაფიმი —
ოჯახის ღმერთი, კერპი; ზოგჯერ მათი მეშვეობით ცდილობდნენ მომავლის განჭვრეტას (ეზკ. 21:21). ზოგი თერაფიმი ზომითა და ფორმით კაცს ჰგავდა, ზოგიც შედარებით მომცრო იყო (დბ. 31:34; 1სმ. 19:13, 16). შუამდინარეთში მოპოვებული არქეოლოგიური მასალა იმაზე მოწმობს, რომ თერაფიმის მფლობელს შეეძლო, პრეტენზია განეცხადებინა ოჯახის მემკვიდრეობაზე (სავარაუდოდ, ამით აიხსნება რახელის საქციელი, თუ რატომ მოჰპარა მამამისს თერაფიმი). როგორც წესი, ებრაელებს თერაფიმები არ ჰქონდათ, თუმცა როგორც მსაჯულების, ისე მეფეების დროს ისრაელშიც ვხვდებით საოჯახო კერპების გამოყენების პრეცედენტებს. ღვთის ერთგულმა მეფე იოშიამ სხვა კერპთაყვანისმცემლურ ნივთებთან ერთად თერაფიმებიც გაანადგურა (მსჯ. 17:5; 2მფ. 23:24; ოს. 3:4).
თიშრი —
იხ. „ეთანი“ და დანართი ბ15.
Ი
იაკობი —
ისაკისა და რებეკას ვაჟი. მოგვიანებით ღმერთმა მას „ისრაელი“ უწოდა; ის გახდა ისრაელი ერის (ებრაელთა) მამამთავარი. მას 12 ვაჟი ჰყავდა, რომელთა შთამომავლებისგანაც ისრაელის 12 ტომი წარმოიშვა. სახელი „იაკობი“ მთელი ისრაელი ერის სინონიმადაც გამოიყენებოდა (დბ. 32:28; მთ. 22:32).
იგავი, ანდაზა —
ბრძნული გამონათქვამი ან მოკლე ალეგორიული მოთხრობა, რომელსაც აქვს დამრიგებლური ხასიათი და სხარტად გადმოსცემს უცილობელ ჭეშმარიტებას. ბიბლიურ იგავს შეიძლება ჰქონდეს თავსატეხის ან გამოცანის სახე. იგავებში ჭეშმარიტების გადმოსაცემად ხშირად გამოყენებულია გამომსახველობითი ენა და მეტაფორები. ზოგი ბრძნული გამონათქვამი, რომელიც ანდაზად დამკვიდრდა, აქილიკებს ან გმობს კონკრეტული ტიპის საქციელსა თუ ადამიანს (ეკ. 12:9; 2პტ. 2:22). როგორც წესი, „იგავადაა“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა „პარაბოლე“, რაც სიტყვასიტყვით „ერთად მოთავსებას“, „გვერდიგვერდ განთავსებას“ ნიშნავს ანუ ორი საგნისა თუ მოვლენის ერთმანეთთან შედარებას მათ შორის მსგავსების გამოვლენის მიზნით (მრ. 4:30).
იედუთუნი —
ტერმინი, რომლის ზუსტი წარმომავლობა უცნობია; გვხვდება 39-ე, 62-ე და 77-ე ფსალმუნების ეპიგრაფებში. როგორც ჩანს, ამ ეპიგრაფებში მოხსენიებულ ტერმინში საშემსრულებლო მითითებები იგულისხმება, მაგალითად, შესრულების სტილი ან შესაძლოა თავად მუსიკალური საკრავი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იედუთუნი ერთ-ერთ ლევიან მუსიკოსს ერქვა, შესაძლოა ამ ტერმინში იედუთუნისა და მისი ვაჟების საშემსრულებლო მანერა ან მათ მიერ გამოგონილი ინსტრუმენტი იგულისხმება.
იეჰოვა —
ებრაული ტეტრაგრამატონის (ღვთის სახელის აღმნიშვნელი ოთხი ასო) ქართულ ენაში დამკვიდრებული ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ბიბლიის ამ თარგმანში 7 000-ზე მეტჯერ გვხვდება. იხ. დანართები ა4 და ა5.
ილირია —
საბერძნეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე რომის პროვინცია. პავლემ თავისი მისიონერული მოგზაურობის დროს ილირიამდე მიაღწია, თუმცა დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, იქადაგა თუ არა მან უშუალოდ ილირიაში (რმ. 15:19). იხ. დანართი ბ13.
ინახად ჯდომა —
სუფრასთან მხარ-თეძოზე წამოწოლით ჯდომის ბიბლიური ტრადიცია.
ისრაელი —
სახელი, რომელიც ღმერთმა დაარქვა იაკობს, ხოლო მოგვიანებით მისი 12 ვაჟის ყველა შთამომავალს ეწოდა. „ისრაელად“ იწოდებოდა აგრეთვე სამხრეთის სამეფოსგან გამოყოფილი ჩრდილოეთის ათტომიანი სამეფო. მოგვიანებით „ღვთის ისრაელი“ ცხებულ ქრისტიანებს ეწოდა (გლ. 6:16; დბ. 32:28; 2სმ. 7:23; რმ. 9:6).
იუდა —
იაკობის მეოთხე ვაჟი, რომელიც ლეასგან შეეძინა. სიკვდილის წინ იაკობმა იუდას უწინასწარმეტყველა, რომ მისი საგვარეულო შტოდან დიდებული და მარადიული მმართველი მოვიდოდა. იუდა განკაცებული იესოს წინაპარი გახდა. „იუდას“ სახელით იწოდებოდა როგორც ისრაელის ერთ-ერთი ტომი, ისე სამეფო. იუდას სამეფოში, იგივე სამხრეთ სამეფოში, შედიოდა ორი ებრაული ტომი, იუდა და ბენიამინი, აგრეთვე მღვდლები და ლევიანები. იუდას სამეფოს ეკავა ქვეყნის სამხრეთი ნაწილი, სადაც იერუსალიმი და ტაძარი მდებარეობდა (დბ. 29:35; 49:10; 1მფ. 4:20; ებ. 7:14).
იუდეველი —
სიტყვა, რომლითაც მოიხსენიებდნენ იუდას ტომის წარმომადგენელს ისრაელის ათტომიანი სამეფოს დაცემის შემდეგ (2მფ. 16:6). ბაბილონში გადასახლების შემდეგ ეს სახელი ეწოდა სამშობლოში დაბრუნებულ ყველა ებრაელს განურჩევლად ტომისა (ეზრ. 4:12). მოგვიანებით ამ სიტყვას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ებრაელების სხვა ერებისგან გასამიჯნად იყენებდნენ (ესთ. 3:6). ეს ტერმინი გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენა მოციქულმა პავლემ იმის ხაზგასასმელად, რომ ქრისტიანულ კრებაში არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა ეროვნებას (რმ. 2:28, 29; გლ. 3:28).
Კ
კაბი —
ფხვიერი ნივთიერებების საწყაო, რომელშიც დაახლ. 1, 22 ლ ეტეოდა. მისი ტევადობა დადგენილია ბათთან მიმართებით (2მფ. 6:25). იხ. დანართი ბ14.
კალია —
მწერი, რომელიც გუნდ-გუნდად გადაადგილდება. მოსეს კანონის თანახმად, ეს მწერი საჭმელად ვარგისად ითვლებოდა. კალიების შემოსევა უბედურებას მოასწავებდა, რადგან ისინი გზად ყველაფერს აჩანაგებდნენ (გმ. 10:14; მთ. 3:4).
კალო, გალეწვა —
კალო იყო მოსწორებული, შემაღლებული ადგილი, რომელიც კარგად ნიავდებოდა. იქ ლეწავდნენ პურეულს, ანუ თავთავს და ღეროს აცალკევებდნენ მარცვლეულისგან. გალეწვა ხდებოდა ჯოხით, ან დიდი მოსავლის შემთხვევაში, პურეულის სალეწი იარაღით, კევრით, რომელსაც პირუტყვი გადაატარებდა გასალეწ პურეულს (ლვ. 26:5; ეს. 41:15; მთ. 3:12).
კანონი —
ზოგჯერ იგულისხმება მოსეს კანონი, რომელიც იეჰოვამ ისრაელს სინის უდაბნოში ძვ. წ. 1513 წელს მისცა. ბიბლიის პირველი ხუთი წიგნიც „კანონად“ მოიხსენიება (იეს. 23:6; ლკ. 24:44; მთ. 7:12; გლ. 3:24). იმავდროულად, შეიძლება აღნიშნავდეს მოსეს კანონების კრებულიდან ერთ რომელიმე კანონს ან კანონში ჩადებულ პრინციპს (რც. 15:16; კნ. 4:8).
კარავი —
გადასატანი ნაგებობა, რომელსაც ისრაელები ღვთის თაყვანსაცემად იყენებდნენ ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ. მასში იდგა იეჰოვას შეთანხმების კიდობანი, რომელიც ღვთის იქ ყოფნის სიმბოლო იყო; კარავში ხდებოდა მსხვერპლშეწირვაც. ზოგჯერ მას „შეხვედრის კარავსაც“ უწოდებდნენ. ეს იყო ხის საბჯენებით შეკრული ერთგვარი ჩარჩო, რომელზეც ჩამოფარებული იყო სელის ფარდები ზედ ნაქარგი ქერუბიმებით. კარავი ორ ნაწილად იყო გაყოფილი, ერთს „წმინდა“ ერქვა, მეორეს კი — „წმინდათაწმინდა“ (იეს. 18:1; გმ. 25:9). იხ. დანართი ბ5.
კარვობის დღესასწაული —
ცნობილი იყო მოსავლის აღების დღესასწაულადაც. იმართებოდა 15—21 ეთანს. ამ დღესასწაულით ისრაელები სამიწათმოქმედო წლის დასასრულს აღნიშნავდნენ, მხიარულობდნენ და მადლობას სწირავდნენ იეჰოვას მოსავლის კურთხევის გამო. დღესასწაულის განმავლობაში ისრაელები ცხოვრობდნენ ე.წ. კარვებში, რომლებიც, რეალურად, ფოთლიანი ტოტებით გადახურულ ერთგვარ საჩრდილობლებს წარმოადგენდა, რაც მათ ეგვიპტიდან გამოსვლის პერიოდს შეახსენებდა. ეს იყო იმ სამი დღესასწაულიდან ერთ-ერთი, რომლის აღსანიშნავად ებრაელ მამაკაცებს იერუსალიმში ჩასვლა მოეთხოვებოდათ (ლვ. 23:34; ეზრ. 3:4).
კასია —
დარიჩინის ხის ერთ-ერთი სახეობა (Cinnamomum cassia). მისგან ამზადებდნენ ნელსაცხებელს; წარმოადგენდა წმინდა საცხები ზეთის ერთ-ერთ ინგრედიენტს (გმ. 30:24; ფს. 45:8; ეზკ. 27:19).
კაცის ძე —
ფრაზა, რომელიც 80-მდე ადგილას გვხვდება სახარებებში იესოსთან მიმართებით იმის საჩვენებლად, რომ ის არ ყოფილა უბრალოდ ხორცშესხმული სულიერი ქმნილება, არამედ ქვეყანას მოევლინა როგორც ჩვეულებრივი ხორციელი ადამიანი. ეს ფრაზა იმაზეც მიუთითებს, რომ იესო შეასრულებდა დანიელის 7:13, 14-ში ჩაწერილ წინასწარმეტყველებას. ებრაულ წერილებში ეს ფრაზა გამოიყენება ეზეკიელთან და დანიელთან მიმართებითაც იმის ხაზგასასმელად, თუ რაოდენ დიდი სხვაობაა უბრალო მოკვდავ წინასწარმეტყველსა და მისთვის წინასწარმეტყველური ცნობის გადამცემ ზეციერ ღმერთს შორის (ეზკ. 3:17; დნ. 8:17; მთ. 19:28; 20:28).
კეთრი —
კანის მძიმე სნეულება. ბიბლიაში „კეთრში“ მხოლოდ დღეს ამ სახელით ცნობილი დაავადება არ იგულისხმება, რადგან ის არა მხოლოდ ადამიანს, არამედ ტანსაცმელსაც და სახლსაც უჩნდებოდა (ლვ. 14:54, 55; ლკ. 5:12).
კეისარი —
რომაული გვარი, რომელიც რომის იმპერატორთა ტიტულად იქცა. ბიბლია სახელდებით მოიხსენიებს ზოგიერთ კეისარს, მაგალითად, ავგუსტუსს, ტიბერიუსსა და კლავდიუსს. მასში კიდევ ერთი კეისარია მოხსენიებული, რომელშიც ნერონი იგულისხმება. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში „კეისარი“ ხელისუფლების, სახელმწიფო ძალაუფლების სინონიმადაც არის გამოყენებული (მრ. 12:17; სქ. 25:12).
კერპი, კერპთაყვანისმცემლობა —
სულიერისა თუ უსულოს, არსებულისა თუ გამოგონილის გამოსახულება ან სიმბოლო, რომელსაც თაყვანს სცემენ. კერპთაყვანისმცემლობა არის კერპისთვის ღვთაებრივი უნარის მიწერა, მისდამი მოწიწება და მისი მსახურება (ფს. 115:4; სქ. 17:16; 1კრ. 10:14).
კვერთხი —
საგანგებო ჯოხი, რომელიც ხელთ ეპყრა მმართველს ძალაუფლების ნიშნად (დბ. 49:10; ებ. 1:8).
კრება, კრებული —
კონკრეტული მიზნისა თუ საქმისთვის შეკრებილი ხალხის ჯგუფი. ებრაულ წერილებში ეს სიტყვა, როგორც წესი, ერთად შეკრებილი ისრაელების აღსანიშნავად გამოიყენება, ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში კი — ცალკეული ქრისტიანული კრების, უმეტეს შემთხვევაში, ზოგადად, ქრისტიანული კრების აღსანიშნავად (2მტ. 20:5; სქ. 9:31; რმ. 16:5).
Ლ
ლევი, ლევიანი —
იაკობის მესამე ვაჟი, რომელიც მას ლეასგან შეეძინა; აგრეთვე ისრაელის ერთ-ერთი ტომის სახელი. ლევის სამი ვაჟისგან წარმოიშვა ლევიანთა სამი დანაყოფი. უმეტეს შემთხვევაში, „ლევიანებში“ იგულისხმება ლევის ტომი აარონის სამღვდელო საგვარეულოს გამოკლებით, ზოგჯერ კი — მთელი ტომი. ლევის ტომს არ მიუღია სამკვიდრო აღთქმულ მიწაზე, თუმცა მათ გამოუყვეს 48 ქალაქი სხვადასხვა ტომის კუთვნილ ტერიტორიაზე (კნ. 10:8; 1მტ. 6:1; ებ. 7:11).
ლევიათანი —
ბიბლიური კონტექსტიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ეს იყო წყლის ბინადარი. იობის 3:8-სა და 41:1-ში მოხსენიებულ „ლევიათანში“ იგულისხმება ნიანგი ან სხვა დიდი და ძლიერი წყლის ბინადარი. ფსალმუნის 104:26-ში შესაძლოა აღნიშნავდეს ვეშაპის რომელიმე სახეობას. სხვა კონტექსტებში მას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და მისი გაიგივება რომელიმე ცხოველთან შეუძლებელია (ფს. 74:14; ეს. 27:1).
ლევირატი —
იხ. „მაზლის ვალდებულება“.
ლეპტა —
ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დაწერის ეპოქაში ამ სახელით იყო ცნობილი ებრაული, მცირე ზომის სპილენძის ან ბრინჯაოს მონეტა (მრ. 12:42; ლკ. 21:2). იხ. დანართი ბ14.
ლერწამი —
მცენარეთა გვარი, რომელიც ტენიან ადგილებში ხარობს. ბიბლიაში მოხსენიებულ „ლერწამში“ ხშირად მისი ერთ-ერთი სახეობა (Arundo donax) იგულისხმება (იობ. 8:11; ეს. 42:3; მთ. 27:29; გმც. 11:1). იხ. „საზომი ლერწამი“.
ლიბანის მთაგრეხილი —
ლიბანის ტერიტორიაზე მდებარე ორი მთაგრეხილიდან ერთ-ერთი. ლიბანის მთაგრეხილი მდებარეობს დასავლეთით, ხოლო ანტილიბანისა — აღმოსავლეთით. ამ მთათა სისტემებს შორის მოქცეულია გრძელი, ნაყოფიერი ველი. ლიბანის მთაგრეხილი თითქმის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან იწყება; მისი მწვერვალების სიმაღლე 1 800—2 100 მ-ს შეადგენს. ძველად ლიბანის ფერდობები საუცხოო კედრის ხეებით იყო დაფარული; ეს ხე დიდად ფასობდა მეზობელ ხალხებში (კნ. 1:7; ფს. 29:6; 92:12). იხ. დანართი ბ7.
ლოგი —
სითხის ყველაზე მცირე საზომი ერთეული, რომელიც ბიბლიაში მოიხსენიება. თალმუდის თანახმად, ის ჰინის მეთორმეტედს შეადგენდა. აქედან გამომდინარე, ლოგი უდრიდა 0,31 ლ-ს (ლვ. 14:10). იხ. დანართი ბ14.
Მ
მაგისტრატები —
აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები რომის კოლონიებში. მათ მოვალეობებში შედიოდა წესრიგის დაცვა, ფინანსების განკარგვა, კანონდამრღვევთა გასამართლება და სასჯელაღსრულება (სქ. 16:20).
მაზლის ვალდებულება —
მაკედონია —
საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე მხარე, რომელმაც ალექსანდრე მაკედონელის ხანაში მოიპოვა ძლიერება და დამოუკიდებელი იყო, ვიდრე რომაელების ხელში აღმოჩნდებოდა. როცა პავლე პირველად ეწვია ევროპას, მაკედონია რომის პროვინციას წარმოადგენდა; პავლე სამჯერ ესტუმრა მაკედონიას (სქ. 16:9). იხ. დანართი ბ13.
მალქამი —
მანანა —
ისრაელთა ძირითადი საკვები, რომელსაც მათ იეჰოვა უგზავნიდა 40 წლის მანძილზე უდაბნოში ყოფნისას. ის, შაბათის გარდა, ყოველ დილით სასწაულებრივად ჩნდებოდა მიწის პირზე ცვრის აორთქლების შემდეგ. როცა ისრაელებმა პირველად შენიშნეს, იკითხეს, ეს რა არისო (ებრ. „მან ჰუ“), რის გამოც „მანანა“ ეწოდა (გმ. 16:13—15, 35). ზოგ ადგილას მოიხსენიება, როგორც „ციური მარცვალი“ (ფს. 78:24), „ზეციური პური“ (ფს. 105:40) და „ძლიერთა პური“ (ფს. 78:25). იესომ „მანანა“ გადატანითი მნიშვნელობითაც გამოიყენა (ინ. 6:49, 50).
მარხვა —
ყველანაირი საკვებისგან დროებით თავშეკავება. ისრაელები, ჩვეულებრივ, მარხულობდნენ გამოსყიდვის დღეს, აგრეთვე მაშინ, როცა რაიმე გასაჭირი ადგათ ან ღვთისგან ხელმძღვანელობას საჭიროებდნენ. ებრაელებს ერის ისტორიაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების აღსანიშნავად ოთხი ყოველწლიური მარხვა ჰქონდათ დაწესებული. მარხვის შენახვა არ მოეთხოვებათ ქრისტიანებს (ეზრ. 8:21; ეს. 58:6; ლკ. 18:12).
მარჯანი —
ქვისებრი მყარი წარმონაქმნი, რომელიც მიიღება ზღვაში მობინადრე ცოცხალი ორგანიზმების კირქვული ჩონჩხისგან. სხვადასხვა შეფერილობის მქონე (წითელი, თეთრი ან შავი) მარჯანს ვხვდებით ზღვებსა და ოკეანეებში. მარჯანი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მოიპოვებოდა წითელ ზღვაში. ბიბლიურ დროში წითელი მარჯანი დიდად ფასობდა; მისგან მზადდებოდა მძივები თუ სხვა სამკაულები (იგ. 8:11).
მასქილი —
ებრაული სიტყვა, რომელიც 13 ფსალმუნის ეპიგრაფში გვხვდება, და რომლის მნიშვნელობაც უცნობია. მისი შესაძლო თარგმანი „საფიქრებელი ლექსია“. ზოგი სწავლულის აზრით, ბიბლიაში გამოყენებული მსგავსი ფუძის ებრაული სიტყვა გააზრებულ მსახურებაზე მიუთითებს (2მტ. 30:22; ფს. 32, ეპგ.).
მაშა —
ოქროს იარაღი, რომელსაც კარავსა და ტაძარში ლამპრების ჩასაქრობად იყენებდნენ (გმ. 37:23).
მახალათი —
სავარაუდოდ, მუსიკალური ტერმინი, რომელიც 53-ე და 88-ე ფსალმუნების ეპიგრაფებში გვხვდება. შესაძლოა მომდინარეობს ებრაული ზმნიდან, რაც „დაუძლურებას“, „დასნეულებას“ ნიშნავს; თუ ამ ორი ფსალმუნის სევდიანი შინაარსით ვიმსჯელებთ, ეს ტერმინი ნაღვლიან, მინორულ ტონალობაზე უნდა მიუთითებდეს.
მეათედი —
გადასახადის სახით გადახდილი ან სხვაგვარად გაღებული მეათედი ანუ 10 პროცენტი, როგორც წესი, რელიგიური დანიშნულებისთვის (მლ. 3:10; კნ. 26:12; მთ. 23:23). მოსეს კანონის თანახმად, ხალხს ლევიანების შესანახად ყოველწლიურად უნდა გაეღო თავიანთი მოსავლისა და ცხვარ-ძროხის მეათედი. ლევიანებს, თავის მხრივ, ამ მეათედიდან მეათედის გაღება მოეთხოვებოდათ აარონის სამღვდელო შტოსთვის. მეათედის გაღება ზოგჯერ სხვა შემთხვევებშიც ხდებოდა საჭირო. ქრისტიანებს არ მოეთხოვებათ მეათედის გაღება.
მეთაური —
მეთუნე —
მეროდაქი —
ქალაქ ბაბილონის მფარველი ღვთაება. მას შემდეგ, რაც ხამურაბიმ, ბაბილონის მეფემ და კანონმდებელმა, ბაბილონი ბაბილონეთის დედაქალაქად აქცია, მეროდაქმა (იგივე მარდუქი) განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, ჩაანაცვლა მანამდე არსებული ბევრი ღვთაება და ბაბილონური პანთეონის უზენაეს ღვთაებად იქცა. მოგვიანებით მეროდაქს (მარდუქი) ეწოდა „ბელუ“ (ნიშნავს „ბატონს“) და ყოველდღიურ მეტყველებაში „ბელის“ ფორმით დამკვიდრდა (იერ. 50:2).
მესია —
მეძავი —
ის, ვინც გასამრჯელოს სანაცვლოდ ამყარებს სქესობრივ კავშირს ვინმესთან; „მეძავის“ აღმნიშვნელი ბერძნული სიტყვა „პორნე“ მომდინარეობს სიტყვიდან, რომელიც „გაყიდვას“ ნიშნავს. მეძავი, ძირითადად, ქალს აღნიშნავს, თუმცა ბიბლია მოიხსენიებს მეძავ მამაკაცებსაც. მოსეს კანონით მეძაობა იკრძალებოდა. მეძაობით ნაშოვნი ფული არ უნდა შეეწირათ იეჰოვას ტაძრისთვის, განსხვავებით იმ წარმართი ერებისგან, რომელთათვისაც ტაძრის მეძაობა შემოსავლის წყარო იყო (კნ. 23:17, 18; 1მფ. 14:24). ბიბლია გადატანითი მნიშვნელობით იყენებს ამ სიტყვას იმ ადამიანებთან, ერებთან თუ ორგანიზაციებთან მიმართებით, რომლებიც ღვთის თაყვანისმცემლებად ასაღებენ თავს, მაგრამ კერპთაყვანისმცემლობის რაიმე ფორმაში არიან ჩაბმული. წიგნი „გამოცხადებაც“ „მეძავად“ მოიხსენიებს „დიდ ბაბილონად“ წოდებულ რელიგიათა ერთობლიობას, რადგან ის ძალაუფლებისა და სიმდიდრის მოსახვეჭად გარყვნილებას სჩადის ამ ქვეყნიერების მმართველებთან (გმც. 17:1—5; 18:3; 1მტ. 5:25).
მთავარანგელოზი —
მიდიელები, მიდია —
იაფეთის ვაჟის, მადაის, შთამომავლები; ისინი დასახლდნენ ირანის ზეგანზე, მათი ქვეყანა კი „მიდიის“ სახელით გახდა ცნობილი. მიდიელებმა ბაბილონთან ერთად გაილაშქრეს ასურეთზე. მაშინ სპარსეთი ჯერ კიდევ მიდიის ერთ-ერთი პროვინცია იყო, მაგრამ კიროსის აჯანყების შემდეგ მიდია იქცა სპარსეთის ნაწილად, რის შედეგადაც მიდია-სპარსეთის იმპერია შეიქმნა, რომელმაც ძვ. წ. 539 წელს ახალბაბილონური იმპერია დაამარცხა. იერუსალიმში ახ. წ. 33 წლის 50-ე დღის დღესასწაულზე შეკრებილთა შორის მიდიელებიც იყვნენ (დნ. 5:28, 31; სქ. 2:9). იხ. დანართი ბ9.
მილი —
მანძილის საზომი ერთეული, რომელიც ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დედნისეულ ტექსტში მხოლოდ ერთხელ, მათეს 5:41-ში, გამოიყენება; მასში, როგორც ჩანს, რომაული მილი იგულისხმება, რომელიც 1 479,5 მ-ს უდრიდა. იხ. დანართი ბ14.
მილო —
ებრაული სიტყვის ტრანსლიტერაცია. შესაძლოა აღნიშნავდეს დავითის ქალაქში არსებულ ლანდშაფტის თავისებურებას ან ერთგვარ ნაგებობას; დღემდე უცნობია, ზუსტად რას წარმოადგენდა მილო (2სმ. 5:9; 1მფ. 11:27).
მილქომი —
ამონელთა ღვთაება, შესაძლოა ეს იყოს იგივე მოლექი (1მფ. 11:5, 7). თავისი მეფობის დასასრულს მეფე სოლომონმა მაღლობები აღუმართა ამ ღვთაებას. იხ. „მოლექი“.
მინა —
იგივე „ეზეკიელის“ წიგნში მოხსენიებული „მანე“. წონისა და ფულის ერთეული. არქეოლოგიური მტკიცებულების საფუძველზე მინა შეადგენდა 50 შეკელს, შეკელი კი იწონიდა 11,4 გრამს, შესაბამისად, ებრაულ წერილებში მოხსენიებული მინა უდრიდა 570 გრამს. წყრთის მსგავსად, სავარაუდოდ, არსებობდა სამეფო მინაც. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ნახსენები მინა 100 დრაქმის ეკვივალენტი იყო და იწონიდა 340 გრამს. 60 მინა შეადგენდა ტალანტს (ეზრ. 2:69; ლკ. 19:13). იხ. დანართი ბ14.
მიქთამი —
მიძღვნის დღესასწაული —
ყოველწლიური დღესასწაული, ანტიოქე ეპიფანეს მიერ შებილწული ტაძრის განწმენდის აღსანიშნავად. დღესასწაულის აღნიშვნა იწყებოდა 25 ქისლევს და 8 დღე გრძელდებოდა (ინ. 10:22).
მიძღვნის წმინდა ნიშანი —
ოქროს მბზინვარე ფირფიტა, რომელზეც ებრაულად იყო ამოტვიფრული სიტყვები „წმინდაა იეჰოვა“. ეს ფირფიტა მღვდელმთავარს თავსაბურავზე წინიდან ჰქონდა მიმაგრებული (გმ. 39:30). იხ. დანართი ბ5.
მკვდრეთით აღდგომა —
ბერძნულად „ანასტასის“, რაც სიტყვასიტყვით „ადგომას“, „წამოდგომას“ ნიშნავს. ბიბლიაში მკვდრეთით აღდგომის 9 შემთხვევას ვხვდებით, მათგან ერთ-ერთი იეჰოვა ღმერთის მიერ მისი ძის, იესოს, მკვდრეთით აღდგომაა. რაც შეეხება მკვდრეთით აღდგომის სხვა შემთხვევებს, მართალია, ისინი ელიას, ელისეს, იესოს, პეტრესა და პავლეს მეშვეობით მოხდა, მაგრამ ამ სასწაულებში აშკარად ღვთის ხელი ერია. ღვთის განზრახვის განუყოფელი ნაწილია როგორც მართლების, ისე უმართლოების მკვდრეთით აღდგომა დედამიწაზე საცხოვრებლად (სქ. 24:15). ბიბლიაში აგრეთვე მოხსენიებულია ზეციერი აღდგომა, რომელსაც „პირველი აღდგომაც“ ეწოდება და იესოს სულითცხებული ძმების აღდგომას გულისხმობს (ფლ. 3:11; გმც. 20:5, 6; ინ. 5:28, 29; 11:25).
მკითხავი —
ვინც ვითომდა მომავლის წინასწარ განჭვრეტის უნარს ფლობს. ბიბლია ამ კატეგორიაში აერთიანებს გრძნეულ ქურუმებს, სულების გამომძახებლებსა თუ ასტროლოგებს (ლვ. 19:31; კნ. 18:11; სქ. 16:16).
მოლექი —
ამონელთა ღვთაება; სავარაუდოდ, იგივე მალქამი, მილქომი და მოლოქი. შესაძლოა ეს იყო ტიტული და არა კონკრეტული ღვთაების სახელი. მოსეს კანონით სიკვდილით უნდა დასჯილიყო ის, ვინც შვილს მოლექს შესწირავდა (ლვ. 20:2; იერ. 32:35; სქ. 7:43).
მოლოქი —
იხ. „მოლექი“.
მომსახურე —
ბერძნულად „დიაკონოს“, რაც „მსახურადაც“ ითარგმნება. მომსახურეები კრების უხუცესთა საბჭოს ეხმარებიან კრების საორგანიზაციო საკითხებში. ვისაც მომსახურედ მსახურება სურს, უნდა შეესაბამებოდეს იმ მოთხოვნებს, რომლებსაც ბიბლია უყენებს მომსახურეებს (1ტმ. 3:8—10, 12).
მომცვრევა —
რთვლის შემდეგ ვენახში აქა-იქ შერჩენილი ყურძნის კრეფა. მოსეს კანონის თანახმად, პატრონს ვენახი არ უნდა გაეკრიფა პირწმინდად. გარდა ამისა, არც ყანის ნაპირები უნდა მოემკა სრულად და არც ზეთისხილი ჩამოებერტყა ბოლომდე. ამგვარად ღმერთი უფლებას აძლევდა ღარიბს, შეჭირვებულს, უცხოელსა და ქვრივ-ობოლს, რომ ესარგებლა მორჩენილი მოსავლით (რთ. 2:7).
მონანიება —
მოსეს კანონი —
იხ. „კანონი“.
მოციქული —
მოწმობის ფილები —
მრუშობა —
ცოლქმრული ღალატი (გმ. 20:14; მთ. 5:27; 19:9).
მსაჯული —
მამაკაცი, რომელსაც იეჰოვა ირჩევდა თავისი ხალხის მხსნელად მანამ, სანამ ისრაელს მეფე ეყოლებოდა (მსჯ. 2:16).
მსხვერპლი —
ღვთისთვის გაღებული ძღვენი მადლიერების, დანაშაულის აღიარებისა თუ მისი კეთილგანწყობის დაბრუნების ნიშნად. ჯერ კიდევ აბელიდან მოყოლებული ადამიანები ღმერთს ნებაყოფლობით სხვადასხვა რამეს სწირავდნენ, მათ შორის ცხოველებს, რაც მოგვიანებით მოსეს კანონითაც სავალდებულო გახდა. მართალია, მას შემდეგ, რაც იესომ თავისი სიცოცხლე გაწირა და ამგვარად სრულყოფილი მსხვერპლი გაიღო, ცხოველური მსხვერპლი აღარ მოითხოვება, მაგრამ ქრისტიანები კვლავაც სწირავენ ღმერთს სულიერ მსხვერპლს (დბ. 4:4; ებ. 13:15, 16; 1ინ. 4:10).
მტკაველი —
სიგრძის საზომი ერთეული; მანძილი გაშლილ ცერსა და ნეკს შორის. წყრთის სიგრძიდან გამომდინარე (44,5 სმ), მტკაველი უნდა შეადგენდეს 22,2 სმ-ს (გმ. 28:16; 1სმ. 17:4). იხ. დანართი ბ14.
მუთ-ლაბენი —
სიტყვა, რომელიც გვხვდება მე-9 ფსალმუნის ეპიგრაფში. არსებობს მოსაზრება, რომ მისი მნიშვნელობაა „დაღუპულ ვაჟზე“. ზოგის აზრით, შესაძლოა ეს იყო სიმღერის სახელწოდება ან იმ კარგად ნაცნობი მელოდიის სიტყვები, რომლის თანხლებითაც ეს ფსალმუნი სრულდებოდა.
მური —
იხ. „ზმირინი“.
მღვდელი —
ღვთის ოფიციალური წარმომადგენელი, რომელიც ხალხს ღვთისა და მისი კანონების შესახებ ასწავლიდა. ის ხალხის წარმომადგენელიც იყო ღვთის წინაშე — მსხვერპლს სწირავდა, შუამავლის როლს ასრულებდა და ღმერთს წყალობას სთხოვდა მათ გამო. მოსესთვის კანონის მიცემამდე მღვდლის მოვალეობას ოჯახისთავები ითავსებდნენ. მოსეს კანონით ლევის ტომიდან აარონის შთამომავალი მამაკაცები ასრულებდნენ მღვდლების მოვალეობას. დანარჩენი ლევიანები მათი დამხმარეები იყვნენ. ახალი შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ სულიერი ისრაელი გახდა სამღვდელო ერი, რომლის მღვდელმთავარიც იესო ქრისტეა (გმ. 28:41; ებ. 9:24; გმც. 5:10).
მღვდელმთავარი —
მოსეს კანონის თანახმად, მღვდელი, რომელიც ხალხის მთავარ წარმომადგენლად ითვლებოდა ღვთის წინაშე და სხვა მღვდლებს ზედამხედველობდა (2მტ. 26:20; ეზრ. 7:5). მხოლოდ მას ჰქონდა უფლება, შესულიყო კარვის, ხოლო მოგვიანებით ტაძრის შიდა ოთახში — წმინდათაწმინდაში, ისიც მხოლოდ ყოველწლიური გამოსყიდვის დღეს. ბიბლიაში იესო ქრისტეც მღვდელმთავრადაა მოხსენიებული (ლვ. 16:2, 17; 21:10; მთ. 26:3; ებ. 4:14).
მწიგნობარი —
ებრაული წერილების გადამწერი. იესოს დედამიწაზე მსახურების დროს ამ სახელით კანონის მცოდნეებს მოიხსენიებდნენ. ისინი უპირისპირდებოდნენ იესოს (ეზრ. 7:6; მრ. 12:38, 39; 14:1).
Ნ
ნაზარეთელი —
ამ სახელით მოიხსენიებდნენ იესოს, როგორც ქალაქ ნაზარეთში მცხოვრებს. ეს სიტყვა, როგორც ჩანს, ენათესავება ებრაულ სიტყვას, რომელიც ესაიას 11:1-ში „ამონაყარად“ არის ნათარგმნი. მოგვიანებით ამ სახელს იესოს მოწაფეებსაც უწოდებდნენ (მთ. 2:23; სქ. 24:5).
ნაზირი —
სიტყვა, რომელიც მომდინარეობს ებრაული სიტყვიდან, რომელიც ნიშნავს „გამორჩეულს“, „მიძღვნილს“, „გამოცალკევებულს“. არსებობდა ნაზირების ორი კატეგორია: ვინც საკუთარი ნებით ხდებოდა ნაზირი და ვისაც ღმერთი ნიშნავდა ნაზირად. როგორც კაცს, ისე ქალს, იეჰოვას წინაშე განსაკუთრებული აღთქმის დადება შეეძლო, რომ გარკვეული ხნის მანძილზე ნაზირი იქნებოდა. ნაზირობის აღთქმის დამდებთ, ძირითადად, სამი რამ ეკრძალებოდათ: არ უნდა დაელიათ მათრობელი სასმელი და არ უნდა ეჭამათ ყურძენი ან მისი რომელიმე პროდუქტი, არ უნდა შეეჭრათ თმა და არ უნდა შეხებოდნენ მკვდარს. ვისაც ღმერთი ირჩევდა ნაზირად, ის მთელი ცხოვრება ნაზირი უნდა ყოფილიყო, და ასეთებს იეჰოვა თავად უდგენდა მოთხოვნებს ნაზირობისთვის (რც. 6:2—7; მსჯ. 13:5).
ნათლობა —
ნარდი —
ძვირფასი სურნელოვანი მოწითალო ზეთი, რომელსაც იღებენ ამავე სახელწოდების მცენარისგან (Nardostachys jatamansi). ვინაიდან ნარდი ძვირადღირებული იყო, მას ხშირად შედარებით მდარე ხარისხის ზეთებს უმატებდნენ და ზოგჯერ აყალბებდნენ კიდეც. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ აღნიშნავს მარკოზიცა და იოანეც, რომ იესოს „სუფთა ნარდი“ დაასხეს (მრ. 14:3; ინ. 12:3).
ნეფილიმები —
წარღვნამდელ მსოფლიოში ხორცშესხმული ანგელოზებისა და მიწიერი ქალების ჰიბრიდული შთამომავლობა; მათი მოძალადე ვაჟები (დბ. 6:4).
ნეხილოთი —
უცნობი მნიშვნელობის სიტყვა, რომელსაც მე-5 ფსალმუნის ეპიგრაფში ვხვდებით. ზოგის აზრით, ეს სიტყვა მიუთითებს ჩასაბერ საკრავზე, რადგან მას აკავშირებენ ებრაული სიტყვის ფუძესთან „ხალილ“, რომელიც „სალამურს“ ნიშნავს. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ მასში კონკრეტული მელოდია იგულისხმებოდეს.
ნისანი —
ებრაული რელიგიური კალენდრით 1-ლი, ხოლო საერო კალენდრით მე-7 თვის სახელწოდება, რომელსაც ებრაელები ბაბილონში გადასახლების შემდეგ იყენებდნენ. ემთხვეოდა პერიოდს შუა მარტიდან შუა აპრილამდე (ნემ. 2:1). იხ. დანართი ბ15.
ნიშანი —
რაიმეს მომასწავებელი საგანი, ქმედება, ვითარება ან უჩვეულო მოვლენა (დბ. 9:12, 13; 2მფ. 20:9; მთ. 24:3; გმც. 1:1).
Ო
ომერი —
ფხვიერი ნივთიერებების საწყაო, რომელიც 2,2 ლ-ს იტევდა და ეფის მეათედს შეადგენდა (გმ. 16:16, 18). იხ. დანართი ბ14.
ონიქსი —
ნახევრად ძვირფასი ქვა, აქატის გამყარებული ვარიანტი, რომელიც წარმოადგენს ქალცედონის ზოლიან სახესხვაობას. ის სხვადასხვა ფერის შრეებისგან შედგება; ეს შრეები შეიძლება იყოს თეთრი, შავი, ყავისფერი, წითელი, ნაცრისფერი და მწვანე. მღვდელმთავრის ეფოდის სამხრეები ონიქსით იყო შემკული (გმ. 28:9, 12; 1მტ. 29:2; იობ. 28:16).
ორმოცდამეათე დღის დღესასწაული —
ებრაელთა სამი უდიდესი დღესასწაულიდან მეორე, რომლის აღსანიშნავადაც ყველა ებრაელ მამაკაცს იერუსალიმში ჩასვლა მოეთხოვებოდა. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ამ სახელით მოიხსენიება დღესასწაული, რომელსაც ებრაულ წერილებში „პირველმოწეული ნაყოფის დღესასწაული“ და „კვირების დღესასწაული“ ეწოდება. ის აღინიშნებოდა 16 ნისანიდან 50-ე დღეს (გმ. 23:16; 34:22; სქ. 2:1).
Პ
პაპირუსი —
ერთგვარი ლერწამი, რომელიც წყლის ნაპირებზე ხარობს; იყენებდნენ სხვადასხვა ჭურჭლის, კალათებისა და ნავების დასამზადებლად. ამ მცენარის ღეროებისგან მზადდებოდა ქაღალდის მსგავსი საწერი მასალა. პაპირუსისგან მზადდებოდა გრაგნილებიც (გმ. 2:3).
პასექი —
ყოველწლიური დღესასწაული, რომელიც აღინიშნებოდა 14 აბიბს (მოგვიანებით ეწოდა ნისანი) ისრაელთა ეგვიპტის მონობიდან გათავისუფლების საზეიმოდ. დღესასწაულზე იკვლებოდა ცხვარი ან თხა, რომელსაც წვავდნენ და ხმიადებთან და მწარე მწვანილთან ერთად ჭამდნენ (გმ. 12:27; ინ. 6:4; 1კრ. 5:7).
პატრუქის საქრობი —
ოქროს ან სპილენძის ხელსაწყო, რომელსაც ჯერ კარავში, მოგვიანებით კი ტაძარში იყენებდნენ. შესაძლოა ის წააგავდა მაკრატელს და იყენებდნენ პატრუქის მოსაცილებლად (2მფ. 25:14).
პერგამენტი —
ცხვრის, თხის ან ხბოს დამუშავებული ტყავი, რომელიც საწერ მასალად გამოიყენებოდა. გამოირჩეოდა მეტი გამძლეობით, ვიდრე პაპირუსი; მისგან დამზადდა ბიბლიის გრაგნილები. პერგამენტებზე, რომლის წამოღებაც მოციქულმა პავლემ ტიმოთეს სთხოვა, როგორც ჩანს, ებრაული წერილების მონაკვეთები იყო შესრულებული. მკვდარი ზღვის ხელნაწერების ზოგიერთი გრაგნილიც პერგამენტისაა (2ტმ. 4:13).
პირველმოწეული ნაყოფი —
აღნიშნავს, როგორც ახლად შემოსულ მოსავალს, ისე რისამე პირველ შედეგს; იეჰოვა ისრაელებისგან მოითხოვდა, მისთვის შეეწირათ პირველი ნაყოფი, იქნებოდა ეს ადამიანის პირმშო, პირველმოგებული პირუტყვი თუ ახალმოწეული ნაყოფი. ისრაელი ერისთვის პირველმოწეული ნაყოფი იწირებოდა უფუარობისა და ორმოცდამეათე დღის დღესასწაულებზე. ბიბლიაში ქრისტე და მისი ცხებული მიმდევრებიც „პირველ ნაყოფად“ იწოდებიან (1კრ. 15:23; რც. 15:21; იგ. 3:9; გმც. 14:4).
პირველმოწეული ნაყოფის დღესასწაული; კვირების დღესასწაული —
პირმშო —
ძირითადი მნიშვნელობით, უფროსი ვაჟი მამისთვის. ბიბლიურ დროში უფროს ვაჟს გამორჩეული მდგომარეობა ეკავა ოჯახში და მამის სიკვდილის შემდეგ ოჯახისთავი ის ხდებოდა. ამ სიტყვას იყენებდნენ ცხოველის პირველმოგებულ მამალ ნაშიერთან მიმართებითაც (გმ. 11:5; 13:12; დბ. 25:33; კლ. 1:15).
პორნია —
იხ. „სექსუალური უზნეობა“.
პრეტორიული გვარდია —
რომაული გვარდია, რომელსაც იმპერატორის დაცვა ევალებოდა. ეს გვარდია დიდ როლს თამაშობდა იმპერატორისთვის ტახტის შენარჩუნებისა თუ მისი ტახტიდან ჩამოგდების საქმეში (ფლ. 1:13).
პროზელიტი —
რომელიმე სარწმუნოებაზე მოქცეული. ბიბლიაში „პროზელიტი“ ეწოდება იუდაიზმზე მოქცეულ ადამიანს, რაც მამაკაცის შემთხვევაში წინადაცვეთასაც გულისხმობდა (მთ. 23:15; სქ. 13:43).
პროკონსული —
Ჟ
ჟლეტა, მუსვრა —
ებრაულ წერილებში ეს სიტყვები, როგორც წესი, მიუთითებს იეჰოვას მიერ სასჯელად მოვლენილ ჭირზე, რაიმე ავადმყოფობასა თუ უბედურებაზე (რც. 16:49; 2 სმ. 24:21).
Რ
რახაბი —
ამ სიმბოლური მნიშვნელობის სიტყვას „იობის“, „ფსალმუნებისა“ და „ესაიას“ წიგნებში ვხვდებით (ის არ უნდა აგვერიოს ამავე სახელის მქონე ქალში, რომლის შესახებაც წიგნ „იესო ნავეს ძეში“ ვკითხულობთ). „იობის“ წიგნი რახაბს ზღვის დიდ ულმობელ ცხოველთან აიგივებს, სხვა კონტექსტებში კი ის ეგვიპტის სიმბოლოდაა წარმოდგენილი (იობ. 9:13; ფს. 87:4; ეს. 30:7; 51:9, 10).
რქა —
ცხოველის რქას იყენებდნენ სასმელ ჭურჭლად, ზეთის ჩასასხმელად, სამელნედ, კოსმეტიკური საშუალებების შესანახად, ჩასაბერ საკრავად და სასიგნალო საყვირად (1სმ. 16:1, 13; 1მფ. 1:39; ეზკ. 9:2). „რქა“ გადატანითი მნიშვნელობით ხშირად ძალაუფლების, დაპყრობისა და გამარჯვების სიმბოლოდ გამოიყენება (კნ. 33:17; მქ. 4:13; ზქ. 1:19).
Ს
სადუკეველები —
იუდაიზმის ერთ-ერთი გავლენიანი სექტა, რომლის წევრებიც მდიდარი დიდგვაროვნები და მღვდლები იყვნენ. ისინი დიდ გავლენას ახდენდნენ ტაძარში მიმდინარე პროცესებზე; არ ცნობდნენ ფარისეველთათვის ავტორიტეტულ ზეპირგადმოცემებს და არც მათ სხვა შეხედულებებს იზიარებდნენ. გარდა ამისა, მათ არ სწამდათ მკვდრეთით აღდგომა და ანგელოზების არსებობა. ისინი უპირისპირდებოდნენ იესოს (მთ. 16:1; სქ. 23:8).
სადღესასწაულო წელი —
ისრაელის აღთქმულ მიწაზე შესვლის შემდეგ ასე უწოდებდნენ ყოველ 50-ე წელს. ამ წელს მიწა არ უნდა დაემუშავებინათ და ბატონებს ებრაელი მონები უნდა გაეთავისუფლებინათ. გარდა ამისა, პატრონის მიერ გაყიდული სამემკვიდრო მიწა ისევ პატრონს უბრუნდებოდა. დღესასწაული, ფაქტობრივად, მთელი წელი გრძელდებოდა; ეს იყო თავისუფლების წელი, როცა ერი იბრუნებდა იმ მდგომარეობას, რომელიც მაშინ ჰქონდა, როცა ღმერთმა ერად ჩამოაყალიბა (ლვ. 25:10).
საზომი ლერწამი —
სიგრძით 6 წყრთა; თუ მის სიგრძეს სტანდარტული წყრთით გამოვთვლით, მისი სიგრძე 2,67 მ გამოვა, ხოლო გრძელი წყრთით — 3,11 მ (ეზკ. 40:3, 5; გმც. 11:1). იხ. დანართი ბ14.
საზღვაო საჟენი —
სიგრძის საზომი ერთეული, რითაც წყლის სიღრმე იზომებოდა; შეესაბამებოდა 1,8 მ-ს (სქ. 27:28, სქ.). იხ. დანართი ბ14.
სათაყვანო ბოძი —
ამგვარად ნათარგმნი ებრაული სიტყვა „აშერა“ შეიძლება მიუთითებდეს ან საკულტო ბოძზე, რომელიც აშერას, ქანაანელთა ნაყოფიერების ქალღმერთს, განასახიერებდა, ან თავად აშერას გამოსახულებაზე. ამგვარი ბოძები, ვერტიკალურად იდგა და, როგორც წესი, მთლიანად ან ნაწილობრივ, ხისა იყო; ასეთი ბოძები ან დაუმუშავებელი ხისა იყო ან უშუალოდ ხეს წარმოადგენდა (კნ. 16:21; მსჯ. 6:26; 1მფ. 15:13).
სათაყვანო მაღლობი —
მთებზე, გორებზე ან ხელოვნურად შექმნილ მაღლობებზე მოწყობილი სალოცავი. მართალია, ამგვარ ადგილებში ზოგჯერ ჭეშმარიტ ღმერთსაც სცემდნენ თაყვანს, მაგრამ, ძირითადად, მათ კერპთაყვანისმცემლური რიტუალებისთვის იყენებდნენ (რც. 33:52; 1მფ. 3:2; იერ. 19:5).
სათაყვანო სვეტი —
ვერტიკალურად მდგომი სვეტი, ჩვეულებრივ ქვისა, რომელიც, როგორც ჩანს, ბაალის ან სხვა რომელიმე ღვთაების ფალოსურ სიმბოლოს წარმოადგენდა (გმ. 23:24).
საკმეველი —
სხვადასხვა არომატული ფისისა თუ ბალზამის ნაზავი, რომელიც ნელა იწვის და კეთილსურნელებას აფრქვევს. საკმეველი, რომელსაც კარავში, შემდეგ კი ტაძარში იყენებდნენ, ოთხი ინგრედიენტისგან მზადდებოდა. მას საკმევლის სამსხვერპლოზე აკმევდნენ ყოველ დილა-საღამოს წმინდაში, ხოლო გამოსყიდვის დღეს — თავად წმინდათაწმინდაში. დაკმეული საკმეველი ღვთის ერთგული მსახურების აღვლენილი ლოცვების სიმბოლოს წარმოადგენდა. ქრისტიანებს საკმევლის კმევა არ მოეთხოვებათ (გმ. 30:34, 35; ლვ. 16:13; გმც. 5:8).
სამადლობელი მსხვერპლი —
მზრუნველობისა და სიყვარულისთვის ღვთის განსადიდებლად გაღებული საზიარო შესაწირავი. შეწირული ცხოველის ხორცთან ერთად იჭმებოდა როგორც საფუვრიანი, ისე უფუარი პური. შეწირული ხორცი იმ დღესვე უნდა შეჭმულიყო (2მტ. 29:31).
სამარე —
აღნიშნავს კაცობრიობის საერთო სამარეს; მისი ებრაული ეკვივალენტია „შეოლ“, ხოლო ბერძნული — „ჰადეს“. ბიბლიაში ის აღნიშნავს იმ სიმბოლურ ადგილს, სადაც მკვდრები უგრძნობ და უმოქმედო მდგომარეობაში იმყოფებიან (დბ. 47:30; ეკ. 9:10; სქ. 2:31).
სამარია —
ჩრდილოეთ ათტომიანი სამეფოს დედაქალაქი დაახლოებით 200 წლის განმავლობაში; ასე იწოდებოდა თავად სამეფოც. ქალაქი ამავე სახელწოდების მთაზე იყო გაშენებული. იესოს დროს სამარია ეწოდებოდა მხარეს, რომელსაც ჩრდილოეთით გალილეა, სამხრეთით კი იუდეა ესაზღვრებოდა. ჩვეულებრივ, იესო ამ მხარეში გავლისას თავს არიდებდა იქ ქადაგებას, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა ადგილობრივებს უქადაგა კიდეც. პეტრემ მისთვის ბოძებული სამეფოს სიმბოლური, მეორე გასაღები მაშინ გამოიყენა, როცა სამარიელებზეც წმინდა სული გადმოვიდა (1მფ. 16:24; ინ. 4:7; სქ. 8:14). იხ. დანართი ბ10.
სამარიელები —
თავდაპირველად ასე უწოდებდნენ ჩრდილოეთის ათტომიან სამეფოში მცხოვრებ ისრაელებს, თუმცა ძვ. წ. 740 წელს ასურეთის მიერ სამარიის დაპყრობის შემდეგ ამ სახელით ასურელთა მიერ იქ ჩასახლებული უცხოტომელებიც იწოდებოდნენ. იესოს პერიოდში „სამარიელი“ ეროვნულ ან პოლიტიკურ კუთვნილებას კი არ აღნიშნავდა, არამედ იმ რელიგიური სექტის კუთვნილებას, რომელიც ძველი შექემისა და სამარიის ტერიტორიაზე არსებობდა. ამ რელიგიური ჯგუფის შეხედულებები რადიკალურად განსხვავდებოდა იუდაიზმისგან (ინ. 8:48).
სამარხი —
ამგვარადაა ნათარგმნი ბერძნული სიტყვა „მნემეიონ“, რომელიც მომდინარეობს ბერძნული ზმნიდან „გახსენება“, რაც მიუთითებს იმაზე, რომ გარდაცვლილის ხსოვნა დავიწყებას არ მიეცემოდა (ინ. 5:28, 29).
სამგლოვიარო სიმღერა —
მუსიკალური კომპოზიცია, რომელიც გამოხატავს დიდ მწუხარებას ახლობლის ან მეგობრის სიკვდილის გამო; გოდება (2სმ. 1:17; ფს. 7, ეპგ.).
სამზადისის დღე —
იგივე პარასკევი; შაბათის წინა სამზადისის დღე ებრაელებისთვის. ეს დღე მთავრდებოდა პარასკევ საღამოს მზის ჩასვლით, რის შემდეგაც იწყებოდა შაბათი; ებრაელებისთვის დღე მზის ჩასვლიდან მზის ჩასვლამდე გრძელდებოდა (მრ. 15:42; ლკ. 23:54).
სამკერდე —
ძვირფასი ქვებით შემკული ერთგვარი ჯიბე, რომელიც ისრაელის მღვდელმთავარს მკერდზე ჰქონდა მიმაგრებული წმინდაში შესვლის დროს. მას ეწოდებოდა „განსჯის სამკერდე“, რადგან მასში იყო მოთავსებული ურიმი და თუმიმი, რომელთა მეშვეობითაც იგებდნენ იეჰოვას პასუხს ამა თუ იმ განსასჯელ საკითხზე (გმ. 28:15—30). იხ. დანართი ბ5.
სამოთხე —
ულამაზესი ბაღი, წალკოტი. ედემის ბაღად წოდებული პირველი ასეთი ბაღი იეჰოვამ გააშენა ადამისა და ევასთვის. იესომ თავის გვერდით ძელზე გაკრულ ბოროტმოქმედს მიანიშნა, რომ დედამიწა მომავალში სამოთხედ იქცეოდა. ეს სიტყვა 2 კორინთელების 12:4-ში, როგორც ჩანს, მომავალ სამოთხეს გულისხმობს, ხოლო გამოცხადების 2:7-ში — ზეციერ სამოთხეს (ქბ. 4:13; ლკ. 23:43).
სამსხვერპლო —
მიწით, ქვით ან ლითონგადაკრული ხით შექმნილი შემაღლება ან ნაგებობა, რომელზეც იწირებოდა მსხვერპლი და საკმეველი ღვთაებისთვის. კარვისა და მოგვიანებით ტაძრის პირველ ოთახში იდგა მომცრო სამსხვერპლო საკმევლის საკმევად, რომელიც ხისგან იყო დამზადებული და ოქროთი მოვარაყებული. შედარებით დიდი სპილენძის სამსხვერპლო დასაწვავი მსხვერპლისთვის ეზოში იდგა (გმ. 27:1; 39:38, 39; დბ. 8:20; 1მფ. 6:20; 2მტ. 4:1; ლკ. 1:11). იხ. დანართი ბ5 და ბ8.
სამსხვერპლოს რქები —
რქისმაგვარი შვერილები, რომელიც ზოგ სამსხვერპლოს ოთხივე კუთხეში ჰქონდა (ლვ. 8:15; 1მფ. 2:28). იხ. დანართები ბ5 და ბ8.
სამშვიდობო მსხვერპლი —
მსხვერპლი, რომელიც იეჰოვასთან მშვიდობიანი ურთიერთობის ნიშნად იწირებოდა. შემწირველი და მისი ოჯახი, შეწირვის რიტუალის აღმსრულებელი მღვდელი, აგრეთვე იმ დროს მომსახურე სხვა მღვდლები წილს იღებდნენ ამ მსხვერპლიდან. იეჰოვაც, ასე ვთქვათ, თავის წილს იღებდა შეწირული მსხვერპლის ქონის საამო სურნელების სახით. მსხვერპლის სისხლიც, როგორც სიცოცხლის სიმბოლო, იეჰოვას ეკუთვნოდა. ამ რიტუალის მეშვეობით, თითქოსდა მღვდლები და შემწირველი იეჰოვასთან ერთად უსხდნენ სუფრას მასთან მშვიდობიანი ურთიერთობის ნიშნად (ლვ. 7:29, 32; კნ. 27:7).
სასამართლო ტახტი —
ჩვეულებრივ, კიბეებიანი შემაღლებული ადგილი ღია ცის ქვეშ, საიდანაც ხელისუფალნი ხალხს მიმართავდნენ და თავიანთ გადაწყვეტილებებს უცხადებდნენ. ფრაზები — „ღვთის სასამართლო ტახტი“ და „ქრისტეს სასამართლო ტახტი“ — იეჰოვას მიერ კაცობრიობის გასამართლების სიმბოლოა (რმ. 14:10; 2კრ. 5:10; ინ. 19:13).
სასამართლოს დღე —
განსაზღვრული „დღე“ ანუ პერიოდი, როცა ღმერთი პასუხს მოსთხოვს ამა თუ იმ ჯგუფსა თუ ერს, და ზოგადად მთელ კაცობრიობას. ეს იქნება დრო, როცა დაისჯებიან ისინი, ვინც სიკვდილს იმსახურებენ, ხოლო მათ, ვინც გამართლდებიან, მიეცემათ გადარჩენისა და მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა. იესო ქრისტე და მისი მოციქულები საუბრობდნენ მომავალ „სასამართლო დღეზე“, რომელიც შეეხებოდა არა მარტო ცოცხლებს, არამედ გარდაცვლილებსაც (მთ. 12:36).
სასიხარულო ცნობა —
სასწაული —
სატანა —
სატრაპი —
მეფის მიერ დანიშნული პროვინციის მმართველი ძველ სპარსეთსა და ბაბილონეთში (ეზრ. 8:36; დნ. 6:1).
საფუარი —
ნივთიერება, რომელსაც უმატებენ ცომსა თუ სითხეს ფერმენტაციისთვის; ძირითადად, საფუვრად იყენებდნენ ძველი ცომის გუნდიდან მოტოვებულ, დამჟავებულ პურის ცომს. ბიბლიაში ხშირად გამოიყენება ცოდვისა და გახრწნილების, აგრეთვე თვალისთვის შეუმჩნეველი, მაგრამ საგრძნობი ზრდის სიმბოლოდ (გმ. 12:20; მთ. 13:33; გლ. 5:9).
საყვირი —
ლითონისგან დამზადებული ჩასაბერი მუსიკალური და სასიგნალო ინსტრუმენტი. როგორც რიცხვების 10:2-დან ვიგებთ, იეჰოვას ბრძანებით უნდა დაემზადებინათ ორი ვერცხლის საყვირი ხალხის შესაკრებად, ბანაკის ასაშლელად და ომის გამოსაცხადებლად. ეს საყვირები სწორი მილის ფორმისა იყო, რაც განასხვავებდა მას ცხოველის რქისგან დამზადებული მოღუნული საყვირისგან. საყვირებს ტაძარშიც იყენებდნენ, თუმცა მათ ფორმაზე ბევრი არაფერია ცნობილი. საყვირის ხმას სიმბოლური მნიშვნელობაც ჰქონდა, რადგან ის წინ უსწრებდა იეჰოვას განაჩენისა თუ სხვა ღირსშესანიშნავი მოვლენების გაცხადებას, რომლებშიც ღვთის ხელი ერია (2მტ. 29:26; ეზრ. 3:10; 1კრ. 15:52; გმც. 8:7—11:15).
საცეცხლური, სასაკმევლე —
ოქროს, ვერცხლის ან სპილენძის ჭურჭელი, რომელიც გამოიყენებოდა კარავში, მოგვიანებით კი — ტაძარში საკმევლის საკმევად, შესაწირავის სამსხვერპლოდან ნაკვერჩხლის ასაღებად და ოქროს სალამპრიდან მოცილებული პატრუქის ნამწვის ჩასაყრელად (გმ. 37:23; 2მტ. 26:19; ებ. 9:4).
საწნახელი —
ქვაში ნაკვეთი ორი ორმო, რომელთაგან ერთი შემაღლებულ ადგილას იყო და ვიწრო ღარით უკავშირდებოდა მეორეს, უფრო დაბლა ამოკვეთილს. ზედა ორმოში იჭყლიტებოდა ყურძენი, ხოლო წვენი ჩაედინებოდა ქვედა ორმოში. ეს სიტყვა გადატანითი მნიშვნელობითაც გამოიყენება ღვთის მიერ გამოტანილი განაჩენის აღსაწერად (ეს. 5:2; გმც. 19:15).
საჭურველი —
მეომრის სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც მოიცავდა მუზარადს, აბჯარს, სარტყელს, საბარკულსა (საწვივე აბჯარი) და ფარს (1სმ. 31:9; ეფ. 6:13—17).
საჭურისი —
კასტრირებული მამაკაცი. ხშირად ასეთი კაცები იყვნენ დაყენებული მეფის კარზე დედოფლისა და ხარჭების მცველებად. ზოგჯერ ასე მოიხსენიებდნენ არა მხოლოდ დასაჭურისებულ მამაკაცს, არამედ, ზოგადად, სამეფო კარის მოხელეებსაც. ბიბლია იხსენიებს მათაც, ვინც, ასე ვთქვათ, „დაისაჭურისეს თავი ზეციერი სამეფოსთვის“, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი პირები სქესობრივ თავშეკავებას ავლენენ, რათა მიეძღვნან ღვთის მსახურებას (მთ. 19:12; ესთ. 2:15; სქ. 8:27).
სახრე —
მსხვილფეხა თუ წვრილფეხა საქონლის გასარეკი წვეტიანი გრძელი ჯოხი, რომელსაც ლითონის წვერი ჰქონდა. ბიბლია სახრესთან ადარებს ბრძენის სიტყვებს, რომელიც მსმენელს ბრძნული რჩევის გათვალისწინებისკენ უბიძგებს. გამოთქმას კი, „სახრესთან გაძალიანება“, საფუძვლად დაედო ყოფითი რეალობა: გაჯიუტებული ხარი სახრეს უძალიანდებოდა, რითაც მხოლოდ თავს იზიანებდა (სქ. 26:14; მსჯ. 3:31).
სეა —
ფხვიერი ნივთიერებების საწყაო. თუ მის ტევადობას ბათთან მიმართებით გამოვთვლით, სეა უნდა შეადგენდეს 7,33 ლ-ს (2მფ. 7:1). იხ. დანართი ბ14.
სელა —
ტერმინი, რომელიც გვხვდება „ფსალმუნებსა“ და „აბაკუმის“ წიგნში და უკავშირდება მუსიკასა და დეკლამაციას. ის შესაძლოა მიანიშნებდეს სიმღერის ან მუსიკალური აკომპანემენტის დროს დასაფიქრებლად ან აზრის გამოკვეთის მიზნით გაკეთებულ პაუზაზე. ბერძნულ სეპტუაგინტაში ეს სიტყვა გადმოტანილია როგორც „დიაფსალმა“, რაც ერთგვარ მუსიკალურ ჩანართზე მიუთითებს (ფს. 3:4; აბკ. 3:3).
სერაფიმი —
სექსუალური უზნეობა —
ბერძნ. „პორნია“. ის წმინდა წერილებში ღვთის მიერ აკრძალული სქესობრივი ხასიათის ქმედებების აღსანიშნავად გამოიყენება. მოიცავს ცოლქმრულ ღალატს, მეძავობას, დაუქორწინებელთა შორის სქესობრივ კავშირს, ჰომოსექსუალიზმსა და ზოოფილიას. „გამოცხადებაში“ ეს სიტყვა გადატანითი მნიშვნელობით გვხვდება ცრუ რელიგიის სიმბოლოდ გამოყენებულ სიმბოლურ მეძავთან, „დიდ ბაბილონთან“, მიმართებით, რომელიც ძალაუფლებისა და სიმდიდრის მოსახვეჭად გარყვნილებას სჩადის ამ ქვეყნიერების მმართველებთან (გმც. 14:8; 17:2; 18:3; მთ. 5:32; სქ. 15:29; გლ. 5:19). იხ. „მეძავი“.
სექტა —
ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც აერთიანებს საერთო იდეა ან ლიდერი, და გააჩნია საკუთარი რელიგიური შეხედულებები. პირველ საუკუნეში სექტებად იწოდებოდა იუდაიზმის ორი მთავარი განშტოება: ფარისევლები და სადუკეველები. არაქრისტიანები ქრისტიანობასაც „ნაზარეთელთა სექტას“ უწოდებდნენ, რადგან იუდაიზმისგან განმდგარ ჯგუფად მიიჩნევდნენ. თანდათანობით სექტები ქრისტიანულ კრებაშიც გაჩნდა. მაგალითად, „გამოცხადებაში“ მოიხსენიება „ნიკოლაელთა სექტა“ (სქ. 5:17; 15:5; 24:5; 28:22; გმც. 2:6; 2პტ. 2:1).
სვეტი —
სწორი ძელი ან ვერტიკალურად დადგმული ქვის ან აგურის მაღალი და ვიწრო, ცილინდრული ფორმის ნაგებობა. სვეტებს რაიმე ისტორიული მოვლენის აღსანიშნავად დგამდნენ. სოლომონის მიერ აშენებულ ტაძარსა და მეფის სასახლეში სვეტები საყრდენ ფუნქციას ასრულებდა. კერპთაყვანისმცემელი ერები საკულტო დანიშნულებით დგამდნენ სვეტებს, ხანდახან მათი წაბაძვით ისრაელებიც მსგავსად იქცეოდნენ (მსჯ. 16:29; 1მფ. 7:21; 14:23). იხ. „ბუღაური“.
სივანი —
ებრაული რელიგიური კალენდრით მე-3, ხოლო საერო კალენდრით მე-9 თვის სახელწოდება, რომელსაც ებრაელები ბაბილონში გადასახლების შემდეგ იყენებდნენ. ემთხვეოდა პერიოდს შუა მაისიდან შუა ივნისამდე (ესთ. 8:9). იხ. დანართი ბ15.
სიკარგე —
სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხე —
სიმართლე —
სინაგოგა —
ბერძნული სიტყვა, რომელიც „შეკრებას“, „საკრებულოს“ ნიშნავს; უმეტეს შემთხვევაში აღნიშნავს შენობას, სადაც ებრაელები წმინდა წერილების საკითხავად, დარიგების მოსასმენად, საქადაგებლად და სალოცავად იკრიბებოდნენ. იესოს დროს ისრაელში ყველა მოზრდილ ქალაქს თავისი სინაგოგა ჰქონდა, დიდ ქალაქებს — ერთზე მეტიც (ლკ. 4:16; სქ. 13:14, 15).
სინედრიონი —
სიონი, სიონის მთა —
იებუსელთა ციხე-ქალაქის სახელწოდება, რომელიც იერუსალიმის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობზე მდებარეობდა. მას შემდეგ, რაც ის დავითმა დაიპყრო და იქ თავისი სასახლე ააშენა, მას „დავითის ქალაქი“ ეწოდა (2სმ. 5:7, 9). სიონი იეჰოვასთვის წმინდა მთად იქცა მაშინ, როცა დავითმა იქ შეთანხმების კიდობანი გადაიტანა. მოგვიანებით ეს სახელი ეწოდა მორიას მთაზე არსებულ სატაძრო კომპლექსს; ზოგჯერ „სიონად“ ქალაქი იერუსალიმიც იწოდებოდა. „სიონი“ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ხშირად გამოიყენება სიმბოლური მნიშვნელობით (ფს. 2:6; 1პტ. 2:6; გმც. 14:1).
სირია, სირიელები —
იხ. „არამი, არამელები“.
სირტი —
ორი დიდი წყალმარჩხი ყურე ჩრდილოეთ აფრიკაში, ლიბიის სანაპიროსთან. ძველად მეზღვაურებს ამ ყურეებში შესვლა აშინებდათ, რადგან ზღვის მიმოქცევის გამო იქ ხშირად ჩნდებოდა მეჩეჩები (სქ. 27:17). იხ. დანართი ბ13.
სისუფთავე —
ბიბლიაში ეს სიტყვა მხოლოდ ფიზიკურ სისუფთავესთან მიმართებით არ გამოიყენება. ის აგრეთვე გულისხმობს ვინმეს ან რაიმეს ზნეობრივ თუ სულიერ სისუფთავეს, სიწმინდეს, დაულაქავებლობას და შეურყვნელობას ან ამგვარი მდგომარეობის შენარჩუნებას. მოსეს კანონში სისუფთავე რიტუალურ სიწმინდესთანაცაა დაკავშირებული (ლვ. 10:10; ფს. 51:7; მთ. 23:26; 1კრ. 6:11).
სიცოცხლის ხე —
სიძვა —
იხ. „სექსუალური უზნეობა“.
სიწმინდე, წმინდა —
თვისება, რომელიც იეჰოვას ბუნების განუყოფელი ნაწილია; უზადო სისპეტაკე (გმ. 28:36; 1სმ. 2:2; იგ. 9:10; ეს. 6:3). „წმინდად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა გამოიყენება ადამიანებთან (გმ. 19:6; 2მფ. 4:9), ცხოველებთან (რც. 18:17), ნივთებთან (გმ. 28:38; 30:25; ლვ. 27:14), ადგილებთან (გმ. 3:5; ეს. 27:13), დროის მონაკვეთებთან (გმ. 16:23; ლვ. 25:12) თუ საქმიანობასთან (გმ. 36:4) დაკავშირებით, და მიუთითებს იმაზე, რომ აღსაწერი ადამიანი, საგანი თუ მოვლენა გამოცალკევებულია რაიმე წმინდა დანიშნულებისთვის ან მიძღვნილია ღვთის მსახურებისთვის. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში სიტყვები „წმინდა“ და „სიწმინდე“ ღვთისთვის გამოყოფილის აღსაწერად გამოიყენება. ამავე სიტყვებით აღიწერება ადამიანის ზნეობრივი სისუფთავეც (მრ. 6:20; 2კრ. 7:1; 1პტ. 1:15, 16).
სოლომონის სვეტებიანი დერეფანი —
იესოს დროს ეს იყო ტაძრის გარე ეზოს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე გადახურული დერეფანი, რომელიც სოლომონის ძველი ტაძრიდან შემორჩენილ ნაწილად მიიჩნეოდა. როგორც სახარება გვამცნობს, იესო ამ დერეფანში მიმოდიოდა ერთ-ერთ ზამთარს; პირველი ქრისტიანებიც იქ იკრიბებოდნენ ღვთის თაყვანსაცემად (ინ. 10:22, 23; სქ. 5:12). იხ. დანართი ბ11.
სპარსეთი, სპარსელები —
ტერიტორია და ხალხი, რომელიც, როგორც წესი, მიდიასა და მიდიელებთან ერთად მოიხსენიება. თავდაპირველად სპარსელები მხოლოდ ირანის ზეგნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში სახლობდნენ. კიროს დიდის დროს კი, რომელიც ზოგი ძველი ისტორიკოსის ცნობების თანახმად, სპარსი მამისა და მიდიელი დედის შვილი იყო, სპარსელებმა იმძლავრეს მიდიელებზე, თუმცა სამეფო მაინც მიდია-სპარსეთის სახელით იწოდებოდა. ძვ. წ. 539 წელს კიროსმა ბაბილონის იმპერია დაამარცხა და ტყვეობაში მყოფ ებრაელებს სამშობლოში დაბრუნების ნება მისცა. სპარსეთის იმპერია გადაჭიმული იყო აღმოსავლეთით მდინარე ინდიდან დასავლეთით ეგეოსის ზღვამდე. ებრაელები სპარსეთის სამეფოს ქვეშევრდომები იყვნენ იმ დრომდე, ვიდრე ალექსანდრე მაკედონელი ძვ. წ. 331 წელს სპარსელებს დაამარცხებდა. სპარსეთის იმპერიის გამოჩენა დანიელმა თავის წინასწარმეტყველურ ხილვაში იხილა. ცნობებს სპარსეთის სამეფოზე ვხვდებით ბიბლიის წიგნებში „ეზრა“, „ნეემია“ და „ესთერი“ (ეზრ. 1:1; დნ. 5:28; 8:20). იხ. დანართი ბ9.
სპირიტიზმი —
რწმენა, რომლის მიხედვითაც თითქოს ადამიანის სიკვდილის შემდეგ სული აგრძელებს არსებობას და მასთან შესაძლებელია ურთიერთობა, როგორც წესი, მედიუმის საშუალებით, რომელსაც სულებთან კავშირის დამყარება შეუძლია. „სპირიტიზმად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა „ფარმაკია“ სიტყვასიტყვით „წამლის გამოყენებას“ ნიშნავს. ეს სიტყვა სპირიტიზმს დაუკავშირდა, რადგან ძველად სპირიტული სეანსების დროს დემონური ძალების მოსახმობად გამაბრუებელ წამლებს იყენებდნენ (გლ. 5:20; გმც. 21:8).
სტოიკოსები —
ბერძნული ფილოსოფიური სკოლის მიმდევრები, რომელთაც სწამდათ, რომ ბედნიერების წინაპირობა გონების კარნახით ცხოვრება და ბუნებასთან ჰარმონიაში ყოფნაა. მათი შეხედულებით, ჭეშმარიტად ბრძენი ადამიანი გულგრილი უნდა ყოფილიყო როგორც ტკივილის, ისე სიამეთა მიმართ (სქ. 17:18).
სული —
ჩვეულებრივ ასე ითარგმნება ებრაული სიტყვა „ნეფეშ“ და ბერძნული სიტყვა „ფსიქე“. ბიბლიური კონტექსტიდან გამომდინარე, ეს სიტყვა შეიძლება აღნიშნავდეს: 1) ადამიანს; 2) ცხოველს და 3) ადამიანისა თუ ცხოველის სიცოცხლეს (დბ. 1:20; 2:7; იხ. სქ.; რც. 31:28; 1პტ. 3:20). სხვა მრავალი რელიგიური ტექსტისგან განსხვავებით, ბიბლიაში სიტყვები „ნეფეშ“ და „ფსიქე“ უკვდავი სულის მნიშვნელობას არასოდეს ატარებს. როცა ის მიწიერ ქმნილებებთან მიმართებით გამოიყენება, გულისხმობს ხელშესახებს, თვალით ხილულსა და მოკვდავს. წინამდებარე თარგმანში ეს დედნისეული სიტყვები კონტექსტის მიხედვით ითარგმნა, როგორც „ცოცხალი არსება“, „ცოცხალი სული“, „სიცოცხლე“ ან უბრალოდ პირის ნაცვალსახელი (მაგალითად, „ჩემი სული“ როგორც „მე“). ხშირ შემთხვევაში სქოლიოში მითითებულია დედნისეული სიტყვა, კონტექსტი კი გვახვედრებს, რა მნიშვნელობით გამოიყენება ეს სიტყვა მთავარ ტექსტში. მაგალითად, როცა საუბარია რაიმეს მთელი სულით კეთებაზე, ამაში რაიმეს მთელი არსებით, მთელი გრძნობით კეთება იგულისხმება (კნ. 6:5; მთ. 22:37). ზოგიერთ კონტექსტში ეს სიტყვები შესაძლოა რაიმეს ნდომაზე, დაუცხრომელ სურვილზე, მიუთითებდეს. ეს სიტყვები მიცვალებულთან დაკავშირებითაც გამოიყენება (რც. 6:6; იგ. 23:2; ეს. 56:11; ანგ. 2:13). გარდა ამისა, „სულად“ ითარგმნა ებრაული სიტყვა „რუახ“ და ბერძნული სიტყვა „პნევმა“, რომლებსაც რამდენიმე მნიშვნელობა აქვს. ამ სიტყვების თითოეული მნიშვნელობა მიუთითებს ადამიანისთვის უხილავ მოქმედ ძალაზე, რომელსაც ხილული შედეგების გამოწვევა შეუძლია. ეს ებრაული და ბერძნული სიტყვები შეიძლება აღნიშნავდეს: 1) ქარს, 2) ფიზიკური ქმნილებების მამოძრავებელ სასიცოცხლო ძალას, 3) ძალას, რომელიც ადამიანს რაიმეს თქმისკენ ან გაკეთებისკენ უბიძგებს, 4) რაიმე უხილავი ძალით შთაგონებულ სიტყვებს, 5) სულიერ ქმნილებებსა და 6) ღვთის მოქმედ ძალას ანუ მის წმინდა სულს (გმ. 35:21; ფს. 104:29; მთ. 12:43; ლკ. 11:13).
სულიწმიდა —
იხ. „წმინდა სული“.
Ტ
ტალანტი —
წონისა და ფულის ყველაზე მსხვილი ებრაული ერთეული; იწონიდა 34,2 კგ-ს. ბერძნული ტალანტი უფრო მცირე იყო და დაახლოებით 20,4 კგ-ს იწონიდა (1მტ. 22:14; მთ. 18:24). იხ. დანართი ბ14.
ტარტაროზი —
ქრისტიანულ-ბერძნული წერილების თანახმად, ეს არის შეზღუდული და დამცირებული მდგომარეობა, რომელშიც ნოეს დროს ურჩი ანგელოზები აღმოჩნდნენ ღვთის ნებით. 2 პეტრეს 2:4-ში გამოყენებულია ამ სიტყვის ზმნური ფორმა, რომელიც „ტარტაროზში ჩაყრად“ ითარგმნება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შემცოდველი ანგელოზები წარმართულ ტარტაროზში (მითოლოგიის თანახმად, ბნელით მოცული მიწისქვეშეთი, სადაც უმცროსი ღმერთები არიან გარიყულნი) აღმოჩნდნენ. ეს უბრალოდ იმაზე მიუთითებს, რომ ისინი ღვთის ზეციური სამყოფლიდან არიან გაძევებულნი და დამცირებულ მდგომარეობაში, სულიერ წყვდიადში, იმყოფებიან, ასე რომ მათთვის ყოვლად ჩაუწვდომელია ღვთის ნათელი განზრახვები. მათი მომავალიც ბნელითაა მოცული, რადგან წმინდა წერილების თანახმად, მათ თავიანთ მმართველთან, სატანა ეშმაკთან ერთად სამუდამო განადგურება ელით. აქედან გამომდინარე, „ტარტაროზში“ იგულისხმება უკიდურესად დამცირებული მდგომარეობა, რომელშიც მეამბოხე ანგელოზები იმყოფებიან. „ტარტაროზი“ არ უნდა აგვერიოს გამოცხადების 20:1—3-ში მოხსენიებულ „უფსკრულში“.
ტაძარი —
შენობა იერუსალიმში, რომელმაც შეცვალა გადასატანი კარავი და ებრაელთათვის მთავარ რელიგიურ ცენტრად იქცა. პირველი ტაძარი, რომელიც მეფე სოლომონმა ააგო, ბაბილონელებმა დაანგრიეს. მეორე ტაძარი ზერუბაბელმა ააგო ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ, რომელიც მოგვიანებით ჰეროდე დიდმა აღადგინა (ეზრ. 1:3; 6:14, 15; 1მტ. 29:1; 2მტ. 2:4; მთ. 24:1). იხ. დანართები ბ8 და ბ11.
ტაძრის მსახურები —
ებრაულად „ნეთინიმ“; ტაძარში მომსახურე არაებრაელები. ეს ებრაული სიტყვა „გადაცემულს“ ნიშნავს და მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ტაძარში მსახურებისთვის იყვნენ განწესებულნი. ტაძრის მსახურების უმეტესობა, სავარაუდოდ, გაბაონელების შთამომავლები იყვნენ, რომლებიც იესო ნავეს ძემ თავის ხალხსა და იეჰოვას სამსხვერპლოს შეშის შემგროვებლებად და წყლის მზიდავებად დაუყენა (იეს. 9:23, 27; 1მტ. 9:2; ეზრ. 8:17).
ტებეთი —
ებრაული რელიგიური კალენდრით მე-10, ხოლო საერო კალენდრით მე-4 თვის სახელწოდება, რომელსაც ებრაელები ბაბილონში გადასახლების შემდეგ იყენებდნენ. ემთხვეოდა პერიოდს შუა დეკემბრიდან შუა იანვრამდე. ის ზოგჯერ „მეათე თვედაც“ მოიხსენიება (ესთ. 2:16). იხ. დანართი ბ15.
ტიკი —
ჭურჭელი, რომელიც მზადდებოდა დაკლული თხის ან ცხვრის მთლიანი ტყავისგან, და გამოიყენებოდა ღვინის ჩასასხმელად. ახალი ღვინო ისხმებოდა ახალ ტიკებში, რადგან დადუღებისას გამოყოფდა ნახშირორჟანგის გაზს, რომელიც ტიკს ბერავდა. ახალი ტიკი უძლებდა წარმოქმნილ წნევას, ვინაიდან იწელებოდა, ძველი კი, რომელსაც ელასტიკურობა აღარ გააჩნდა, სკდებოდა (იეს. 9:4; მთ. 9:17).
Უ
უმწიკვლობა —
ბიბლიაში ეს სიტყვა აღნიშნავს ზნეობრივ სიჯანსაღეს, უნაკლობასა და ბრალდაუდებლობას. ამ თვისების მქონე ყოველთვის ღვთის სიმართლის ერთგულია. ბიბლიურ კონტექსტებში ეს სიტყვა გამოიყენება ცალკეული პირისადმი, იეჰოვა ღმერთისადმი და მისი ნებისა თუ განზრახვებისადმი ურყევი თავდადების აღსანიშნავად (იეს. 24:14; იობ. 27:5; ფს. 26:1). წინამდებარე თარგმანში ეს სიტყვა კონტექსტის მიხედვით ითარგმნა.
ურიმი და თუმიმი —
საგნები, რომლებსაც მღვდელმთავარი წილისყრის პრინციპით იყენებდა ღვთის ნების გასაგებად, როცა ერისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები წყდებოდა. როცა მღვდელმთავარი კარავში შედიოდა, ურიმი და თუმიმი სამკერდეში ეწყო. ამ საგნების გამოყენება, როგორც ჩანს, ბაბილონელთა მიერ იერუსალიმის განადგურების შემდეგ შეწყდა (გმ. 28:30; ნემ. 7:65).
ურყევი სიყვარული —
ამ ფრაზით ნათარგმნია ებრაული სიტყვა „ხესედ“; ესაა სიყვარული, რომელსაც საფუძვლად უდევს ერთგულება, ვალდებულება და ძლიერი ემოციური მიჯაჭვულობა. როგორც წესი, ამ სიტყვით აღიწერება ღვთის სიყვარული ადამიანებისადმი, თუმცა ზოგ კონტექსტში ადამიანთა შორის არსებული სიყვარულის აღსაწერადაც გამოიყენება (გმ. 34:6; რთ. 3:10).
უსუპი —
მცენარე, რომლის წვრილ ტოტებსა და ფოთლებს იყენებდნენ სისხლისა და წყლის სასხურებლად განწმენდის რიტუალების დროს. შესაძლოა ეს იყო მცენარე მაიორანი (Origanum maru, Origanum syriacum). როგორც ჩანს, სწორედ ეს მცენარეა იოანეს 19:29-ში ნახსენები უსუპი, რომელიც მიმაგრებული იყო სორგოს (Sorghum vulgare) ღეროზე, რადგან ამ უკანასკნელს საკმაოდ გრძელი ღერო ჰქონდა საიმისოდ, რომ მასზე ჩამოცმული ძმრიანი ღრუბელი იესოს პირამდე მიეწვდინათ (გმ. 12:22; ფს. 51:7).
უფლის ვახშამი —
ვახშამი, რომელზეც წარმოდგენილი იყო ხმიადი და ღვინო, როგორც ქრისტეს სხეულისა და სისხლის სიმბოლო; იესოს სიკვდილის გასახსენებლად დაწესებული ღონისძიება, რომლის აღნიშვნაც, ბიბლიის თანახმად, ყველა ქრისტიანს მოეთხოვება (1კრ. 11:20, 23—26).
უფროსი მღვდელი —
უფსკრული —
ნათარგმნია ბერძნული სიტყვიდან „აბისსოს“, რაც „მეტისმეტად ღრმას“, „უძიროს“ ნიშნავს. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ეს სიტყვა გამოიყენება შეზღუდული, უმოქმედო მდგომარეობის ან ისეთი ადგილის აღსაწერად, სადაც იზღუდება მოქმედების თავისუფლება. ეს სიტყვა შეიძლება გამოიყენებოდეს „სამარის“ აღსანიშნავადაც (ლკ. 8:31; რმ. 10:7; გმც. 20:3).
უფუარობის დღესასწაული —
ებრაელთა სამი უდიდესი ყოველწლიური დღესასწაულიდან პირველი. მისი აღნიშვნა იწყებოდა პასექის მომდევნო დღეს, 15 ნისანს, და შვიდი დღის მანძილზე გრძელდებოდა. ამ დღესასწაულზე მხოლოდ უსაფუვრო პური, ხმიადი, უნდა ეჭამათ, რაც მათ ეგვიპტიდან გამოსვლას შეახსენებდა (გმ. 23:15; მრ. 14:1).
უღელი —
ხის ძელი, რომელსაც, ჩვეულებრივ, წყვილ პირუტყვს ადგამდნენ ქედზე ურემში ან გუთანში შესაბმელად. ამგვარ ძელს ადამიანიც იყენებდა სიმძიმის გადასატანად. ფიგურალური მნიშვნელობით, „უღელი“ დამონებულ მდგომარეობას გამოხატავს, „უღლის დამსხვრევა“ კი — მონობის უღლიდან თავის დაღწევას (ლვ. 26:13; მთ. 11:29, 30).
უწმინდურება —
უხუცესი —
ასაკით უფროსი მამაკაცი. ბიბლიაში ეს სიტყვა გამოიყენება მასთან მიმართებით, ვისაც თემში ან საზოგადოებაში საპასუხისმგებლო მდგომარეობა უკავია. წიგნ „გამოცხადებაში“ ეს სიტყვა სულიერი ქმნილებების აღსაწერადაც გამოიყენება. „უხუცესად“ ითარგმნება ბერძნული სიტყვა „პრესბიტეროს“ იმ კონტექსტებში, როცა საუბარია ქრისტიანულ კრების ზედამხედველებზე (გმ. 4:29; იგ. 31:23; 1ტმ. 5:17; გმც. 4:4).
Ფ
ფარაონი —
ფარდა (კარვისა, ტაძრისა) —
ოსტატურად ნაქსოვი ქსოვილი, რომელზეც ამოქარგული იყო ქერუბიმები და წმინდას წმინდათაწმინდისგან ყოფდა კარავში, შემდგომ კი — ტაძარში (გმ. 26:31; 2მტ. 3:14; მთ. 27:51; ებ. 9:3). იხ. დანართი ბ5.
ფარისევლები —
ახ. წ. I საუკუნეში იუდაიზმის ერთ-ერთი გავლენიანი სექტის წევრები. ისინი არ განეკუთვნებოდნენ სამღვდელო შტოს, თუმცა მკაცრად იცავდნენ კანონს უმცირეს დეტალებშიც კი, და ზეპირგადმოცემებს კანონს უტოლებდნენ (მთ. 23:23). ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ბერძნულ გავლენას, და, რადგან კარგად ერკვეოდნენ კანონსა და ტრადიციებში, დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ ხალხში (მთ. 23:2—6). ზოგი ფარისეველი სინედრიონის წევრიც იყო. ისინი ხშირად უპირისპირდებოდნენ იესოს შაბათის დაცვის, ტრადიციების და ცოდვილებთან თუ მებაჟეებთან ურთიერთობის გამო. ზოგიერთი ფარისეველი, მაგალითად, ტარსოსელი სავლე, ქრისტიანიც კი გახდა (მთ. 9:11; 12:14; მრ. 7:5; ლკ. 6:2; სქ. 26:5).
ფილისტიმი, ფილისტიმელები —
ისრაელის სამხრეთით, ზღვის სანაპიროზე მდებარე ტერიტორია, რომელზეც კრეტიდან გადმოსახლებული ხალხი სახლობდა. ამ ტერიტორიას „ფილისტიმი“, ხალხს კი „ფილისტიმელები“ ერქვათ. მართალია, დავითმა დაამარცხა ფილისტიმელები, მაგრამ მათ დამოუკიდებლობა შეინარჩუნეს და ბოლომდე მტრობდნენ ისრაელს (გმ. 13:17; 1სმ. 17:4; ამ. 9:7). იხ. დანართი ბ4.
ფიმი —
წონისა და ფულის ერთეული; ღირებულება, რომელსაც ფილისტიმელები ითხოვდნენ სხვადასხვა ლითონის იარაღის გასალესად. ისრაელში არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნ რამდენიმე საწონზე ძველებრაულად იკითხება „ფიმ“; თითოეული საწონის წონა საშუალოდ 7,8 გრამია და დაახლოებით შეკელის ორ მესამედს უდრის (1სმ. 13:20, 21).
ფიცი —
სარწმუნო განაცხადი რისამე სიმართლის დასადასტურებლად ან მტკიცე პირობა რაიმეს გაკეთების ან რაიმესგან თავის შეკავების შესახებ. ხშირ შემთხვევაში ფიცს წარმოთქვამდნენ მათ წინაშე, ვისაც შედარებით მაღალი მდგომარეობა ეკავა, უმეტესწილად ღვთის წინაშე. იეჰოვამ აბრაამს თავისი დანაპირები ფიცით განუმტკიცა (დბ. 14:22; ებ. 6:16, 17).
ფსალმუნი —
ღვთის განმადიდებელი საგალობელი. ღვთის მსახურები ფსალმუნებს ასრულებდნენ მუსიკალური აკომპანემენტით, ხშირ შემთხვევაში იერუსალიმის ტაძარში იეჰოვა ღმერთის თაყვანისცემის დროს (ლკ. 20:42; სქ. 13:33; იაკ. 5:13).
ფურიმი —
დღესასწაული, რომელსაც 14-15 ადარს ზეიმობდნენ დედოფალ ესთერის დროს ებრაელთა გადარჩენის აღსანიშნავად. სახელწოდება წარმოდგება არაებრაული სიტყვიდან „ფურ“, რაც „წილს“ ნიშნავს. ებრაელთა მტერმა ჰამანმა იმ დღის დასადგენად, თუ როდის უნდა გაეწყვიტათ ებრაელები, „ფური“ ანუ წილი ყარა. აქედან წარმოდგება სახელწოდება „ფურიმი“ ანუ წილისყრის დღესასწაული (ესთ. 3:7; 9:26).
Ქ
ქალდეა, ქალდეველები —
თავდაპირველად ქალდეა ეწოდებოდა ტერიტორიას მდინარე ტიგროსსა და ევფრატს შორის, იქ მცხოვრები ხალხი კი ქალდეველების სახელით იყო ცნობილი. მოგვიანებით ქალდეა ეწოდა მთელ ბაბილონის სამეფოს, ხოლო ქალდეველები — იქ მცხოვრებ ხალხს. „ქალდეველში“ ზოგჯერ იგულისხმებოდა განათლებული ადამიანი, რომელმაც იცოდა ენები, ერკვეოდა მეცნიერებაში, ისტორიასა და ასტრონომიაში, თუმცა ამასთანავე მისდევდა მაგიასა და ასტროლოგიას (ეზრ. 5:12; დნ. 4:7; სქ. 7:4).
ქანაანი —
ნოეს შვილიშვილი, ქამის მეოთხე ვაჟი, რომლისგან წარმოშობილი 11 ტომი დასახლდა ეგვიპტესა და სირიას შორის მოქცეულ ტერიტორიაზე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ამ ტერიტორიას „ქანაანის მიწა“ ეწოდებოდა (ლვ. 18:3; დბ. 9:18; სქ. 13:19). იხ. დანართი ბ4.
ქემოში —
მოაბელთა მთავარი ღვთაება (1მფ. 11:33).
ქერუბიმი —
განსაკუთრებული დავალებების შემსრულებელი მაღალი რანგის ანგელოზი; რანგით განსხვავდება სერაფიმისგან (დბ. 3:24; გმ. 25:20; ეს. 37:16; ებ. 9:5).
ქვაკუთხედი —
კუთხის ქვა, რომელიც შენობის კუთხეში, ორი კედლის გადაბმის ადგილას იდებოდა მათი შეერთების მიზნით. მთავარი ქვაკუთხედი შენობის საძირკველში იდებოდა; საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობებისთვის და ქალაქის გალავნისთვის განსაკუთრებით მტკიცე ქვაკუთხედს იყენებდნენ. ეს სიტყვა გადატანითი მნიშვნელობითაც გამოიყენება დედამიწის შექმნის კონტექსტში. ამასთანავე, იესოც მოიხსენიება „ქვაკუთხედად“, რომელიც საძირკვლად უდევს სახლთან შედარებულ ქრისტიანულ კრებას (ეფ. 2:20; იობ. 38:6).
ქვეყნიერება —
ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში 30-ზე მეტჯერ გვხვდება ბერძნული სიტყვა „ეონ“, რომელიც წინამდებარე თარგმანში „ქვეყნიერებადაა“ ნათარგმნი. ის აღნიშნავს დროის პერიოდს, ეპოქას ან ხანას, რომელიც ხასიათდება რაიმე ნიშნითა თუ მოვლენათა ერთობლიობით. ბიბლია იყენებს ფრაზას „ეს ქვეყნიერება“, რაც ქვეყნიერებაში გაბატონებულ ვითარებაზე, მისთვის დამახასიათებელ ცხოვრების წესზე მიუთითებს (2ტმ. 4:10). ღმერთმა კანონის შეთანხმების საფუძველზე ახალ წყობას, იუდაისტურ ეპოქას, დაუდო დასაბამი, ქრისტეს გამოსასყიდის საფუძველზე კი ღმერთმა ახალ, ქრისტიანულ ხანას ჩაუყარა საფუძველი, რადგან ჩამოყალიბდა ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარი კრება. ასე დაიწყო ახალი ეპოქა, როცა სინამდვილედ იქცა ანუ ხორცი შეესხა იმას, რაზეც კანონი მიანიშნებდა. როცა ეს ბერძნული სიტყვა დედნისეულ ტექსტში მრავლობით რიცხვშია, ის მიუთითებს სხვადასხვა ეპოქასა თუ ხანაზე, ჩავლილსა თუ მომავალზე (მთ. 24:3; მრ. 4:19; რმ. 12:2; 1კრ. 10:11).
ქვეყნიერების ბოლო —
დროის პერიოდი, რომელიც წინ უძღვის და მოიცავს სატანის მიერ მართული ქვეყნიერების აღსასრულს. ეს პერიოდი ქრისტეს მოსვლის თანადროულია. იესოს მითითებით ანგელოზები „ბოროტებს მართლებისგან გამოაცალკევებენ“ და მოსპობენ (მთ. 13:40—42, 49). იესოს მოწაფეებს აინტერესებდათ, როდის დადგებოდა ქვეყნიერების ბოლო (მთ. 24:3). ზეცაში ამაღლებამდე ის დაჰპირდა თავის მიმდევრებს, რომ მათთან იქნებოდა ქვეყნიერების აღსასრულამდე (მთ. 28:20).
ქისლევი —
ებრაული რელიგიური კალენდრით მე-9, ხოლო საერო კალენდრით მე-3 თვის სახელწოდება, რომელსაც ებრაელები ბაბილონიდან დაბრუნების შემდეგ იყენებდნენ. ემთხვეოდა პერიოდს შუა ნოემბრიდან შუა დეკემბრამდე (ნემ. 1:1; ზქ. 7:1). იხ. დანართი ბ15.
ქორი —
ფხვიერი და თხევადი ნივთიერებების საწყაო, რომელიც 220 ლ-ს იტევდა, მისი ტევადობა დადგენილია ბათთან მიმართებით (1მფ. 5:11). იხ. დანართი ბ14.
ქრისტე —
ქრისტეს მოსვლა —
ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ამ სიტყვით აღიწერება იესო ქრისტეს, როგორც მესიანური მეფის, უხილავი მოსვლა ამ ქვეყნიერების ბოლო დღეებში. ქრისტეს მოსვლა მხოლოდ მოსვლას არ გულისხმობს; მასში გარკვეული ხნის მანძილზე დარჩენაც იგულისხმება (მთ. 24:3).
ქრისტიანი —
ღვთის მიერ იესო ქრისტეს მიმდევრებისთვის მინიჭებული წოდება (სქ. 11:26; 26:28).
ქსელის ძაფები —
სიგრძეზე გაბმული საქსოვი ძაფები, რომელშიც მისაქსელი ძაფი გადიოდა გარდიგარდმო და იქსოვებოდა ქსოვილი (მსჯ. 16:13).
Ღ
ღვთის სამეფო —
როგორც წესი, ეს ფრაზა აღნიშნავს ღვთის უზენაეს ხელისუფლებას, იმ სამეფოთი წარმოდგენილს, რომლის მეფეც მისი ძე, იესო ქრისტეა (მთ. 12:28; ლკ. 4:43; 1კრ. 15:50).
ღვთისადმი ერთგულება —
ღუმელი —
საგანგებო მოწყობილობა, რომელსაც ახურებდნენ მადნის ან ლითონის გადასადნობად და კირქვის გამოსაწვავად. გარდა ამისა, გამოიყენებოდა სამეთუნეო თუ სხვა კერამიკული ნაწარმის წარმოებაში. ბიბლიურ დროში ღუმელი აგურისგან ან ქვისგან მზადდებოდა. იხმარებოდა კერძის მოსამზადებლად ან რისამე გამოსაცხობად (დბ. 15:17; დნ. 3:17; გმც. 9:2).
Შ
შაბათი —
მომდინარეობს ებრაული სიტყვიდან, რომელიც „დასვენებას“, „შეწყვეტას“ ნიშნავს; შვიდდღიანი ებრაული კვირის მე-7 დღე (გრძელდებოდა პარასკევს მზის ჩასვლიდან შაბათს მზის ჩასვლამდე). გარდა ამისა, „შაბათად“ ითვლებოდა როგორც წლის სხვა სადღესასწაულო დღეები, ისე ყოველი მე-7 და 50-ე წელი. შაბათობით ყველანაირი საქმე, გარდა მღვდელმსახურებისა, იკრძალებოდა. „შაბათად“ წოდებულ წლებში მიწა არ უნდა დამუშავებულიყო და ებრაელს მოძმისთვის ვალი უნდა ეპატიებინა. მოსეს კანონით გათვალისწინებული შაბათის შეზღუდვები არ იყო მკაცრი, თუმცა რელიგიურმა წინამძღოლებმა დროთა განმავლობაში იმდენი წესი დაამატეს, რომ იესოს დროს მცხოვრებ ებრაელებს შაბათის დაცვა უკვე მძიმე ტვირთად აწვათ (გმ. 20:8; ლვ. 25:4; ლკ. 13:14—16; კლ. 2:16).
შებატი —
ებრაული რელიგიური კალენდრით მე-11, ხოლო საერო კალენდრით მე-5 თვის სახელწოდება, რომელსაც ებრაელები ბაბილონში გადასახლების შემდეგ იყენებდნენ. ემთხვეოდა პერიოდს შუა იანვრიდან შუა თებერვლამდე (ზქ. 1:7). იხ. დანართი ბ15.
შეთანხმება —
ღმერთსა და ადამიანს ან ორ ადამიანს შორის დადებული პირობა რაიმე ვალდებულების შესრულების შესახებ. შეთანხმების დადების დროს ზოგჯერ მხოლოდ ერთ მხარეს ეკისრებოდა პასუხისმგებლობა (მაგალითად, ცალმხრივი შეთანხმების დროს, რაც, რეალურად, დადებული პირობა იყო), ზოგჯერ კი — ორივე მხარეს (როგორც ორმხრივი შეთანხმების დროს). იმ შეთანხმებების გარდა, რომელთა ერთ მხარეს ღმერთი წარმოადგენდა, ბიბლიაში მოხსენიებულია ცალკეულ ადამიანებს, ტომებს, ერებსა თუ ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფებს შორის დადებული შეთანხმებები. იმ შეთანხმებათა რიცხვს, რომელთა პირობებიც დროის ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე უნდა შესრულებულიყო, განეკუთვნება: ღვთის მიერ დადებული შეთანხმება აბრაამთან, დავითთან, ისრაელ ერთან (კანონის შეთანხმება) და ღვთის ისრაელთან (ახალი შეთანხმება) (დბ. 9:11; 15:18; 21:27; გმ. 24:7; 2მტ. 21:7).
შეთანხმების კიდობანი —
აკაციის ხისგან დამზადებული და ოქროთი მოვარაყებული სკივრი, რომელიც ინახებოდა ჯერ კარვის, ხოლო შემდეგ სოლომონის მიერ აგებული ტაძრის წმინდათაწმინდაში. მას ჰქონდა მასიური ოქროს სახურავი, რომელზეც ორი, ერთმანეთისკენ პირშექცეული ქერუბიმი იდგა. მასში, ძირითადად, ის ორი ფილა ინახებოდა, რომელზეც ათი მცნება იყო ამოტვიფრული (კნ. 31:26; 1მფ. 6:19; ებ. 9:4). იხ. დანართი ბ5 და ბ8.
შეკელი —
ებრაული წონისა და ფულის ძირითადი ერთეული; უდრიდა 11,4 გრამს. ფრაზა „წმინდა ადგილის შეკელი“ შესაძლოა გულისხმობდეს ზუსტ წონას ან სტანდარტულ საწონს, რომელიც კარავში ინახებოდა. როგორც ჩანს, არსებობდა ჩვეულებრივი შეკელისგან განსხვავებული სამეფო შეკელიც ანუ სტანდარტული საწონი, რომელიც სასახლეში ინახებოდა (გმ. 30:13).
შეკრება —
შემინითი —
მუსიკალური ტერმინი, რომელიც სიტყვასიტყვით „მერვეს“ ნიშნავს და შესაძლოა მიუთითებდეს დაბალ რეგისტრზე. მუსიკალური ინსტრუმენტის შემთხვევაში ეს ტერმინი შესაძლოა მიუთითებდეს მუსიკალური საკრავის დაბალ ჟღერადობაზე, ხოლო სიმღერის შემთხვევაში — დაბალ დიაპაზონში შესრულებაზე (1მტ. 15:21; ფს. 6, ეპგ; ფს. 12, ეპგ.).
შეოლი —
ებრაული სიტყვა, რომელიც შეესატყვისება ბერძნულ „ჰადესს“. იხ. „სამარე“.
შერიგების სახურავი —
შეთანხმების კიდობნის სახურავი, რომლის წინაშეც მღვდელმთავარი გამოსყიდვის დღეს ცოდვის შესაწირავის სისხლს ასხურებდა. ამ ებრაული სიტყვის ფუძე ნიშნავს ცოდვის „დაფარვას“, „წარხოცვას“. სახურავი ხალასი ოქროთი იყო დამზადებული და ზემოდან, ორივე კიდეში თითო-თითო ქერუბიმი ჰქონდა დამაგრებული. ბიბლიაში ზოგჯერ უბრალოდ „სახურავად“ არის მოხსენიებული (გმ. 25:17—22; 1მტ. 28:11; ებ. 9:5). იხ. დანართი ბ5.
შესარხევი შესაწირავი —
ამგვარი შესაწირავის მიტანისას მღვდელი, როგორც ჩანს, ქვემოდან იჭერდა შემწირველის ხელებს, რომლებზეც შესაწირავი იდო და არხევდა, ან თავად ეჭირა ეს შესაწირავი და არხევდა. შესაწირავის შერხევა იეჰოვასთვის შესაწირავის წარდგენის ნიშანი იყო (ლვ. 7:30).
შეხვედრის კარავი —
შუამავალი —
შურდული —
იარაღი, რომელიც ტყავის ღვედის, ცხოველის მყესების, ლერწმის ან ბეწვის თასმისგან მზადდებოდა; შუაში ჰქონდა ჩაღრმავებული ადგილი სატყორცნი საგნის, როგორც წესი, ქვის, ჩასადებად. შურდულის ერთ ბოლოს მაჯაზე იმაგრებდნენ, მეორე ბოლო კი გატყორცნამდე ხელში ეჭირათ. ძველად ჯარში მეშურდულეებიც ჰყავდათ (მსჯ. 20:16; 1სმ. 17:50).
Ც
ცეცხლის ტბა —
სიმბოლური ადგილი, რომელიც იწვის „ცეცხლითა და გოგირდით“ და რომელსაც „მეორე სიკვდილიც“ ეწოდება. ეშმაკი, მოუნანიებელი ცოდვილები, და, თვით სიკვდილი და სამარე მასში იქნებიან ჩაყრილი. ვინაიდან ამ ცეცხლის ტბაში ხვდება ეშმაკი, სულიერი ქმნილება, და მასთან ერთად სიკვდილი და სამარე, რომელთაგან ცეცხლი ვერც ერთს ვერაფერს აკლებს, აშკარაა, რომ ეს ტბა სიმბოლურია და წარმოადგენს არა მარადიული წამების, არამედ მარადიული განადგურების სიმბოლოს (გმც. 19:20; 20:14, 15; 21:8).
ცის დედოფალი —
ქალღმერთის სახელწოდება, რომელსაც იერემიას დროს ორგული ისრაელები ეთაყვანებოდნენ. ზოგის აზრით, ეს ბაბილონელთა ქალღმერთი იშთარია (ასტარტე). მისი წინამორბედის, შუმერული ქალღმერთის, ინანას, სახელიც „ცის დედოფალს“ ნიშნავს. ცის დედოფალი ნაყოფიერების ქალღმერთიც იყო. ერთ-ერთი ეგვიპტური წარწერა მას „ცის ქალბატონადაც“ იხსენიებს (იერ. 44:19).
ცისკრის ვარსკვლავი —
ბოლო ვარსკვლავი, რომელიც აღმოსავლეთით ცაზე მზის გამოჩენამდე ჩნდება; ახალი დღის დაწყების მომასწავებელი (გმც. 22:16; 2პტ. 1:19).
ცოდვის შესაწირავი —
ცხება —
„ცხებად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა „სითხის წასმას“ ნიშნავს. ადამიანისთვის ან რაიმე საგნისთვის ზეთის ცხება იმის ნიშანი იყო, რომ ეს ადამიანი თუ საგანი განსაკუთრებული მისიისთვის იყო განწესებული. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ეს სიტყვა აგრეთვე გამოიყენება ზეციური ცხოვრების მოიმედეთა კონტექსტში მათზე წმინდა სულის გადმოსვლის აღსანიშნავად (გმ. 28:41; 1სმ. 16:13; 2კრ. 1:21).
Ძ
ძელი, წამების ძელი —
ვერტიკალურად აღმართული სწორი ძელი, რომელზეც აკრავდნენ ადამიანს. ზოგ ერში ძელზე ჰკიდებდნენ დამნაშავეს ან ვინმეს ცხედარს საჯარო შერცხვენისა და სხვებისთვის ჭკუის სწავლების მიზნით. ასურელები, რომლებიც სასტიკი მეომრები იყვნენ, ტყვეებს წვეტიან ძელებზე სვამდნენ ისე, რომ ძელს მუცლისა და გულმკერდის ღრუში გაევლო. ებრაელთა კანონის თანახმად, მას, ვისაც ბრალი ედებოდა ისეთ მძიმე დანაშაულში, როგორიცაა ღვთის გმობა და კერპთაყვანისმცემლობა, ჯერ ქოლავდნენ ან სხვა რომელიმე მეთოდით კლავდნენ, შემდეგ კი სხვებისთვის ჭკუის სასწავლებლად ძელზე ან ხეზე ჰკიდებდნენ (კნ. 21:22, 23; 2სმ. 21:6, 9). რომაელები, ზოგჯერ, ძელზე აბამდნენ დამნაშავეს და მანამ ტოვებდნენ ასე, სანამ ტკივილი, წყურვილი, შიმშილი და თაკარა მზე არ მოუღებდა მას ბოლოს. ზოგჯერ კი, როგორც ეს იესოს შემთხვევაში მოხდა, დამნაშავეს ხელებითა და ფეხებით ალურსმავდნენ ძელზე (ლკ. 24:20; ინ. 19:14—16; 20:25; სქ. 2:23, 36). იმ ძელის აღსანიშნავად, რომელზეც იესო გააკრეს, გამოყენებულია ბერძნული სიტყვა „სტავროს“, რომელიც ვერტიკალურად აღმართულ სწორ ძელს ან ბოძს ნიშნავს. არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ეს ბერძნული სიტყვა „ჯვარს“ ანუ იმ რელიგიურ სიმბოლოს ნიშნავს, რომელსაც ქრისტემდე ჯერ კიდევ მრავალი საუკუნით ადრე წარმართი ერები იყენებდნენ. „წამების ძელი“ სრულად გადმოსცემს დედნისეული სიტყვის აზრს, რადგან სიტყვა „სტავროს“ იმ წამების, ტანჯვისა და სირცხვილის აღსანიშნავადაც გამოიყენება, რომელსაც იესოს მიმდევრები გამოცდიდნენ (მთ. 16:24; ებ. 12:2).
Წ
წამების ძელი —
იხ. „ძელი, წამების ძელი“.
წარსადგენი პური —
12 პური, რომელსაც მაგიდაზე ექვს-ექვსად აწყობდნენ ორ წყებად კარვის, მოგვიანებით კი ტაძრის წმინდაში. ღვთისთვის შეწირულ ამ პურს ყოველ შაბათს ახალი პურით ცვლიდნენ. ძველი პურის ჭამის უფლება, ჩვეულებრივ, მხოლოდ მღვდლებს ჰქონდათ (2მტ. 2:4; მთ. 12:4; გმ. 25:30; ლვ. 24:5—9; ებ. 9:2). იხ. დანართი ბ5.
წილისყრა —
ჩვეულება, რომელსაც მიმართავდნენ რაიმე გადაწყვეტილების მისაღებად. წილის საყრელად კენჭებს და ხის ან ქვის პატარა ნატეხებს კალთაში ან ჭურჭელში ყრიდნენ და ანჯღრევდნენ. გადმოვარდნილი ან ამოღებული კენჭი განსაზღვრავდა გადაწყვეტილებას. ხშირად წილისყრამდე ლოცულობდნენ. ბიბლიაში „წილი“ გამოიყენება, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით კუთვნილებისა და ხვედრის აღსანიშნავად (იეს. 14:2; ფს. 16:5; იგ. 16:33; მთ. 27:35).
წინადაცვეთა —
მამაკაცის სასქესო ასოდან ჩუჩის მოკვეთა. ამ რიტუალის შესრულება სავალდებულო იყო აბრაამისა და მისი შთამომავლებისთვის, მაგრამ მისი დაცვა არ მოეთხოვებათ ქრისტიანებს. ბიბლიის ზოგ კონტექსტში ის გადატანითი მნიშვნელობითაც გამოიყენება (დბ. 17:10; 1კრ. 7:19; ფლ. 3:3).
წინასწარმეტყველება —
შთაგონებული ცნობა, ღვთაებრივი გამოცხადებით მიღებული და გაცხადებული. წინასწარმეტყველება შეიძლება იყოს ღვთისგან მომდინარე რჩევა-დარიგება, მითითება ან განაჩენი, ანდა მომავლის გაცხადება (ეზკ. 37:9, 10; დნ. 9:24; მთ. 13:14; 2პტ. 1:20, 21).
წინასწარმეტყველი —
წინასწარმხილველი —
ადამიანი, რომელსაც ღმერთი უმჟღავნებდა თავის ნებას და იმის დანახვისა თუ გაგების საშუალებას აძლევდა, რაც სხვებისთვის დაფარული იყო. ეს ებრაული სიტყვა მომდინარეობს ზმნიდან, რომელიც „დანახვას“ ნიშნავს როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. წინასწარმხილველს ბრძნული რჩევისთვის მიმართავდნენ განსაცდელის ჟამს (1სმ. 9:9).
წმინდა (კარვისა, ტაძრისა) —
კარვის, მოგვიანებით კი ტაძრის პირველი და შედარებით მოზრდილი ოთახი, რომელიც გამოყოფილი იყო შიდა ოთახისგან ანუ წმინდათაწმინდისგან. კარვის წმინდაში განთავსებული იყო ოქროს სალამპრე, საკმევლის ოქროს სამსხვერპლო, წარსადგენი პურის მაგიდა და ოქროს სხვა ნივთები, ტაძრის წმინდაში კი იდგა ოქროს სამსხვერპლო, 10 ოქროს სალამპრე და წარსადგენი პურის 10 მაგიდა (გმ. 26:33; ებ. 9:2). იხ. დანართები ბ5 და ბ8.
წმინდა ადგილი —
ზოგადად თაყვანისცემისთვის განკუთვნილი ადგილი. ხშირ შემთხვევაში აღნიშნავს კარავს ან იერუსალიმის ტაძარს. გარდა ამისა, გამოიყენება ღვთის ზეციური სამყოფლის აღსაწერად (გმ. 28:35; ლვ. 21:12; ეს. 63:18).
წმინდა საიდუმლო —
წმინდა სული —
წმინდა წერილ(ებ)ი —
წერილობითი სახით შემონახული ღვთის სიტყვა. ამ გამოთქმას მხოლოდ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ვხვდებით (ლკ. 24:27; 2ტმ. 3:16).
წმინდათაწმინდა —
კარვის, მოგვიანებით კი ტაძრის შიდა ოთახი, რომელშიც შეთანხმების კიდობანი ინახებოდა. მოსეს კანონის თანახმად, მხოლოდ მღვდელმთავარს შეეძლო წმინდათაწმინდაში შესვლა, ისიც მხოლოდ ყოველწლიური გამოსყიდვის დღეს (გმ. 26:33; ლვ. 16:2, 17; 1მფ. 6:16; ებ. 9:3).
წყალობა —
ამგვარად ითარგმნა ბერძნული სიტყვა, რომლის ძირითადი მნიშვნელობაა „მოსაწონი“ და „მადლიანი“. ეს სიტყვა ხშირად მიუთითებს გულითად ძღვენზე, გულით გაკეთებულ სიკეთეზე. „ღვთის წყალობა“ გულისხმობს მის მიერ გულუხვად გაღებულ უანგარო ძღვენს, რაც ადამიანებისადმი მისი დიდი სიყვარულის და სიკეთის დასტურია (2კრ. 6:1; ეფ. 1:7).
წყევლა —
ვინმესთვის ან რამესთვის ბოროტების სურვება ან უბედურებით დამუქრება. არ უნდა აგვერიოს ბილწსიტყვაობაში და რისხვის ნთხევაში. ბიბლიაში წყევლა, ხშირად, წარმოადგენდა მკაცრ გაფრთხილებას ან უბედურების წინასწარმეტყველებას, და, თუ მას ღმერთი ან მისი წარმომადგენელი წარმოთქვამდა, წყევლა წინასწარმეტყველურ მნიშვნელობას იძენდა და მისი შესრულება გარდაუვალი ხდებოდა (დბ. 12:3; რც. 22:12; გლ. 3:10).
წყრთა —
სიგრძის საზომი ერთეული, მანძილი იდაყვიდან შუათითის წვერამდე. ისრაელებისთვის სტანდარტული წყრთა დაახლოებით 44,5 სმ-ს შეადგენდა, თუმცა ისინი იყენებდნენ გრძელ წყრთასაც, რომელიც სტანდარტულ წყრთაზე ოთხი თითის დადებით მეტი იყო და დაახლოებით 51,8 სმ-ს შეადგენდა (დბ. 6:15; ლკ. 12:25). იხ. დანართი ბ14.
Ჭ
ჭეშმარიტი ღმერთი —
ასე ითარგმნება ორი ებრაული სიტყვა „ელოჰიმ“ და „ელ“, როცა მათ წინ უძღვის განსაზღვრული არტიკლი „ჰა“. როგორც წესი, ფრაზას „ჭეშმარიტი ღმერთი“ ვხვდებით იმის ხაზგასასმელად, რომ მხოლოდ იეჰოვაა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი. ასეთ კონტექსტებში „ჭეშმარიტი ღმერთი“ სრულად გადმოსცემს დედნისეული ტექსტის აზრს (დბ. 46:3; კნ. 4:39; 2სმ. 7:28).
ჭირი —
ნებისმიერი გადამდები დაავადება, რომელიც სწრაფად ვრცელდება, ეპიდემიის სახეს იძენს და იწვევს სიკვდილიანობას. ხშირ შემთხვევაში ეს იყო ღვთისგან მოვლენილი სასჯელი (რც. 14:12; ეზკ. 38:22, 23; ამ. 4:10).
ჭრაქი —
მცენარეთა ავადმყოფობა, რომელსაც იწვევს ზოგიერთი სოკო. არსებობს მოსაზრება, რომ ბიბლიაში ნახსენები ჭრაქი ხორბლოვანთა ღეროს ჟანგაა (Puccinia graminis) (1მფ. 8:37).
Ხ
ხარკი —
გადასახადი, რომელსაც ერთი ქვეყანა ან მმართველი უხდიდა მეორე ქვეყანას მორჩილების ნიშნად, მშვიდობის შესანარჩუნებლად ან მისგან მფარველობის მისაღებად (2მფ. 3:4; 18:14—16; 2მტ. 17:11). ეს სიტყვა გამოიყენებოდა იმ გადასახადთან მიმართებითაც, რომელიც ცალკეულ პირს ეკისრებოდა (ნემ. 5:4; რმ. 13:7).
ხარჭა —
მხევალი, რომელიც ბატონს ცოლობას უწევდა, მაგრამ ცოლზე დაბალი მდგომარეობა ეკავა (გმ. 21:8; 2სმ. 5:13; 1მფ. 11:3).
ხელის დადება —
ამ ჟესტით ხდებოდა ვინმეს განწესება რაიმე განსაკუთრებული დავალებისთვის, ვისიმე კურთხევა, განკურნება ან წმინდა სულის ძღვნის ბოძება. ხელებს ადებდნენ შესაწირავად გამზადებულ ცხოველსაც (გმ. 29:15; რც. 27:18; სქ. 19:6; 1ტმ. 5:22).
ხომერი —
ფხვიერი ნივთიერებების საწყაო, რომელიც უდრიდა 220 ლ-ს და ქორის ეკვივალენტი იყო. მისი ტევადობა დადგენილია ბათთან მიმართებით (ლვ. 27:16). იხ. დანართი ბ14.
ხორები —
მთიანი მხარის სახელწოდება, სადაც სინაის მთა მდებარეობდა. ზოგჯერ სინაის მთის სინონიმადაც გვხვდება (გმ. 3:1; კნ. 5:2). იხ. დანართი ბ3.
ხუნდი —
ერთგვარი ბორკილი; ზოგ შემთხვევაში ამგვარ ბორკილებს მხოლოდ ფეხებზე ადებდნენ, ზოგჯერ ხელებსა და კისერზეც, რის გამოც ადამიანი უხერხულ, მოხრილ მდგომარეობაში იმყოფებოდა (იერ. 20:2; სქ. 16:24).
Ჯ
ჯვალო —
უხეში ქსოვილი, რომლისგანაც ამზადებდნენ ტომრებს, მაგალითად, ხორბლის ჩასაყრელად. ჩვეულებრივ, მას თხის მუქი ბეწვისგან ქსოვდნენ; ჯვალოს სამოსს მგლოვიარენი ატარებდნენ (დბ. 37:34; ლკ. 10:13).
Ჰ
ჰადესი —
ბერძნული სიტყვა, რომელიც შეესატყვისება ებრაულ „შეოლს“. იხ. „სამარე“.
ჰერმესი —
ბერძენთა ღვთაება, ზევსის ძე. ქალაქ ლისტრაში მოციქული პავლე შეცდომით მიიჩნიეს ჰერმესად, რადგან ჰერმესი ღმერთების მაცნედ და მჭევრმეტყველების მფარველ ღვთაებად ითვლებოდა (სქ. 14:12).
ჰეროდე —
რომის მიერ დანიშნული იუდეის მმართველთა საგვარეულო წოდებულება. ჰეროდე დიდი ცნობილი გახდა იერუსალიმის ტაძრის აღდგენითა და იესოს მოკვლის მიზნით მოწყობილი ბავშვთა ხოცვა-ჟლეტით (მთ. 2:16; ლკ. 1:5). ჰეროდე დიდის ვაჟები, არქელაე და ჰეროდე ანტიპა, მამის სამფლობელოს სხვადასხვა ნაწილს განაგებდნენ (მთ. 2:22). ანტიპა, რომელსაც მეფესაც უწოდებდნენ, ტეტრარქი იყო; მისი მმართველობის ხანა ემთხვევა ქრისტეს მსახურების სამწელიწადნახევრიან მონაკვეთს, აგრეთვე იმ მოვლენებს, რომლებიც საქმეების მე-12 თავამდე აღიწერება (მრ. 6:14—17; ლკ. 3:1, 19, 20; 13:31, 32; 23:6—15; სქ. 4:27; 13:1). ჰეროდე დიდის შვილიშვილი, ჰეროდე აგრიპა I, მმართველობის დაწყებიდან მალევე დაიღუპა ღვთის ანგელოზის მიერ მოვლენილი სასჯელით (სქ. 12:1—6, 18—23). მის შემდეგ მისი ვაჟი ჰეროდე აგრიპა II განაგებდა მამის სამფლობელოს რომაელების წინააღმდეგ ებრაელთა აჯანყებამდე (სქ. 23:35; 25:13, 22—27; 26:1, 2, 19—32).
ჰეროდეს მომხრეები —
ეროვნული მოძრაობის წევრები, რომლებიც რომის მიერ დაყენებულ ჰეროდეთა დინასტიის პოლიტიკურ შეხედულებებს უჭერდნენ მხარს. როგორც ჩანს, ჰეროდეს მომხრეებს შორის ზოგი სადუკეველიც იყო. სწორედ ჰეროდეს მომხრეები და ფარისევლები გაერთიანდნენ იესოს წინააღმდეგ (მრ. 3:6).
ჰიგაიონი —
ტექნიკური სახის მითითება მუსიკალური ნაწარმოებისთვის. ეს სიტყვა, რომელიც ფსალმუნის 9:16-შია გამოყენებული, შეიძლება მიუთითებდეს მუსიკალურ ჩანართზე, რომელიც ქნარზე სრულდებოდა მინორულ ტონალობაში, ან შესაძლოა პაუზაზე, რომელიც დაფიქრების საშუალებას იძლეოდა.
ჰინი —
თხევადი ნივთიერების საწყაო; აგრეთვე ჭურჭელი, რომელშიც ამ ოდენობის სითხე ეტეოდა. ის უდრიდა 3,67 ლ-ს; ტევადობა გამოთვლილია ისტორიკოს იოსებ ფლავიუსის ცნობის საფუძველზე, რომ ჰინი შეესაბამებოდა ორ ათენურ ხოას (გმ. 29:40). იხ. დანართი ბ14.