დაბადება
12 იეჰოვამ აბრამს უთხრა: „დატოვე შენი ქვეყანა, სანათესავო, მამაშენის სახლი და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც გიჩვენებ.+ 2 დიდ ხალხს წარმოვშობ შენგან, გაკურთხებ და სახელს გაგითქვამ. შენით იკურთხება ყველა ხალხი.+ 3 მე ვაკურთხებ მათ, ვინც შენ გაკურთხებს, და მე დავწყევლი მას, ვინც შენ დაგწყევლის;+ შენით იკურთხება ყველა ოჯახი დედამიწაზე“.+
4 წავიდა აბრამი, როგორც იეჰოვამ უთხრა, და ლოტიც გაჰყვა მას. 75 წლისა იყო აბრამი, როცა ხარანი დატოვა.+ 5 წაიყვანა აბრამმა თავისი ცოლი სარაი+ და თავისი ძმისშვილი ლოტი+ და წაიღეს მთელი დაგროვილი ქონება.+ წაიყვანეს ხარანიდან თავიანთი მსახურები და დაადგნენ ქანაანის გზას.+ ბოლოს მივიდნენ ქანაანის მიწაზე. 6 განაგრძო გზა აბრამმა იმ მიწაზე, მიადგა შექემს+ და მორეს დიდი ხეების მახლობლად დაბანაკდა.+ მაშინ იმ მიწაზე ქანაანელები ცხოვრობდნენ. 7 გამოეცხადა იეჰოვა აბრამს და უთხრა: „ამ მიწას შენს შთამომავალს+ მივცემ“.+ აუგო მან სამსხვერპლო იეჰოვას, მას, ვინც გამოეცხადა. 8 წავიდა იქიდან მთიან მხარეში, ბეთელის+ აღმოსავლეთით, და გაშალა კარავი, საიდანაც ბეთელი დასავლეთით იყო, ქალაქი აი+ კი — აღმოსავლეთით. აუგო სამსხვერპლო იეჰოვას+ და დაიწყო იეჰოვას სახელის მოხმობა.+ 9 აიყარა იქიდან აბრამი, წავიდა ნეგებისკენ+ და გზადაგზა ბანაკდებოდა.
10 შიმშილობა ჩამოვარდა იმ მიწაზე. წავიდა აბრამი, რომ ეგვიპტეს შეხიზვნოდა,+ რადგან მძვინვარებდა შიმშილობა იმ მიწაზე.+ 11 ეგვიპტეს რომ მიუახლოვდა, თავის ცოლს, სარაის, სთხოვა: „მომისმინე! ლამაზი ქალი ხარ.+ 12 ეგვიპტელები რომ დაგინახავენ, იტყვიან, მისი ცოლიაო, და მომკლავენ, შენ კი ცოცხალს დაგტოვებენ. 13 თქვი, რომ ჩემი და ხარ, რათა არაფერი დამიშავონ და გადავრჩე“.+
14 ჩავიდა აბრამი ეგვიპტეში და დაინახეს ეგვიპტელებმა, რომ ქალი, რომელიც მას ახლდა, ძალიან ლამაზი იყო. 15 ფარაონის მთავრებმაც დაინახეს იგი და უქეს მას, რის შემდეგაც ქალი მის სასახლეში წაიყვანეს. 16 სარაის გამო კარგად ეპყრობოდა ფარაონი აბრამს. ჰყავდა მას მსახურები, ცხვარ-ძროხა, აქლემები, მამალი და ჭაკი ვირები.+ 17 დაატეხა იეჰოვამ ფარაონსა და მის სახლეულობას დიდი უბედურება სარაის, აბრამის ცოლის+ გამო. 18 მოიხმო ფარაონმა აბრამი და უთხრა: „ეს რა მიყავი?! რატომ არ მითხარი, რომ შენი ცოლი იყო? 19 რატომ თქვი, ჩემი დააო?+ ცოლად შერთვას ვაპირებდი. აჰა შენი ცოლი, წაიყვანე და წადი!“ 20 ფარაონმა თავის მსახურებს უბრძანა, რომ გაეცილებინათ ის და მისი ცოლი მთელი მათი საბადებლითურთ.+