ტყუილი
რაც სიმართლის საპირისპიროა; ცრუ ინფორმაციის მიწოდება მისთვის, ვინც სიმართლე უნდა იცოდეს. ის მიზნად ისახავს ვინმეს შეცდომაში შეყვანას ან ვინმესთვის ზიანის მიყენებას. ტყუილი ყოველთვის სიტყვიერი არ არის, ის შეიძლება ქმედებაშიც გამოვლინდეს, მაგალითად, როცა ვინმე გაორებულ ცხოვრებას ეწევა და სხვებს თვალს უხვევს. ებრაული ზმნა ქაზავ მოტყუების აზრს გადმოსცემს (იგ. 14:5). კიდევ ერთი ებრაული ზმნა შაკარ ნიშნავს ვერაგულად მოქცევას, ღალატს; მისი მონათესავე არსებითი სახელი ითარგმნება, როგორც ტყუილი, სიცრუე (ლვ. 19:11; ფს. 44:17; იერ. 37:14; ეს. 57:4). ებრაული შავʼ, რომელიც ზოგჯერ სიცრუედ ითარგმნება, ძირითადად ფუჭს, ამაოს, უსარგებლოს ნიშნავს (ფს. 12:2; კნ. 5:20; ფს. 60:11; 89:47; ზქ. 10:2). ზმნა ქახაშის (მოტყუება) პირველადი მნიშვნელობა იმედგაცრუებაა (ლვ. 19:11; ოს. 9:2). ბერძნულ წერილებში სიცრუესა და სიყალბეს ფსევდოს და მისი მონათესავე სიტყვები აღნიშნავს.
სიცრუისა და ტყუილის მამა სატანა ეშმაკია (ინ. 8:44). ის ტყუილი, რომელიც მან გველის მეშვეობით პირველ ქალს, ევას უთხრა, მისი და მისი ქმრის, ადამის სიკვდილის მიზეზი გახდა (დბ. 3:1—5, 16—19). როცა ევას ატყუებდა, ეშმაკს ეგოიზმი და ბოროტი ზრახვა ამოძრავებდა. ტყუილის მეშვეობით სატანას პირველი ადამიანების გადმობირება უნდოდა, რათა ღვთისადმი სიყვარული და მორჩილება მისდამი მორჩილებასა და სიყვარულში გაეცვალათ, რისთვისაც თავი სინათლის ანგელოზად, მათ კეთილისმყოფლად გაასაღა (შდრ. 2კრ. 11:14). შესაბამისად, მას შემდეგ ყველა ბოროტ ტყუილს ეგოიზმი და ბოროტი ზრახვა უდევს საფუძვლად. ადამიანები ტყუილს მიმართავენ, რათა თავი დააღწიონ დამსახურებულ სასჯელს, გამორჩენა ნახონ სხვების ხარჯზე, მოიპოვონ ან შეინარჩუნონ ხელსაყრელი მდგომარეობა და მატერიალური კეთილდღეობა ან დაიმსახურონ ქება.
განსაკუთრებით სახიფათოა რელიგიური სიცრუე, ვინაიდან ის საფრთხეს უქმნის ადამიანის მომავალს. იესო ქრისტემ თქვა: „ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო, თვალთმაქცებო! შემოივლით ზღვასა და ხმელეთს, რომ ერთი მაინც მოაქციოთ და როდესაც მოაქცევთ, გეენის კერძად აქცევთ მას, თქვენზე ორჯერ მეტად“ (მთ. 23:15). ვინც ღვთის ჭეშმარიტებას სიცრუეში, მაგალითად, კერპთაყვანისმცემლობაში ცვლის, ზნედაცემულ და უღირს საქმეებში ებმება (რმ. 1:24—32).
იესოს თანამედროვე იუდეველი სასულიერო პირების მაგალითიდან კარგად ჩანს, როგორ იქცევიან ჭეშმარიტების მიმტოვებლები. ისინი იესოს მოკვლას გეგმავდნენ. მისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მათ მოისყიდეს იესოს სამარხის მცველები, რომ სიმართლე დაემალათ და სიცრუე გაევრცელებინათ იესოს სხეულის გაქრობის შესახებ (მთ. 12:14; 27:1, 2, 62—65; 28:11—15; მრ. 14:1; ლკ. 20:19).
იეჰოვა არასდროს ცრუობს (რც. 23:19; ებ. 6:13—18). მას სძულს „მატყუარა ენა“ (იგ. 6:16—19). ისრაელებისთვის მიცემული ღვთის კანონის თანახმად ტყუილითა და ვერაგობით სხვისთვის ზიანის მიმყენებელს ზარალი უნდა აენაზღაურებინა (ლვ. 6:2—7; 19:11, 12). ცრუმოწმეს იგივე სასჯელი ელოდა, რაც მას, ვის წინააღმდეგაც ცრუმოწმედ გამოვიდა (კნ. 19:15—21). სიცრუისადმი ღვთის დამოკიდებულება არ შეცვლილა. ვისაც სურს, ღმერთს აამოს, ტყუილს უნდა ერიდოს (ფს. 5:6; იგ. 20:19; კლ. 3:9, 10; 1ტმ. 3:11; გმც. 21:8, 27; 22:15). თავს იტყუებს ის, ვინც ამბობს, ღმერთი მიყვარსო, მაგრამ თავისი ძმა სძულს (1ინ. 4:20, 21). ანანია და მისი ცოლი წმინდა სულის მოტყუების მცდელობისთვის სიცოცხლეს გამოესალმნენ (სქ. 5:1—11).
თუმცა, თუ ვინმეს უეცარი სისუსტე სძლევს და მოიტყუება, ვერ ვიტყვით, რომ ის მიუტევებელ ცოდვას სჩადის. ამაზე მოწმობს პეტრეს მაგალითი. მან სამჯერ უარყო იესო, მაგრამ გულწრფელი მონანიების შემდეგ ღმერთმა აპატია (მთ. 26:69—75).
მართალია ბიბლია გმობს ბოროტ ტყუილს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სანდო ცნობები უნდა მივაწოდოთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც არ არიან უფლებამოსილი, იცოდნენ სიმართლე. იესომ გვირჩია: „ნურასოდეს მისცემთ წმინდას ძაღლებს, ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით ღორებს, რათა ზედ არ შედგნენ, მერე თქვენ არ შემოგიბრუნდნენ და არ დაგგლიჯონ“ (მთ. 7:6). აქედან გამომდინარე, იესო არ იძლეოდა პირდაპირ ან ამომწურავ პასუხს მაშინ, როცა ხვდებოდა, რომ ეს ზედმეტ პრობლემებს წარმოშობდა (მთ. 15:1—6; 21:23—27; ინ. 7:3—10). როგორც ჩანს, აბრაამი, ისაკი და რახაბიც ამის გამო არ ამხელდნენ სრულ ინფორმაციას; ზოგჯერ კი გზა-კვალს ურევდნენ მათ, ვინც იეჰოვას თაყვანისმცემელი არ იყო (დბ. 12:10—19; თ. 20; იეს. 2:1—6; იაკ. 2:25; 2მფ. 6:11—23).
იეჰოვა ღმერთი უშვებს, რომ „მცდარმა მოქმედებამ გავლენა მოახდინოს მათზე“, ვინც სიცრუეს ირჩევს, რათა „ირწმუნონ სიცრუე“ და არა სასიხარულო ცნობა იესო ქრისტეს შესახებ (2თს. 2:9—12). ამას ადასტურებს ის, რაც საუკუნეების წინ ისრაელის მეფე ახაბს შეემთხვა. ცრუწინასწარმეტყველები ახაბს არწმუნებდნენ, რომ ის გალაადის რამოთთან ბრძოლაში გაიმარჯვებდა, იეჰოვას წინასწარმეტყველი მიქაია კი მას უბედურებას უწინასწარმეტყველებდა. მიქაიამ ხილვაში იხილა, როგორ დართო იეჰოვამ ნება ერთ-ერთ სულიერ ქმნილებას, სიცრუის სულად ქცეულიყო ახაბის წინასწარმეტყველთა პირში. შესაბამისად, სულმა ამ წინასწარმეტყველებს სიმართლის ნაცვლად ათქმევინა ის, რისი თქმაც თავად სურდათ და რისი მოსმენაც ეწადა მათი პირიდან ახაბს. გაფრთხილების მიუხედავად ახაბმა მათი სიცრუის მოსმენა არჩია, რაც სიცოცხლის ფასად დაუჯდა (1მფ. 22:1—38; 2მტ. თ. 18).