ეზეკიელი
4 „კაცის ძეო, აიღე აგური, წინ დაიდე და ამოკვეთე მასზე ქალაქი იერუსალიმი. 2 ალყა შემოარტყი მას,+ შემოავლე კედელი,+ გააკეთე მიწაყრილი,+ განალაგე ბანაკები და გარშემო კედლის სანგრევი იარაღები დააყენე.+ 3 აიღე რკინის ნაჭერი და რკინის კედელივით აღმართე შენსა და ქალაქს შორის. მისკენ იბრუნე პირი, ალყაში მოექცევა ის; ალყა უნდა შემოარტყა მას. ეს იქნება ნიშანი ისრაელთათვის.+
4 დაწექი მარცხენა გვერდზე და იტვირთე ისრაელის დანაშაული.+ მათ დანაშაულს იმდენ დღეს იტვირთებ, რამდენ დღესაც იწვები მაგ მხარეს. 5 მაგ მხარეს 390 დღე იწექი, რადგან ისრაელები ამდენი წლის განმავლობაში სჩადიოდნენ დანაშაულს;+ შენ იტვირთებ ისრაელის დანაშაულს. 6 ბოლომდე შეასრულე ეს დავალება.
მერე მარჯვენა გვერდზე დაწექი და 40 დღე იტვირთე იუდას დანაშაული.+ თითო წელიწადზე თითო დღეს გიდგენ, თითო წელიწადზე — თითო დღეს. 7 იერუსალიმის ალყისკენ შებრუნდი,+ მკლავი აიკაპიწე და იწინასწარმეტყველე მის წინააღმდეგ.
8 თოკებით შეგკრავ, რომ ალყის დღეების დასრულებამდე ერთი გვერდიდან მეორეზე არ გადაბრუნდე.
9 აიღე ხორბალი, ქერი, ცერცვი, ოსპი, ფეტვი, ასლი, ერთ ჭურჭელში ჩაყარე და ამ ყველაფრით პური მოამზადე; მთელი იმ დროის, 390 დღის, განმავლობაში, როცა გვერდზე იწვები, ამ პურს შეჭამ.+ 10 შენი ყოველდღიური ულუფა 20 შეკელი* იქნება. დადგენილ დროს შეჭამ ხოლმე.
11 წყალსაც განსაზღვრული ოდენობით დალევ — ჰინის მეექვსედს*. დადგენილ დროს დალევ ხოლმე.
12 ქერის კვერს შეჭამ; მათ თვალწინ გამოაცხობ მას და საწვავად ადამიანის გამომშრალ განავალს გამოიყენებ“. 13 შემდეგ იეჰოვამ მითხრა: „აი, ასეთ უწმინდურ პურს შეჭამენ ისრაელები იმ ხალხებში, რომელთა შორისაც გავფანტავ“.+
14 მე ვუთხარი: „უზენაესო უფალო, იეჰოვა! სიყმაწვილიდან მოყოლებული დღემდე არ წამიბილწავს თავი, არ მიჭამია არც ლეში და არც დაგლეჯილი ცხოველის ხორცი;+ უწმინდური ხორცისთვის არასოდეს დამიკარებია პირი“.+
15 მან მითხრა: „კარგი, პურის გამოსაცხობად ადამიანის განავლის ნაცვლად ნაკელი გამოიყენე“. 16 შემდეგ მითხრა: „კაცის ძეო, გამოვლევ პურის მარაგს* იერუსალიმში;+ გამწარებულნი წონით შეჭამენ პურს+ და თავზარდაცემულნი განსაზღვრული ოდენობით დალევენ წყალს;+ 17 აღარ ექნებათ სამყოფი პური და წყალი, გაოგნებულები შეხედავენ ერთმანეთს და ჩამოხმებიან თავიანთი დანაშაულის გამო“.