თავი 6
„მოაწია შენზე აღსასრულმა“
თემა: როგორ აღასრულებს იეჰოვა იერუსალიმზე გამოტანილ განაჩენს?
1, 2. ა) რით გააკვირვა ეზეკიელმა მასთან ერთად გადასახლებული თანამემამულეები? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე) ბ) რას მოასწავებდა მისი ქცევა?
ბაბილონში გადასახლებულ ებრაელებს შორის ხმა დაირხა წინასწარმეტყველი ეზეკიელის უცნაური ქცევის შესახებ. ჯერ იყო და, მთელი კვირა გაოგნებული მდუმარედ იჯდა მოძმეთა წინაშე, მერე კი მოულოდნელად ადგა, სახლში წავიდა და ჩაიკეტა. მეზობლები იმასაც გაოცებულნი ადევნებდნენ თვალს, როგორ გამოვიდა სახლიდან, აიღო აგური, წინ დაიდო და მასზე ქალაქი ამოკვეთა. ბოლოს კი წინასწარმეტყველი კრინტის დაუძვრელად „ქალაქისთვის კედლის შემოვლებას“ შეუდგა (ეზეკ. 3:10, 11, 15, 24—26; 4:1, 2).
2 ეზეკიელის გარშემო სულ უფრო მეტი ხალხი იყრიდა თავს. ალბათ, ყველას აინტერესებდა, თუ რისი მომასწავებელი იყო ეს ყველაფერი. მათ მხოლოდ მოგვიანებით გაიგეს, რომ ეზეკიელის უცნაური ქცევა იმ უბედურებას მოასწავებდა, რაც იეჰოვას სამართლიან რისხვას მოჰყვებოდა შედეგად. რა უბედურება ელოდა ისრაელს? რატომ არის ეს ჩვენთვის საყურადღებო?
„აიღე აგური . . . აიღე ხორბალი . . . აიღე ბასრი მახვილი“
3, 4. ა) ღვთის განაჩენის აღსრულების რომელი სამი ეტაპი უნდა განესახიერებინა ეზეკიელს? ბ) როგორ გაითამაშა ეზეკიელმა იერუსალიმის ალყაში მოქცევის სცენა?
3 დაახლოებით ძვ. წ. 613 წელია. იეჰოვამ დაავალა ეზეკიელს, ნიშნებით ეჩვენებინა ხალხისთვის, რომ იერუსალიმისთვის გამოტანილი ღვთის განაჩენი სამ ეტაპად აღსრულდებოდა: 1) ქალაქს ალყაში მოაქცევდნენ, 2) ქალაქში მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდებოდა, დაბოლოს, 3) ქალაქი და მისი მკვიდრნი განადგურდებოდნენ.a მოდი უფრო დეტალურად მიმოვიხილოთ სამივე ეტაპი.
4 იერუსალიმის ალყა. იეჰოვამ უთხრა ეზეკიელს: „აიღე აგური, წინ დაიდე . . . ალყა შემოარტყი მას“ (წაიკითხეთ ეზეკიელის 4:1—3). აგური განასახიერებდა ქალაქ იერუსალიმს, თავად ეზეკიელი კი — ბაბილონის ჯარს, რომლის მეშვეობითაც იეჰოვა აღასრულებდა თავის განაჩენს. ეზეკიელს ისიც დაევალა, რომ აგურის გარშემო „კედელი“ შემოევლო, „მიწაყრილი“ გაეკეთებინა და „კედლის სანგრევი იარაღები“ დაეყენებინა. ეს ყოველივე იმ საშუალებებს განასახიერებდა, რომელთა მეშვეობითაც მტრები თავს დაესხმოდნენ და ალყას შემოარტყამდნენ იერუსალიმს. იმის საჩვენებლად, რომ მტერს რკინის სიმტკიცე ექნებოდა, ეზეკიელს უნდა აეღო „რკინის ნაჭერი“ და მასსა და ქალაქს შორის აღემართა, შემდეგ კი ქალაქისკენ ებრუნა პირი. ეს ყოველივე „ნიშანი [იქნებოდა] ისრაელთათვის“, რომ გაუგონარი რამ დაატყდებოდათ თავს. იეჰოვას ნებით მტრები ალყაში მოაქცევდნენ იერუსალიმს, ღვთის ხალხის საამაყო ქალაქს, სადაც ღვთის ტაძარი იდგა!
5. როგორ გაითამაშა ეზეკიელმა შიმშილობა, რომელიც იერუსალიმში ჩამოვარდებოდა?
5 იერუსალიმის მკვიდრთა მძიმე მდგომარეობა. იეჰოვამ უთხრა ეზეკიელს: „აიღე ხორბალი, ქერი, ცერცვი, ოსპი, ფეტვი, ასლი . . . და ამ ყველაფრით პური მოამზადე; . . შენი ყოველდღიური ულუფა 20 შეკელი [დაახლ. 230 გრ] იქნება“; შემდეგ კი მიზეზი აუხსნა: „გამოვლევ პურის მარაგს“ (ეზეკ. 4:9—16). ამ სცენაში ეზეკიელი უკვე ბაბილონელთა ჯარს კი არ განასახიერებდა, არამედ იერუსალიმის მოსახლეობას. მისი საქციელი იმას მოასწავებდა, რომ ალყის დროს ქალაქში საკვების მარაგი გამოილეოდა; პურის უცნაური შემადგენლობა იმაზე მოწმობდა, რომ იერუსალიმის მაცხოვრებლები იმას შეჭამდნენ, რაც ხელთ მოხვდებოდათ. რამდენად დაიმშეოდა ხალხი? ეზეკიელი იერუსალიმის მკვიდრთა მდგომარეობას ასე აღწერს: „მამები ვაჟებს შეჭამენ, ვაჟები კი — მამებს“. ქალაქში ჩამოვარდნილი შიმშილობის შედეგად, ბევრი საკუთარ თავზე გამოცდიდა „შიმშილის მომაკვდინებელ ისრებს“ და „ჩამოხმებოდა“ (ეზეკ. 4:17; 5:10, 16).
6. ა) რომელ ორ როლს ირგებს ეზეკიელი ერთდროულად? ბ) რაზე მიანიშნებდა ღვთის მითითება: „აწონე თმა და ნაწილებად დაყავი“?
6 იერუსალიმისა და მის მკვიდრთა განადგურება. ამ წინასწარმეტყველური სცენის გათამაშებისას ეზეკიელი ერთდროულად ორ როლს ირგებს. თავდაპირველად იგი იმას განასახიერებს, რასაც იეჰოვა მოიმოქმედებდა. იეჰოვამ უთხრა მას: „აიღე ბასრი მახვილი და დალაქის სამართებელივით გამოიყენე“ (წაიკითხეთ ეზეკიელის 5:1, 2). ეზეკიელის ხელი, რომელშიც მახვილი ეჭირა, იეჰოვას ხელს ანუ მის განაჩენს განასახიერებდა, რომელსაც ბაბილონელთა მეშვეობით აღასრულებდა. შემდეგ ეზეკიელმა ისიც გაითამაშა, თუ რა ვითარებაში აღმოჩნდებოდნენ ებრაელები. იეჰოვამ მას უთხრა: „გადაიპარსე თავი და მოიპარსე წვერი“. თავის გადაპარსვა იმის მომასწავებელი იქნებოდა, თუ როგორ დაესხმოდნენ თავს ებრაელებს და აღგვიდნენ მიწის პირიდან. რაც შეეხება ღვთის მითითებას, აეღო სასწორი, აეწონა თმა და ნაწილებად დაეყო, იმაზე მიანიშნებდა, რომ იერუსალიმისთვის გამოტანილი განაჩენის აღსრულებას ბაბილონელები ალალბედს კი არ მიანდობდნენ, არამედ მიზანმიმართულად იმოქმედებდნენ და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ.
7. რატომ უნდა დაეყო ეზეკიელს გადაპარსული თმა სამ ნაწილად და რა უნდა ექნა თითოეული ნაწილისთვის?
7 რატომ უნდა დაეყო ეზეკიელს გადაპარსული თმა სამ ნაწილად და რა უნდა ექნა თითოეული ნაწილისთვის? (წაიკითხეთ ეზეკიელის 5:7—12). ეზეკიელს თმის ერთი ნაწილი „შუაგულ ქალაქში“ უნდა დაეწვა იმის საჩვენებლად, რომ იერუსალიმის მკვიდრთაგან ზოგი ქალაქში მოკვდებოდა; თმის მეორე ნაწილი „ქალაქის გარშემო“ უნდა დაეკუწა იმის ნიშნად, რომ ზოგს ქალაქგარეთ მოკლავდნენ; ხოლო მესამე ნაწილი წინასწარმეტყველს ქარისთვის უნდა გაეტანებინა, რაც იმას მოასწავებდა, რომ დარჩენილი ებრაელები ერებში გაიფანტებოდნენ, თუმცა მახვილი იქაც დაედევნებოდათ, ანუ სადაც არ უნდა წასულიყვნენ, ვერსად პოვებდნენ მშვიდობას.
8. ა) რის იმედს უსახავდა ეზეკიელის მიერ გათამაშებული სცენა ებრაელებს? ბ) როგორ შესრულდა სიტყვები: „აიღე . . . ცოტაოდენი თმა და ტანსაცმლის კალთაში შეახვიე“?
8 თუმცა ეზეკიელის მიერ გათამაშებული სცენა ებრაელებს იმედსაც უსახავდა. იეჰოვამ წინასწარმეტყველს უთხრა: „აიღე ბოლო მესამედიდან ცოტაოდენი თმა და ტანსაცმლის კალთაში შეახვიე“ (ეზეკ. 5:3). ამ მითითებიდან გამოჩნდა, რომ ერებში გაფანტული ზოგი ებრაელი გადარჩებოდა. ისინი მათ შორის იქნებოდნენ, ვინც 70-წლიანი ბაბილონის ტყვეობის შემდეგ იერუსალიმში დაბრუნდებოდა (ეზეკ. 6:8, 9; 11:17). შესრულდა ეს წინასწარმეტყველება? რასაკვირველია! ბაბილონის ტყვეობის დასრულებიდან რამდენიმე წლის შემდეგ წინასწარმეტყველმა ანგიამ დაწერა, რომ გაფანტული ებრაელებიდან ზოგი იერუსალიმში დაბრუნდა. მათ შორის იყვნენ „ის მოხუცებულები, რომელთაც ნანახი ჰქონდათ უწინდელი [სოლომონის] ტაძარი“ (ეზრ. 3:12; ანგ. 2:1—3). იეჰოვამ იზრუნა, რომ თავისი დაპირებისამებრ წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგენილიყო, რაზეც უფრო ვრცლად ამ წიგნის მე-9 თავში ვისაუბრებთ (ეზეკ. 11:17—20).
რას ვიგებთ ამ წინასწარმეტყველებიდან მოსალოდნელი მოვლენების შესახებ?
9, 10. ღვთის სიტყვაში ნაწინასწარმეტყველებ რომელ მოვლენებს შეგვახსენებს ეზეკიელის მიერ გათამაშებული სცენა?
9 ეზეკიელის მიერ გათამაშებული სცენა შეგვახსენებს იმ მოვლენებს, რომლებზეც ღვთის სიტყვა წინასწარმეტყველებს. რომელია ზოგი მათგანი? როგორც ძველად იერუსალიმის განადგურების დროს, ისე ახლაც იეჰოვა უპრეცედენტო რამეს მოიმოქმედებს: ის აღძრავს პოლიტიკურ ძალებს, იერიში მიიტანონ ყველა ცრურელიგიურ ორგანიზაციაზე (გამოცხ. 17:16—18). როგორც იერუსალიმის განადგურება იყო „არნახული უბედურება“, ისევე უპრეცედენტო იქნება დიდი გასაჭირი, რომელიც არმაგედონის ომით დასრულდება (ეზეკ. 5:9; 7:5; მათ. 24:21).
10 ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, რომ ცრუ რელიგიის მხარდამჭერთა უმეტესობა რელიგიური ორგანიზაციების განადგურებას გადაურჩება. გადარჩენილები სხვებთან ერთად თავშესაფარს დაუწყებენ ძებნას (ზაქ. 13:4—6; გამოცხ. 6:15—17). ეს იმ იერუსალიმელებს მოგვაგონებს, რომლებიც ქალაქის განადგურებას გადაურჩნენ, მაგრამ „ქარში გაიფანტნენ“. როგორც მე-7 აბზაციდან დავინახეთ, მართალია, ისინი გადარჩნენ, მაგრამ საბოლოოდ იეჰოვას მახვილი მაინც მისწვდა მათ (ეზეკ. 5:2). მსგავსადვე, ვერცერთი თავშესაფარი, რომელშიც ცრუ რელიგიის განადგურებას გადარჩენილები შეაფარებენ თავს, ვერ დაიცავს მათ იეჰოვას მახვილისგან. არმაგედონში ისინი სხვა თხისმაგვარ ადამიანებთან ერთად განადგურდებიან (ეზეკ. 7:4; მათ. 25:33, 41, 46; გამოცხ. 19:15, 18).
ჩვენც დავდუმდებით და აღარ ვიქადაგებთ სასიხარულო ცნობას.
11, 12. ა) რა გავლენა უნდა მოახდინოს ეზეკიელის წინასწარმეტყველებამ მსახურებისადმი ჩვენს დამოკიდებულებაზე? ბ) როგორ შეიძლება შეიცვალოს ცნობა, რომელსაც ვქადაგებთ?
11 რა გავლენა უნდა მოახდინოს განხილულმა წინასწარმეტყველებამ მსახურებისადმი ჩვენს დამოკიდებულებაზე? ჩვენ უნდა გაგვიმძაფრდეს იმის სურვილი, რომ ვიქადაგოთ და რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმაროთ, იეჰოვას მსახურები გახდნენ. კარგად გვესმის, რომ დრო არ ითმენს და მოწაფეების მომზადების საქმე გადაუდებელია (მათ. 28:19, 20; ეზეკ. 33:14—16). როდესაც ღმერთი „კეტს მოიქნევს“, ანუ პოლიტიკური ძალები ცრუ რელიგიების წინააღმდეგ გაილაშქრებენ, მეტად აღარ ვიქადაგებთ ხსნის შესახებ ცნობას (ეზეკ. 7:10). ეზეკიელივით, რომელმაც შეწყვიტა ღვთის ცნობის გაცხადება, ჩვენც დავდუმდებით და აღარ ვიქადაგებთ სასიხარულო ცნობას (ეზეკ. 3:26, 27; 33:21, 22). მართალია, ცრუ რელიგიის განადგურების შემდეგ სასოწარკვეთილი ხალხი „წინასწარმეტყველს ხილვას მოსთხოვს“, მაგრამ ისინი ვეღარ მიიღებენ მითითებებს, როგორ გადარჩნენ (ეზეკ. 7:26). მაშინ ძალიან გვიანი იქნება იმისთვის, რომ ვინმე ქრისტეს მოწაფე გახდეს.
12 თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღარ ვიქადაგებთ. ლოგიკურია, დავასკვნათ, რომ დიდი გასაჭირის დროს გავაცხადებთ ცნობას განაჩენის შესახებ, რომელიც ბიბლიაში სეტყვასაა შედარებული; ეს იმის უტყუარი ნიშანი იქნება, რომ ბოროტი ქვეყნიერების აღსასრული კარსაა მომდგარი! (გამოცხ. 16:21).
„აი, მოდის ის!“
13. რატომ დაავალა იეჰოვამ ეზეკიელს, ჯერ მარცხენა გვერდზე წოლილიყო, შემდეგ კი — მარჯვენაზე?
13 ეზეკიელის მიერ გათამაშებული სცენიდან მხოლოდ იმას კი არ ვიგებთ, როგორ განადგურდებოდა იერუსალიმი, არამედ იმასაც, როდის მოხდებოდა ეს. იეჰოვამ უთხრა ეზეკიელს, რომ მარცხენა გვერდზე 390 დღე წოლილიყო, ხოლო მარჯვენაზე — 40 დღე; თითო დღე თითო წელს განასახიერებდა (წაიკითხეთ ეზეკიელის 4:4—6; რიცხ. 14:34). ამ სცენის გათამაშებისას, რომელიც იერუსალიმის განადგურების ზუსტ წელზე მიუთითებდა, ეზეკიელს ყოველდღე მხოლოდ რამდენიმე საათს მოუწევდა წოლა. ისრაელის დანაშაულის 390 წლის ათვლა, სავარაუდოდ, ძვ. წ. 997 წელს დაიწყო, როცა 12-ტომიანი სამეფო ორ ნაწილად გაიყო (1 მეფ. 12:12—20). იუდას დანაშაულის 40 წლის ათვლა კი, როგორც ჩანს, ძვ. წ. 647 წელს დაიწყო. ამ წელს იერემია წინასწარმეტყველად დაინიშნა, რათა იუდას სამეფოსთვის მოახლოებული განადგურების შესახებ ნათლად და არაორაზროვნად გაეცხადებინა (იერ. 1:1, 2, 17—19; 19:3, 4). ამგვარად, დროის ორივე მონაკვეთი ძვ. წ. 607 წელს დასრულდა. მართლაც, ამ წელს იერუსალიმი იეჰოვას წინასწარმეტყველებისამებრ განადგურდა.b
14. ა) რით ცხადყო ეზეკიელმა, რომ ენდობოდა იეჰოვას, დრო-ჟამის უბადლო გამრიგეს? ბ) რა მოვლენები უძღოდა წინ იერუსალიმის განადგურებას?
14 როდესაც იეჰოვამ წინასწარმეტყველს დროის 390-დღიანი და 40-დღიანი მონაკვეთების შესახებ გაუმჟღავნა წინასწარმეტყველება, ეზეკიელი შესაძლოა მაინც ვერ მიხვდა იერუსალიმის განადგურების ზუსტ წელს. მიუხედავად ამისა, ის იერუსალიმის განადგურებამდე წლების მანძილზე აუწყებდა ებრაელებს, რომ მალე იეჰოვა აღასრულებდა თავის განაჩენს. ეზეკიელი მთელ ერს აფრთხილებდა: „მოაწია შენზე აღსასრულმა“ (წაიკითხეთ ეზეკიელის 7:3, 5—10). წინასწარმეტყველს წამითაც არ შეჰპარვია ეჭვი, რომ იეჰოვა, დრო-ჟამის უბადლო გამრიგე, დანიშნულ დროს სისრულეში მოიყვანდა თავის განაჩენს (ეს. 46:10). ეზეკიელი იმ მოვლენების შესახებაც აცხადებდა, რომლებიც იერუსალიმის განადგურებამდე მოხდებოდა. „უბედურება უბედურებაზე დაატყდებათ“, — ამბობდა იგი. ამ მოვლენების შედეგად ქვეყანაში გაუარესდებოდა მდგომარეობა, წმინდა თაყვანისმცემლობას საფრთხე დაემუქრებოდა და მმართველთა ძალაუფლებასაც წყალი შეუდგებოდა (ეზეკ. 7:11—13, 25—27).
15. ეზეკიელის რომელი წინასწარმეტყველების შესრულება დაიწყო ძვ. წ. 609 წელს?
15 იერუსალიმის განადგურების შესახებ წინასწარმეტყველების წარმოთქმიდან რამდენიმე წლის გასვლის შემდეგ ეზეკიელის სიტყვები შესრულდა. ძვ. წ. 609 წელს ეზეკიელმა შეიტყო, რომ ბაბილონელებმა შეუტიეს იერუსალიმს. მაშინ ჩაჰბერეს მათ საყვირს და მოუწოდეს ქალაქის მკვიდრთ იერუსალიმის დასაცავად, მაგრამ როგორც ეზეკიელს ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები, საომრად არავინ გასულა (ეზეკ. 7:14). იერუსალიმელები საყვირის ხმას არ გამოხმაურებიან და არ გასულან ბაბილონელთა წინააღმდეგ საბრძოლველად. როგორც ჩანს, ზოგი ებრაელი მოელოდა, რომ იეჰოვა იხსნიდა მათ, როგორც ეს იმ დროს მოხდა, როცა ასურელები აპირებდნენ ქალაქის აღებას. მაშინ იეჰოვას ანგელოზმა მტრის თითქმის მთელი ჯარი გაჟლიტა (2 მეფ. 19:32). თუმცა ამჯერად საქმეში ანგელოზი არ ჩარეულა. მალე ალყაში მოქცეული ქალაქი ცეცხლზე შემოდგმულ ქვაბს დაემსგავსა, მისი მკვიდრნი კი — მასში ჩაწყობილ ხორცის ნაჭრებს (ეზეკ. 24:1—10). წელიწადნახევრიანი საბედისწერო ალყის შემდეგ იერუსალიმი დაეცა!
„მოაგროვეთ განძი ზეცაში“
16. რით ცხადვყოფთ, რომ ვენდობით იეჰოვას, დრო-ჟამის უბადლო გამრიგეს?
16 რისი სწავლა შეგვიძლია ეზეკიელის ამ წინასწარმეტყველებიდან? ხომ არ გაგახსენდათ ცნობა, რომელსაც ვქადაგებთ ანდა რეაქცია, რომლითაც ამ ცნობას ხვდება ხალხი? იეჰოვას დანიშნული აქვს დრო, როცა თავის განაჩენს აღასრულებს ცრუ რელიგიებზე და, როცა სისრულეში მოიყვანს მას, ამით კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ დრო-ჟამის უბადლო გამრიგეა (2 პეტ. 3:9, 10; გამოცხ. 7:1—3). მართალია, ჩვენ არ ვიცით ზუსტი თარიღი, როდის მოხდება ეს, მაგრამ ეზეკიელის მსგავსად, ვასრულებთ იეჰოვას დავალებას და ვაფრთხილებთ ხალხს, რომ აღსასრულმა მოაწია. რატომ ვაკეთებთ ამას კვლავ და კვლავ? იმავე მიზეზით, რის გამოც ეზეკიელი იქცეოდა ასე.c იმ ადამიანთა უმეტესობა, რომლებსაც ის აუწყებდა ცნობას იერუსალიმის განადგურების შესახებ, არ უჯერებდა მას (ეზეკ. 12:27, 28). თუმცა, მოგვიანებით, ბაბილონში გადასახლებულმა ზოგმა ებრაელმა მოინანია და დაბრუნდა სამშობლოში (ეს. 49:8). მსგავსად ამისა, დღესაც ბევრი უგულებელყოფს ცნობას, რომ ეს ქვეყნიერება დაღუპვისკენ მიექანება (2 პეტ. 3:3, 4). მაგრამ სანამ ხალხს ჯერ კიდევ აქვს დრო, გამოეხმაურონ სასიხარულო ცნობას, უნდა დავეხმაროთ წრფელი გულის ადამიანებს, დაადგნენ სიცოცხლისკენ მიმავალ გზას (მათ. 7:13, 14; 2 კორ. 6:2).
17. რა მოვლენების თვითმხილველნი გავხდებით დიდი გასაჭირის დროს?
17 ეზეკიელის წინასწარმეტყველება იმასაც შეგვახსენებს, რომ როდესაც პოლიტიკური ძალები რელიგიებზე გაილაშქრებენ, არც მათი მიმდევრები „გავლენ საომრად“. უფრო მეტიც, როდესაც მიხვდებიან, რომ მათი შეძახილი „უფალო, უფალო“ უპასუხოდ დარჩა, „ხელები მოუდუნდებათ“ და „კანკალი აიტანთ“ (ეზეკ. 7:3, 14, 17, 18; მათ. 7:21—23). კიდევ რას გააკეთებენ ისინი? (წაიკითხეთ ეზეკიელის 7:19—21). იეჰოვა ამბობს: „ვერცხლს ქუჩებში გადაყრიან“. ეს სიტყვები, რომლებიც იერუსალიმელებზე შესრულდა, კარგად აღწერს დიდ გასაჭირში შექმნილ ვითარებას, როცა ხალხი გააცნობიერებს, რომ ფული ვერც მათ იხსნის მოსალოდნელი უბედურებისგან.
18. რის განსაზღვრაში გვეხმარება ეზეკიელის წინასწარმეტყველება?
18 ეზეკიელის წინასწარმეტყველება გვეხმარება იმის განსაზღვრაში, თუ რაა პრიორიტეტული. ყურადღება მიაქციეთ ერთ გარემოებას: იერუსალიმის მაცხოვრებლებმა მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალეს ცხოვრების კურსი, რაც გააცნობიერეს, რომ ქალაქის დაცემა გარდაუვალი იყო და ვერანაირი ქონება ვერ დაიხსნიდა მათ. მაშინღა შეელივნენ ისინი თავიანთ ქონებას და წინასწარმეტყველს ხილვა მოსთხოვეს, თუმცა უკვე დაგვიანებული იყო! (ეზეკ. 7:26). მათგან განსხვავებით, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ბოროტი ქვეყნიერების აღსასრულმა მოაწია. უფრო მეტიც, ღვთის დაპირებებისადმი რწმენამ აღგვძრა, განგვესაზღვრა, რა არის ჩვენს ცხოვრებაში პრიორიტეტული. შედეგად, ვაგროვებთ სულიერ განძს, რომელიც არც არასდროს გაუფასურდება და არც არასდროს „გადაიყრება ქუჩაში“ (წაიკითხეთ მათეს 6:19—21, 24).
19. რა გავლენა უნდა მოახდინოს ჩვენზე ეზეკიელის წინასწარმეტყველურმა ცნობამ?
19 მაშასადამე, რა გავლენა უნდა მოახდინოს ჩვენზე ეზეკიელის წინასწარმეტყველურმა ცნობამ იერუსალიმის განადგურების შესახებ? ეზეკიელის ამ წინასწარმეტყველებამ შეგვახსენა, რომ მოწაფეების მომზადების საქმისთვის გამოყოფილი დრო იწურება, ამიტომ ყველანაირად ვცდილობთ, ამ საქმეს მნიშვნელოვანი ადგილი დავუთმოთ ცხოვრებაში. მთელი გულით ვხარობთ, როცა წრფელი გულის ადამიანები უახლოვდებიან ჩვენს ზეციერ მამას, იეჰოვას, და მისი მსახურები ხდებიან. თუმცა მაშინაც კი, როცა ხალხი არ გვისმენს, ჩვენ ეზეკიელივით გამუდმებით შევახსენებთ მათ, რომ მოახლოვდა აღსასრული (ეზეკ. 3:19, 21; 7:3). ამასთანავე, გვსურს, უპირობო ნდობა გამოვუცხადოთ იეჰოვას და საქმით დავამტკიცოთ, რომ მის წმინდა თაყვანისმცემლობას ჩვენს ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი უკავია (ფსალმ. 52:7, 8; იგავ. 11:28; მათ. 6:33).
a გონივრულია, დავასკვნათ, რომ ეზეკიელი ამ ნიშნებს ხალხის თვალწინ გაითამაშებდა; იეჰოვამ მას მითითება მისცა, რომ ზოგი რამ „მათ თვალწინ“ გაეკეთებინა: მაგალითად, გამოეცხო პური და გაეტანა ბარგი (ეზეკ. 4:12; 12:7).
b იერუსალიმის განადგურებით, რაც იეჰოვას ნებით მოხდა, ღვთის განაჩენი აღსრულდა როგორც იუდას ორტომიან, ისე ისრაელის ათტომიან სამეფოზე (იერ. 11:17; ეზეკ. 9:9, 10). იხილეთ „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, სტატია „ქრონოლოგია“, ქვესათაური „ძვ. წ. 997 წლიდან იერუსალიმის განადგურებამდე“.
c ყურადღება მიაქციეთ, რომ მეტად მცირე მონაკვეთში, ეზეკიელის 7:5—7-ში, სადაც იეჰოვას სიტყვებს ვკითხულობთ, 5-ჯერ არის ნახსენები ზმნა „მოსვლა“ და ერთხელ — „დადგა“.