დანიელი
3 მეფე ნაბუქოდონოსორმა ოქროს ქანდაკება გააკეთა, სიმაღლით 60 წყრთა* და სიგანით 6 წყრთა, და ბაბილონის სამთავროში დურას ველზე აღმართა. 2 შეუთვალა მეფე ნაბუქოდონოსორმა სატრაპებს, გამგებლებს, მმართველებს, მრჩევლებს, ხაზინადრებს, მოსამართლეებს, კანონის აღმსრულებლებსა და სამთავროთა გამგებლებს, რომ შეკრებილიყვნენ და ქანდაკების აღმართვა ეზეიმათ.
3 შეიკრიბნენ სატრაპები, გამგებლები, მმართველები, მრჩევლები, ხაზინადრები, მოსამართლეები, კანონის აღმსრულებლები და სამთავროთა გამგებლები, რომ მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ ქანდაკების აღმართვა ეზეიმათ, და მის მიერ აღმართული ქანდაკების წინ დადგნენ. 4 მაცნემ ხმამაღლა გამოაცხადა: „ხალხნო, ერნო, სხვადასხვა ენაზე მოსაუბრენო! თქვენ ნაბრძანები გაქვთ, 5 რომ, როგორც კი გაიგონებთ საყვირის, სტვირის, ციტრის, ქნარის, სხვა სიმებიანი საკრავის, გუდასტვირისა და დანარჩენი საკრავების ხმას, დაემხოთ და თაყვანი სცეთ მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ აღმართულ ოქროს ქანდაკებას! 6 ვინც არ დაემხობა და თაყვანს არ სცემს, მაშინვე გავარვარებულ ღუმელში ჩაიყრებიან!“+ 7 როგორც კი გაისმა საყვირის, სტვირის, ციტრის, ქნარის, სხვა სიმებიანი საკრავის, გუდასტვირისა და დანარჩენი საკრავების ხმა, ყველა ხალხი, ერი და სხვადასხვა ენაზე მოსაუბრენი დაემხვნენ და თაყვანი სცეს მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ აღმართულ ოქროს ქანდაკებას.
8 მაშინ ზოგიერთი ქალდეველი მივიდა მეფესთან და ბრალი დასდო იუდეველებს. 9 მათ მეფე ნაბუქოდონოსორს მიმართეს: „დღეგრძელი იყავ, მეფეო! 10 შენ ბრძანე, მეფეო, რომ საყვირის, სტვირის, ციტრის, ქნარის, სხვა სიმებიანი საკრავის, გუდასტვირისა და დანარჩენი საკრავების ხმის გაგონებაზე ყველანი უნდა დამხობილიყვნენ და თაყვანი ეცათ ოქროს ქანდაკებისთვის; 11 ხოლო ვინც არ დაემხობოდა და თაყვანს არ სცემდა მას, გავარვარებულ ღუმელში ჩაყრიდნენ.+ 12 იუდეველები, შადრაქი, მეშაქი და აბედნეგო,+ შენ რომ ბაბილონის სამთავროს გამგებლებად დანიშნე, არაფრად გაგდებენ, მეფეო, არ ემსახურებიან შენს ღმერთებს და თაყვანს არ სცემენ შენ მიერ აღმართულ ოქროს ქანდაკებას“.
13 მაშინ განრისხებულმა ნაბუქოდონოსორმა ბრძანა, რომ შადრაქი, მეშაქი და აბედნეგო მასთან მიეყვანათ. მიჰგვარეს ეს კაცები მეფეს. 14 ნაბუქოდონოსორმა მათ ჰკითხა: „შადრაქ, მეშაქ, აბედნეგო, მართალია, რომ ჩემს ღმერთებს არ ემსახურებით+ და თაყვანს არ სცემთ ჩემ მიერ აღმართულ ოქროს ქანდაკებას? 15 თუ ახლა დაემხობით საყვირის, სტვირის, ციტრის, ქნარის, სხვა სიმებიანი საკრავის, გუდასტვირისა და დანარჩენი საკრავების ხმის გაგონებაზე და ჩემ მიერ გაკეთებულ ქანდაკებას თაყვანს სცემთ, ხომ კარგი, მაგრამ, თუ არ სცემთ თაყვანს, მაშინვე გავარვარებულ ღუმელში ჩაგყრით. მერე ვნახოთ, რომელი ღმერთი დაგიხსნით ჩემი ხელიდან!“+
16 შადრაქმა, მეშაქმა და აბედნეგომ მეფეს მიუგეს: „ნაბუქოდონოსორ, რა გიპასუხოთ?! 17 ასეც რომ მოხდეს, ღმერთს, რომელსაც ვემსახურებით, შეუძლია ჩვენი ხსნა. გვიხსნის იგი გავარვარებული ღუმლიდან და შენი ხელიდან, მეფეო;+ 18 რომც არ გვიხსნას, იცოდე, მეფეო, რომ შენს ღმერთებს არ ვემსახურებით და თაყვანს არ ვცემთ შენ მიერ აღმართულ ოქროს ქანდაკებას“.+
19 განრისხდა ნაბუქოდონოსორი შადრაქზე, მეშაქსა და აბედნეგოზე და სახე შეეცვალა. ბრძანა, შვიდმაგად გაეხურებინათ ღუმელი, 20 და თავის რამდენიმე ძლიერ მეომარს უბრძანა, შეეკრათ შადრაქი, მეშაქი და აბედნეგო და გავარვარებულ ღუმელში ჩაეყარათ.
21 ისინი ტანსაცმლიანად, მოსასხამებიანად, ქუდებიანად, ყველაფრიანად, რაც ეცვათ, გავარვარებულ ღუმელში ჩაყარეს. 22 ის კაცები, რომლებმაც შადრაქი, მეშაქი და აბედნეგო წაიყვანეს, მეფის მკაცრი ბრძანებისამებრ მეტისმეტად გახურებული ღუმლიდან ამოვარდნილმა ალმა დახოცა. 23 ის სამნი, შადრაქი, მეშაქი და აბედნეგო, შებორკილები გავარვარებულ ღუმელში იყვნენ.
24 შეეშინდა მეფე ნაბუქოდონოსორს, წამოვარდა და თავის უმაღლეს მოხელეებს ჰკითხა: „ჩვენ ხომ ცეცხლში სამი შებორკილი კაცი ჩავაგდეთ?“ მათ მეფეს მიუგეს: „დიახ, მეფეო“. 25 მაშინ მან თქვა: „იქ ოთხ კაცს ვხედავ შუაგულ ცეცხლში, უვნებელნი არიან და თავისუფლად დადიან; მეოთხე გარეგნობით ღმერთების ძეს ჰგავს“.
26 ნაბუქოდონოსორი გავარვარებული ღუმლის კარს მიუახლოვდა და დაიძახა: „შადრაქ, მეშაქ, აბედნეგო, უზენაესი ღვთის მსახურებო,+ გამოდით და აქ მოდით!“ მაშინ შადრაქი, მეშაქი და აბედნეგო შუაგული ცეცხლიდან გამოვიდნენ. 27 დაინახეს იქ შეკრებილმა სატრაპებმა, გამგებლებმა, მმართველებმა და მეფის უმაღლესმა მოხელეებმა,+ რომ ცეცხლს ვერაფერი ევნო მათთვის;+ თავზე თმის ერთი ღერიც არ შესტრუსოდათ, არც მოსასხამები დაზიანებოდათ და კვამლის სუნიც კი არ ასდიოდათ.
28 ნაბუქოდონოსორმა განაცხადა: „დიდება შადრაქის, მეშაქისა და აბედნეგოს ღმერთს,+ რომელმაც ანგელოზი გამოგზავნა და იხსნა თავისი მსახურები. ისინი მას მიენდნენ, არ დაემორჩილნენ მეფის ბრძანებას და სხვა ღმერთის მსახურებასა და თაყვანისცემას სიკვდილი არჩიეს.+ 29 ვბრძანებ: ის ხალხი, ერი, თუ სხვადასხვა ენაზე მოსაუბრენი, რომლებიც შადრაქის, მეშაქისა და აბედნეგოს ღმერთს აუგად მოიხსენიებენ, ასო-ასო აიკუწონ და მათი სახლები საერთო საპირფარეშოებად* იქცეს; არ არსებობს სხვა ღმერთი, მის მსგავსად რომ შეეძლოს ხსნა“.+
30 ამის შემდეგ მეფემ აღაზევა შადრაქი, მეშაქი და აბედნეგო ბაბილონის სამთავროში.+