მოციქულთა საქმეები
14 იკონიონში მყოფი პავლე და ბარნაბა ერთად შევიდნენ იუდეველთა სინაგოგაში და ისე ილაპარაკეს, რომ უამრავმა იუდეველმა და ბერძენმა ირწმუნა. 2 იმ იუდეველებმა კი, რომლებმაც არ ირწმუნეს, წააქეზეს უცხოტომელები და ძმების წინააღმდეგ განაწყვეს.+ 3 მოციქულები კარგა ხანს დარჩნენ იქ და გაბედულად ლაპარაკობდნენ იეჰოვასგან* მიღებული უფლებამოსილებით, რომელმაც მათი ხელით მოხდენილი სასწაულებითა და საკვირველებებით დაამოწმა თავისი წყალობის შესახებ.+ 4 ქალაქის მოსახლეობა ორად გაიყო: ზოგმა იუდეველების მხარე დაიჭირა, ზოგმა კი — მოციქულების. 5 უცხოტომელები, იუდეველები და მათი მმართველები მოციქულებზე თავდასხმას და მათ ჩაქოლვას აპირებდნენ;+ 6 ეს რომ შეიტყვეს, ლიკაონიის ქალაქებს, ლისტრასა და დერბეს, და მათ მიმდებარე სოფლებს მიაშურეს+ 7 და იქ განაგრძეს სასიხარულო ცნობის ქადაგება.
8 ლისტრაში იყო ერთი კაცი, რომელსაც არასოდეს გაევლო, რადგან დაბადებიდან წელსქვემოთ იყო მოწყვეტილი. 9 ის პავლეს უსმენდა. როცა პავლემ შეხედა მას და დაინახა, რომ გამოჯანმრთელების რწმენა ჰქონდა,+ 10 ხმამაღლა უთხრა: „ადექი ფეხზე!“ ისიც წამოხტა და გაიარა.+ 11 ხალხმა კი, როცა დაინახა, რა გააკეთა პავლემ, ლიკაონიურ ენაზე წამოიძახა: „ღმერთები ადამიანებად ქცეულან და ჩვენთან ჩამოსულან!“+ 12 ბარნაბას ზევსი დაარქვეს, პავლეს კი — ჰერმესი, რადგან საუბარი მას მიჰყავდა. 13 ზევსის ქურუმმა ხარები მორეკა კარიბჭესთან (ზევსის ტაძარი ქალაქის შესასვლელთან იდგა) და თან გვირგვინები მოიტანა; სურდა, ყველას ერთად შეეწირა მსხვერპლი.
14 ეს რომ მოციქულებმა, ბარნაბამ და პავლემ, გაიგეს, ტანსაცმელი შემოიხიეს, ხალხში შეცვივდნენ და დაიყვირეს: 15 „ამას რას აკეთებთ, ხალხნო?! ჩვენც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ.+ ჩვენ სასიხარულო ცნობას გაუწყებთ, რათა ზურგი აქციოთ ამ ამაოებას და თაყვანი სცეთ ცოცხალ ღმერთს, რომელმაც შექმნა ცა, დედამიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მათშია.+ 16 აქამდე ის ნებას აძლევდა ყველა ხალხს, ის ეკეთებინათ, რაც სურდათ,+ 17 თუმცა სიკეთის კეთებით მუდამ გიმტკიცებდათ,+ თუ როგორია იგი — გაძლევდათ წვიმას ციდან და უხვ მოსავალს,+ არ გაკლებდათ სარჩოს და სიხარულით გივსებდათ გულებს“.+ 18 ამას კი ეუბნებოდნენ ხალხს, მაგრამ ძლივს შეაკავეს, რომ მათთვის მსხვერპლი არ შეეწირათ.
19 ანტიოქიიდან და იკონიონიდან იუდეველები ჩამოვიდნენ და ხალხი გადაიბირეს.+ მათ მიერ გადაბირებულმა ხალხმა პავლე ჩაქოლა და ქალაქგარეთ გაათრია, რადგან მკვდარი ეგონათ,+ 20 მაგრამ, როცა მოწაფეები გარს შემოეხვივნენ, ის წამოდგა და ქალაქში შევიდა. მეორე დღეს ის და ბარნაბა დერბეში წავიდნენ.+ 21 სასიხარულო ცნობა რომ აუწყეს იმ ქალაქს და საკმაოდ ბევრი აქციეს მოწაფედ, დაბრუნდნენ ლისტრაში, იქიდან კი წავიდნენ იკონიონში, ხოლო იკონიონიდან — ანტიოქიაში; 22 მოწაფეებს განამტკიცებდნენ,+ რწმენაში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ და ეუბნებოდნენ, ღვთის სამეფოს დასამკვიდრებლად მრავალი გასაჭირის გადატანა მოგვიწევსო.+ 23 გარდა ამისა, თითოეულ კრებაში უხუცესები დანიშნეს;+ იმარხულეს,+ ილოცეს და მიანდეს ისინი იეჰოვას*, რომელიც ირწმუნეს.
24 შემდეგ გაიარეს პისიდია და პამფილიაში+ ჩავიდნენ. 25 პერგეში ღვთის სიტყვა იქადაგეს და ატალიაში ჩავიდნენ. 26 იქიდან გაცურეს, რომ ანტიოქიაში ჩასულიყვნენ, სადაც ადრე ძმებმა ილოცეს, რომ მათ ღვთის წყალობა არ მოჰკლებოდათ იმ საქმეში, რომელიც ახლა დაასრულეს.+
27 ჩავიდნენ, კრებას მოუხმეს და ბევრი რამ უამბეს იმაზე, რაც ღმერთმა მათი მეშვეობით გააკეთა. იმასაც მოუყვნენ, რომ ღმერთმა რწმენის კარი გაუღო უცხოტომელებს.+ 28 ისინი კარგა ხანს დარჩნენ მოწაფეებთან.