„მრავალი გასაჭირის“ მიუხედავად, ერთგულად ემსახურეთ ღმერთს
„ღვთის სამეფოში შესასვლელად მრავალი გასაჭირის გადატანა მოგვიწევს“ (საქ. 14:22).
1. რატომ არ უკვირს ღვთის ხალხს, როცა გასაჭირს ხვდებიან?
შიშის ზარს ხომ არ გცემთ ის აზრი, რომ მარადიული სიცოცხლის მიღებამდე „მრავალი გასაჭირის“ გადატანა მოგიწევთ? ალბათ, არა. იმისდა მიუხედავად, ახალმონათლული ხართ, თუ დიდი ხანია, იეჰოვას ემსახურებით, შესანიშნავად უწყით ერთი რამ: სირთულეები და გასაჭირი მუდამ თან სდევს სატანის ქვეყნიერებას (გამოცხ. 12:12).
2. ა) რა სახის გასაჭირს აწყდებიან ქრისტიანები იმ სირთულეების გარდა, რასაც ყველა არასრულყოფილი ადამიანი ხვდება? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე) ბ) ვინ დგას ამ გასაჭირის მიღმა და საიდან ვიგებთ ამას?
2 იმ სირთულეების გარდა, რასაც ყველა არასრულყოფილი ადამიანი ხვდება, ქრისტიანები სხვა სახის გასაჭირსაც აწყდებიან (1 კორ. 10:13). საინტერესოა, რა გასაჭირზეა საუბარი? ეს არის გამუდმებული წინააღმდეგობის ატანა ღვთის კანონების განუხრელი მორჩილების გამო. იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „მონა თავის ბატონზე დიდი არ არის. თუ მე მდევნიდნენ, თქვენც გაგდევნიან“ (იოან. 15:20). ვინ ილაშქრებს ჩვენ წინააღმდეგ? ეს სატანაა, რომელსაც ბიბლია „მბრდღვინავ ლომად“ იხსენიებს; იგი „ეძებს“ ღვთის ხალხს, რომ „გადაყლაპოს“ (1 პეტ. 5:8). ეშმაკი არაფერზე დაიხევს უკან, ოღონდაც კი იესოს მოწაფეებს უმწიკვლობა დააკარგვინოს. ამის საუკეთესო მაგალითია მოციქული პავლე. მოდი, ვნახოთ, რა გადახდა მას თავს.
გასაჭირი ლისტრაში
3—5. ა) რა განსაცდელის პირისპირ აღმოჩნდა პავლე ლისტრაში? ბ) რა მხრივ განამტკიცებდა მოწაფეებს პავლეს ნათქვამი სიტყვები მოსალოდნელ გასაჭირზე?
3 პავლე რწმენის გამო არაერთხელ გამხდარა დევნის მსხვერპლი (2 კორ. 11:23—27). ერთ-ერთი ასეთი განსაცდელის პირისპირ ის ლისტრაშიც აღმოჩნდა. მან და ბარნაბამ დაბადებიდან წელს ქვემოთ მოწყვეტილი კაცი განკურნეს და იქაურებმა ისინი ღმერთებად შერაცხეს. როდესაც მათ აღტყინებული ბრბოს დაშოშმინება სცადეს, რომელსაც მათთვის თაყვანისცემა სურდა, იუდეველი მოწინააღმდეგეებიც გამოჩნდნენ და ცილისმწამებლური ბრალდებებით შეკრებილ ხალხს გონება მოუწამლეს. ამის შემდეგ მოვლენები საპირისპიროდ განვითარდა! ბრბომ პავლე ჩაქოლა და სულთმობრძავი მიატოვა (საქ. 14:8—19).
4 პავლე და ბარნაბა დერბედან „დაბრუნდნენ ლისტრაში, იკონიონსა და ანტიოქიაში, სადაც მოწაფეებს განამტკიცებდნენ, რწმენაში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ და ეუბნებოდნენ, ღვთის სამეფოში შესასვლელად მრავალი გასაჭირის გადატანა მოგვიწევსო“ (საქ. 14:21, 22). ერთი შეხედვით, პავლეს სიტყვები პარადოქსულად ჟღერს. განა მოწაფეებს უფრო არ გაუტყდებოდათ გული, თუ წინ „მრავალი გასაჭირი“ ელოდათ?! მაშ, წამოიჭრება კითხვა: როგორღა განამტკიცებდა მათ პავლესა და ბარნაბას ნათქვამი?
5 ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად, მოდი, ჩავუკვირდეთ პავლეს სიტყვებს. მას უბრალოდ არ უთქვამს, „მრავალი გასაჭირის გადატანა მოგვიწევსო“, მან თქვა: „ღვთის სამეფოში შესასვლელად მრავალი გასაჭირის გადატანა მოგვიწევსო“. როგორც ჩანს, პავლემ მოწაფეები იმით განამტკიცა, რომ ყურადღება ჯილდოზე გაუმახვილა, რომელსაც ისინი ერთგულების სანაცვლოდ მიიღებდნენ. ეს ჯილდო მხოლოდ ოცნება არ ყოფილა. ამას იესოს სიტყვებიც მოწმობდა: „ყველა შეგიძულებთ ჩემი სახელის გამო, ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება“ (მათ. 10:22).
6. რა ჯილდოს მიიღებენ ბოლომდე მომთმენნი?
6 თუ ბოლომდე მოვითმენთ, ღმერთი დაგვაჯილდოებს. ეს ჯილდო ცხებულთათვის ქრისტესთან ერთად ზეცაში მმართველობა და უკვდავებაა, ხოლო „სხვა ცხვრისთვის“ — მარადიული სიცოცხლე დედამიწაზე, „სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (იოან. 10:16; 2 პეტ. 3:13). თუმცა, როგორც პავლემ თქვა, მანამდე „მრავალი გასაჭირის“ გადატანა მოგვიწევდა. ქვემოთ ვიმსჯელებთ ორი სახის განსაცდელზე, რომელთა პირისპირაც შესაძლოა აღმოვჩნდეთ.
პირდაპირი თავდასხმები
7. რა იგულისხმება პირდაპირ თავდასხმაში?
7 იესო ქრისტემ იწინასწარმეტყველა: „გადაგცემენ სასამართლოებს, გცემენ სინაგოგებში, დაგაყენებენ გამგებელთა და მეფეთა წინაშე“ (მარ. 13:9). როგორც ამ მუხლიდან ვხედავთ, ზოგი ქრისტიანისთვის „გასაჭირი“ დევნა იქნება, რომლის მიღმაც რელიგიური თუ პოლიტიკური ლიდერები იდგებიან (საქ. 5:27, 28). მოდი, კვლავ დავუბრუნდეთ პავლეს მაგალითს და დავსვათ ასეთი კითხვა: შეაშინა მოციქული მოსალოდნელმა დევნამ? სრულიადაც არა! (წაიკითხეთ საქმეების 20:22, 23).
8, 9. ა) როგორ დაამტკიცა პავლემ, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა, ბოლომდე მოეთმინა? ბ) როგორ ავლენენ ჩვენი და-ძმები მსგავს სულისკვეთებას?
8 პავლე მოციქული სატანის პირდაპირ თავდასხმას არაერთხელ დახვედრია მედგრად. ნახეთ, რა თქვა მან: „მაგრამ ჩემი სული არ მანაღვლებს, ოღონდ დამასრულებინა ჩემი სარბიელი და უფალ იესოსგან მიღებული მსახურება, რათა საფუძვლიანად დავამოწმო სასიხარულო ცნობა ღვთის წყალობის შესახებ“ (საქ. 20:24). აშკარაა, რომ პავლე არ შეუძრწუნებია მოსალოდნელ განსაცდელს. პირიქით, მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, ბოლომდე მოეთმინა. მისი უმთავრესი ამოცანა ის იყო, რომ ნებისმიერი გასაჭირის მიუხედავად, „საფუძვლიანად დაემოწმებინა“.
9 დღეს უამრავი და-ძმა მსგავს სულისკვეთებას ავლენს. მაგალითად, ერთ-ერთ ქვეყანაში ზოგი იეჰოვას მოწმე თითქმის 20 წელია, რაც პატიმრობაში იმყოფება საკუთარი მრწამსის საფუძველზე სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო. ვინაიდან ქვეყანაში ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის თაობაზე კანონი არ არსებობს, მათი საქმე სასამართლო წესით არასდროს განხილულა. პატიმრობაში მყოფთა მონახულების უფლებას არავის აძლევენ, თვით ოჯახის წევრებსაც კი. ზოგი მათგანი ფიზიკური შეურაცხყოფისა და სასტიკი წამების მსხვერპლიც გამხდარა.
10. რატომ არ უნდა შეგვაშინოს მოულოდნელად აგორებულმა დევნის ტალღამ?
10 ჩვენი თანაქრისტიანები მსოფლიოს ბევრ სხვა კუთხეშიც ხვდებიან მოულოდნელად აგორებულ დევნის ტალღას. თუ თქვენც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებით, ნუ შეშინდებით. იფიქრეთ იოსებზე. მართალია, ტყვედ გაყიდეს, მაგრამ იეჰოვამ „დაიხსნა ის ყველა გასაჭირიდან“ (საქ. 7:9, 10). იგი თქვენც დაგიხსნით. ნუ დაგავიწყდებათ, რომ „იცის იეჰოვამ, როგორ დაიხსნას განსაცდელისგან . . . ერთგულები“ (2 პეტ. 2:9). ენდობით ღმერთს და გჯერათ, რომ ის დაგიხსნით სატანის ბოროტი ქვეყნიერებისგან და დაგამკვიდრებინებთ ახალ ქვეყნიერებას? თქვენ ნამდვილად გაქვთ ნდობის საფუძველი; ამიტომ უშიშრად შეხვდით ნებისმიერ გასაჭირს (1 პეტ. 5:8, 9).
ფარული თავდასხმები
11. რა მხრივ განსხვავდება სატანის ფარული თავდასხმები მისი პირდაპირი იერიშისგან?
11 სხვა სახის გასაჭირი, რასაც შესაძლოა შევხვდეთ, სატანის ფარული თავდასხმებია. რა მხრივ განსხვავდება ასეთი შემოტევა მისი პირდაპირი თავდასხმებისგან? პირდაპირი თავდასხმა შეიძლება შევადაროთ ტორნადოს, რომელიც გადაუვლის ქალაქს და თვალის დახამხამებაში მიწასთან ასწორებს სახლებს. ფარული თავდასხმა კი ტერმიტების შემოსევას ჰგავს — ისინი ნელ-ნელა ედებიან სახლს და ღრღნიან მას მანამ, სანამ სახლი პატრონს თავზე არ წამოექცევა. ასე შეიძლება დაემართოს იმ ადამიანსაც, რომელიც გვიანღა ამჩნევს საფრთხეს.
12. ა) რომელია სატანის ერთ-ერთი თვალით უხილავი იარაღი და რატომაა ის ასე მძლავრი? ბ) როგორ მოქმედებდა პავლეზე გულგატეხილობა?
12 სატანის მიზანია, პირდაპირი დევნებისა თუ ფარული თავდასხმების მეშვეობით, ნელ-ნელა რწმენა შეგვირყიოს და იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობას ძირი გამოუთხაროს. ეშმაკის არსენალში ერთ-ერთი მძლავრი, თვალით უხილავი იარაღი გულგატეხილობაა. მოციქულმა პავლემ აღიარა, რომ დროდადრო მასაც უტყდებოდა გული (წაიკითხეთ რომაელების 7:21—24). გაინტერესებთ, რატომ უწოდა პავლემ, პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების ერთ-ერთმა კორიფემ და სავარაუდოდ, ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, საკუთარ თავს „საწყალი ადამიანი“? მისივე თქმით, მიზეზი არასრულყოფილება იყო. მას იმის კეთება სურდა, რაც სწორი იყო, მაგრამ რაღაც სხვა ძალა, საპირისპიროსკენ ეწეოდა. თუ დროდადრო თქვენც გიწევთ ასეთ გრძნობებთან ჭიდილი, გაგამხნევებთ იმის ცოდნა, რომ ამ მხრივ გამონაკლისი არც მოციქული პავლე ყოფილა.
13, 14. ა) რატომ უტყდება გული ღვთის ზოგ მსახურს? ბ) ვის სურს, რომ რწმენა დაგვემსხვრეს და რატომ?
13 ზოგჯერ და-ძმებს გული უტყდებათ, მშფოთვარე ფიქრები ეძალებათ და უღირსობის გრძნობაც კი ეუფლებათ. მაგალითად, მოვისმინოთ ერთი გულმოდგინე პიონერი დის საწუხარი. მას პირობითად დებორა დავარქვათ. იგი გვიზიარებს: „საკუთარი დანაშაული კვლავ და კვლავ მახსენებს თავს და ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ცუდად ვხდები. როცა ჩემს შეცდომებზე ვიწყებ ფიქრს, ისეთი გრძნობა მეუფლება, რომ შეუძლებელია, ვინმემ, თვით იეჰოვამაც კი, შემიყვაროს“.
14 დებორას მსგავსად, რატომ უტყდება გული იეჰოვას ზოგ სხვა მსახურსაც? ამის არაერთი მიზეზი არსებობს. ზოგს მუდამ უარყოფითად ეფიქრება საკუთარ თავსა თუ ხვედრზე (იგავ. 15:15). ზოგს კი ასეთი გრძნობები შერყეული ჯანმრთელობის გამო ეუფლება, რაც მის ემოციურ მდგომარეობაზეც აისახება. რაც უნდა იყოს მიზეზი, ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: არსებობს ვიღაც, ვინც ამ ყველაფერს ჩვენსავე საწინააღმდეგოდ იყენებს. საინტერესოა, ვინ არის ის, ვისაც უნდა, რომ გული გაგვიტეხოს და ყველაფერზე ხელი ჩაგვაქნევინოს? ვის უნდა, რომ მის მსგავს მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ და ღვთის თვალში მასავით ჩვენც მსჯავრი დაგვედოს? (გამოცხ. 20:10). ეს სატანაა! სწორედ მას სურს, გაგვიჩინოს თავსატეხი და წაგვართვას ენთუზიაზმი, რათა ჩამოვშორდეთ იეჰოვას. მისთვის სულერთია, როგორ მიაღწევს თავის მიზანს — პირდაპირი თუ ფარული თავდასხმებით. ვინაიდან სულიერ ბრძოლაში ვართ ჩაბმულნი, ახლა შეცდომების დაშვების დრო არაა!
15. როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ გულგატეხილობა ვერაფერს გვაკლებს?
15 ფარ-ხმალს ნუ დაყრით და მტერს ნუ დანებდებით! მზერა ჯილდოს მიაპყარით. ნახეთ, რა მისწერა პავლემ კორინთელ ქრისტიანებს: „სულით არ ვეცემით და თუ ჩვენი გარეგანი კაცი ჭკნება, შინაგანი დღითი დღე ახლდება. თუმცა ეს გასაჭირი ხანმოკლე და მსუბუქია, მას ჩვენთვის დიდება მოაქვს. ის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და მარადიულად რჩება“ (2 კორ. 4:16, 17).
დღესვე დაიწყეთ გასაჭირისთვის მზადება
16. რატომ არის მნიშვნელოვანი, დღესვე მოვემზადოთ საბრძოლველად?
16 როგორც დავინახეთ, სატანა ჩვენ წინააღმდეგ არაერთ ხრიკს მიმართავს (ეფეს. 6:11). თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავითვალისწინოთ 1 პეტრეს 5:9-ში ჩაწერილი რჩევა: „წინ აღუდექით მას მტკიცე რწმენით“. საამისოდ ჩვენ გული და გონება უნდა მოვამზადოთ — დღესვე უნდა დავიწყოთ საკუთარი თავის წვრთნა, რომ შევძლოთ იმის კეთება, რაც სწორია. ამის დანახვა ჯარის მაგალითზე შეიძლება. ჯარისკაცები სამხედრო წვრთნებს გადიან, რათა ვინიცობაა და ომი დაიწყოს, მზად იყვნენ. იმავეს თქმა შეგვიძლია იეჰოვას სულიერ ჯარზეც. ჩვენ არ ვიცით, რა ბრძოლის გადატანა მოგვიწევს სამომავლოდ. ნუთუ ბრძნული არაა, რომ დღესვე, შედარებით მშვიდობიან პერიოდში, დავიწყოთ მოსალოდნელი ომისთვის მზადება?! პავლემ კორინთელებს ურჩია: „ყოველთვის შეამოწმეთ საკუთარი თავი, რწმენაში ხართ თუ არა, გამოსცადეთ საკუთარი თავი“ (2 კორ. 13:5).
17—19. ა) როგორ უნდა გამოვიკვლიოთ საკუთარი თავი? ბ) როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს, მოემზადონ სკოლაში თავიანთ რწმენაზე სასაუბროდ?
17 თუ გვსურს, რომ პავლეს რჩევა გავითვალისწინოთ, საფუძვლიანად უნდა გამოვიკვლიოთ საკუთარი თავი. თვითშემოწმების მიზნით დავსვათ ასეთი კითხვები: გამუდმებით ვლოცულობ? როცა თანატოლებს სურთ, რომ თავიანთ გავლენაში მომაქციონ, მესმის, რომ ღმერთს უფრო მეტად უნდა დავემორჩილო, როგორც მმართველს, ვიდრე — ადამიანს? ყოველთვის ვესწრები კრების შეხვედრებს? თამამად ვსაუბრობ ჩემს რწმენაზე? ვპატიობ თანაქრისტიანებს შეცდომებს ისე, როგორც ვისურვებდი, რომ ჩემთვის ეპატიებინათ? ვემორჩილები ჩემი კრების უხუცესებს და ძმებს, რომელთაც მსოფლიო საძმო აბარიათ?
18 ყურადღება მიაქციეთ, რომ ზემოთ მოყვანილი კითხვებიდან ორი პირდაპირ უკავშირდება საკუთარი მრწამსის შესახებ გაბედულად საუბარსა და თანატოლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას. დღეს ბევრ ახალგაზრდას ჯერ კიდევ სკოლაში უწევს საკუთარი რწმენის დაცვა და თანატოლთა იერიშის მოგერიება. მათ გაცნობიერებული აქვთ, რომ თავიანთი მრწამსის სხვებისთვის გაზიარებაში სამარცხვინო არაფერია. სწორედ ამიტომ ისინი უშიშრად ქადაგებენ. ახალგაზრდებმა რომ გაბედულად ისაუბრონ თავიანთ რწმენაზე, მათ დასახმარებლად დროდადრო ჩვენს ჟურნალებში პრაქტიკული რჩევები იბეჭდება. მაგალითად, 2009 წლის ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის ივლისის ნომერში მოცემულია რჩევა, თუ როგორ უნდა უპასუხოთ კლასელს, რომელიც გეკითხებათ: „რატომ არ გჯერათ ევოლუციის?“. თქვენ შეგიძლიათ მარტივად უპასუხოთ: „რატომ უნდა მჯეროდეს? თვითონ მეცნიერები არ ეთანხმებიან ამ თეორიას, არადა მათ ხომ წესით მეტი ესმით“. მშობლებო, შვილებთან ერთად გაითამაშეთ რეალური სიტუაციები, რათა ისინი მომზადებულნი შეხვდნენ თანაკლასელების მიერ დასმულ კითხვებს.
19 ბუნებრივია, ყოველთვის ადვილი არ არის ქადაგება და იმის კეთება, რასაც იეჰოვა მოითხოვს ჩვენგან. გრძელი და დამქანცველი დღის შემდეგ შესაძლოა საკუთარი თავისთვის ძალის დატანებაც კი მოგვიხდეს, რომ კრების შეხვედრას დავესწროთ. ზოგჯერ ადვილი არაა დილით ადრე თბილი ლოგინის მიტოვება და მსახურებაში წასვლა. მაგრამ დაიხსომეთ: თუ დღესვე კარგი სულიერი განრიგი გექნებათ, მომავალში დიდ პრობლემებს უფრო ადვილად გაუმკლავდებით.
20, 21. ა) როგორ დაგვეხმარება გამოსასყიდზე ფიქრი უარყოფითი გრძნობების დაძლევაში? ბ) რა უნდა დავისახოთ მიზნად?
20 რის თქმა შეიძლება სატანის ფარულ თავდასხმებზე? მაგალითად, როგორ დავძლიოთ გულგატეხილობა? გულგატეხილობის დასაძლევად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება გამოსასყიდზე ფიქრია. სწორედ ასე იქცეოდა მოციქული პავლე. მისთვის ეს გრძნობა არ იყო უცხო, დროდადრო ის საწყლად გრძნობდა თავს. მაგრამ მან ისიც შესანიშნავად უწყოდა, რომ იესომ სრულყოფილთათვის კი არ გაიღო საკუთარი სიცოცხლე, არამედ — ცოდვილთათვის. პავლესაც ესმოდა, რომ ისიც ერთ-ერთი მათგანი იყო. მან ამიტომ დაწერა: „ღვთის ძისადმი რწმენით ვცოცხლობ, რომელმაც შემიყვარა და თავი გასწირა ჩემთვის“ (გალ. 2:20). დიახ, პავლეს გამოსასყიდისადმი რწმენა გააჩნდა და კარგად ესმოდა, რომ ქრისტემ თავისი სიცოცხლე საკუთრივ მისთვისაც გაიღო.
21 თუ პავლეს მსგავსად გამოსასყიდს იეჰოვასგან მოძღვნილ პირად საჩუქრად ჩათვლით, თქვენც დაძლევთ გულგატეხილობას. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასწაულებრივად გათავისუფლდებით უარყოფითი ფიქრებისგან. ახალ ქვეყნიერებამდე ზოგ ჩვენგანს კვლავ მოუწევს სატანის ფარული თავდასხმების მოგერიება. ნურასდროს დაგავიწყდებათ: ამ ასპარეზზე ჯილდოს მიიღებს ის, ვინც ბოლომდე მოითმენს! ჯერ არასდროს არ ვყოფილვართ ასე ახლოს იმ დიდებულ დროსთან, როცა ღვთის სამეფო მშვიდობას დაამყარებს და ყველა ერთგულ ადამიანს გაასრულყოფილებს. მაშ, მიზნად დაისახეთ, რომ მრავალი გასაჭირის მიუხედავად, შეხვიდეთ ღვთის სამეფოში!