იესო ნავეს ძე
3 დილაადრიან ადგა იესო ნავეს ძე, დაიძრნენ ის და ისრაელები შიტიმიდან+ და იორდანეს მიადგნენ; იმ ღამით, სანამ მდინარეს გადაკვეთდნენ, იქ დარჩნენ.
2 სამი დღის შემდეგ თავკაცებმა+ ბანაკი მოიარეს 3 და ხალხს უბრძანეს: „როცა დაინახავთ, რომ ლევიან მღვდლებს იეჰოვას, თქვენი ღვთის, შეთანხმების კიდობანი მიაქვთ,+ თქვენც დაიძარით და გაჰყევით მას, 4 ოღონდ ასე 2 000 წყრთის* მოშორებით. არ მიუახლოვდეთ მას. ასე გაიგებთ, რომელი გზით წახვიდეთ, რადგან იმ გზაზე ჯერ არ გაგივლიათ“.
5 უთხრა იესო ნავეს ძემ ხალხს: „განიწმინდეთ,+ რადგან ხვალ იეჰოვა საოცარ საქმეებს მოიმოქმედებს თქვენთვის“.+
6 შემდეგ იესო ნავეს ძემ მღვდლებს მოუწოდა: „აიღეთ შეთანხმების კიდობანი+ და წაუძეხით ხალხს!“ მათაც აიღეს კიდობანი და წაუძღვნენ ხალხს.
7 უთხრა იეჰოვამ იესო ნავეს ძეს: „დღეიდან განგადიდებ მთელი ისრაელის თვალში,+ რათა გაიგონ, რომ, როგორც მოსესთან ვიყავი,+ ისევე ვიქნები შენთან.+ 8 უბრძანე მღვდლებს, რომლებიც შეთანხმების კიდობანს ატარებენ, რომ, როცა იორდანეს მიადგებიან, შევიდნენ წყალში და გაჩერდნენ“.+
9 უთხრა იესო ნავეს ძემ ისრაელებს: „მოდით და მოუსმინეთ იეჰოვას, თქვენი ღვთის, სიტყვებს“. 10 შემდეგ მან თქვა: „მაშინ გაიგებთ, რომ ცოცხალი ღმერთია თქვენ შორის+ და რომ ის მოგაშორებთ ქანაანელებს, ხეთელებს, ხიველებს, ფერიზელებს, გირგაშელებს, ამორეველებსა და იებუსელებს,+ 11 როცა იხილავთ, როგორ შევა თქვენ წინ იორდანეში მთელი დედამიწის უფლის შეთანხმების კიდობანი. 12 აირჩიეთ 12 კაცი ისრაელის ტომებიდან, თითო კაცი თითო ტომიდან.+ 13 როგორც კი მღვდლები, რომლებიც იეჰოვას, მთელი დედამიწის უფლის, კიდობანს ატარებენ, იორდანის წყალში ფეხს ჩადგამენ, გაჩერდება მომდინარე წყალი და კედლად აღიმართება“.+
14 დაიძრა ხალხი იორდანეზე გადასასვლელად იმ ადგილიდან, სადაც კარვები ჰქონდათ გაშლილი. მათ წინ გაუძღვნენ მღვდლები, რომლებსაც შეთანხმების კიდობანი მიჰქონდათ.+ 15 როგორც კი მღვდლები კიდობნით ხელში იორდანეს მიადგნენ და ჩადგეს ფეხი წყალში (მკის დროს ნაპირებიდან გადმოდის იორდანე),+ 16 გაჩერდა ზემოდან მომდინარე წყალი და კედლად აღიმართა საკმაოდ შორს, ქალაქ ადამთან, ცარეთანის სიახლოვეს; ხოლო წყალი, რომელიც არაბის ზღვისკენ, მარილოვანი ზღვისკენ, მიედინებოდა, დაშრა. გაჩერდა წყალი და ხალხი იერიხონის მხარეს გადავიდა. 17 შუა იორდანეში მშრალზე,+ ერთ ადგილას იდგნენ მღვდლები იეჰოვას შეთანხმების კიდობნით ხელში და მთელი ისრაელი მშრალზე გადადიოდა,+ სანამ მთელმა ერმა არ გადაკვეთა იორდანე.