მეფეები — წიგნი მეორე
10 ახაბს+ 70 ვაჟი ჰყავდა სამარიაში. დაწერა იეჰუმ წერილები და იზრეელის მთავრებს, უხუცესებსა+ და ახაბის შვილების აღმზრდელებს დაუგზავნა სამარიაში, და შეუთვალა: 2 „თქვენი ბატონის შვილები თქვენთან არიან, საომარი ეტლებიც გყავთ და ცხენებიც, გამაგრებულ ქალაქში ხართ და იარაღიც თქვენს ხელთაა, ჰოდა, ამ წერილს რომ მიიღებთ, 3 ამოარჩიეთ თქვენი ბატონის ძეებიდან ღირსეული და საუკეთესო, დასვით ის მამის ტახტზე და იბრძოლეთ თქვენი ბატონის სახლეულობისთვის!“
4 მეტისმეტად შეშინდნენ და თქვეს: „მასთან ორი მეფე ვერას გახდა+ და ჩვენ რას გავხდებით?!“ 5 სასახლის ზედამხედველმა, ქალაქის ზედამხედველმა, უხუცესებმა და აღმზრდელებმა იეჰუს შეუთვალეს: „ჩვენ შენი მსახურები ვართ და რასაც გვეტყვი, იმას გავაკეთებთ. ჩვენ არავის გავამეფებთ. როგორც შენ ჩათვლი საჭიროდ, ისე მოიქეცი!“
6 პასუხად იეჰუმ მეორე წერილიც მისწერა და შეუთვალა: „თუ ჩემს მხარეს ხართ და მე მემორჩილებით, ხვალ ამ დროს თქვენი ბატონის ვაჟების თავები იზრეელში მომიტანეთ!“
მეფის 70 ვაჟს ქალაქის პატივდებული მამაკაცები ზრდიდნენ. 7 წერილი რომ მიუვიდათ, დახოცეს მათ მეფის 70 ვაჟი,+ მათი თავები კალათებში ჩააწყვეს და იზრეელში გაუგზავნეს იეჰუს. 8 მივიდა მაცნე მასთან და მოახსენა: „უფლისწულთა თავები მოიტანეს“. მან უთხრა: „კარიბჭის შესასვლელთან დაყარეთ ორ გროვად და დილამდე იქ ეყაროს“. 9 დილით გავიდა იგი გარეთ. დადგა და მთელ ხალხს მიმართა: „თქვენ უდანაშაულონი ხართ! მე მოვუწყვე შეთქმულება ჩემს ბატონს და მოვკალი,+ მაგრამ ესენი ვინღა დახოცა?! 10 იეჰოვას არცერთი სიტყვა, რაც იეჰოვამ წარმოთქვა ახაბის სახლეულობაზე, არ დარჩება შეუსრულებელი;+ იეჰოვამ ის გააკეთა, რაც თავისი მსახურის, ელიას პირით თქვა!“+ 11 დახოცა იეჰუმ ყველა, ვინც იზრეელში ახაბის სახლეულობიდან გადარჩა, აგრეთვე ყველა პატივდებული კაცი, მისი ახლობლები და ქურუმები;+ მისიანი არავინ დაუტოვებია ცოცხალი.+
12 ადგა იგი და სამარიის გზას დაადგა. გზად მწყემსებს ბინა ედგათ. 13 შემოხვდნენ იეჰუს იუდას მეფე ახაზიას+ ძმები. ჰკითხა მათ: „ვინ ხართ?“ მათ მიუგეს: „ახაზიას ძმები ვართ, მივდივართ, რომ გავიგოთ, როგორ არიან მეფისა და დედოფლის* ძეები“. 14 მან მაშინვე ბრძანა: „ცოცხლად შეიპყარით!“ შეიპყრეს ისინი და 42 კაცი დახოცეს იმ ჭასთან, მწყემსების ბინასთან რომ იყო. არავინ დაუტოვებია მას ცოცხალი.+
15 გზად მას რექაბის+ ვაჟი იეჰონადაბიც+ შეხვდა, რომელიც მის შესახვედრად წამოსულიყო. მიესალმა მას და ჰკითხა: „შენც ისევე ერთგული ხარ ჩემდამი, როგორც მე შენდამი?“
ამაზე იეჰონადაბმა მიუგო: „ერთგული ვარ!“
„თუ ასეა, მომეცი ხელი!“
მანაც გაუწოდა ხელი და აიყვანა იგი იეჰუმ თავის ეტლზე. 16 შემდეგ უთხრა: „წამომყევი და ნახე, რომ არ ვიწყნარებ იეჰოვასადმი ორგულობას!“+ წაიყვანა იგი იეჰუმ თავისი საომარი ეტლით. 17 ჩავიდა იგი სამარიაში და დახოცა ყველა, თუკი ვინმე ცოცხალი ჰყავდა ახაბს დარჩენილი სამარიაში; ყველა გაჟლიტა,+ როგორც იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი ელიასთვის.+
18 შეკრიბა იეჰუმ ხალხი და უთხრა: „ახაბს იმდენი არ გაუკეთებია ბაალისთვის,+ რამდენსაც მე გავაკეთებ! 19 მოუხმეთ ბაალის ყველა წინასწარმეტყველს,+ ყველა მის თაყვანისმცემელსა და ქურუმს.+ არავინ გამოგრჩეთ, რადგან დიდებული მსხვერპლშეწირვა უნდა მოვუწყო ბაალს. ვინც არ მოვა, ცოცხალი ვერ გადარჩება!“ ამგვარ ხრიკს მიმართა იეჰუმ ბაალის თაყვანისმცემლების გასაწყვეტად.
20 იეჰუმ განაგრძო: „გამოაცხადეთ საზეიმო შეკრება ბაალისთვის!“ ისინიც ასე მოიქცნენ. 21 დაგზავნა იეჰუმ ხალხი მთელ ისრაელში ბაალის თაყვანისმცემლების მოსახმობად; უკლებლივ ყველა მოვიდა, შევიდნენ ისინი ბაალის ტაძარში+ და გადაივსო ტაძარი. 22 უთხრა იეჰუმ მას, ვისაც სამოსელი ებარა: „გამოუტანე სამოსი ბაალის თაყვანისმცემლებს!“ მანაც გამოუტანა. 23 შევიდნენ იეჰუ და რექაბის ვაჟი იეჰონადაბი+ ბაალის ტაძარში. მიმართა იეჰუმ ბაალის თაყვანისმცემლებს: „კარგად მოათვალიერეთ, რომ თქვენ შორის მხოლოდ ბაალის თაყვანისმცემლები იყვნენ და იეჰოვას არცერთი თაყვანისმცემელი არ ერიოს!“ 24 ბოლოს შევიდნენ შესაწირავისა და დასაწვავი მსხვერპლის აღსავლენად, გარეთ კი 80 კაცი დააყენა იეჰუმ და უთხრა: „თუკი ვინმე გაგექცევათ იმ ხალხიდან, ხელში რომ ჩაგიგდეთ, მათ მაგივრად თქვენ დაგხოცავთ!“
25 როგორც კი დაამთავრა დასაწვავი მსხვერპლის აღვლენა, იეჰუმ უთხრა მცველებსა და მხლებლებს: „შემოდით და დახოცეთ! არავინ გაგექცეთ!“+ მახვილით ხოცავდნენ იქ მყოფთ მცველები და მხლებლები, და გარეთ ყრიდნენ; ბაალის ტაძრის საწმინდრამდე* მიაღწიეს. 26 გამოიტანეს ბაალის ტაძრიდან სათაყვანო სვეტები+ და დაწვეს.+ 27 დაანგრიეს ბაალის სათაყვანო სვეტი+ და ბაალის ტაძარი,+ და საპირფარეშოდ აქციეს; ეს დღემდე ასეა.
28 ასე აღმოფხვრა იეჰუმ ბაალის თაყვანისმცემლობა ისრაელში, 29 მაგრამ ისიც იმავე ცოდვას სჩადიოდა, რასაც ნებატის ვაჟი იერობოამი, რომელმაც ცოდვაში გახვია ისრაელი; ხელი არ უხლია ოქროს ხბოებისთვის, ბეთელსა და დანში რომ იდგა.+ 30 იეჰოვამ იეჰუს უთხრა: „რაკი სწორად მოიქეცი ჩემს თვალში და რასაც ვიზრახავდი, ყველაფერი დამართე ახაბის სახლეულობას,+ მეოთხე თაობამდე ისხდებიან შენი შთამომავლები ისრაელის ტახტზე“.+ 31 თუმცა იეჰუ არ ცდილობდა, რომ მთელი გულით დაეცვა+ ისრაელის ღვთის, იეჰოვას, კანონი. იმავე ცოდვას სჩადიოდა, რასაც იერობოამი, რომელმაც ცოდვაში გახვია ისრაელი.+
32 იმ დროს იეჰოვას ნებით ისრაელი თანდათან კარგავდა მიწებს. ხაზაელმა შეუტია ისრაელს,+ 33 იორდანიდან აღმოსავლეთით მთელ გალაადის მიწას — გადელების, რეუბენელების და მენაშელების მიწას;+ აროერიდან, რომელიც არნონის ხევთანაა, გალაადამდე და ბაშანამდე.+
34 იეჰუს დანარჩენ საქმეებზე, იმ ყოველივეზე, რაც მან გააკეთა და მის ძლევამოსილებაზე ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 35 განისვენა იეჰუმ თავისი მამა-პაპის გვერდით; დამარხეს იგი სამარიაში. მის შემდეგ მისი ვაჟი იეჰოახაზი+ გამეფდა. 36 იეჰუ 28 წელი განაგებდა ისრაელს სამარიიდან.