ბიბლიის წიგნი 12 — 2 მეფეები
დამწერი: იერემია
დაწერის ადგილები: იერუსალიმი და ეგვიპტე
წერა დასრულდა: ძვ. წ. 580
მოიცავს პერიოდს: დაახლ. ძვ. წ. 920—580
1. რა მოვლენები არის აღწერილი „მეორე მეფეებში“ და რას ამტკიცებს ისინი?
წიგნ „მეორე მეფეებში“ გრძელდება ისრაელისა და იუდას სამეფოების მშფოთვარე ისტორიის აღწერა. ელიას მოსასხამი ელისესი გახდა. ის ელიას სულის ორი წილით იყო კურთხეული და 16 სასწაული მოახდინა, მაშინ როცა ელიამ მხოლოდ — 8. ელისეც განაჩენს უცხადებდა განდგომილ ისრაელებს, რომელთაგან მხოლოდ იეჰუ იყო იეჰოვასადმი მოშურნე, ისიც მცირე ხნით. ისრაელის მეფეები სულ უფრო და უფრო მეტ ბოროტებას სჩადიოდნენ, სანამ ასურეთმა ძვ. წ. 740 წელს ჩრდილოეთ სამეფო არ გაანადგურა. სამხრეთით მდებარე იუდას სამეფოში რამდენიმე მეფემ, განსაკუთრებით იეჰოშაფატმა, იეჰოაშმა, ხიზკიამ და იოშიამ, გამოიჩინა თავი იმით, რომ გარკვეული ხნით შეაჩერეს განდგომილება. თუმცა საბოლოოდ ნაბუქოდონოსორმა აღასრულა იეჰოვას განაჩენი და ძვ. წ. 607 წელს გაანადგურა იერუსალიმი, მისი ტაძარი და იუდას სამეფო. ამგვარად შესრულდა იეჰოვას წინასწარმეტყველება და გამართლდა მისი სიტყვა.
2. რის თქმა შეიძლება „მეორე მეფეების“ დამწერისა და კანონიკურობის შესახებ და რა პერიოდს მოიცავს ის?
2 „მეორე მეფეები“ თავდაპირველად იმავე გრაგნილს მიეკუთვნებოდა, რომელსაც „პირველი მეფეები“. აქედან გამომდინარე, რაც პირველ წიგნთან დაკავშირებით იყო ნათქვამი მისი დამწერის, იერემიას შესახებ, შეიძლება ითქვას მეორე წიგნზეც. იმავეს თქმა შეიძლება მისი კანონიკურობისა და უტყუარობის დამადასტურებელ მტკიცებებზეც. „მეორე მეფეების“ წერა დასრულდა დაახლოებით ძვ. წ. 580 წელს და მოიცავს მოვლენებს დაახლოებით ძვ. წ. 920 წელს ისრაელში ახაზიას მეფობიდან ძვ. წ. 580 წელს იეჰოიაქინის გადასახლების 37-ე წლამდე (1:1; 25:27).
3. რომელი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებს „მეორე მეფეებში“ ჩაწერილ ინფორმაციას?
3 „მეორე მეფეებში“ მოცემული ინფორმაციის უტყუარობას არქეოლოგიური აღმოჩენებიც ადასტურებს. ერთ-ერთი მაგალითია ცნობილი მოაბური ქვა, რომელზეც მოაბისა და ისრაელის ომის შესახებ მოაბის მეფე მეშას ვერსიაა ამოტვიფრული (3:4, 5). გარდა ამისა, ლონდონში ბრიტანეთის მუზეუმში არის ასურეთის მეფის, სალმანასარ III-ის შავი ობელისკი, რომელიც ისრაელის მეფე იეჰუს სახელით მოიხსენიებს. ასურეთის მეფის ტიგლათფილესერ III-ის, იმავე ფულის, წარწერაში ნახსენებია ისრაელისა და იუდას რამდენიმე მეფე, მათ შორის მენახემი, ახაზი და ფეკახი (15:19, 20; 16:5—8)a.
4. რა ადასტურებს, რომ „მეორე მეფეები“ წმინდა წერილების განუყოფელი ნაწილია?
4 წიგნში გულწრფელად არის აღწერილი იეჰოვას განაჩენის აღსრულება მისივე ხალხზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს წიგნის უტყუარობას. როცა ვკითხულობთ ისრაელის სამეფოს, შემდეგ კი იუდას სამეფოს განადგურებაზე, უკეთესად ვხედავთ, რამდენად ძლიერია იეჰოვას წინასწარმეტყველური სიტყვა, რომელიც ჩაწერილია კანონის 28:15—29:28-ში. ამ სამეფოების განადგურება იმის ნიშანი იყო, რომ „აენთო იეჰოვას რისხვა ამ მიწაზე და დაატეხა მას ამ წიგნში ჩაწერილი მთელი წყევლა“ (კან. 29:27; 2 მეფ. 17:18; 25:1, 9—11). ბიბლიის სხვა წიგნებმა ნათელი მოჰფინა „მეორე მეფეებში“ აღწერილ არაერთ მოვლენას. ლუკას 4:24—27-ში ვკითხულობთ, რომ იესომ ელიასა და სარეფთელი ქვრივის, ასევე ელისესა და ნაამანის მაგალითებით ახსნა, რატომ არ აღიარეს ის წინასწარმეტყველად მშობლიურ მხარეში. ეს ყოველივე ცხადყოფს, რომ პირველი და მეორე მეფეები წმინდა წერილების განუყოფელი ნაწილია.
შინაარსი
5. რა შეუთვალა ელიამ ახაზიას და რატომ?
5 ისრაელის მეფე ახაზია (1:1—18). ახაბის ვაჟი ახაზია თავისი სახლის სარკმლიდან გადმოვარდა და დაშავდა. მან მაცნეები გაგზავნა, რომ ბაალ-ზებუბს, ეკრონის ღმერთს შეჰკითხვოდა, გამოკეთდებოდა თუ არა. გზაში მაცნეებს ელია შეხვდა, უკან გააბრუნა და მეფეს საყვედურთან ერთად შეუთვალა, რომ მოკვდებოდა, რადგან ჭეშმარიტ ღმერთს არ დაეკითხა. მეფემ ელიას შესაპყრობად ორმოცდაათისთავი გაგზავნა თავის ხალხთან ერთად, მაგრამ ისინი ელიას სიტყვით ზეციდან ჩამოსულმა ცეცხლმა შთანთქა. იგივე დაემართა მეორე ორმოცდაათისთავსა და მის ხალხს. მეფემ გაგზავნა კიდევ ერთი ორმოცდაათისთავი, რომელიც დაინდო ელიამ მის ხალხთან ერთად, რადგან მოკრძალებულად მიმართა წინასწარმეტყველს. ელია გაჰყვა მათ და სასიკვდილო განაჩენი გაუმეორა ახაზიას. ელიას სიტყვისამებრ მეფე მოკვდა. ახაზიას მემკვიდრე არ ჰყავდა, ამიტომ მისი ძმა იეჰორამი გამეფდა ისრაელში.
6. როდის დაშორდა ელია ელისეს და როგორ გამოჩნდა, რომ ელისეზე „ელიას სული“ გადავიდა?
6 ელიას საქმის გამგრძელებელი ელისე (2:1—25). დადგა დრო, რომ იეჰოვას წაეყვანა ელია. მთელ გზაზე, გილგალიდან ბეთელამდე, იერიხონში და ბოლოს იორდანის გაღმა ელისე არ მოშორებია ელიას. ელიამ თავისი მოსასხამი დაჰკრა იორდანეს და წყალი ორად გაიყო. როცა ცეცხლოვანმა საომარმა ეტლმა და ცეცხლის ცხენებმა ელისე და ელია დააშორა ერთმანეთს და ელია ქარიშხალმა აიყვანა ზეცაში, ელისემ ელიას სულის ორი დაპირებული წილი მიიღო. ელისემ მალევე დაამტკიცა, რომ მასზე „ელიას სული“ იყო გადმოსული (2:15). ელიას დატოვებული მოსასხამით მან იორდანის წყალი ისევ ორად გაყო. შემდეგ იერიხონის ცუდი წყალი განწმინდა. ბეთელისკენ მიმავალ გზაზე მას პატარა ბიჭებმა დაუწყეს დაცინვა: „წადი, შე მელოტო, წადი, შე მელოტო!“ (2:23). ელისემ იეჰოვას მოუხმო, ტყიდან ორი ძუ დათვი გამოვიდა და 42 თავხედი ბავშვი დაგლიჯა.
7. რატომ გადაარჩინა იეჰოვამ იეჰოშაფატი და იეჰორამი?
7 ისრაელის მეფე იეჰორამი (3:1—27). ეს მეფეც ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში და იერობოამივით სცოდავდა. მოაბის მეფე, რომელიც ისრაელის მოხარკე იყო, აუჯანყდა იეჰორამს, ამიტომ იეჰორამმა დახმარებისთვის იუდას მეფე იეჰოშაფატსა და ედომის მეფეს მიმართა. საბრძოლველად გამოსული მეფეები უდაბნოში კინაღამ უწყლოობით დაიხოცნენ. ეს სამი მეფე ელისესთან წავიდა, რომ მის ღმერთს, იეჰოვას დაჰკითხვოდნენ. ერთგული იეჰოშაფატის გულისთვის იეჰოვამ გადაარჩინა ისინი და მოაბზე გაამარჯვებინა.
8. კიდევ რა სასწაულები მოახდინა ელისემ?
8 ელისეს სხვა სასწაულები (4:1—8:15). ერთმა ქვრივმა, რომლის ქმარიც წინასწარმეტყველი იყო, დახმარება სთხოვა ელისეს, რადგან მევალეებს მისი ორი ვაჟი მონებად უნდა წაეყვანათ. ელისემ სასწაულებრივად გაუმდიდრა მას ზეთის მარაგი და ქალმა შეძლო ვალების გადახდა. ერთი შუნამელი ქალი მიხვდა, რომ ელისე ჭეშმარიტი ღვთის წინასწარმეტყველი იყო, ამიტომ ქმართან ერთად ოთახი მოუმზადა ელისეს, რათა შუნემში ყოფნისას იქ დაესვენა. სიკეთისთვის იეჰოვამ აკურთხა ქალი და მას ვაჟი შეეძინა. რამდენიმე წლის შემდეგ ბავშვი ცუდად გახდა და მოკვდა. ქალი მაშინვე ელისესთან წავიდა. ელისე გაჰყვა მას და იეჰოვას ძალით ბავშვი გააცოცხლა. შემდეგ გილგალში დაბრუნდა; როცა წინასწარმეტყველთა ძეებთან ერთად ჭამდა, მათ დაიყვირეს: „სიკვდილია ქვაბში“; ელისემ შხამიანი გოგრისგან დამზადებული საჭმელი სასწაულებრივად გააუვნებლა. შემდეგ ას კაცს ოცი ქერის პური ჩამოურიგა, „მათაც ჭამეს და დარჩათ კიდეც“ (4:40, 44).
9. როგორ განკურნა სასწაულებრივად ელისემ ნაამანი და რა იყო მისი შემდეგი სასწაული?
9 სირიის მხედართმთავარი ნაამანი კეთროვანი იყო. ისრაელიდან ტყვედ წაყვანილმა გოგონამ უთხრა ნაამანის ცოლს, რომ სამარიელი წინასწარმეტყველი განკურნავდა მას. ნაამანი გაემგზავრა ელისესთან. პირადად შეხვედრის ნაცვლად, ელისემ მაცნის პირით შეუთვალა, რომ წასულიყო და მდინარე იორდანეში შვიდჯერ დაებანა. ნაამანი განარისხა ასეთმა, ერთი შეხედვით უპატივცემულო მოპყრობამ და თქვა, რომ დამასკოს მდინარეები ისრაელის წყლებს სჯობდა; მაგრამ მსახურებმა დაიყოლიეს ის, რომ დაეჯერებინა ელისესთვის და ისიც განიკურნა. ელისემ არ მიიღო მისი მირთმეული ძღვენი. სამაგიეროდ, ელისეს მსახური გეხაზი დაედევნა ნაამანს და ელისეს სახელით სთხოვა საჩუქრები. უკან დაბრუნებულმა გეხაზმა ელისეს მოტყუება სცადა, ამიტომ კეთრი შეეყარა. შემდეგი სასწაულის დროს ელისემ წყალში ჩაძირული ცული ამოატივტივა.
10. როგორ გამოვლინდა იეჰოვას ძლიერება და როგორ გააბრუნა ელისემ სირიელები უკან?
10 ელისემ არაერთხელ გააფრთხილა ისრაელის მეფე, რომ სირიის მეფე მის მოკვლას აპირებდა, ამიტომ სირიის მეფემ თავისი ჯარი დოთანში გაგზავნა ელისეს შესაპყრობად. ელისეს მსახურს შეეშინდა, სირიელთა ჯარით გარშემორტყმული ქალაქი რომ დაინახა. მაგრამ ელისემ დაამშვიდა: „ნუ გეშინია ჩვენთან უფრო მეტნი არიან, ვიდრე მათთან“. შემდეგ იეჰოვას სთხოვა, თვალი აეხილა მისი მსახურისთვის, რათა ელისესთან მყოფი დიდი ლაშქარი დაენახა. „მთები ელისეს ირგვლივ ცეცხლოვანი ცხენებითა და საომარი ეტლებით იყო სავსე“ (6:16, 17). როცა სირიელები მათკენ დაიძრნენ, ელისემ ისევ მიმართა იეჰოვას ლოცვით. იეჰოვამ სირიელებს გონება დაუბნელა და ელისემ ისინი ისრაელის მეფესთან მიიყვანა. წინასწარმეტყველმა უთხრა მეფეს, რომ დახოცვის ნაცვლად დაეპურებინა ისინი და სამშობლოში გაეშვა.
11. როგორ შესრულდა ელისეს წინასწარმეტყველება სირიელებსა და ბენ-ჰადადზე?
11 მოგვიანებით სირიის მეფემ, ბენ-ჰადადმა ალყაში მოაქცია სამარია, რის გამოც ქალაქში შიმშილობა ჩამოვარდა. ამაში ისრაელის მეფემ ელისე დაადანაშაულა, მაგრამ წინასწარმეტყველმა თქვა, რომ მეორე დღეს საჭმელი თავზე საყრელად ექნებოდათ. ღამით იეჰოვამ ჩაასმინა სირიელებს დიდი ჯარის ხმა. ისინი შეშინებულები გაიქცნენ და ყველაფერი ისრაელებს დაუტოვეს. მალევე ბენ-ჰადადი ავად გახდა. როცა შეიტყო, რომ ელისე დამასკოში იყო, მასთან ხაზაელი გაგზავნა იმის გასაგებად, მორჩებოდა თუ არა. ელისემ უთხრა ხაზაელს, რომ მეფე მოკვდებოდა და მის ნაცვლად თავად ხაზაელი გამეფდებოდა. ხაზაელმა მოკლა მეფე და ხელში ჩაიგდო სამეფო.
12. როგორი მეფე იყო იეჰოშაფატის ვაჟი იეჰორამი?
12 იუდას მეფე იეჰორამი (8:16—29). იუდაში იეჰოშაფატის ვაჟი იეჰორამი გამეფდა. ის ისრაელის მეფეებს ჰბაძავდა და ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში. მას ცოლად ჰყავდა ახაბის ასული ათალია, რომლის ძმა, იეჰორამი ისრაელში მეფობდა. იუდას მეფე იეჰორამის სიკვდილის შემდეგ იერუსალიმში მისი ვაჟი ახაზია გამეფდა.
13. ცხებისთანავე რა გააკეთა იეჰუმ?
13 ისრაელის მეფე იეჰუ (9:1—10:36). ელისემ წინასწარმეტყველთა ძეთაგან ერთ-ერთი გაგზავნა, რომ ისრაელის მეფედ იეჰუ ეცხო და მისთვის ახაბის მთელი სახლის განადგურება დაევალებინა. იეჰუს დრო არ დაუკარგავს. ის წავიდა იზრეელში ისრაელის მეფე იეჰორამთან, რომელიც ბრძოლის დროს მიყენებულ ჭრილობებს იშუშებდა. გუშაგმა, რომელმაც დაინახა, როგორ უახლოვდებოდა ქალაქს დიდძალი ხალხი, მეფეს შეატყობინა: „ნიმშის შვილიშვილის, იეჰუს ჭენებას ჰგავს, გიჟივით მოაჭენებს“ (9:20). ისრაელის მეფე იეჰორამი და იუდას მეფე ახაზია დაინტერესდნენ, სამშვიდობოდ იყო თუ არა იეჰუ მოსული. იეჰუმ მიუგო: „რა მშვიდობა უნდა იყოს დედაშენი იზებელის გარყვნილებისა და მისი ჯადოქრობის მერე?!“ (9:22). იეჰორამმა გაქცევა სცადა, მაგრამ იეჰუმ შიგ გულში ესროლა ისარი და მოკლა. მისი გვამი ნაბოთის მინდორში დააგდეს, რითაც მას სამაგიერო მიეზღო ახაბის მიერ უდანაშაულოდ დაღვრილი სისხლისთვის. შემდეგ იეჰუ და მისი ხალხი დაედევნენ ახაზიას, დაჰკრეს მას და მოკვდა ის მეგიდოში. იეჰუმ პირველივე გალაშქრებისას ორი მეფე გამოასალმა სიცოცხლეს.
14. როგორ შესრულდა ელიას წინასწარმეტყველება იზებელზე?
14 ახლა იზებელის ჯერიც დადგა. გამარჯვებული იეჰუ იზრეელში მივიდა. იზებელმა თავი გაილამაზა და სარკმლიდან გადმოიხედა, მაგრამ იეჰუზე ამას არ მოუხდენია შთაბეჭდილება. მან კარისკაცებს შესძახა: „გადმოაგდეთ ეგ ქალი!“. მათაც გადმოაგდეს და მისი სისხლი კედელსა და ცხენებს შეესხა, რომლებმაც გადათელეს ის. როცა იზებელის დასამარხავად მივიდნენ, მხოლოდ მისი თავის ქალა, ფეხის ტერფები და ხელის მტევნები იპოვეს. ასე შესრულდა ელიას წინასწარმეტყველება, რომ ‘ძაღლები შეჭამდნენ იზებელს და ნეხვად იქცეოდა ის იზრეელის მინდორში’ (2 მეფ. 9:33, 36, 37; 1 მეფ. 21:23).
15. ვისა და ვის შეხვდა იეჰუ სამარიისკენ მიმავალ გზაზე?
15 შემდეგ იეჰუმ ახაბის 70 ვაჟის მოკვლა ბრძანა და მათი თავები იზრეელის კარიბჭესთან გროვებად დაყარა. მან ახაბის ყველა მხარდამჭერიც დახოცა იზრეელში და ისრაელის სატახტო ქალაქისკენ, სამარიისკენ გაემართა. გზად მას ახაზიას 42 ძმა შემოხვდა, რომლებიც იზრეელში მიდიოდნენ და არაფერი იცოდნენ მომხდარის შესახებ. იეჰუმ შეიპყრო და დახოცა ისინი. ამის შემდეგ იეჰუ კიდევ ერთ კაცს შეხვდა. მის შესახვედრად რექაბის ვაჟი იეჰონადაბი გამოვიდა. იეჰუმ ჰკითხა მას: „შენი გულიც ისევე წრფელია ჩემდამი, როგორც ჩემი გული — შენდამი?“. იეჰონადაბმა მიუგო: „წრფელია“. იეჰუმ აიყვანა ის თავის ეტლში იმის საჩვენებლად, რომ ‘არ შეიწყნარებდა იეჰოვასადმი მეტოქეობას’ (2 მეფ. 10:15, 16).
16. რა გააკეთა იეჰუმ ახაბის სახლისა და ბაალის კულტის საბოლოოდ გასანადგურებლად?
16 სამარიაში მისულმა იეჰუმ ელიას სიტყვისამებრ ახაბის სახლიდან გადარჩენილებიც ამოწყვიტა (1 მეფ. 21:21, 22). რა ბედი ეწეოდა ბაალის საძაგელ კულტს? იეჰუმ ხალხს განუცხადა: „ახაბი ნაკლებად სცემდა თაყვანს ბაალს, იეჰუ კი უფრო მეტს გააკეთებს მის თაყვანისმცემლობაში“ (2 მეფ. 10:18). მან ბაალის სახლში შეკრიბა ამ დემონური კულტის ყველა მიმდევარი, შესაფერისი ტანსაცმელი მისცა მათ და დარწმუნდა, რომ მათ შორის არ იყვნენ იეჰოვას თაყვანისმცემლები. შემდეგ თავის ხალხს უბრძანა, მათგან ცოცხალი არავინ გაეშვათ. ბაალის სახლი მიწასთან გაასწორეს და ის ადგილი საპირფარეშოდ აქციეს. იერემიას დრომდე ამ ადგილს ეს დანიშნულება ჰქონდა. „ასე მოსპო იეჰუმ ბაალი ისრაელში“ (10:28).
17. რა შეცდომა დაუშვა იეჰუმ და როგორ დასაჯა იეჰოვამ ისრაელი?
17 ღვთის მოშურნე იეჰუმაც დაუშვა შეცდომა. მას არ მიუტოვებია ოქროს ხბოების თაყვანისცემა, რომლებიც იერობოამმა ბეთელსა და დანში დადგა. „არ ცდილობდა იეჰუ, მთელი გულით ევლო ისრაელის ღვთის, იეჰოვას კანონით“ (10:31). რადგან მან ახაბის სახლი გაანადგურა, იეჰოვა დაჰპირდა, რომ მისი შთამომავლები მეოთხე თაობამდე ისხდებოდნენ ტახტზე. მისი მეფობის დროს იეჰოვამ სირიის მეფე ხაზაელის მეშვეობით ისრაელის სამეფოს თანდათანობით ჩამოაჭრა აღმოსავლეთი ტერიტორიები. იეჰუმ 28 წელიწადს იმეფა, მისი სიკვდილის შემდეგ მისი ვაჟი იეჰოახაზი გამეფდა.
18. როგორ ჩაიშალა ათალიას გეგმები და რა მოხდა იეჰოაშის მეფობის დროს?
18 იუდას მეფე იეჰოაში (11:1—12:21). მეფის დედა, დედოფალი ათალია, სულით ხორცამდე იზებელის ქალიშვილი იყო. როგორც კი ახაზიას სიკვდილის შესახებ შეიტყო, ათალიამ მთელი სამეფო შთამომავლობის განადგურება ბრძანა და ტახტს თავად დაეპატრონა. მხოლოდ ახაზიას მცირეწლოვანი ვაჟი, იეჰოაში გადაურჩა სიკვდილს, რადგან გადამალეს. ათალიას მეფობის მეშვიდე წელს მღვდელმა იეჰოიადამ მეფედ სცხო იეჰოაში და ათალია მოაკვლევინა. იეჰოიადა იეჰოვას თაყვანისცემას ასწავლიდა ხალხს, ყმაწვილ მეფეს ღვთის წინაშე მის ვალდებულებებს აცნობდა და ორგანიზებას უწევდა იეჰოვას სახლის შეკეთებას. იეჰოაშმა სირიის მეფე ხაზაელს ძღვენი გაუგზავნა, რომ მასთან ბრძოლა შეეწყვიტა. მან 40 წელიწადი იმეფა იერუსალიმში. ის მისმა მსახურებმა მოკლეს და მის ნაცვლად მისი ვაჟი ამაცია გამეფდა.
19. ა) რას ეთაყვანებოდა ხალხი ისრაელში იეჰოახაზისა და იეჰოაშის მეფობის დროს? ბ) როგორ დაასრულა წინასწარმეტყველმა ელისემ მსახურება?
19 ისრაელის მეფეები: იეჰოახაზი და იეჰოაში (13:1—25). იეჰუს ვაჟი იეჰოახაზიც კერპებს სცემდა თაყვანს. სირიამ დაიმორჩილა ისრაელი, თუმცა იეჰოახაზს მეფობა არ დაუკარგავს. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვამ დაიხსნა ისრაელი სირიის ხელიდან, მათ არ მიუტოვებიათ იერობოამის დადგმული ხბოების თაყვანისცემა. იეჰოახაზის სიკვდილის შემდეგ ისრაელში მისი ვაჟი იეჰოაში გამეფდა. იმავე პერიოდში იუდას სამეფოში იეჰოაში მეფობდა. ისრაელის მეფე იეჰოაში მამამისის მსგავსად კერპებს სცემდა თაყვანს. მისი სიკვდილის შემდეგ მისი ვაჟი იერობოამი ავიდა ტახტზე. იეჰოაშის მეფობის დროს ელისე სასიკვდილოდ დაავადდა და მოკვდა. სიკვდილამდე იეჰოაშს უწინასწარმეტყველა, რომ სამჯერ სძლევდა სირიელებს და ეს ასეც მოხდა. ელისეს სიკვდილის შემდეგ ერთი კაცის ცხედარი მის სამარხში ჩააგდეს და შეეხო თუ არა ელისეს ძვლებს, გაცოცხლდა. ეს კიდევ ერთი სასწაული იყო.
20. როგორი იყო ამაციას მმართველობა იუდაში?
20 იუდას მეფე ამაცია (14:1—22). ამაცია სწორად იქცეოდა იეჰოვას თვალში, მაგრამ თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი მაღლობები არ გაუნადგურებია. ის ისრაელის მეფე იეჰოაშთან ბრძოლაში დამარცხდა. გამეფებიდან 29 წლის შემდეგ ის შეთქმულებმა მოკლეს და მისი ვაჟი აზარია გაამეფეს.
21. რა მოხდა ისრაელში იერობოამ II-ის მმართველობის დროს?
21 ისრაელის მეფე იერობოამ II (14:23—29). ისრაელის მეფე იერობოამ II თავისი მამა-პაპის მსგავსად ცრუღმერთებს სცემდა თაყვანს. მან 41 წელიწადს იმეფა სამარიაში და ისრაელის დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნა. მისი სიკვდილის შემდეგ მისი ვაჟი ზაქარია ავიდა სამეფო ტახტზე.
22. რას ვიგებთ იუდაში აზარიას მმართველობის შესახებ?
22 იუდას მეფე აზარია (უზია) (15:1—7). აზარიამ 52 წელიწადს იმეფა. ის სწორად იქცეოდა იეჰოვას თვალში, თუმცა მაღლობები არ გაუუქმებია. ბოლოს იეჰოვამ მას კეთრი შეჰყარა. ამის გამო მისი ვაჟი იოთამი ასრულებდა მეფის მოვალეობას. აზარიას სიკვდილის შემდეგ იოთამი გამეფდა.
23. რა ბოროტება ხდებოდა ასურეთისგან შევიწროებულ ისრაელში?
23 ისრაელის მეფეები: ზაქარია, შალუმი, მენახემი, ფეკახია და ფეკახი (15:8—31). იეჰოვას დაპირებისამებრ ისრაელის ტახტი იეჰუს შთამომავლებს დარჩათ მეოთხე თაობამდე, ზაქარიამდე (10:30). ის გამეფდა სამარიაში, მაგრამ ექვსი თვის შემდეგ შალუმმა მოკლა. თავად შალუმმა მხოლოდ ერთი თვე იმეფა. ცრუთაყვანისმცემლობა, მკვლელობა და შეთქმულებები ჩვეულებრივი იყო ისრაელის შემდეგი მეფეების მენახემის, ფეკახიასა და ფეკახის მეფობის დროსაც. ფეკახის მმართველობის პერიოდში ასურეთის მეფე შეიჭრა ისრაელის ტერიტორიაზე. ჰოშეამ მოკლა ფეკახი და ისრაელის უკანასკნელი მეფე გახდა.
24. როგორ ჩაითრია ახაზმა იუდა ცოდვაში იოთამის მმართველობის შემდეგ?
24 იუდას მეფეები: იოთამი და ახაზი (15:32—16:20). იოთამი წმინდა თაყვანისმცემლობას უჭერდა მხარს, მაგრამ მაღლობები არ გაუუქმებია. მისი ვაჟი ახაზი ისრაელის მეფეებს ჰბაძავდა და ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში. ისრაელისა და სირიის მეფეებისგან თავი რომ დაეხსნა, მან დახმარება ასურეთის მეფეს სთხოვა. ასურელები დაეხმარნენ მას და აიღეს დამასკო, სადაც ახაზი ასურეთის მეფესთან შესახვედრად მივიდა. იქ მან ნახა სამსხვერპლო, მსგავსი სამსხვერპლო იერუსალიმში დადგა და ნაცვლად იმისა, რომ იეჰოვას ტაძარში სპილენძის სამსხვერპლოზე შეეწირა მსხვერპლი, მასზე დაიწყო მსხვერპლშეწირვა. მისი სიკვდილის შემდეგ ტახტზე მისი ვაჟი ხიზკია ავიდა.
25. როგორ და რატომ მოხვდა ისრაელი ტყვეობაში?
25 ისრაელის უკანასკნელი მეფე ჰოშეა (17:1—41). ასურეთმა ისრაელი დაიმორჩილა. ჰოშეა აუჯანყდა ასურეთის მეფეს და ეგვიპტეს მიმართა დახმარებისთვის, მაგრამ მისი მეფობის მეცხრე წელს ასურელებმა ისრაელი მაინც დაიპყრეს და ხალხი ტყვედ წაასხეს. ასე მოეღო ბოლო ისრაელის ათტომიან სამეფოს, რადგან „შესცოდეს ისრაელის ძეებმა იეჰოვას, თავიანთ ღმერთს . . . ნეხვიან კერპებს ემსახურებოდნენ, რაზეც ნათქვამი ჰქონდა იეჰოვას, ასე არ გააკეთოთო, განრისხდა ისრაელზე იეჰოვა და თავიდან მოიშორა ისინი“ (17:7, 12, 18). ასურელებმა ისრაელში აღმოსავლეთიდან ჩაასახლეს ხალხი, რომლებსაც „იეჰოვასი ეშინოდათ“, მაგრამ თავიანთ ღმერთებსაც სცემდნენ თაყვანს (17:33).
26, 27. ა) როგორ იქცეოდა იეჰოვას თვალში იუდას მეფე ხიზკია? ბ) როგორ შეისმინა იეჰოვამ ხიზკიას ლოცვა? გ) როგორ შესრულდა ესაიას წინასწარმეტყველება?
26 იუდას მეფე ხიზკია (18:1—20:21). ხიზკია თავისი წინაპრის, დავითის მსგავსად სწორად იქცეოდა იეჰოვას თვალში. მან ბოლო მოუღო ცრუთაყვანისმცემლობას, მოსპო მაღლობები და დაამტვრია მოსეს გაკეთებული სპილენძის გველი, რომელსაც ხალხი თაყვანს სცემდა. ასურეთის მეფე სინახერიბი შეიჭრა იუდაში და მრავალი გამაგრებული ქალაქი დაიპყრო. ხიზკიამ დიდძალი ხარკით სცადა მისგან თავის დახსნა, მაგრამ სინახერიბმა თავისი მაცნე, რაბშაკე გაგზავნა, რომელიც იერუსალიმის გალავანზე მდგომი ხალხის გასაგონად დასცინოდა იეჰოვას და მოითხოვდა, დანებებოდნენ. წინასწარმეტყველმა ესაიამ სინახერიბის წინააღმდეგ წარმოთქვა განაჩენი და გაამხნევა ერთგული ხიზკია: «აი რას ამბობს იეჰოვა: „ნუ გეშინია“» (19:6). სინახერიბი კვლავ ემუქრებოდა ხიზკიას, ამიტომ ის ლოცულობდა: „იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, ახლა გთხოვ, გვიხსენი მისი ხელიდან, რათა დედამიწის ყველა სამეფომ გაიგოს, რომ, იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ ღმერთი!“ (19:19).
27 შეისმინა იეჰოვამ ხიზკიას გულწრფელი ლოცვა? მან ესაიას პირით შეუთვალა ხიზკიას, რომ „ლაშქართა ღვთის, იეჰოვას მოშურნეობა“ მტერს უკუაქცევდა (19:31). იმავე ღამეს იეჰოვას ანგელოზმა 185 000 კაცი დასცა ასურელთა ბანაკში. დილით ნახეს, რომ „მკვდარი იყო ყველა“ (19:35). დამარცხებული სინახერიბი შინ დაბრუნდა და ცხოვრობდა ნინევეში. თავისმა ღმერთმა ნისროქმა მას კიდევ ერთხელ უმტყუნა. როცა ის ნისროქის სახლში თაყვანსაცემად ემხობოდა, საკუთარმა შვილებმა მოკლეს, როგორც ესაიამ იწინასწარმეტყველა (19:7, 37).
28. რით გაითქვა ხიზკიამ სახელი და რა შეცდომა დაუშვა?
28 ხიზკია სასიკვდილოდ დასნეულდა, მაგრამ იეჰოვამ ამჯერადაც შეისმინა მისი ლოცვა და სიცოცხლე 15 წლით გაუხანგრძლივა. ბაბილონის მეფემ მაცნეების ხელით ძღვენი გაუგზავნა ხიზკიას, რომელმაც საკუთარ თავს მეტისმეტის უფლება მისცა და მათ მთელი თავისი საგანძური აჩვენა. ესაიამ უწინასწარმეტყველა, რომ ერთ დღესაც მისი სახლიდან ყველაფერს ბაბილონში წაიღებდნენ. ბოლოს ხიზკია მოკვდა. მან სახელი გაითქვა ძლიერებითა და იმით, რომ იერუსალიმში წყლის არხი შეიყვანა.
29. რის თაყვანისცემა შემოიღო მენაშემ, რა უბედურება იწინასწარმეტყველა იეჰოვამ და კიდევ რით სცოდავდა მენაშე?
29 იუდას მეფეები: მენაშე, ამონი და იოშია (21:1—23:30). ხიზკიას შემდეგ ტახტზე მისი ვაჟი მენაშე ავიდა, რომელმაც 55 წელიწადს იმეფა. ის დიდ ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში. მან აღადგინა ცრუთაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი მაღლობები, ააგო ბაალის სამსხვერპლოები, ახაბის მსგავსად გააკეთა წმინდა ბოძი და საკერპოდ აქცია იეჰოვას სახლი. ამიტომ იეჰოვამ უბედურება უწინასწარმეტყველა იერუსალიმს, რომ სამარიასავით ‘პირწმინდად ამოწმენდდა და გადმოაპირქვავებდა’. მენაშემ „ბევრი უდანაშაულო სისხლიც დაღვარა“ (21:13, 16). მისი სიკვდილის შემდეგ მისი ვაჟი ამონი გამეფდა. ისიც ბოროტებას სჩადიოდა. გამეფებიდან ორი წლის შემდეგ ის შეთქმულებმა მოკლეს.
30. რატომ და როგორ დაუბრუნდა იოშია იეჰოვას მთელი გულით?
30 ხალხმა ამონის ვაჟი იოშია გაამეფა. მან 31 წელიწადს იმეფა. ის „თავისი წინაპრის, დავითის გზით დადიოდა“, რის გამოც იეჰოვამ ცოტა ხნით გადადო იუდას განადგურება (22:2). იოშიამ იეჰოვას სახლის შეკეთება დაიწყო. მღვდელმთავარმა იქ კანონის წიგნი იპოვა. კანონის წიგნიდან გაიგეს, რომ ურჩობისთვის ერი განადგურებას იმსახურებდა. რადგან იოშია ერთგული იყო, იეჰოვამ უთხრა მას, რომ ეს მის სიცოცხლეში არ მოხდებოდა. მან იეჰოვას სახლიდან და მთელი ქვეყნიდან აღმოფხვრა დემონების თაყვანისცემა. იოშიამ ბეთელშიც კი გაანადგურა კერპები და დაანგრია იერობოამის აგებული სამსხვერპლო, რითაც შესრულდა 1 მეფეების 13:1, 2-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება. მან აღადგინა პასექის დღესასწაული. „არ ყოფილა მანამდე მისი მსგავსი მეფე, რომელიც მოსეს კანონში ჩაწერილისამებრ მთელი გულით, სულითა და ძალით დაბრუნებოდა იეჰოვას“ (23:25). მიუხედავად ამისა, მენაშეს ჩადენილი შეურაცხმყოფელი საქმეების გამო იეჰოვას რისხვა არ დამცხრალა. იოშია ეგვიპტის ფარაონთან შეტაკების დროს დაიღუპა მეგიდოში.
31. როგორ გაუარესდა მდგომარეობა იუდაში იოშიას სიკვდილის შემდეგ?
31 იუდას მეფეები: იეჰოახაზი, იეჰოიაკიმი, იეჰოიაქინი (23:31—24:17). გამეფებიდან სამი თვის შემდეგ იოშიას ვაჟი იეჰოახაზი ფარაონმა ტყვედ წაიყვანა ეგვიპტეში. მის ნაცვლად გაამეფა მისი ძმა, ელიაკიმი და მას იეჰოიაკიმი დაარქვა. ის თავის მამა-პაპას ჰბაძავდა ბოროტებაში. ის სამ წელიწადს ემორჩილებოდა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს, მაგრამ შემდეგ აუჯანყდა. იეჰოიაკიმის სიკვდილის შემდეგ მისი ვაჟი იეჰოიაქინი გამეფდა. ნაბუქოდონოსორმა ალყაში მოაქცია იერუსალიმი და დაიპყრო. მან ბაბილონში წაიღო იეჰოვას სახლის საგანძური „იეჰოვას სიტყვისამებრ“, ესაიას რომ უთხრა (24:13; 20:17). იეჰოიაქინი და მისი ათასობით ქვეშევრდომი ბაბილონში გადაასახლეს.
32. რა ტრაგიკული მოვლენები უძღოდა წინ იერუსალიმისა და იუდას განადგურებას?
32 იუდას უკანასკნელი მეფე ციდკია (24:18—25:30). ნაბუქოდონოსორმა იეჰოიაქინის ნაცვლად ბიძამისი მათანია გაამეფა და ციდკია დაარქვა. მან 11 წელიწადს იმეფა იერუსალიმში. ისიც ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში. ციდკია აუჯანყდა ბაბილონის მეფეს, ამიტომ მისი მეფობის მეცხრე წელს ნაბუქოდონოსორი მთელი თავისი ჯარით მიადგა იერუსალიმს, კედელი შემოავლო და ალყაში მოაქცია. 18 თვის განმავლობაში ქალაქში შიმშილობა მძვინვარებდა. ბოლოს გატყდა ქალაქი. გაქცეული ციდკია ბაბილონელებმა შეიპყრეს, ვაჟები თვალწინ დაუხოცეს, თავად კი დააბრმავეს. მომდევნო თვეს ბაბილონელებმა გადაწვეს ქალაქის დიდი სახლები, მათ შორის იეჰოვას სახლი და მეფის სასახლე, და დაანგრიეს იერუსალიმის გალავანი. ცოცხლად დარჩენილთაგან უმეტესობა ბაბილონში ტყვედ წაასხეს, იუდას მიწაზე დარჩენილ მდაბიო ხალხს კი ზედამხედველად გედალია დაუყენეს. მალე გედალია შეთქმულებმა მოკლეს, ხალხი კი ეგვიპტეში გაიქცა. ძვ. წ. 607 წლის მეშვიდე თვეს იუდას მიწა გაუკაცრიელდა. „მეორე მეფეების“ ბოლო სიტყვებიდან ვიგებთ, რომ იეჰოიაქინის ტყვეობის 37-ე წელს ბაბილონის მეფემ წყალობა გამოავლინა მის მიმართ.
რატომ არის სასარგებლო
33. რა შესანიშნავი მაგალითებია ჩაწერილი „მეორე მეფეებში“?
33 „მეორე მეფეებში“ აღწერილია ისრაელისა და იუდას სამეფოების ტრაგიკული დაცემა, მაგრამ მასში უამრავი მაგალითია იმ ადამიანებისა, რომლებსაც იეჰოვა აკურთხებდა, რადგან უყვარდათ ღმერთი და მისი სამართლიანი პრინციპები. სარეფთელი ქვრივის მსგავსად, ღმერთმა დიდად აკურთხა შუნამელი ქალიც ღვთის წინასწარმეტყველისთვის გაწეული სტუმართმოყვარეობისთვის (4:8—17, 32—37). იეჰოვას მზრუნველობა კარგად გამოჩნდა მაშინ, როცა ელისემ 20 პურით ასი კაცი დააპურა. მსგავსი სასწაულები მოგვიანებით იესომაც მოახდინა (2 მეფ. 4:42—44; მათ. 14:16—21; მარკ. 8:1—9). იეჰონადაბი თავად გამოვიდა ღვთის მოშურნე იეჰუსთან შესახვედრად, რის გამოც მას დიდი პატივი ხვდა წილად — იეჰუმ ის თავის ეტლზე აიყვანა, რომ ბაალის თაყვანისმცემელთა განადგურება ეჩვენებინა (2 მეფ. 10:15, 16). შესანიშნავ მაგალითს გვაძლევენ ხიზკიაც და იოშიაც, რომლებიც თავმდაბლობასა და ჯეროვან პატივისცემას ავლენდნენ იეჰოვას სახელისა და კანონის მიმართ (19:14—19; 22:11—13). მათ მართლაც ბრწყინვალე მაგალითები დაგვიტოვეს.
34. რას ვიგებთ „მეორე მეფეებიდან“ ღვთის მიერ დანიშნული მსახურებისადმი მოპყრობასა და სისხლის ღვრაზე?
34 იეჰოვას არ მოსწონს, როცა უპატივცემულოდ ეპყრობიან მის დანიშნულ მსახურებს. მან დაუყოვნებლივ დასაჯა თავხედი ბავშვები, რომლებმაც მასხარად აიგდეს მისი წინასწარმეტყველი ელისე (2:23, 24). იეჰოვას მხედველობიდან არ რჩება უდანაშაულოთა სისხლის ღვრა. მან მკაცრი განაჩენი გამოუტანა ახაბის სახლს არა მარტო ბაალის თაყვანისცემისთვის, არამედ მისი თაყვანისმცემლობის დროს დაღვრილი სისხლისთვისაც. მან იეჰუ სცხო, რომ შური ეძია იზებელზე „იეჰოვას ყველა მსახურის სისხლის გამო“. იეჰორამზე განაჩენის აღსრულებისას იეჰუს გაახსენდა იეჰოვას სიტყვები, რომ შურს იძიებდა „ნაბოთისა და მისი ვაჟების სისხლისთვის“ (9:7, 26). იუდას განადგურება საბოლოოდ გადაწყვიტა მენაშეს სისხლიანმა მმართველობამ. გარდა იმისა, რომ ცრუთაყვანისმცემლობას ეწეოდა, მენაშემ „პირამდე აავსო იერუსალიმი“ სისხლით. თუმცა მოგვიანებით მოინანია, დანაშაული დანაშაულად დარჩა (2 მატ. 33:12, 13). ვერც მეფე იოშიას კარგმა მმართველობამ და კერპთაყვანისმცემლობის აღმოფხვრამ შეძლო მენაშეს მმართველობის დროს ერის მიერ ჩადენილი დანაშაულის წარხოცვა. წლების შემდეგ, როცა იეჰოვამ განაჩენის აღსრულება დაიწყო იერუსალიმზე, განაცხადა, რომ არ აპატია მათ მენაშეს მიერ დაღვრილი „უდანაშაულო სისხლის გამო, რითაც აავსო იერუსალიმი“ (2 მეფ. 21:16; 24:4). იესოს სიტყვების თანახმადაც, ახ. წ. I საუკუნეში იერუსალიმს განადგურება არ ასცდებოდა, რადგან მისი მღვდლები წინასწარმეტყველთა სისხლის ღვრაში დამნაშავეთა შვილები იყვნენ და მათ ‘ეწეოდათ ყველა მართლის სისხლი, მიწაზე დაღვრილი’ (მათ. 23:29—36). ღმერთი აფრთხილებს ქვეყნიერებას, რომ პასუხს მოსთხოვს უდანაშაულოთა, განსაკუთრებით ‘ღვთის სიტყვის გამო დახოცილთა’ სისხლისთვის (გამოცხ. 6:9, 10).
35. ა) რით დადასტურდა, რომ ელია, ელისე და ესაია ჭეშმარიტი წინასწარმეტყველები იყვნენ? ბ) რა თქვა პეტრემ წინასწარმეტყველებაზე?
35 „მეორე მეფეებიდან“ ისიც ჩანს, რომ იეჰოვა განსაკუთრებული სიზუსტით ასრულებს თავის განაჩენს, რომელსაც წინასწარ აცხადებს. ჩვენს ყურადღებას იპყრობს სამი ცნობილი წინასწარმეტყველი: ელია, ელისე და ესაია. თითოეულის მიერ წარმოთქმული წინასწარმეტყველება გასაოცრად შესრულდა (2 მეფ. 9:36, 37; 10:10, 17; 3:14, 18, 24; 13:18, 19, 25; 19:20, 32—36; 20:16, 17; 24:13). ელია რომ ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი იყო, იმითაც დამტკიცდა, რომ წინასწარმეტყველ მოსესა და უდიდეს წინასწარმეტყველ იესო ქრისტესთან ერთად გამოჩნდა მთაზე იესოს გარდასახვის დროს (მათ. 17:1—5). პეტრე ამ დიდებულ მოვლენას გულისხმობდა თავის სიტყვებში: „ამან წინასწარმეტყველური სიტყვა ჩვენთვის უფრო სარწმუნო გახადა და კარგს აკეთებთ, რომ ყურადღებას აქცევთ მას, როგორც ლამპარს, რომელიც ანათებს სიბნელეში, თქვენს გულებში, სანამ გარიჟრაჟდება და ცისკრის ვარსკვლავი ამოვა“ (2 პეტ. 1:19).
36. რატომ შეიწყალა იეჰოვამ თავისი ხალხი და რა გვიძლიერებს აღთქმული შთამომავლის სამეფოსადმი რწმენას?
36 „მეორე მეფეებში“ აღწერილი მოვლენები ცხადყოფს, რომ იეჰოვა გაანადგურებს ცრუ რელიგიის მიმდევრებსა და მოუნანიებელ სისხლისმღვრელებს. წიგნიდან იმასაც ვიგებთ, რომ იეჰოვა თავისი ხალხისადმი წყალობასა და სიბრალულს ავლენდა „აბრაამთან, ისაკთან და იაკობთან დადებული შეთანხმების გამო“ (2 მეფ. 13:23). მან დაიცვა ისინი „თავისი მსახურის, დავითის გამო“ (8:19). ის დღესაც შეიწყალებს მის მძებნელთ. ბიბლიაში ჩაწერილი მოვლენებისა და დაპირებების განხილვა გვიძლიერებს იმის რწმენას, რომ „დავითის ძის“, აღთქმული შთამომავლის, იესო ქრისტეს სამეფო ბოლოს მოუღებს სისხლის ღვრასა და ბოროტებას (მათ. 1:1; ეს. 2:4; ფსალმ. 145:20).
[სქოლიო]
a „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. I, გვ. 152, 325; ტ. II, გვ. 908, 1101 (ინგლ.).