მათეს სახარება
14 იმ დროს იესოს ამბავი გამგებელმა ჰეროდემ* შეიტყო+ 2 და თავის მსახურებს უთხრა: „ეს იოანე ნათლისმცემელია; მკვდრეთით აღმდგარა და სასწაულებს ახდენს“.+ 3 ჰეროდემ თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის, ჰეროდიას გამო შეაპყრობინა იოანე, შეაბორკვინა და საპყრობილეში ჩააგდებინა,+ 4 რადგან იოანე მას ეუბნებოდა, ჰეროდიასთან ცხოვრების უფლება არა გაქვსო.+ 5 ჰეროდეს მისი მოკვლაც სურდა, მაგრამ ხალხისა ეშინოდა, რადგან მათ იოანე წინასწარმეტყველად მიაჩნდათ.+ 6 ჰეროდეს დაბადების დღეზე+ ჰეროდიას ქალიშვილმა იცეკვა და ისე ასიამოვნა ჰეროდეს,+ 7 რომ მან შეჰფიცა, რასაც მთხოვ, ყველაფერს მოგცემო. 8 მაშინ დედისგან წაქეზებულმა ქალიშვილმა უთხრა: „ლანგრით მომიტანონ იოანე ნათლისმცემლის თავი!“+ 9 შეწუხდა მეფე, მაგრამ, რადგან დაუფიცა მას და სტუმრებისაც მოერიდა, ბრძანა, მოეტანათ. 10 გაგზავნა ხალხი საპყრობილეში და თავი მოაკვეთინა იოანესთვის. 11 თავი ლანგრით მიიტანეს და ქალიშვილს გადასცეს, მან კი დედას მიართვა. 12 მოგვიანებით იოანეს მოწაფეები მივიდნენ, ცხედარი წაიღეს და დამარხეს, შემდეგ კი წავიდნენ და იესოს შეატყობინეს. 13 როცა ეს ამბავი გაიგო, იესომ ნავით უკაცრიელ ადგილს მიაშურა, რათა განმარტოებულიყო. ხალხმა ეს რომ შეიტყო, თავიანთი ქალაქებიდან ფეხით გაჰყვნენ.+
14 ნაპირს რომ მიადგა, უამრავი ხალხი დაინახა; გული დაეწვა მათ გამო+ და მათი ავადმყოფები განკურნა.+ 15 როცა მოსაღამოვდა, მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: „უკაცრიელი ადგილია, თანაც უკვე გვიანია, ამიტომ გაუშვი ეს ხალხი, რომ წავიდნენ სოფლებში და საჭმელი იყიდონ“.+ 16 იესომ მიუგო: „არ არის საჭირო მათი წასვლა, თქვენ მიეცით საჭმელი!“ 17 მათ უთხრეს: „ხუთი პურისა და ორი თევზის მეტი არაფერი გვაქვს“. 18 მან მიუგო: „აქ მომიტანეთ!“ 19 მაშინ ხალხს უთხრა, ბალახზე დამსხდარიყვნენ, შემდეგ აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ცას ახედა, ილოცა*,+ დატეხა პურები და მოწაფეებს მისცა, მოწაფეებმა კი ხალხს ჩამოურიგეს. 20 ყველა კარგად დანაყრდა, მორჩენილი ნატეხებით კი 12 კალათი გაავსეს;+ 21 დაახლოებით 5 000-მა კაცმა ჭამა, თუ არ ჩავთვლით ქალებსა და ბავშვებს.+ 22 მაშინ იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, რომ ნავში ჩამსხდარიყვნენ და მეორე ნაპირზე გადასულიყვნენ, თვითონ კი ხალხი გაუშვა.+
23 ხალხი რომ გაუშვა, მთაზე ავიდა, განმარტოებით რომ ელოცა.+ იქ მარტო მყოფს შემოაღამდა. 24 იმ დროისთვის ნავი ნაპირიდან ძალიან შორს* იყო. ცურვა ჭირდა, რადგან პირქარი იყო და ტალღები ეხეთქებოდა ნავს. 25 ღამის მეოთხე გუშაგობისას* იესო ზღვაზე სვლით მივიდა მათთან. 26 მოწაფეებმა ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს, შეშფოთდნენ, თქვეს, მოჩვენებააო და შიშისგან აყვირდნენ. 27 იესო მაშინვე გამოელაპარაკა მათ: „ნუ გეშინიათ, მე ვარ, გამაგრდით!“+ 28 პეტრემ მიუგო: „უფალო, თუ ეს შენ ხარ, მიბრძანე, მოვიდე შენთან წყალდაწყალ!“ 29 მან უთხრა: „მოდი!“ პეტრეც ნავიდან გადავიდა და წყალზე სვლით გაემართა იესოსკენ. 30 მაგრამ ქარიშხალმა შეაშინა, ჩაძირვა დაიწყო, და დაიყვირა: „უფალო, მიშველე!“ 31 იესომ მაშინვე ხელი გაუწოდა, დაიჭირა და უთხრა: „მცირე რწმენისავ, რამ დაგაეჭვა?“+ 32 როცა ისინი ნავში ჩასხდნენ, ქარი ჩადგა. 33 ნავში მყოფები მის წინაშე დაემხვნენ და უთხრეს: „ნამდვილად ღვთის ძე ხარ!“ 34 მათ გაღმა გაცურეს და გენესარეთში ჩავიდნენ.+
35 იქაურებმა იცნეს ის, დაგზავნეს კაცები მთელ იმ მხარეში და ხალხმა მიუყვანა მას ყველა ავადმყოფი. 36 ისინი ეხვეწებოდნენ, მხოლოდ მოსასხამის ფოჩზე შეგეხებითო.+ ვინც კი შეეხო, ყველა გამოჯანმრთელდა.