იესო ნავეს ძე
6 ჩარაზული იყო იერიხონი ისრაელების შიშით; ვერავინ გამოდიოდა და ვერავინ შედიოდა.+
2 უთხრა იეჰოვამ იესო ნავეს ძეს: „აი, ხელში ჩაგიგდე იერიხონი თავისი მეფითა და მამაცი მებრძოლებით.+ 3 ყველა მებრძოლმა დღეში ერთხელ შემოუარეთ ქალაქს ექვსი დღის მანძილზე. 4 შვიდმა მღვდელმა კიდობნის წინ თითო ვერძის რქის საყვირი ატაროს და ახმიანოს. მეშვიდე დღეს შვიდჯერ შემოუარეთ ქალაქს; კვლავ ახმიანონ მღვდლებმა საყვირები.+ 5 როცა გაიგებთ ვერძის რქის საყვირის გაბმულ ხმას, მთელმა ხალხმა საომარი ყიჟინა დასცეს; ჩამოიქცევა ქალაქის გალავანი+ და ყველა პირდაპირ, თავ-თავისი მხრიდან ავიდეს ქალაქში!“
6 მოუხმო მღვდლებს იესო ნავეს ძემ და უთხრა: „აიღეთ შეთანხმების კიდობანი და შვიდმა მღვდელმა იეჰოვას კიდობნის წინ ვერძის რქის შვიდი საყვირი ატაროს და ახმიანოს!“+ 7 ხალხს კი უბრძანა: „წადით და შემოუარეთ ქალაქს; შეიარაღებულმა ხალხმა+ იეჰოვას კიდობნის წინ იაროს!“ 8 ხალხი იესო ნავეს ძის ნათქვამისამებრ მოიქცა; შვიდი მღვდელი, რომლებსაც იეჰოვას წინაშე ხელთ ეპყრათ ვერძის რქის შვიდი საყვირი, მიდიოდნენ და აყვირებდნენ მათ, უკან კი იეჰოვას შეთანხმების კიდობანი მიჰქონდათ. 9 შეიარაღებულები წინ მიუძღოდნენ მღვდლებს, რომლებიც საყვირებს აყვირებდნენ; კიდობანს უკანაც მიჰყვებოდნენ შეიარაღებულები. მღვდლები მთელი გზა საყვირებს აყვირებდნენ.
10 უბრძანა იესო ნავეს ძემ ხალხს: „არ დასცეთ ყიჟინა, ხმა არ ამოიღოთ; სიტყვა არ დაგცდეთ ბაგიდან მანამ, სანამ მე არ გიბრძანებთ, და მაშინ დაეცით ყიჟინა!“ 11 ერთხელ შემოატარებინა იეჰოვას კიდობანი ქალაქის გარშემო, რის შემდეგაც ბანაკში მივიდნენ და იქ გაათიეს ღამე.
12 ადგა იესო ნავეს ძე დილაადრიან და წაიღეს მღვდლებმა იეჰოვას კიდობანი;+ 13 იეჰოვას კიდობანს წინ მიუძღოდა შვიდი მღვდელი, რომლებსაც ვერძის რქის შვიდი საყვირი ეჭირათ და აყვირებდნენ, მათ წინ კი შეიარაღებულები მიდიოდნენ; იეჰოვას კიდობანს უკანაც მიჰყვებოდნენ შეიარაღებულები. მღვდლები მთელი გზა საყვირებს აყვირებდნენ. 14 მეორე დღესაც ერთხელ შემოუარეს ქალაქს და ბანაკში დაბრუნდნენ; ექვსი დღე იქცეოდნენ ასე.+
15 მეშვიდე დღეს დილაადრიან, გამთენიისას, ადგნენ და შვიდჯერ შემოუარეს ქალაქს იმავე წესით; მხოლოდ იმ დღეს შემოუარეს ქალაქს შვიდჯერ.+ 16 მეშვიდე ჯერზე, როცა მღვდლებმა საყვირებს ჩაჰბერეს, იესო ნავეს ძემ ხალხს შესძახა: „დაეცით ყიჟინა,+ რადგან ხელში ჩაგიგდოთ იეჰოვამ ეს ქალაქი! 17 გასანადგურებელია მთელი ქალაქი;+ იქ ყველაფერი იეჰოვასია. მხოლოდ მეძავი რახაბი+ და მის სახლში მყოფნი დატოვეთ ცოცხლები, რადგან მან ჩვენი გაგზავნილი მაცნეები დამალა.+ 18 მოერიდეთ ყველაფერს, რაც გასანადგურებელია,+ რომ რამე არ მოგინდეთ და არ აიღოთ,+ რათა ისრაელის ბანაკიც გასანადგურებელი არ გახდეს და უბედურება არ ეწიოს.+ 19 მთელი ოქრო-ვერცხლი და სპილენძისა თუ რკინის ნივთები წმინდაა იეჰოვასთვის.+ ეს ყველაფერი იეჰოვას საგანძურში უნდა მიიტანოთ“.+
20 ჩაჰბერეს საყვირებს და ხალხმა ყიჟინა დასცა,+ დიდი საომარი ყიჟინა დასცა ხალხმა საყვირის ხმის გაგონებისთანავე და ჩამოიქცა გალავანი.+ პირდაპირ, ყველა თავ-თავისი მხრიდან, ავიდა ქალაქში და დაიპყრეს ის. 21 მახვილით გაანადგურეს მთელი ქალაქი, ქალიცა და კაციც, ახალგაზრდაცა და მოხუციც, ხარიც, ცხვარიცა და ვირიც.+
22 უბრძანა იესო ნავეს ძემ იმ ორ ყმაწვილკაცს, მიწის დასაზვერად რომ იყვნენ წასულები: „შედით იმ მეძავი ქალის სახლში და გამოიყვანეთ ის და ყველა მისიანი, როგორც დაუფიცეთ!“+ 23 შევიდნენ ის მზვერავები და გამოიყვანეს რახაბი, მამამისი, დედამისი, მისი ძმები და ყველა მისიანი, მთელი სანათესავო,+ და ისრაელის ბანაკის გარეთ გაიყვანეს.
24 გადაწვეს მთელი ქალაქი, ხოლო ოქრო-ვერცხლი და რკინისა თუ სპილენძის ნივთები იეჰოვას სახლის საგანძურში მიიტანეს.+ 25 ცოცხალი დატოვა იესო ნავეს ძემ მეძავი რახაბი, მამამისის სახლეულობა და ყველა მისიანი;+ დღემდე ისრაელთან ერთად ცხოვრობს იგი,+ რადგან დამალა იესო ნავეს ძის მიერ იერიხონის დასაზვერად გაგზავნილი მაცნეები.+
26 მაშინ იესო ნავეს ძემ წყევლა წარმოთქვა*: „წყეული იყოს იეჰოვას წინაშე ის, ვინც აღადგენს ამ ქალაქს, იერიხონს! პირმშო მოუკვდეს საძირკვლის ჩაყრისას და ნაბოლარა — კარიბჭის აღმართვისას!“+
27 იეჰოვა იყო იესო ნავეს ძესთან;+ მთელ ქვეყანაზე გაითქვა მან სახელი.+