მატიანე — წიგნი მეორე
34 იოშია+ 8 წლის გამეფდა და 31 წელი იმეფა იერუსალიმში.+ 2 სწორად იქცეოდა ის იეჰოვას თვალში, თავისი წინაპრის, დავითის, გზით დადიოდა და არ გადაუხვევია არც მარჯვნივ და არც მარცხნივ.
3 თავისი მეფობის მე-8 წელს, როცა ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო, თავისი წინაპრის, დავითის, ღვთის ძიებას შეუდგა;+ თავისი მეფობის მე-12 წელს კი დაიწყო იუდასა და იერუსალიმის+ განწმენდა სათაყვანო მაღლობებისგან,+ სათაყვანო ბოძებისგან, გამოთლილი და ჩამოსხმული ქანდაკებებისგან.+ 4 მისი თაოსნობით დაანგრიეს ბაალის სამსხვერპლოები; მან აჩეხა სასაკმევლეები მათ ზემოთ, დაამტვრია სათაყვანო ბოძები, გამოთლილი და ჩამოსხმული ქანდაკებები და მტვრად აქცია, მათი მტვერი კი იმათ სამარხებს მოაყარა, ვინც მსხვერპლს სწირავდა მათ.+ 5 ქურუმთა ძვლები მათსავე სამსხვერპლოებზე დაწვა.+ ამგვარად განწმინდა მან იუდა და იერუსალიმი.
6 მენაშეს, ეფრემისა+ და სიმონის ქალაქებში ნაფთალამდე და მათ გაპარტახებულ მიდამოებში 7 დაანგრია მან სამსხვერპლოები, დაამტვრია სათაყვანო ბოძები, მტვრად აქცია ქანდაკებები;+ აჩეხა მან სასაკმევლეები მთელი ისრაელის მიწაზე,+ შემდეგ კი იერუსალიმში დაბრუნდა.
8 თავისი მეფობის მე-18 წელს, მას შემდეგ, რაც განწმინდა მიწა და ტაძარი, გაგზავნა აცალიას ვაჟი შაფანი,+ ქალაქის მთავარი მაასეია და მემატიანე იოახი, იოახაზის ვაჟი, იეჰოვას, თავისი ღვთის, ტაძრის შესაკეთებლად.+ 9 მივიდნენ ისინი მღვდელმთავარ ხილკიასთან და მისცეს მას ღვთის ტაძარში მიტანილი ფული, რაც ლევიანმა კარის მცველებმა აკრიფეს მენაშელებისგან, ეფრემელებისა და სხვა ისრაელებისგან,+ აგრეთვე იუდასტომელებისგან, ბენიამინელებისა და იერუსალიმელებისგან. 10 გადასცეს ის იეჰოვას ტაძრის სამუშაოთა ზედამხედველებს, რომელთაც ეს ფული იეჰოვას ტაძარში სამუშაოთა შემსრულებლებს მისცეს, მათ კი ის მის შესაკეთებლად გამოიყენეს; 11 მისცეს ის ხელოსნებსა და მშენებლებს, რომ ეყიდათ თლილი ქვები და ხე-ტყე კოჭებისა და ძელებისთვის და აღედგინათ იუდას მეფეების უყურადღებობის გამო დანგრეული სახლები.+
12 ერთგულად შრომობდა ხალხი.+ მათ ზედამხედველობდნენ ლევიანები: მერარელთაგან+ — იახათი და ობადია, და კეჰათელთაგან+ — ზაქარია და მეშულამი. საკრავების დაკვრაში დახელოვნებული ლევიანები+ 13 მზიდავებსა და სხვადასხვა სამუშაოთა შემსრულებლებს ზედამხედველობდნენ. ლევიანთაგან ზოგი მწერალი იყო, ზოგი — ზედამხედველი და ზოგიც — კარიბჭის მცველი.+
14 იმ დროს, როცა იეჰოვას ტაძარში მიტანილი ფული გამოჰქონდათ,+ მღვდელმთავარმა ხილკიამ იპოვა მოსეს მიერ ისრაელებისთვის გადაცემული+ იეჰოვას კანონის წიგნი.+ 15 უთხრა ხილკიამ მწერალ შაფანს: „კანონის ეს წიგნი ვიპოვე იეჰოვას ტაძარში“, და წიგნი შაფანს გადასცა. 16 მიუტანა შაფანმა წიგნი მეფეს და მოახსენა: „ყველა დავალებას ასრულებენ შენი მსახურები. 17 მათ გადმოყარეს იეჰოვას ტაძარში შეგროვილი ფული და გადასცეს ის ზედამხედველებსა და სამუშაოთა შემსრულებლებს“. 18 მწერალმა შაფანმა დასძინა: „ეს წიგნი მღვდელმთავარმა ხილკიამ მომცა“,+ და წაუკითხა მეფეს.+
19 როგორც კი მეფემ კანონის სიტყვები მოისმინა, ტანისამოსი შემოიხია.+ 20 უბრძანა მეფემ ხილკიას, შაფანის ვაჟ ახიკამს,+ მიქას ვაჟ აბდონს, მწერალ შაფანსა და მეფის მსახურ ასაიას: 21 „წადით და დაეკითხეთ იეჰოვას ჩემთვის და ისრაელსა და იუდაში დარჩენილთათვის ამ წიგნში ჩაწერილის შესახებ, რადგან დიდი რისხვა დაგვატყდება იეჰოვასგან, ვინაიდან არ დაიცვა ჩვენმა მამა-პაპამ იეჰოვას სიტყვა და არ შეასრულა ამ წიგნში ჩაწერილი!“+
22 ხილკია და ისინი, ვისაც მეფის ბრძანება ჰქონდა მიღებული, წავიდნენ წინასწარმეტყველ ხულდასთან,+ რომელიც იერუსალიმის ახალ ნაწილში ცხოვრობდა და სამოსლის მცველ შალუმის, ხარხასის ვაჟის, თიკვას ვაჟის, ცოლი იყო. ელაპარაკნენ ისინი მას,+ 23 მან კი მათ უთხრა: «აი, რას ამბობს ისრაელის ღმერთი იეჰოვა: „უთხარით იმ კაცს, რომელმაც ჩემთან გამოგგზავნათ, 24 აი, რას ამბობს-თქო იეჰოვა: უბედურებას დავატეხ ამ ადგილს და მის მკვიდრთ,+ ავუხდენ იმ წიგნში ჩაწერილ ყველა წყევლას,+ იუდას მეფეს რომ წაუკითხეს. 25 რაკი მიმატოვეს+ და სხვა ღმერთებისთვის წვავენ და აბოლებენ მსხვერპლს, რათა თავიანთი საქციელით შეურაცხმყონ,+ რისხვას დავატეხ ამ ადგილს და არ დაცხრება ჩემი რისხვა!+ 26 ასე უთხარით იუდას მეფეს, რომელმაც იეჰოვასთან შესაკითხად გამოგგზავნათ, აი, რას ამბობს-თქო იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: ის სიტყვები რომ მოისმინე,+ 27 კარგი გული რომ აღმოგაჩნდა და თავი დაიმდაბლე ღვთის წინაშე, როცა მოისმინე ამ ადგილსა და მის მკვიდრებზე წარმოთქმული სიტყვები და თავი დაიმდაბლე, ტანსაცმელი შემოიხიე და ტიროდი ჩემ წინაშე, მეც მოგისმინე,+ — ამბობს იეჰოვა. — 28 შეუერთდები შენს მამა-პაპას* და მშვიდობით განისვენებ შენს საფლავში; არ იხილავ შენი თვალით მთელ იმ უბედურებას, რომელსაც ამ ადგილსა და მის მკვიდრთ მოვაწევ!“»+
გადასცეს მეფეს მისი ნათქვამი. 29 გაგზავნა მეფემ ხალხი იუდასა და იერუსალიმის უხუცესებთან და თავისთან მოუხმო.+ 30 გაემართა მეფე იეჰოვას ტაძრისკენ იუდასტომელებთან, იერუსალიმის მკვიდრებთან, მღვდლებთან და ლევიანებთან — მთელ ხალხთან, დიდსა თუ პატარასთან — ერთად. დაიწყო მათ გასაგონად იეჰოვას ტაძარში ნაპოვნი შეთანხმების წიგნის კითხვა.+ 31 დადგა მეფე თავის ადგილზე და აღუთქვა იეჰოვას,+ რომ უერთგულებდა იეჰოვას, მთელი სულითა და გულით+ დაიცავდა მის მცნებებს, მითითებებსა* და წესებს, და შეასრულებდა წიგნში ჩაწერილ შეთანხმებას.+ 32 მან იერუსალიმსა და ბენიამინში მყოფთაც დაადებინა პირობა; იერუსალიმის მკვიდრები შეუდგნენ იმ შეთანხმების შესრულებას, რომელიც ღმერთს მათ მამა-პაპასთან ჰქონდა დადებული.+ 33 ამის შემდეგ იოშიამ მოსპო საზიზღარი კერპები მთელი ისრაელის მიწაზე+ და ყველა იეჰოვას, თავიანთი ღვთის, მსახურებაში ჩააბა. იოშიას სიცოცხლეში არ განდგომიან ისინი თავიანთი მამა-პაპის ღმერთს, იეჰოვას.