მიუხედავად იმისა, თუ როგორ გარემოში აღიზარდე, შეგიძლია წარმატებას მიაღწიო
ნიკოლასს ბავშვობიდანვე ჰქონდა მოჯანყე ხასიათიa. დროთა განმავლობაში შინაგანმა კონფლიქტმა მას ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება და ლოთობა დააწყებინა. ნიკოლასი ჰყვება: „მამაჩემი ლოთი იყო და მე და ჩემს დას დიდ ტკივილს გვაყენებდა“.
როგორც ჩანს, მალინდას მშობლები თავიანთი თემის ეკლესიის პატივსაცემი წევრები იყვნენ, მაგრამ აგრეთვე ჩაფლული იყვნენ კულტის თაყვანისმცემლობაში. „მათი კულტმსახურების ზოგიერთი ჩვევა ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო და ჩემს ბავშვურ გონებას ანადგურებდა“, — ნაღვლიანად იხსენებს მალინდა, რომელიც ახლა 30 წელს გადაცილებულია. ის დასძენს: „მას შემდეგ, როცა კი ვიხსენებდი, გამუდმებით უიმედობა და უღირსობის გრძნობა მაწუხებდა, ჩემს ბავშვობასთან ერთად მახსენებდა ხოლმე თავს“.
ვის შეუძლია უარყოს ის ფაქტი, რომ უამრავი ადამიანის ბავშვობა ძალადობამ, ლანძღვამ, მშობლებისგან უყურადღებობამ და სხვა უარყოფითმა ფაქტორებმა დაამახინჯა? უბედური ბავშვობისგან მიყენებული ჭრილობა შეიძლება ღრმა აღმოჩნდეს. მაგრამ ამ მიზეზით გამოწვეული ტკივილი სამუდამოდ შეუშლის ხელს ადამიანს ღვთის სიტყვის ჭეშმარიტების შეცნობასა და უდიდესი ბედნიერების მოპოვებაში? შეძლეს ნიკოლასმა და მალინდამ, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გარემოში აღიზარდნენ, გამხდარიყვნენ პატიოსანი ადამიანები? მოდი ჯერ განვიხილოთ იუდას მეფე იოშიას შემთხვევა.
საღვთო წერილში მოცემული მაგალითი
იოშია 31 წელი მეფობდა იუდაში ძვ. წ. VII საუკუნეში (659—629). იმ დროს, როდესაც იოშიას მამა მოუკლეს და თვითონ გამეფდა, იუდაში ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო. იუდა და იერუსალიმი ბაალის თაყვანისმცემლებითა და იმ ხალხით იყო სავსე, რომლებიც იფიცებდნენ ყამონელთა მთავარ ღვთაება მალქომს. როგორც იმ დროის ღვთის წინასწარმეტყველი სოფონია ამბობს, იუდას მთავრები „მბრდღვინავი ლომები“, ხოლო მსაჯულები „საღამოს მგლები“ იყვნენ. შედეგად, ქვეყანაში ძალადობა და განუკითხაობა მეფობდა. ბევრი ამბობდა თავის გულში: „არც კარგს აკეთებს უფალი, არც ცუდსო“ (სოფონია 1:3—2:3; 3:1—5).
როგორი მმართველი იყო იოშია? ბიბლიის მემატიანე ეზრა წერს: „[იოშია] სწორად იქცეოდა უფლის თვალში და დავითის, მამამისის გზას მიჰყვებოდა, არც მარჯვნივ გადაუხვევია, არც მარცხნივ“ (მეორე ნეშტთა 34:1, 2). როგორც ჩანს, იოშია წარმატებით აკეთებდა იმას, რაც იეჰოვას თვალში სწორი იყო. მაგრამ როგორ ოჯახში გაიზარდა ის?
კარგი თუ მძიმე ბავშვობა?
იოშიას დაბადებისას, ძვ. წ. 667 წელს, მამამისი ამონი მხოლოდ 16 წლის იყო და იუდაში იოშიას პაპა, მენაშე, მეფობდა. მენაშე იუდას ერთ-ერთი უბოროტესი მეფე იყო. ბაალის სამსხვერპლოების აღმართვით ის „ბევრ უკუღმართობას სჩადიოდა უფლის თვალში“. ცეცხლში ატარებდა შვილებს, „მკითხაობდა, მისნობდა, ჩხიბავდა“ და უამრავი უდანაშაულო ადამიანის სისხლს ღვრიდა. გარდა ამისა, მენაშემ ღვთის სახლში მიიტანა აშერას კერპი, რომელიც თვითონ გააკეთა. მან აცდუნა იუდა და იერუსალიმი და „იმ ხალხზე უფრო უკუღმართად იქცეოდნენ, რომლებიც გადააშენა უფალმა ისრაელიანთა წინაშე“ (მეორე ნეშტთა 33:1—9).
მენაშე იმდენად ცუდი პიროვნება იყო, რომ იეჰოვამ ის ბორკილდადებული წააყვანინა ბაბილონში, აშურის მმართველის ერთ-ერთ სამეფო ქალაქში. ტყვეობაში ყოფნისას, მენაშემ მოინანია, ქედი მოიდრიკა და იეჰოვას შენდობა შესთხოვა. ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება და იერუსალიმში, კვლავ სამეფო ტახტზე, დააბრუნა. ამის შემდეგ მენაშემ სახელმწიფოში რეფორმა გაატარა, რამაც კარგი შედეგები გამოიღო (მეორე ნეშტთა 33:10—17).
რა გავლენა მოახდინა მენაშეს ბოროტებამ და შემდეგ კი მონანიებამ მის ვაჟზე, ამონზე? ის ძალიან ბოროტი აღმოჩნდა. როდესაც მენაშემ მოინანია და ყველანაირად ცდილობდა ხალხის განწმენდას იმ სიბილწისგან, რომლამდეც თვითონ მიიყვანა, ამონი არ გამოეხმაურა მამის საქმეებს. 22 წლის ასაკში სამეფო ტახტის მემკვიდრეობით მიღების შემდეგ ამონი „უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მამამისი მენაშე იქცეოდა“. იეჰოვას წინაშე ქედის მოდრეკის ნაცვლად, „უფრო გაამრავლა ამონმა დანაშაული“ (მეორე ნეშტთა 33:21—23). იოშია მხოლოდ ექვსი წლის იყო, როდესაც ამონი იუდას მეფე გახდა. რა მძიმე ბავშვობა უნდა ჰქონოდა იოშიას!
ამონის ბოროტებით აღსავსე მმართველობა ორ წელიწადში დასრულდა, როდესაც მისმა მსახურებმა შეთქმულება მოუწყვეს და მოკლეს. მაგრამ ხალხმა ამოწყვიტა ამონის წინააღმდეგ შეთქმულნი და მის მაგივრად მისი ძე იოშია გაამეფა (მეორე ნეშტთა 33:24, 25).
მიუხედავად უარყოფით პირობებში გატარებული ადრეული ბავშვობისა, იოშიამ განაგრძო იმის კეთება, რაც იეჰოვასთვის მოსაწონი იყო. მისი მმართველობა იმდენად წარმატებული იყო, რომ ბიბლია ამბობს: „არ ყოფილა მანამდე მისი მსგავსი მეფე, რომელიც მთელი გულითა და სულით, მთელი თავისი არსებით, მოსეს რჯულის თანახმად, ყოფილიყო მოქცეული უფლისადმი. არც მის მერე გამოჩენილა მისი მსგავსი“ (მეოთხე მეფეთა 23:19—25).
რა გამამხნევებელი მაგალითია იოშია მათთვის, რომლებსაც საშინელი ბავშვობა ჰქონდათ! რის სწავლა შეგვიძლია ამ მაგალითიდან? რა დაეხმარა იოშიას სწორი გზის არჩევასა და მასზე მყარად დგომაში?
გაიცანი იეჰოვა
იოშიაზე ყველაზე დიდი გავლენა მომნანიებელმა პაპამ, მენაშემ მოახდინა. რამდენად ხშირი ურთიერთობა ჰქონდა ერთმანეთთან ამ ორ ადამიანს და რამდენი წლის იყო იოშია, როდესაც მენაშე გამოსწორდა, ამის შესახებ ბიბლია არაფერს ამბობს. რადგან ებრაელთა ოჯახებს ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვასა, და მისი სიტყვისადმი პატივისცემის ჩანერგვით მენაშე შეიძლება ცდილობდა, დაეცვა თავისი შვილიშვილი იმ გამხრწნელი ზეგავლენისგან, რომელიც მის გარშემო იყო გაბატონებული. ჭეშმარიტების ნებისმიერმა მარცვალმა, რომელიც მენაშემ იოშიას გულში ჩათესა, ალბათ, სხვა დადებით გავლენასთან ერთად, საბოლოოდ, შედეგები გამოიღო. თავისი მეფობის მერვე წელს, 15 წლის იოშია იეჰოვას ნების გაგებასა და შესრულებას ცდილობდა (მეორე ნეშტთა 34:1—3).
ზოგიერთ ადამიანს თავის ბავშვობაში სულიერი ურთიერთობა მხოლოდ შორეულ ნათესავებთან, ნაცნობებთან ან მეზობლებთან ჰქონდა. მაგრამ აღზრდის დროს მათში ჩათესილი ასეთი თესლი მოგვიანებით კარგ ნაყოფს გამოიღებს. მალინდას, რომლის შესახებაც ზემოთ ვსაუბრობდით, კეთილი ხნიერი მეზობელი ჰყავდა, რომელსაც რეგულარულად მიჰქონდა მასთან სახლში ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. მალინდა მას სიყვარულით იხსენებს: „ამ მეზობელმა ჩემზე ყველაზე მეტად იმით მოახდინა დიდი შთაბეჭდილება, რომ არ ზეიმობდა დღესასწაულებს. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ყოვლადწმინდის დღესასწაული და სხვა დღესასწაულები ჩემი მშობლების კულტმსახურებასთან იყო დაკავშირებული“. ათი წლის შემდეგ, როდესაც მეგობარმა იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზში ქრისტიანული კრების შეხვედრაზე დასასწრებად მიიწვია, მალინდას თავისი მეზობელი გაახსენდა და სიხარულით გამოეხმაურა მოწვევას. ეს მას ჭეშმარიტების პოვნაში დაეხმარა.
იყავით თავმდაბალნი ღვთის წინაშე
იოშიამ თავისი მმართველობისას იუდაში უდიდესი რელიგიური რეფორმები გაატარა. კერპთაყვანისმცელობის წინააღმდეგ ექვსწლიანი ბრძოლისა და იუდას განწმენდის შემდეგ იოშიამ იეჰოვას სახლის შეკეთება განაგრძო. და რა დიდებული რამ იპოვა მღვდელმთავარმა ხილკიაჰუმ მუშაობისას! მან იპოვა „უფლის რჯულის წიგნის“ დედანი. ეს საოცარი მონაპოვარი მწერალმა შაფანმა მეფეს წაუღო და თან აუწყა ნაპოვნის შესახებ. გააამაყა ასეთმა მიღწევებმა 25 წლის იოშია? (მეორე ნეშტთა 34:3—18).
„როცა მეფემ მოისმინა რჯულის სიტყვები, — წერს ეზრა, — შემოიხია სამოსელი“. მან ამით გულწრფელი მწუხარება გამოხატა, რადგან გაიცნობიერა, რომ მისმა წინაპრებმა ღვთის ყველა მცნება ვერ შეასრულეს. მართლაცდა, თავმდაბლობის რაოდენ დიდი გამოვლენაა! მეფემ მაშინვე დაავალა ხუთკაციან დელეგაციას, წასულიყვნენ და ხულდა წინასწარმეტყველის მეშვეობით იეჰოვასთვის ეკითხათ ამ ყველაფრის შესახებ. ამ დელეგაციამ შემდეგი ცნობა მოუტანა: ‘უბედურება დაატყდება მას იეჰოვას რჯულისადმი დაუმორჩილებლობის გამო. მაგრამ, რადგან მოიდრიკე, მეფე იოშია, მშვიდობით შეერთვები შენს სამარხს და აღარ იხილავენ შენი თვალები ყველა ამ უბედურებას’ (მეორე ნეშტთა 34:19—28). იეჰოვას მოეწონა იოშიას აზროვნება.
მიუხედავად წარსულისა, ჩვენც შეგვიძლია მოვიდრიკოთ ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას, წინაშე და პატივისცემა გამოვავლინოთ მის და მისი სიტყვის, ბიბლიის, მიმართ. ზემოთ მოხსენიებული ნიკოლასი ასე მოიქცა. ის ამბობს: „თუმცა ნარკოტიკების გამოყენებისა და გამუდმებული ლოთობის გამო ცხოვრება აწეწილი მქონდა, მაინტერესებდა ბიბლია და მინდოდა, რომ ჩემს ცხოვრებას აზრი მისცემოდა. ბოლოს იეჰოვას მოწმეებთან დავიწყე ურთიერთობა, შევიცვალე ცხოვრების წესი და ჭეშმარიტებას ჩავეჭიდე“. დიახ, მიუხედავად ჩვენი მდგომარეობისა, შეგვიძლია ღმერთსა და მის სიტყვას პატივისცემით მოვეკიდოთ.
სარგებლობის მიღება იეჰოვას ღონისძიებიდან
იოშია იეჰოვას წინასწარმეტყველებსაც დიდ პატივს სცემდა. ის არა მარტო წინასწარმეტყველ ხულდას ეკითხებოდა, არამედ მასზე დიდ გავლენას ახდენდნენ თავისი თანამედროვე სხვა წინასწარმეტყველებიც. მაგალითად, იერემია და სოფონია განსჯიდნენ იუდაში კერპთაყვანისმცემლობის გავრცელებას. რამდენად უნდა გაეძლიერებინა იოშია ცნობას, რომელსაც ყურს უგდებდა, რადგან ცრუ რელიგიის წინააღმდეგ თვითონ ატარებდა ღონისძიებას! (იერემია 1:1, 2; 3:6—10; სოფონია 1:1—6).
„ბატონმა“, იესო ქრისტემ, სულითცხებულთა ჯგუფი — „ერთგული და გონიერი მონა“ — სულიერი საზრდოს დროულად მოსაწოდებლად დააყენა (მათე 24:45—47). ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციებისა და კრებების მეშვეობით, მონის კლასი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყურადღებით მოვეკიდოთ ბიბლიურ რჩევებს, და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებელ პრაქტიკულ წინადადებებს გვთავაზობს. რამდენად დროულია, რომ ვიყენებთ იეჰოვას ღონისძიებას, რათა დაგვეხმაროს ღრმად ფესვგადგმული მავნე აზროვნების შეცვლაში! ნიკოლასი ბავშვობიდანვე ვერ იტანდა ხელმძღვანელობას. მაშინაც კი, როდესაც გაიგო ღვთის სიტყვიდან მომდინარე ჭეშმარიტება, ეს სისუსტე არ აძლევდა იმის საშუალებას, რომ უფრო მეტი ეკეთებინა იეჰოვასთვის მსახურებაში. მისთვის ამის დაძლევა უბრალო საქმე არ იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში შეძლო. როგორ? „ორი გულისხმიერი უხუცესის დახმარებით, — ამბობს ნიკოლასი, — ვაღიარე, რა ნაკლიც მქონდა და დავიწყე საღვთო წერილზე დაფუძნებული მათი გულთბილი რჩევების გათვალისწინება“ შემდეგ დასძენს: „თუმცა დროდადრო ვცხარდები ხოლმე, მაგრამ უკვე დავიოკე ჩემი მოჯანყე ბუნება“.
მალინდაც რჩევისათვის უხუცესებს მიმართავს ხოლმე, როდესაც თავის ცხოვრებაში რაიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს. რასაც ის იღებს იმ უიმედობისა და უღირსობის გრძნობის დასაძლევად, რომლებიც ბავშვობას ახსენებდა, განსაკუთრებით ფასდაუდებელ „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ში მოცემული სხვადასხვა სტატიაა. ის ამბობს: „ზოგჯერ სტატიაში არის ერთი აბზაცი ან სულ ერთი წინადადება — სულ პაწაწინა — რომელიც სულით ხორცამდე შემძრავს ხოლმე. თითქმის ცხრა წლის წინათ ასეთი სტატიების რვეულში შეგროვება დავიწყე, ასე რომ, შემიძლია ხალისით მივმართო მათ“. დღეისათვის მას ასეთი სამი რვეული აქვს, რომლებიც დაახლოებით 400-მდე სტატიას შეიცავს!
არა, ადამიანები ყოველთვის არ უნდა იყვნენ ცუდი ოჯახური ცხოვრების მსხვერპლი. იეჰოვას დახმარებით მათ სულიერად წინ წაწევა შეუძლიათ. ისევე როგორც კარგი აღზრდა არ იძლევა ადამიანის უმწიკვლობის გარანტიას, ცუდი ბავშვობაც ვერ შეუშლის ხელს ადამიანს ღვთისმოშიშობაში.
ტაძრის შეკეთების დროს რჯულის წიგნის აღმოჩენის შემდეგ იოშიამ „აღთქმა დადო უფლის წინაშე, რომ გაჰყვებოდა უფალს, დაიცავდა მის მცნებებს, მოწმობებს და წესებს მთელი თავისი გულითა და სულით“ (მეორე ნეშტთა 34:31). ის სიკვდილამდე ამ აღთქმის ერთგული დარჩა. მალინდასა და ნიკოლასსაც გადაწყვეტილი აქვთ, რომ დარჩნენ იეჰოვა ღმერთის ერთგულები და იყვნენ უმწიკვლონი. მოდი შენც ასეთი მტკიცე გადაწყვეტილება მიიღე, რათა იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა შეინარჩუნო და ერთგულად ემსახურო მას. შეგიძლია დარწმუნებული იყო წარმატებაში, რადგან იეჰოვა გვპირდება: „ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ მე; ნუ დაფრთხები, რადგან შენი ღმერთი ვარ მე; გაგამხნევებ და შეგეწევი ჩემი მხსნელი მარჯვენით-მეთქი“ (ესაია 41:10, 13).
[სქოლიოები]
a სახელები შეცვლილია.
[სურათები 26 გვერდზე]
მიუხედავად იმისა, რომ იოშიას საშინელი ბავშვობა ჰქონდა, იეჰოვას შესახებ მეტის გაგებასა და ცხოვრებაში წარმატების მიღწევას ცდილობდა.
[სურათი 28 გვერდზე]
უხუცესები დაგეხმარებიან ღრმად ფესვგადგმული თვისებების დაძლევაში.
[სურათი 28 გვერდზე]
„საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ უმწიკვლობის შენარჩუნებაში დაგეხმარება.